ნუკა კვალიაშვილი: მებრძოლი ადამიანი ვარ, დავიფერფლები, მაგრამ თავიდან დავიბადები იმაზე ძლიერი, ვიდრე მანამდე ვიყავი
ავტორი: ქეთი კაპანაძე 23:00 02.06

რამდენად იღბლიან ადამიანად მიიჩნევს თავს მომღერალი ნუკა კვალიაშვილი, რა აძლევს მას ულევ ენერგიას და როგორია მისი ცხოვრებისეული მრწამსი, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.
– ნუკა, რამდენად იღბლიან ადამიანად მიიჩნევ თავს?
ნუკა კვალიაშვილი: თავს ძალიან იღბლიან ადამიანად ვთვლი, რადგან ყველგან, სადაც გარდამტეხი სიტუაციები მხვდება, არ არსებობს, ყველაფერი ისე არ შემოტრიალდეს, როგორც ჩემს მდგომარეობას შეესაბამება და სიტუაცია უკეთესობისკენ არ შემობრუნდეს.
– რა არის ის, რის გამოც თავს იღბლიანად მიიჩნევ?
– პირველ რიგში, იღბლიანი ადამიანი ვარ, რადგან ამ ცხოვრებაში შვილების ყოლის საშუალება და დედის წოდება მომეცა. ასევე, იღბლიანი ვარ იმიტომ, რომ შემიძლია სიმღერა, რაც ყველაზე მეტად მიყვარს. ბევრი რამეა, რის გამოც იღბლიანად ვთვლი თავს. კიდევ იმიტომაც, რომ როდესაც მეგონა, არაფერს არ ეშველებოდა, ზუსტად იმ მომენტში რადიკალურად იცვლებოდა სიტუაცია. ყოველთვის ასე ხდება და იმდენად შევეჩვიე, რომ ხშირ შემთხვევაში აღარც ვნერვიულობ და ნერვებს ვიზოგავ.
– რამდენად შრომისმოყვარე ხარ?
– ძალიან შრომისმოყვარე ვარ. მივაჩვიე საკუთარი თავი, რომ არ უნდა მოვდუნდე და დრო სწორედ გამოვიყენო. ასეც ვაკეთებ და დღის საათებში ვარ სუპერ დედა-დიასახლისი და საღამოს – სამსახურში მომღერალი, დილიდან ღამის 12 საათამდე 5 წუთსაც არ ვკარგავ, თუნდაც დასვენებით.
– როდის აძლევ თავს სიზარმაცის უფლებას?
– მაშინ, როდესაც სახლში ყველაფერი მოწესრიგებული მაქვს, არ მაქვს სამღერი, ბავშვებს ყველაფერი გამზადებული აქვთ და ღამის საათებში უკვე სძინავთ, ამ დროს ჩემი გონება მაძლევს საშუალებას, რომ დავისვენო.
– გქონია განცდა, რომ ძალიან ბევრი იშრომე, მაგრამ ყველაფერი წყალში ჩაგეყარა?
– საბედნიეროდ, მსგავსი განცდა არ მქონია, რადგან ცოტა სხვანაირი შეგნებით ვუდგები ცხოვრებისეულ სიტუაციებს. რასაც არ უნდა ვაკეთებდე, ყველაფერი ჩემი ცხოვრების ფურცლებზე იწერება და ჩემია. ამის პარალელურად, ნებისმიერ მოქმედებას, ადრე თუ გვიან, აუცილებლად აქვს შედეგები. რაც ხდება, ტყუილად არ ხდება. რაღაცის არ გამოსვლით უფრო მეტს ვცდილობთ და ვსწავლობთ, რაღაცის გამოსვლით უფრო მეტის გაკეთების სურვილი გვიჩნდება. აქედან გამომდინარე, თუ გავიაზრებთ, რომ ცხოვრება გამოცდა და გამოცდილებებია, სადაც სწორედ ვდგამთ ნაბიჯებს, მივხვდებით, რომ სანანებელიც არაფერია.
– რისთვის გიშრომია ყველაზე მეტი?
– ყველაზე მეტი ჩემი ოჯახისთვის მიშრომია და ასეა ეხლაც, თავდაუზოგავად და გაუჩერებლად ვაკეთებ ყველაფერს ჩემი შვილებისთვის და მათი ბედნიერი მომავლისთვის, რაც შემიძლია და რაც არ შემიძლია, იმასაც კი.
– წარუმატებლობის შემთხვევაში, რთულ პერიოდებში რა გეხმარება ფეხზე წამოდგომაში?
– პირველ რიგში, საკუთარი თავი. ადამიანი, პირველ რიგში, საკუთარ თავს თუ არ მომართავს, მთელი დედამიწა რომ შეეცადოს მის დახმარებას, აზრი არ ექნება. ჯერ ხარ შენ და ამის შემდეგ – სხვა დანარჩენი.
– ცხოვრებისეული სირთულეები პროფესიაში ხელს ხომ არ გიშლის?
– ცხოვრებისეული სირთულეების ფონზეა, რომ გავიზარდე და შევიცვალე, გავძლიერდი და არ ვჩერდები. პროფესიაში სიმღერაც რომ აიკრძალოს, ეგეც ვერ შემიშლის ხელს, რადგან ჩემშია და ჩემია. რაც კარიერულ სწრაფ განვითარებაში მიშლის ხელს, ამ ეტაპზე არის მცირეწლოვანი შვილები, რადგან ყურადღება ძირითადად მათზე მაქვს გადართული, ეს ჩემი არჩევანია და ამ ცხოვრებაში პრიორიტეტული, პირველ რიგში, ჩემი ოჯახია, შემდეგ – კარიერა, რასაც არასოდეს არც შევეშვები და დავნებდები.
– ხარ ადამიანი, ვინც საკუთარ ფიზიკურ თუ მენტალურ ჯანმრთელობას უფრთხილდება, ანუ აკონტროლებ სამუშაო გრაფიკს, ცდილობ, რომ არ „გადაიწვა“, დასვენებას საკმარისი დრო დაუთმო და ასე შემდეგ?
– რადიკალურად საპირისპირო ვარ ამ ჩამონათვალის. ყველაფერს და ყველას ვუფრთხილდები, გარდა საკუთარი თავისა. გადაწვაშიც სიამოვნებას ვიღებ, რადგან ვიცი, რომ დღემ ტყუილად არ ჩაიარა. დასვენებას რაც ეხება, ვისაც პატარა შვილები ჰყავს, ის დამეთანხმება, რომ ძალიან რთულია, მოდუნდე და დაისვენო. წლების განმავლობაში მივეჩვიე მოძრავ მდგომარეობებს და თავს დასვენების უფლებას არ ვაძლევ. არის მომენტი, როდესაც დასაძინებლად ვწვები, ყველა კუნთი მეწვის და დაღლილობისგან ვერ ვიძინებ. მოკლედ რომ ვთქვა, საკუთარი თავი მიყვარს, მაგრამ დიდად არ ვუფრთხილდები, იმიტომ რომ გაფრთხილება თუ დავიწყე, მაშინ გვერდით უნდა გადავდო ის ყველაფერი, რაც დასვენების უფლებას არ მაძლევს.
– კარიერისტი ხარ?
– ნაწილობრივ ვარ, ნაწილობრივ – არა. თავიდან ბოლომდე კარიერისტი რომ ვიყო, მაშინ ოჯახი არ და ვერ მექნებოდა, რადგან კარიერის შენებას დრო, რესურსი, ბევრი შრომა და მონდომება სჭირდება. სხვას ვერაფერს არ და ვერ უნდა დაუთმო დრო, მხოლოდ შენი საქმე უნდა აკეთო.
– როგორი ინტუიცია გაქვს?
– ინტუიცია ჩემი ცხოვრების მეგზურია, იმდენად ვგრძნობ და ვიცი, რა როგორ უნდა ვაკეთო, ვერავინ და ვერაფერი შემაცვლევინებს აზრს, თუ მე შინაგანად, გაგების დონემდე მესმის ჩემი ინტუიციის ხმა. რაც უფრო მაღალ ვიბრაციაში ადიხარ, მით უფრო გიმძაფრდება ინტუიციაც, სიზმრებიც, მინიშნებებიც და ასე შემდეგ, ენერგეტიკულადაც იგრძნობა შენი მდგომარეობა.
– რამდენად იღბლიანი ხარ ადამიანებში?
– ზოგადად დისტანციური ურთიერთობებით შემოვიფარგლები. არ მიყვარს, ჩემს სამყაროში ვინმე რომ ცდილობს შემოსვლას, შესაბამისად, ეს რომ არ მოხდეს ჩემი ბარიერები მაქვს, რასაც არ ვაბიჯებ და ვერ აბიჯებენ. ძალიან რთულად ვენდობი ადამიანებს, თითქმის არ ვენდობი არავის, ჩემი თავის, ჩემი მეუღლისა და დედაჩემის გარდა. ადამიანებისგან ყოველთვის უარეს მდგომარეობებს განვიხილავ და თუ ვინიცობაა, რამე მოხდება, გული აღარ მწყდება და მომზადებული ვხვდები მათ. ასეთი მიდგომებით თავს ძალიან იღბლიან ადამიანად მივიჩნევ, რაც უფრო ნაკლებად გაქვს შეხება, მით უფრო ნაკლებია იმედგაცრუებები.
– შეცდომებზე სწავლობ?
– ხან კი, ხან – სპეციალურად არა. ზოგი შეცდომა მჭირდება, რომ ადამიანად ვიგრძნო თავი. უშეცდომოდ ვერ იცხოვრებ. რასაც სულ ვამბობ, არის ის, რომ მთავარია, შენმა შეცდომამ სხვა ადამიანი არ დააზიანოს ან საკუთარი თავი ისე, რომ სიტუაცია ვეღარ გამოასწორო. დანარჩენი უბრალო შეცდომებით, თუ არავის არ აზიანებ, ხანდახან სიამოვნებასაც იღებ.
– რა შემთხვევაში შეიძლება, დაყარო ფარ-ხმალი?
– არანაირ შემთხვევაში. დავიფეფრფლები, მაგრამ თავიდან დავიბადები იმაზე ძლიერი, ვიდრე მანამდე. მე მებრძოლი ადამიანი ვარ შინაგანად და პირიქით, რაც უფრო რთულია მდგომარეობა და გამოწვევა, მით უფრო მეტი სიგიჟით ვხვდები და ვლახავ.
– რას არ გააკეთებ არასდროს, რამდენად სასურველიც არ უნდა იყოს მოსალოდნელი შედეგი?
– არ ვუღალატებ, ზურგში დანას არ ჩავარტყამ, პირდაპირი ვარ და პირდაპირ შემიძლია საუბარი ნებისმიერ თემაზე, კორექტულობის ფარგლებში ან, სიტუაციიდან გამომდინარე, არაკორექტულიც ვარ. არ გავყიდი არც სხვა ადამიანის ნდობას და არც საკუთარ ადამიანობას არაფრის ფასად. ბევრი რამ არის, რასაც არ გავაკეთებდი.
– ბავშვობაში როგორ წარმოგედგინა საოცნებო მომავალი და რამდენად შეეფერება მას დღევანდელი რეალობა?
– ბავშვობაში რაც წარმომედგინა და მინდოდა, დღეს ყველაფერი მაქვს – ჩემი მეუღლიდან დაწყებული, შვილებით, მდგომარეობებით, ადამიანობით, სიტუაციებით დამთავრებული. ჩემს ბედს მე ვწერ, შესაბამისად, იმ ოცნებების რეალიზაციის წყაროც მე ვარ, მე ვარ ჩემი ცხოვრების სცენარისტი და ასე იქნება სულ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან