ნუკი კოშკელიშვილი: ასე მეგონა, პარიზში, პირდაპირ „ფეშენ-ვიქის“ კულისებში ვიმშობიარებდი
ავტორი: ნონა დათეშიძე 23:00 22.10

ახლახან პარიზში ჩატარდა მოდის კვირეული. პოდიუმზე ნუკი კოშკელიშვილი არა როგორც სპონსორი, არამედ თავისი ბრენდის – „ნუკი კოსმეტიკსისა“ და ქართველი დიზაინერის – „მოლმაუნის“ საოცრად საინტერესო კოლაბორაციით წარსდგა. როგორც თავად ამბობს, ორი წელი სთავაზობდნენ, პარიზის კვირეულში მიეღო მონაწილეობა, თუმცა თავს იკავებდა. წელს კი, ისეთი შთამბეჭდავი გამოცდილება მიიღო, იმედია, მომავალ მიწვევებზე უარს არ იტყვის და მიუხედავად ნერვიულობისა, კოლოსალური შრომისა და დაღლისა, სიხარულით დათანხმდება.
ნუკი კოშკელიშვილი: ზოგადად, გამოწვევები და სიახლეები არ მაშინებს, პირიქით, მიყვარს და მომწონს, რადგან ახალ გამოცდილებასთან ერთად, ახალ ადამიანებს ვიცნობ. „პარიზის ფეშენ-ვიქზე“ ჩემი გამოჩენა ბევრს გაუკვრიდა, თუმცა ვიტყვი, რომ ორი წელი გვწერდნენ, ხომ არ გინდათ სპონსორობაო. ვიცი, რომ მნიშვნელოვანია კონტაქტების დამყარება, მით უმეტეს პარიზის მოდის სამყაროში, მაგრამ რატომღაც, ფულს „ვჟმოტავდი“ (იცინის). ფული კი იმიტომ მენანება, რომ მერე ახალ პროდუქციას ვერ გავაკეთებ, ვერ დავტესტავ და ამიტომ „ვჟმოტავდი“. წელს კი, როგორც იცით, ქართველმა დიზაინერებმა დაიპყრეს მოდის სამყარო და ჩემამდე მოვიდა შემოთავაზება, ხომ არ გინდა მონაწილეობა მიიღო, რომელიმე ქართველ დიზაინერთან გაერთიანდე და ერთობლივი პროექტი გააკეთოთო. ანუ, უშუალოდ ისე, როგორც „ლორეალი“ იღებს მონაწილეობას „პარიზის ფეშენ-ვიქში“, ამის მსგავსადო. სიმართლე გითხრათ, ერთი თვე გავატარე ძიებაში, ხომ არ მატყუებენ-მეთქი (იცინის). სანამ პირადად არ შევხვდი და დეტალები არ გავიარე. იდეა მომეწონა, მაგრამ მერე იმაზე დავფიქრდი, რომ შვიდი თვის ორსული ვარ და ამ დროს სად უნდა წავსულიყავი. მაგრამ, როცა მითხრეს, ჩვენება ისტორიულ შენობაში, კერძოდ კარლ ლაგერფილდის ყოფილ სასახლეში იქნება, სადაც აქამდე მხოლოდ „შანელის“ ჩვენება იყო ჩატარებულიო, ამ შანსს ხელიდან ნამდვილად ვერ გავუშვებდი და დავიწყე სამზადისი. მოკლედ, „ნუკი კოსმეტიკსი“ ქართველ დიზაინერ „მოლმაუნთან“ გაერთიანდა და საოცარი ჩვენება გამოვიდა. არ დამავიწყდება, ათი წლის წინ საფრანგეთში ვიყავი, ჩემს დაქალებთან ერთად, ჩვენი ბიუჯეტი მხოლოდ 100 ევრო იყო, ვჭამდით კონსერვებს და ვცდილობდით, ყველა ღირსშესანიშავ ადგილას გადაგვეღო ფოტო, მოვმხმვდარიყავით ყველა მუზეუმში და თან, თანხები მაქსიმალურად დაგვეზოგა. და, ნახეთ, როგორ იცვლება ცხოვრება – ახლაც ისევ პარიზში ვიყავი, ოღონდ უკვე „ფეშენ-ვიქზე“, „მოლმაუნთან“ ერთად, ჩვენი საოცარი კოლაბორაციით.
– ბევრს ეგონა, რომ შენ იყავი ჩვენების სპონსორი, თუმცა ასე არ იყო.
– დიახ, ბევრს ეგონა, რომ „ნუკი კოსმეტიქსი“ ასპონსორებდა „მოლმაუნს“, მაგრამ არა. ჩვენ თანაბრად გამოვდიოდით პოდიუმზე. აქვე მინდა ვთქვა, მადლობა ქართველ დიზაინერებს, რომ ასე გაითქვეს სახელი და მათთვის ყველა კარი ღიაა. „მოლმაუნი“ არის ძალიან წარმატებული ქართული ბრენდი, საოცარი კოლექციით, რომელთან ერთადაც ჩვენ მოვიფიქრეთ ძალიან საინტერესო კონცეპტი, რაც აქამდე ბევრს არ გაუკეთებია. პირველად ისტორიაში მაკიაჟი გამოჩნდა პარიზის მოდის კვირეულის პოდიუმზე. აქამდე იყო უამრავი კოლაბორაცია, სადაც მაკიაჟი მოდელებს ესვათ, მაგრამ თავად მაკიაჟი არასდროს გამოუტანიათ პოდიუმზე. ეს იყო, ისტორიული და კრეატიული მომენტი მაღალი მოდის სამყაროში, შექმნილი „ნუკი კოსმეტიქსის“ მიერ და მე ამით ამაყი ვარ. პარიზის მოდის კვირეულზე ჩვენი გამოჩენა იყო დაუვიწყარი გამოცდილება, დებიუტი ასეთ ისტორიულ ღონისძიებაზე, ადგილას, რომელიც ამდენ ისტორიასა და სილამაზეს ინახავს. ასე რომ, შრომა, შემართება და თავდადება ნამდვილად აცოცხლებს ოცნებებს. მიუხედავად იმისა, ისე დავიღალე, რომ პატრონს ვეღარ ვცნობდი, მაინც უზომოდ ბედნიერი ვიყავი და ის დღეები ჩემს მეხსიერებაში ჩაიწერება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული. ზუსტად ვიცი, ქართველები როგორები ვართ, მგულშემატკივრობდით და ჩემთან ერთად გაგიხარდათ ჩემი ბრენდის „პარიზის ფეშენ-ვიქზე“ გამოჩენა. ამაში, ეჭვი არ მეპარება.
– სოციალურ ქსელში დებდი ვიდეოებს და არ მალავდი, რომ ძალიან ნერვიულობდი, როგორ ჩაივლიდა ჩვენება. თუმცა, ქმარი გვერდით გედგა, გამხნევებდა და გგულშემატკივრობდა. ბენი თუ გეხმარებოდა?
– მართლა ძალიან ვნერვიულობდი. ბენიმ იცოდა, როგორ ვნერვიულობდი და ჩამოვიდა, რომ გავემხნევებინე. მოკლედ, სამივე იქ ვიყავით, ოვი გვაკლდა ოჯახს (იცინის). თითქმის უკვე მერვე თვეში ვარ და არც კი ვიცი, როგორ მოვახერხე ამდენი. ასე მეგონა, პარიზში, პირდაპირ „ფეშენ-ვიქის“ კულისებში ვიმშობიარებდი (იცინის). ბენი არც ერთი წამი არ გაჩერებულა, გვეხმარებოდა. მეგონა, რომ ბოლოს დაღლილობისგან დაეცემოდა.
– პოდიუმზე საოცრად გამოიყურებოდი, როცა ბოლოს გამოხვედი. ყველა ელოდებოდა რა გეცმეოდა და რა ფორმაში გაივლიდი შვიდი თვის ორსული წითელ ხალიჩაზე. თუმცა, იქ არ გამოჩნდი და შენი ადგილი ორ გოგონას დაუთმე.
– ვიცი, რომ ყველა ელოდებოდით, რა მეცმებოდა, რომელი ბრენდი, რა ფორმაში გავივლიდი წითელ ხალიჩაზე შვიდი თვის ორსული. ჰოდა, მე ცოტა სხვა გზა ავირჩიე – კარგად ვიცი, რას ნიშნავს კამერების წინ დგომა და რამდენად გმატებს ეს თავდაჯერებულობას, განსაკუთრებით ჩვენ, ქალბატონებს. ამიტომ, ეს ადგილი დავუთმე მათ, ვინც წითელ ხალიჩაზე გავლას, ყველაზე მეტად იმსახურებს, ანუ ნამდვილ ვარსკვლავ, „ნუკი კოსმეტიკსის“ სტენდის კონსულტანტებს, გოგონებს, რომლებიც თქვენ გხვდებიან ყველა მოლში, მთელს საქართველოში. ნუკი კოსმეტიკსის გოგოები ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავები იყვნენ პარიზში, დაიპყრეს პაპარაცების გულები და მთელი ყურადღება მიიპყრეს. უკან, კულისებში მესმოდა როგორ კითხულობდა ყველა მათზე: ვინ არიან ეს მშვენიერი, თავდაჯერებული ქალები? გოგონებო, ეს მაგალითია იმისა, რომ შეუძლებელი არაფერია. თუ გჯერათ საკუთარი თავის, შრომობთ და თავდაჯერებულად მიდიხართ თქვენს გზაზე, ყველაფერი გამოგივათ. არასოდეს იფიქროთ, რომ რაღაცას არ იმსახურებთ ან თქვენი ოცნებები ძალიან შორსაა რეალობისგან. თქვენთვის ყველაფერი შესაძლებელია. მინდოდა, უფრო მეტი გოგონა ჩამომეყვანა პარიზში, მაგრამ ფიზიკურად არ იყო შესძლებელი. თუმცა, ყველაფერი წინაა. ზოგადად, თავდაჯერებულობა და წარმატება არ იბადება ჩემსავით ვიდეოების გადაღებაში და ლუქების დადებაში, ის იბადება ყოველდღიურ შრომაში. შრომა ყოველთვის ფასდება და ყველა ქალი ვარსკვლავია, რადგან ჩვენ ყოველდღე გვაქვს ჩვენი პატარა წითელი ხალიჩა-სამსახურში, სკოლაში, მშობელთა კრებაზე, პაემანზე, მაშინაც კი, როცა სახლს ვალაგებთ ან საჭმელს ვამზადებთ. ამიტომ, მინდა, გჯეროდეთ საკუთარი თავის და არაფოტს შეგეშინდეთ. სხვათა შორის, პარიზის მოდის კვირეული რომ დასრულდა და ყველაფერმა კარგად და წარმატებულად ჩაიარა, ვერ ვიჯერებდი, თავი სიზმარში მეგონა და ვეუბნებოდი ბენის: მიჩქმიტე, ხომ ფხიზლად ვარ და არ მძინავს-მეთქი (იცინის). ახლაც ვერ ვიჯერებ – „ვოგი“, „ელლი“, როგორი ფოტოგრაფები, ვინ ვნახე, რა ვნახე... სხვათა შორის, ამერიკაში რომ ჩამოვედი, ძალიან კი ვიყავი დაღლილი, მაგრამ შეხვედრები მქონდა ჩანიშნული და ვერ გავაცდენდი. კი მიყვარს სიახლეები, ისიც ვიცი, რომ დასვენების დროა, მაგრამ ამხელა მუცლით, ისევ საქმეებზე მომიწია სიარული. ექიმთან რომ მივედი, მკითხა: ხომ ისვენებ და ცოტას ხომ დადიხარო. როგორ მეთქვა, რომ ერთი კვირის წინ, ქუსლიანი ფეხსაცმლით კი არ ვიარე, ვირბინე, სიმძიმეებიც ავწიე და ყველაფერი ჩავიდინე, რაც ორსულს ეკრძელება-მეთქი (იცინის).
სიახლეები ამავე კატეგორიიდან