შოუბიზნესი

ნუკა კვალიაშვილი: ჩვენს ურთიერთობას რომელიმე კუნძულზე დავაკანონებთ

№17

ავტორი: ნონა დათეშიძე 23:00 03.05

ნუკა კვალიაშვილი
დაკოპირებულია

მომღერალი ნუკა კვალიაშვილი ახლახან მეორედ დაოჯახდა. მისი რჩეული მსახიობი გოჩა გელაშვილია, რომელიც წლებია, გერმანიაში ცხოვრობს. მათი სიყვარულის ისტორია დისტანციურად დაიწყო და გოჩას თბილისში ჩამოსვლისთანავე, აეროპორტში ხელის თხოვნითა და ოჯახის შექმნით დაგვირგვინდა.

– სად გაიცანით ერთმანეთი და რამდენი ხანია, რაც თქვენი სიყვარულის ისტორია დაიწყო?

ნუკა: ჩვენი დაახლოება და გაცნობა სოციალურ ქსელში მოხდა. ერთმანეთი წლებია, გვყავს მეგობრებში „ფეისბუქსა“ და „ინსტაგრამზე“, მაგრამ კომუნიკაცია, როგორც ასეთი, არ გვქონია. დაახლოებით, ოთხი თვის წინ, როდესაც გაუქმებული „ინსტაგრამი“ აღვადგინე, მაშინ მომწერა გოჩამ, ეს არ იყო ფლირტის სტილის კომუნიკაცია, ეს იყო, უბრალოდ, ზოგად თემებზე საუბარი, რაც ყველაფერს მოიცავს, მათ შორის, დღევანდელ მდგომარეობას, რაც პანდემიას ეხება, ვისაუბრეთ ძალიან ბევრ საინტერესო თემაზე, რითაც მიიქცია ჩემი ყურადღება, ზოგადად, მიყვარს ღრმად მოაზროვნე, ჭკვიან ადამიანებთან საუბარი და ასე გაგრძელდა მეორე, მესამე, მეოთხე დღესაც, რამაც უფრო გააღრმავა ინტერესი ერთმანეთისადმი. აქედან დაიწყო ჩვენი უკვე ფლირტნარევი საუბარი, როგორც ძირითადად, ხდება ხოლმე.

– პირველი უიღბლო ქორწინების შემდეგ საკმაოდ რთულია, ისევ შექმნა ოჯახი. ბევრი რამის გადაფასება მოგიხდა?

– სანამ ოჯახის შექმნაზე მივიღებდი გადაწყვეტილებას, იმ დროს გოჩას არც ვიცნობდი, ბევრი რამის გადახარისხება დამჭირდა, ბევრი კითხვა მქონდა საკუთარ თავთან, მინდა თუ არა ურთიერთობაში ყოფნა, მზად ვარ თუ არა და ასე შემდეგ. ამ ყველაფერში ბევრი დრო დავხარჯე, რადგან ფიქრი ძალიან მიყვარს. მაგრამ, იქიდან გამომდინარე, რომ ინტუიცია ძალიან განვითარებული და კარგი მაქვს, ასევე, არც ჩამოუყალიბებელი ბავშვი ვარ, როგორიც წინა ურთიერთობაში ვიყავი და რის გამოც შეცდომა დავუშვი, მივხვდი, რომ შემიძლია, კიდევ მივცე ჩემს თავს შანსი.

– გოჩა, შენთვის ეს პირველი ქორწინებაა თუ მანამდეც იყავი დაოჯხარებული?

გოჩა: დაქორწინებული არ ვყოფილვარ. ეს ჩემი პირველი და უდიდესი სიყვარულია.

ნუკა: დიახ, გოჩასთვის ეს პირველია და უკანასკნელი (იცინის).

– ნუკას ქმრობა არ არის ადვილი. შემოქმედებითი ადამიანები თავისებური ხასიათებით გამოირჩევიან, ნუკას როგორ დაახასიათებ?

გოჩა: როდესაც ადამიანი სიგიჟემდე გიყვარს, რთული არაფერია, ზუსტად, ამ თვისებებიდან გამომდინარე არის ნუკა ჩემთვის უნიკალური და რადიკალურად განსხვავებული ყველა სხვა დანარჩენი ადამიანისგან. სამწუხაროდ, დღევანდელ რეალობაში ადამიანები, ძირითადად, თამაშობენ და არაბუნებრივები არიან, დაკარგეს ის ფასეულობები, რაც მათ ბუნებრივს და უნიკალურს ხდის. ნუკას შემთხვევაში, ეს თვისებები არ დაკარგულა, ზუსტად ეს იყო საფუძველი, რამაც განავითარა და გააღვივა ჩვენი ურთიერთობა, ნუკას ბუნებრიობიდან გამომდინარე, მე დავინახე ის ყველაფერი, რამაც თავბრუ დამახვია და სამყარო სულ სხვა ფერებში დამანახვა. სასწაული გრძნობაა, როდესაც იცი, რომ არსებობს ადამიანი, რომელსაც ყველაზე და ყველაფერზე მეტად უყვარხარ. ნუკაში ყველა ის თვისებაა გაერთიანებული, რომელიც მე მაგიჟებს და თავს მაკარგვინებს – თბილი, მგრძნობიარე, მოსიყვარულე, ერთგული, გამგები ადამიანია, რომელიც ნებისმიერ დროს ჩემ გვერდით არის და გვერდში მიდგას. ჩემთვის ნუკა ქალის ეტალონია, რომელიც თავისი ბუნებრიობით, გონებამახვილობითა და ყველა სხვა ადამიანური თვისებით გამოირჩევა.

– აპირებთ ურთიერთობის დაკანონებას?

ნუკა: უკვე დავაკანონეთ 9 რიცხვში ხელის თხოვნით აეროპორტში, როდესაც გერმანიიდან ჩამოვიდა. მოულოდნელად მთხოვა ხელი და რა თქმა უნდა, i said yes მიიღო (იცინის). რაც შეეხება თეთრ კაბასა და 500-კაციან ქართულ ქორწილს, არც მე მინდა და არც ჩემს მეუღლეს. ჩვენ ცოტა არასტანდარტული წყვილი ვართ და სტანდარტული რაღაცები არ გვიზიდავს, დავაკანონებთ რომელიმე კუნძულზე, ზღვის პირას ქოქოსში ჩასხმული კოქტეილებით პალმებთან და ქვიშასთან ერთად. ხელს მოვაწერთ, ჯვარსაც დავიწერთ, მაგრამ თეთრი კაბა და რესტორნებში სუფრები არ არის ჩვენი ინტერესის სფერო.

– ბავშვებმა როგორ მიიღეს ოჯახის ახალი წევრი?

– ჩვენ 4 თვეა, უკვე ერთად ვართ, მაგრამ ამ ურთიერთობას მანძილი ყოფდა, შესაბამისად, 24/7-ზე ვიდეოზარით ველაპარაკებოდით ერთმანეთს. ბავშვებიც იცნობდნენ, თან ისე უყვართ, რომ „მამას“ ეძახიან. ლუკაც და სანიც ვიდეოზარის დროს საუბრებში სულ ეუბნებოდნენ, რომ ენატრებოდათ და რომ ჩამოვიდოდა, მაგრად ჩაეხუტებოდნენ. ასე რომ, ყველაფერი იდეალურად არის.

– როგორი ურთიერთობა გაქვს პირველ ქმართან?

– პირველ რიგში, ქმარი არ ყოფილა, არც ხელი მქონდა მოწერილი, არც ჯვარი დაწერილი. უბრალოდ, ბავშვური შეცდომა იყო, რომელიც 15 წლის ასაკში დავუშვი და მეტი არაფერი. ურთიერთობას რაც შეეხება, არანაირი არ მაქვს და არც მექნება.

– თქვენი აზრით, რა არის მთავარი ორი შეყვარებული ადამიანის ურთიერთობაში?

– ურთიერთგაგება, მიახლოებული აზროვნება, კომუნიკაცია, მეტი სიყვარულის გამოხატულება, პატივისცემა, სუფთად ყოფნა, ისე, რომ საკუთარი თავი არ გეუბნებოდეს, ისეთი რამე გააკეთე, რაც არ უნდა გაგეკეთებინაო.

გოჩა: ნუკამ ყველა ჩემი სათქმელი თქვა და დავამატებ – და, რა თქმა უნდა, ერთგულება.

– სიურპრიზებით თუ განებივრებს და რა არის მთავარი, რაც საყვარელ მამაკაცში გხილავს?

ნუკა: მხიბლავს, რომ თავიდან ბოლომდე მიგებს და ვუყვარვარ ისეთი, როგორიც ვარ. არ უნდა ჩემი შეცვლა და ანალოგიურად ვარ მეც მის მიმართ. პირველ რიგში, მიყვარს მისი სული, გონება, აზროვნება, შეგნება და შემდეგ მოდის მიწიერი – ფიზიკური სხეული. მოკლედ რომ ვთქვა, ყველაფერი მიყვარს, რაც ამ ადამიანშია, თავიდან ბოლომდე. ჩემი განებივრება მატერიალურ მხარეს არ ეხება და ეს იცის. ჩემთვის უინტერესოა ნებისმიერი ქალისთვის საინტერესო რამ. რაც მე მიყვარს და მაინტერესებს, იმ ყველაფერში სიურპრიზებს არ მაკლებს. იდეალური ადამიანია, უნიკალური და ისეთი, რომ თამამად ვამბობთ, რომ ჩვენ ვართ ერთი სული ორ სხეულში ანუ იგივე twinflame.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №24

14- 20 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

რკინადეფიციტური ანემია

როგორ მოვიქცეთ რკინადეფიციტური ანემიის დროს