შოუბიზნესი

ნოდიკო ტატიშვილი: სამაგიეროს გადასახდელად ადამიანი ხელის გულზე ლანგრით მოურთმევია სამყაროს, მაგრამ არ გადამიხდია

№41

ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 14.10

ნოდიკო ტატიშვილი
დაკოპირებულია

ვნახოთ, რომელ ზოდიაქოს მიეკუთვნება ნოდიკო ტატიშვილი, რამდენად სჯერა მას ასტროლოგიის და რა თვისებები გამოარჩევს მას.

ნოდიკო ტატიშვილი: ზოდიაქოთი მორიელი გახლავართ, ვეფხვის წელში დაბადებული. ადრე, ასტროლოგიაში რაღაცებს, თითქოს, ვერ ვიგებდი და არ ვაქცევდი ყურადღებას, მაგრამ რამდენიმე წელია, ძალიან დავინტერესდი და ნელ-ნელა დავიწყე ამ სფეროში გაცნობიერება. ვერ ვიტყვი, რომ ყოველდღე ასტროლოგიურ პროგნოზებს ვამოწმებ, ასეთი ჩაციკლული არ ვარ, მაგრამ ვიცი, რომ ასტროლოგიური ასპექტები, ალბათობებია იმისა, თუ როგორ შეიძლება, წავიდეს ამა თუ იმ ნიშნის ცხოვრება და არა მკითხაობა. ძალიან არ მომწონს, როცა ვიღაცებს ასტროლოგია მკითხაობა ჰგონიათ, ეს არასწორია.

– მორიელი ძალიან რთული და ჩახლართული ბუნების არის. მისი ბოლომდე შეცნობა შეუძლებელია. რაც არ უნდა დაუახლოვდე, მაინც დაიტოვებს ბნელ კუნჭულს, სადაც არაფრით არ შეგახედებთ.

– მგონია, რომ ბნელი კუნჭული ნებისმიერ ნიშანს აქვს. მორიელები მაქსიმალისტები ვართ. ბევრს ვითხოვთ საკუთარი თავისგან. მე ასეთი მორიელი ვარ. არ გვიყვარს შუალედური მდგომარეობა, არ გვიყვარს საქმის ნახევარფაბრიკატულად კეთება. თუ ვაკეთებთ, ვაკეთებთ. მე მახასიათებს მორიელის პერფექციონიზმი და ხშირ შემთხვევაში, ეს ძალიან მღლის. ბევრს ვითხოვ საკუთარი თავისგან. მიუხედავად იმისა, რომ დიდი რისკები არ მიყვარს, დიდი ანალიზისა და ფიქრის შემდეგ გამირისკავს კიდეც, შეცდომებიც დამიშვია, მაგრამ ეს მხოლოდ ასტროლოგიურ ნიშანს არ უკავშირდება. შეუცდომელი ადამიანი არ არსებობს. ცუდი თვისებებიც მაქვს და კარგიც, მაგრამ არასდროს ვიყენებ დაბალი განვითარების მორიელის თვისებებს, რომელიც ყოველთვის მომართულია იმისკენ, რომ ვიღაცას უკბინოს და ვიღაცას ავნოს. მე ვარ კლასიკური მორიელი. ძალიან ბევრი პლანეტა მყავს მორიელის ნიშანში, მაგრამ სხვა პლანეტები სხვადასხვა ნიშნებშია, რაც ასევე, ახდენს ჩემზე გავლენას. ეს ამსუბუქებს ჩემს ხასიათს, თორემ შესაძლოა, ცოტა დაუნდობელი მორიელი ვყოფილიყავი. დაუნდობელი ვარ, როცა საქმე ეხება ჩემს საყვარელ ადამიანებს, როცა ვინმე მათ ცუდად ექცევა, მაგრამ თუ პირადად მე ვინმე უსამართლოდ მომქცევია, ბევრისთვის მიპატიებია. ხელისგულზე ლანგრით მოურთმევია სამყაროს სამაგიეროს გადასახდელად ადამიანი, მაგრამ რომ დავფიქრებულვარ, მითქვამს, მე ამის დონეზე ვერ დავეცემი-მეთქი. ძალიან გაბრაზებული ვყოფილვარ, მაგრამ სამაგიერო არ გადამიხდია და მერე გამკვირვებია. ფიქრები მქონია, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიმდგარა, მივხვდარვარ, რომ არ შეიძლება, მეც მისნაირი გავხდე. მაშინ მე მე აღარ ვიქნები. სამწუხაროდ, მე ვიცნობ ნაძირალა მორიელებსაც, მაგრამ ზოგადად, მორიელი ძალიან თავმოყვარე ნიშანია. ძალიან არ მინდა, ვიღაცას ჩავუსაფრდე და კისერი მოვუგრიხო, თუმცა ნამდვილად მაქვს ამის უნარი, ნამდვილად შემწევს ამის ძალა. აქაც წითელი ხაზებია გავლებული. თუ უკადრებელს იკადრებ, მერე პასუხიც შესაბამისი მექნება. ნამდვილად არ მაქვს განცდა, რომ ანგელოზი ვარ და ფრთები მაქვს ზურგზე. შხამიანი მორიელი არ ვარ, მაგრამ შხამი თან მაქვს, ვატარებ, თუმცა, იმედი მაქვს, რომ ჩემს შხამს არავინ დააგემოვნებს. ძალიან მწარეა. იყო ერთი-ორი შემთხვევა და ძალიან ეტკინათ.

არიან ადამიანები, ვისგანაც განსაკუთრებით მახსოვს უსამართლობა, დიდი ტკივილი მომაყენეს, მაგრამ ყველას ჩემგან დამოუკიდებლად მიეზღო პასუხი. ცხოვრება მიჩვენებს, რომ ყველას სამყარო უხდის საკადრის პასუხს. ასეთი გაკვეთილები მიმანიშნებს, რომ სწორად ვიქცევი, როცა ვინმეს სამაგიეროს არ ვუხდი.

– მორიელებს განსაკუთრებული ინტუიცია აქვთ და ძალიან წინდახედულები არიან.

– წინდახედულობა – რა თქმა უნდა. ინტუიციას რაც შეეხება, ხანდახან მაშინებს საკუთარი თავი. წინასწარ რომ რაღაცას ვიგრძნობ, მერე ძალიან სწრაფად ვიგებ, რომ მართლა ისე მოხდა, როგორც გული მიგრძნობდა. გულთმისანი ნამდვილად არ ვარ, უბრალოდ, წყლის ნიშნებს კარგი ინტუიცია აქვთ, მორიელებს – მით უმეტეს და მეც არ ვუჩივი. რაღაცაზე დავფიქრებულვარ და მერე ძალიან მოკლე დროში ისე მომხდარა.

– მორიელს ერთი შეხედვით შეუძლია ადამიანის გაშიფვრა.

– ერთი ასტროლოგი ყვებოდა, მორიელებმა არ იციან პირდაპირ თვალებში ყურება, ქვემოდან ამოხედვა ახასიათებთო. უცებ მივხვდი, რომ სრულიად მართალია. სანამ ადამიანს ცოტა გაიცნობ, ყოველთვის ეჭვის თვალით უყურებ, გინდა, გაიგო, ვინ არის სინამდვილეში. მე მთელი ცხოვრება ასე ვარ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კომუნიკაბელური ვარ, მიჭირს ბევრი ადამიანის ჩემამდე მოშვება. ვიღაცები მომიშვია და მერე იმედგაცრუებაც მქონია, მაგრამ რაც გავიზარდე, დიდი დოზით ვეღარ ვუშვებ ადამიანებს ახლოს და ვისაც ვუშვებ, დიდი შანსია, რომ მან იმედი არ გამიცრუოს, იმიტომ, რომ კარგად ვსწავლობ. ასეა, მორიელები ზერელედ ვერ ვურთიერთობთ. კარგა ხანი ეჭვის თვალით ვუყურებთ ადამიანებს, გვინდა, რომ ამოვხსნათ. მორიელებს არ უყვართ ნებისმიერ ადამიანთან ურთიერთობა. მით უმეტეს, თუ მასში ეჭვი ეპარებათ. მეც ასეთი ვარ. განსაკუთრებით ვერთობი, როცა ადამიანი რაღაცას მატყუებს და მე ვიცი, რომ ტყუილს ყვება, მაგრამ ბედნიერი სახით ვუღიმი. მინდა, კიდევ უფრო მეტი ტყუილი თქვას, რომ უკეთესად მივხვდე, ვინაა და ღიმილითვე დავემშვიდობო, რომ მომავალში მხოლოდ გამარჯობით შემოვიფარგლო მასთან ურთიერთობაში.

– მორიელზე ამბობენ, რომ სისინა და შხამიანები არიან და მართლიცაა, მაგრამ ეს იმიტომ, რომ ისინი ყოველთვის სიმართლეს ამბობენ, რაც ზოგჯერ ძალიან მწარეა.

– მე ვარ მორიელი, რომელსაც ურჩევნია, მწარე სიმართლე მოისმინოს, ვიდრე ტყუილი ან შელამაზებული ამბავი. ილუზიებში ყოფნა ჩემზე ძალიან ცუდად მოქმედებს. სიმართლის თქმაც გვიყვარს, მაგრამ ფორმა ზოდიაქოს ნიშანზე მეტად, ალბათ, უფრო აღზრდასა და კულტურაზეა დამოკიდებული, გააჩნია, სათქმელს რამდენად კორექტულად იტყვი. ხომ არ შეიძლება, ადამიანს გული ატკინო მწარე სიმართლით და რასაც ფიქრობ, პირდაპირ უთხრა. ადამიანსაც გააჩნია. მეგობართან ილაპარაკებ გახსნილად, ეს ბუნებრივია, მეგობართან რაღაცების შელამაზება და კეკლუცობა არასწორი მგონია, მაგრამ არიან ადამიანები, ვისთანაც მითქვამს მწარე სიმართლე, მაგრამ მოზომილად – ერთი-ორი დღის მერე რომ მიხვდება ამ ნათქვამის სიმწარეს. კი, პირდაპირები ვართ, როცა რაღაცის თქმა მინდა, გულში ვერ ვიჩერებ და დღეს იქნება თუ ხვალ, მაინც ვიტყვი, ისე შეფუთულს, რომ ადამიანს გული ძალიან არ ვატკინო, მაგრამ ჩემი სათქმელი მაინც გავაგებინო.

– ძალიან რთულად პოულობს სიყვარულს, მაგრამ თუ შეუყვარდა, ბოლომდე ეყვარება და მის გამო ბევრსაც დათმობს.

– კი, ჩვენ უნორმო და უსაზღვრო სიყვარული ვიცით. ვერ ვიტყვი, რომ თუ ერთხელ შემიყვარდა, ბოლომდე მეყვარება, რამდენიმე შეყვარებული მყავდა და ყველა ურთიერთობაში მაქსიმალური გამიღია, ძალიან მყვარებია, მაგრამ თუ ოდესმე აღმოაჩენ, რომ ეს ის ადამიანი არ არის, ვინც გეგონა, რომ იყო ან იმედგაცრუება იგემე და ასე შემდეგ, რადგან მორიელი ხარ, არ ნიშნავს, რომ ყველაფრის მიუხედავად, სიცოცხლის ბოლომდე გეყვარება. პირიქით, თუ რამე მსგავსი მოხდა, თუ ადამიანს ბევრჯერ შეეშალა, მერე ძალიან ვიცი ხოლმე გადაკეტვა. არა მარტო პირად, ყველანაირ ურთიერთობაში.

– მორიელს უყვარს სირთულეები. ზოგჯერ ცხოვრებას ხელოვნურად ირთულებს, რომ მეტი „ექშენი“ შეიგრძნოს.

– კი, უარს არ ვამბობ რთულ გამოწვევებზე. როცა რამის გაკეთება მინდა, მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, ძალიან რთულია და მძაფრი ემოციებისა და ნერვების ხარჯზე უნდა მოხდეს, ისეთზე, როგორზეც ალბათ, 100-იდან 90 იტყოდა, რომ ამის ნერვები არ აქვს, მორიელები ასე არ ვიქცევით, პირიქით, „მე ამას აუცილებლად გავაკეთებ“ – ასე ვუდგებით და არ მახსოვს, რამის გაკეთების შესახებ გადაწყვეტილება მიმეღოს და საქმე ბოლომდე არ მიმეყვანოს. მიზნისთვის შემიძლია, ბოლომდე ვიბრძოლო. ბოლოს მაინც ამოვთხრი!“ (იცინის).

– რა არის მორიელის ის თვისებები, რომელიც საკუთარ თავში არ მოგწონს და გინდა, გამოასწორო?

– ძალიან მღლის პასუხისმგებლობის გრძნობა, რომელიც ჩემში ძალიან დიდი დოზით არის, მაგრამ ეს კარგი თვისებაა და იმავდროულად ყველაფერში ძალიან მეხმარება. ამიტომ დავიტოვებდი. კიდევ, ამორალური ადამიანების მიმართ მაქვს ძალიან ნეგატიური დამოკიდებულება და ეს ყოველთვის მეტყობა. ასევე, ვერასდროს დავეთანხმები იმას, რაც ჩემთვის პრინციპულად მიუღებელია. მაგალითად, იმას, ვინც ამბობს, რომ კარგი იყო რუსული კანონის მიღება, იმიტომ, რომ არ ეწყინოს, ვერ დავეთანხმები. ჩემს პოზიციას ყოველთვის დავაფიქსირებ. ვერ გავუტარებ ადამიანს იმას, რომ არ უყვარს თავის სამშობლო. ვერ გავუტარებ იმას, რომ პირადი კეთილდღეობა ურჩევნია თავის ქვეყანას და არ შევიკავებ თავს, ვუთხრა ის, რასაც ვფიქრობ. განა იმიტომ, რომ მორალისტი ვარ, უბრალოდ, არის თემები, როგორიცაა: სამშობლო, ოჯახი, მეგობრები, ვისაც და რასაც არავინ არ უნდა შეეხოს. სამშობლო არ უნდა გაცვალო მილიონებში ან საკუთარ კეთილდღეობაში. თუ ამას ვხედავ, ვერ „ვატარებ“, ვერავის ვეპირფერები და ვეკეკლუცები, რომელ მხარესაც არ უნდა წარმოადგენდეს და რა თანამდებობასაც არ უნდა იკავებდეს. ასეთი რამეები ჩემთვის სასტიკად მიუღებელია. გინდათ, მორიელობას დააბრალეთ, გინდათ, ხასიათის თვისებას, მაგრამ ასეთ რამეს თუ ვხედავ, ნამდვილად შემიძლია, ძალიან გესლიანი ვიყო. შემიძლია, უსამართლობას შევაკვდე. მტერს ბოდიში არ უნდა მოუხადო, ამას ყოველთვის ხმამაღლა ვიტყვი. საკუთარი გმირების სულებს საფლავში არ უნდა ჩააფურთხო, ამას რომელი ზოდიაქოს წარმომადგენელიც არ უნდა ვიყო, ვერავის ვაპატიებ. ჩემთვის ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №46

11–17 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა