ნუკი კოშკელიშვილი: ისეთი წინსვლით მივდივარ, მეტი რომ არ შეიძლება, ხეზე დავაკაკუნებ - თვალი არ მეცეს
ავტორი: ნონა დათეშიძე 22:00
ნუკი კოშკელიშვილი ახლახან მეორე შვილის დედა გახდა. ორ შვილს მარტო ზრდის და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან უჭირს და ფორმიდანაც ამოვარდა, ჩვილთან ღამეების თენება მაინც დიდ სიამოვნებას ანიჭებს. როგორც ამბობს, არც თავის საქმიანობას აკლებს ყურადღებას და სულ მალე „ნუკი კოსმეტიკსი“ სასიამოვნო სიახლეებით გაგვანებივრებს.
ნუკი კოშკელიშვილი: პირველად დედა 28 წლის ასაკში გავხდი და მაშინ მეგონა, ხანდაზმული დედა ვიყავი. მახსოვს, ჩვენი ბებიები და დედები, დაახლოებით, 21 წლის ასაკში ხდებოდნენ მშობლები და ვამბობდი: ვაიმე დამიგვიანდა დედობა-მეთქი. ახლა 35 წლის ვარ, მეორედ გავხდი დედა და მივხვდი, პირიქით, ჩემს ასაკში გაცილებით კარგი ყოფილა დედობა, რადგან გააზრებული მაქვს. პირველი შვილი რომ გავაჩინე, სულ ჭყაოდა, სახლში ვიჯექი და გული მწყდებოდა. ახლა პირიქით, მსიამოვნებს ბავშვთან ერთად სახლში ჯდომა. რაღაცნაირად, ალბათ, ასაკმა თავისი გააკეთა. თუმცა, ისიც არის რომ, 28 წლის რომ ვიყავი, ნაკლებად მიჭირდა ჩვილი ბავშვის მოვლა, მაშინ ღამე უძილობა ბევრად მარტივი იყო ჩემთვის, ვიდრე ახლა. ახლა უძილობით სახე მაქვს „ახეული“, ბავშვს ღამე არ სძინავს. ეტყობა, გავიწყებს იმ ტკივილს, მშობიარობამ რომ იცის – იმშობიარებ და მერე, იმდენად გიხარია, აღარ გახსოვს, რამდენად მტკივნეული იყო, დაახლოებით ასეა. თურმე, დამვიწყებია, როგორი რთული ყოფილა, როცა ძუძუზე გყავს ბავშვი, როცა მთელი ღამე არ სძინავს. თავიდან ბოლომდე, ღამის რეჟიმზე ვარ გადასული და რა თქმა უნდა, პირველი და მეორე შვილის გაჩენა და გაზრდა, ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან, სხვანაირად ხარ.
– ვინ გეხმარება ჩვილის მოვლაში?
– მე, ამ მხრივ, ჩემპიონი ვარ – არც პირველი ბავშვის გაზრდაში მეხმარებოდა ვინმე და მეორესაც მარტო ვზრდი. რა თქმა უნდა, ბენს თუ არ ჩავთვლით, რომელიც ძირითადად, მუშაობს და სახლში რომ მოდის, შეძლებისდაგვარად ცდილობს, დამეხმაროს. ჩემი თაობის მამები რომ იყვნენ, ბენი ასეთი არ არის, ძალიან ჩართულია ბავშვების აღზრდასა და მოვლაში. თუმცა, ღამეს მე ვათენებ, რადგან ის დილით სამსახურშია წასასვლელი. მთელი ღამე ბენს და ოვის მშვიდად სძინავთ, მე და პატარა კი ვზივართ განათებული ნაძვისხის გვერდით. დედამთილ-მამამთილი შორს ცხოვრობენ და ამიტომ ფიზიკურად ვერ მეხმარებიან. ხანდახან ოვი მიჰყავთ. ხშირად მეკითხებიან, ძიძა რატომ არ გყავსო. ოვი პირველად მაშინ დავუტოვე ძიძას, როცა 5 წლის იყო. ზოგადად კი, ისეთი მშიშარა ვარ, ბავშვებს ძიძას კი არა ოჯახის წევრებს ვერ ვუტოვებ. ამიტომ, ძიძის აყვანა გამორიცხულია! ვაღიარებ, მინდა, მყავდეს ოცდაოთხსაათიანი ძიძა, მაგრამ ნერვები არ მიშვებს. ვიცი, უარესად დავიღლები დარდისგან და მირჩევნია, ჩემი შვილებისთვის მე ვიყო დედაც, ძიძაც და ყველაფერი. შემიძლია რჩევა მივცე ორსულ ქალბატონებს: წადით, დაიძინეთ, მაქსიმალურად დაისვენეთ, რადგან ბავშვი რომ გაჩნდება, ამის დრო აღარ გექნებათ. თუ თმა შესაღები გაქვთ, შეიღებეთ, თუ დასაგრძელებელი – დაიგრძელეთ, ფრჩხილი ახლავე გაიკეთეთ, რადგან მერე, არაფრის თავი არ გექნებათ. თმა შესაღები მაქვს, მცვივა, ფრჩხილები დაკვნეტილი მაქვს და გამორიცხულია უახლოეს კვირებში შევძლო სადღაც მისვლა და რამის გაკეთება. ამიტომ, თუ რამე გასაკეთებელი გაქვს, ახლა გაიკეთეთ, თუ დასალაგებელია, ახლა დაალაგეთ და მოემზადეთ დედობისთვის. სწორედ ეს არის, რომ ეუბნებიან ორსულებს, მოემზადეთ დედობისთვისო. ვისაც ახლა გაუჩნდა ბავშვი და გული გწყდებათ, რომ სხეულმა ფორმები შეიცვალა, სადღაც ვერ მიდიხართ, შეირგეთ ეს მომენტი, ყველაფერი დაბრუნდება – სხეულსაც დაიბრუნებთ, გასართობადაც წახვალთ, მთავარია, ბავშვი იყოს კარგად. შეირგეთ და ისიამოვნეთ, თუნდაც, ჩვილით ხელში ღამის თენებით, რადგან ეს მომენტები არ მეორდება და ყველაზე ტკბილია.
– სახელი რა დაარქვით და ვინ შეურჩია?
– მე და ბენის გვინდოდა, ბავშვს ქართული ტრადიციული სახელი ჰქონოდა, ოღონდ გიორგი და ნიკა – არა, რადგან ასეთი მოსახელე ძალიან ბევრია. უფრო, ძველი ქართული სახელი გვინდოდა დაგვერქმია, მაგალითად შოთა, დემნა... თან, გვინდოდა, სახელს კარგი ჟღერადობა ჰქონოდა როგორც ამერიკაში, ისე საქართველოში. მახსოვს, „ტიკ-ტოკზეც“ დავდე, სოციალურ ქსელში, მირჩიეთ სახელები-მეთქი და არცერთი სახელი არ მომწონდა, გულზე გემრიელად არ მედებოდა. მოკლედ, დავიტანჯეთ სახელის შერჩევაში და ვერ მოვიფიქრეთ. ვამბობდი: ღმერთო, რა ადვილია გოგოს სახელის შერჩევა და ბიჭის – რა რთული-მეთქი. ძალიან გავწვალდით. არ დამავიწყდება, მე და ბენი ბათუმის სანაპიროზე ვიყავით და ვიღაც ქალი ეძახდა ბავშვს: მართა, მართა, ამოდი წყლიდან... ბენს ვუთხარი: ნახე რა კარგი გოგოს სახელია-მეთქი. უცებ გასძახა იმ ქალმა მეორე ბავშვს: შიო ამოდიო და იქვე მივხვდი, ყურში ლამაზად მომხვდა. ერთი სიტყვით, შიო ძალიან ქართულია, ძალიან ლამაზია და ამერიკაში კარგად ჟღერს. მას მერე, აზრი აღარ შეგვიცვლია და მუცლად ყოფნის დროსაც შიოს ვეძახდით. ოვიზე ასე არ ვიყავით. ოლივერზე ბოლო წამამდე სახელზე ვფიქრობდით, ხან ნიკოლოზი გვინდოდა, ხან მაქსიმე, ხან ნიკოლოზ-ოლივერი. საბოლოოდ, დავარქვით ოლივერი, შიოზე კი ზუსტად ვიცოდით, რა ერქმეოდა.
– როგორ მიიღო ოლივერმა უმცროსი ძამიკო?
– მე მეგონა, ოვი ცოტა გაბრაზდებოდა, როცა სახლში პატარა ძამიკო მოვიყვანეთ, მაგრამ პირიქით. ისეთ ადამიანობას გამოხატავს ძამიკოს მიმართ, მეც გაოცებული ვარ. როცა ჩვილი გაჰკივის და ჩვენ ნერვები გვეშლება, ოვი გვამშვიდებს: რას იზამთ, ეს პატარაა და იმიტომ ტირის, უნდა გავუგოთო. შეძლებისდაგვარად მეხმარება. თუ რამეს დავავალებ, მაშინვე მიკეთებს.
– წლების წინ წარმოიდგენდი, რომ ორი შვილის დედა იქნებოდი, ბავშვებს დამოუკიდებლად გაზრდიდი, თან სამშობლოდან შორს?
– სიმართლე გითხრათ, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, თუ ორი შვილის დედა ვიქნებოდი. წარმოდგენაში რომ მქონდა ქალბატონი დეიდა, ორი შვილით, ახლა მე ვარ ასეთი ქალბატონი, ორი შვილით. ვერაფრით ვიფიქრებდი, თუ ორი ბიჭის დედა ვიქნებოდი. სულ მეგონა, ვარდისფერბაფთებიანი, გაპრანჭული გოგო მეყოლებოდა. ახლა კი ერთი ველური ბიჭი მყავს და მეორე, ვნახოთ, როგორი ხასიათის იქნება (იცინის).
არასდროს იცი, სად აღმოჩნდები და რას გიმზადებს ცხოვრება, რა მოხდება. ჩემს ცხოვრებაში სულ სხვა რაღაცები წარმომედგინა და სულ სხვა რაღაცები ხდება. ძალიან კმაყოფილი ვარ, ასეთი ბედნიერი დიდი ხანია, არ ვყოფილვარ. არ დამავიწყდება, ოვიზე რომ ვიმშობიარე, ვამბობდი, აღარასდროს გავაჩენ შვილს-მეთქი. ახლა, მეორე ბავშვი რომ გავაჩინე, ვთქვი: ვნახოთ, იქნებ კიდევ ვიფიქრო შვილზე-მეთქი (იცინის). ზოგადად, ძალიან მიჭირს ორსულობა. მშობიარობა, ბევრისთვის რომ რთულია, ჩემთვის უმარტივესია, ორსულობა კი – ურთულესი პროცესი. ამიტომ, არ ვიცი კიდევ გავაჩენ თუ არა, პატარაც აღარ ვარ. სანამ შიო გაიზრდება, მეც ასაკი მომემატება და ალბათ, ორ ბიჭზე შევჩერდები. მერე, როგორც დედამთილი, ისე მოვუვლი შვილიშვილებს, იმედია, ამათ ეყოლებათ გოგოები.
– ტრადიციად დამკვიდრდა, როცა ქალი მშობიარობს და დედა ხდება, მას ოჯახი საჩუქარს უკეთებს. თუ გაჩუქა რამე მეუღლემ?
– როცა ორსულად ვიყავი, მეუღლემ საჩუქრად ბრილიანტის ბეჭედი მაჩუქა, ბავშვი რომ გაჩნდა, ისევ სამკაულებით დამასაჩუქრა. მე ვასწავლე, რომ უნდა მაჩუქოს სამკაული და მერე ეს სამკაულები ბავშვებს დარჩებათ-მეთქი (იცინის). ასე რომ, სამკაულებით ვარ დასაჩუქრებული და რა თქმა უნდა, ახლობლები და მეგობრები სიმბოლურად გვჩუქნიან საჩუქრებს, როგორც ხდება ხოლმე.
– ორსულობის პერიოდშიც კი საკმაოდ აქტიურად იყავი ჩართული შენს ბიზნესში. ახლა როგორ ართმევ თავს?
– ისეთი წინსვლით მივდივარ, მეტი რომ არ შეიძლება. ევროპაში გვაქვს წარმოება და მთელი ღამე, ჩვილით ხელში, მიწევს მეილებზე პასუხი. ძალიან ბევრი ახალი პროდუქტი შეიქმნა და სანამ ბავშვს სძინავს, მე ვტესტავ და ვქმნი ახალს. ძალიან ბევრი სიახლე გელოდებათ „ნუკი კოსმეტიკსისგან“! ხეზე დავაკაკუნებ, თვალი რომ არ მეცეს.
– ახლა, ამ გადმოსახედიდან, რას ხვდები, ქალისთვის რა არის ყველაზე მთავარი ცხოვრებაში?
– მივხვდი, რომ ქალისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი შვილების კარგად ყოფნაა. ადრე ეს არ ვიცოდი. ახლა კი ვიცი, რომ ყველაფერი დროებითია, უმნიშვნელო, მთავარია, შვილები იყვნენ კარგად.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





