შოუბიზნესი

ნოდიკო ტატიშვილი: ძალიან ვნერვიულობ, როცა სხვა მეპატიჟება და ყოველთვის მირჩევნია, ეს მე გავაკეთო

№37

ავტორი: ქეთი კაპანაძე 21:00 22.09, 2022 წელი

ნოდიკო ტატიშვილი
დაკოპირებულია

მომღერალმა ნოდიკო ტატიშვილმა თბილისისა და ბათუმის ბინები მთლიანად საკუთარი გემოვნებით მოაწყო და შედეგით ისიც და მისი სტუმრებიც ძალიან კმაყოფილები არიან. სახლის შეძენა და რემონტი, ცხადია, საკმაოდ დიდ თანხებს უკავშირდება, ამიტომ ნოდიკოს ფულთან ურთიერთობის საკითხში, საკუთარი გამოცდილების შესახებ ვესაუბრეთ.

ნოდიკო ტატიშვილი: ჩემი ბინა თბილისში სულ 2-3 წლის წინ შევიძინე, ასევე, პატარა ბინა მაქვს ბათუმში, რომელიც ჯერ კიდევ 2010 წელს ვიყიდე. პირველად ბათუმის ბინა გავაკეთე. პატარა ფართია, სტუდიოს ტიპის. მინდოდა, ძალიან მოსახერხებელი, პრაქტიკული და დასვენებისთვის კომფორტული ყოფილიყო. განლაგება და აღჭურვილობაც შესაბამისი შევარჩიე. ხელოსნებმა ცოტა გამაწვალეს, მაგრამ საბოლოო ჯამში, ისეთი ბინა მივიღე, როგორიც მინდოდა. თეთრი, ნათელი, ყველანაირი ტექნიკით, სამზარეულოთი, გემრიელი ლოგინით და ასე შემდეგ. პირველად დედაჩემი და მამაჩემი ჩამოვიდნენ ამ ბინაში დასასვენებლად და ძალიან კმაყოფილები დარჩნენ.

რაც შეეხება თბილისის ბინას, რომელშიც ორი წლის წინ გადავედი საცხოვრებლად, რომ შევიძინე, ჩემებმა საერთოდ არ იცოდნენ. გავარემონტე და გადასვლას რომ ვაპირებდი, ჩემები სიურპრიზად მივიყვანე უკვე გამზადებულ ბინაში და ეს ცალკე შოკი იყო. ამ ბინას მეტი შრომა დასჭირდა, დიდი ბინაა ტერასული აივნებით. აქაც ყველაზე მნიშვნელოვანი კომფორტის შექმნა იყო. ეს ჩემთვის საერთოდ ყველაზე მნიშვნელოვანია. ბინაში, რომელშიც ცხოვრობ, არაფერი არ უნდა გაწუხებდეს, არც ზედმეტი უნდა იყოს რამე, არც – პირიქით. აქ დიდი საძინებელი გავაკეთე, თავის საგარდერობე სივრცით. ბინას ორივე მხარეს დიდი აივანი აქვს, მისაღებიც საკმაოდ დიდია და აბაზანაც დიდი გავაკეთე, ზუსტად ისეთი გამოვიდა, როგორიც მინდოდა. თანამედროვე, კლასიკური მიმართულების რემონტი ავირჩიე და მგონია, რაც ჩაფიქრებული მქონდა, ყველაფერი იდეალურად გამომივიდა.

– დიზაინის შერჩევას მთლიანად საკუთარ თავზე იღებ ხოლმე?

– რამდენიმე მეგობარმა გამიზიარა თავისი აზრი, ძალიან დამეხმარა „პინტერესტიც“, თუმცა, საბოლოო ჯამში, ყველა გადაწყვეტილება მე მივიღე, იმიტომ, რომ ამ ბინაში მე ვცხოვრობ და თავი კარგად მე უნდა მეგრძნო. გავაკეთე ისეთი, როგორიც მინდოდა. მინდოდა, ეს ბინაც ძალიან ნათელი ყოფილიყო, ამიტომ კედლებიც და ჭერიც თეთრი გავაკეთე და კონტრასტისთვის მუქი ხისფერი იატაკი შევარჩიე. მგონია, რომ ბინა ნათელი და თეთრი უნდა იყოს, ეს პოზიტიური ფერია და ენერგეტიკასა და ხასიათზეც აისახება.

– ამ პროცესს მხოლოდ ორგანიზებას უწევ თუ საკუთარი ხელითაც შეგიძლია რაღაცების გაკეთება?

– ვერა. შემიძლია, ლურსმანი მივაჭედო კედელზე და ნახატი ჩამოვკიდო. ხანდახან ეგეც არ გამომდის, ამიტომ ვერ დავიკვეხნი. თუმცა, მგონია, რომ კარგი შემფასებელი ვარ და მიყვარს ყველაფრის გადამოწმება, დაკვირვება და ამ კუთხით ცოტა პედანტიც ვარ. საჭიროცაა, მერე ყველაფერი კარგად გამოდის.

– ორი ბინა გაარემონტე, არც ისეთი დიდი დროის შუალედით. არ აღმოჩნდა დამღლელი?

– როგორ არა, ძალიან დამღლელი იყო. თან, მე მიყვარს, როცა ყველაფერი სწრაფად კეთდება და დროში არ იწელება. კარგი და პასუხისმგებლიანი ხელოსნების პოვნა ცალკე თემაა. თბილისის ბინაზე ცოტა გამაწვალა ხელოსანმა და შევწყვიტე მასთან თანამშრომლობა. აღმოჩნდა, რომ ჩემი ბინის პარალელურად, რამდენიმეს აკეთებდა და რაღაცები მომატყუა, რისი გაგების შემდეგაც, დავემშვიდობე. ამის შემდეგ, სხვა ხელოსნებს პირდაპირ ვუხსნიდი, რომ ასე არ მაწყობდა და ბევრად უფრო მობილიზებულად გააკეთეს.

– ამ პროცესში ფინანსები ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავია. შეგიძლია, კარგად გათვალო, რამდენი დაგჭირდება, თუ მაინც სიურპრიზების წინაშე აღმოჩნდები ხოლმე?

– ორივე ბინა იპოთეკური სესხით შევიძინე და თანხა რემონტისთვისაც გავითვალისწინე, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მაინც ბევრად მეტი იყო საჭირო, ვიდრე მე მქონდა გათვლილი. მილიონი რაღაც დამჭირდა ისეთი, რაც თავიდანვე ვერ გავითვალისწინე. სიმართლე რომ ვთქვა, ეს არ იყო იაფი სიამოვნება, მაგრამ როდესაც აკეთებ ბინას, რომელშიც უნდა იცხოვრო, მისი ნახევრად გაკეთება აბსურდია და რაც გავაკეთე, ყველაფერი ხარისხიანად და ლამაზად გავაკეთე.

– სად უფრო კარგად გრძნობ თავს ამ სამი სახლიდან?

– ჩემი მშობლების ბინა, სადაც დავიბადე და გავიზარდე, განსაკუთრებულად მიყვარს, მასთან ძლიერი ემოციური კავშირი მაქვს. ახალ ბინაში რომ გადავედი, თავიდან ცოტა ვღელავდი. არ ვიცოდი, როგორ შევეჩვეოდი, მაგრამ ალბათ, იმიტომაც რომ ყველაფერი ისე მქონდა გაკეთებული, როგორც მე მინდოდა, მარტივად შევეჩვიე და ახლა ჩემებთან რომ მივდივარ, დიდხანს ვეღარ ვჩერდები, ჩემს სახლში მინდება გამოქცევა, შევეჩვიე მარტოობას და დამოუკიდებლობას. ამიტომ უკვე ჩემი ბინა მირჩევნია. ბათუმის ბინაც ძალიან მომწონს, დასასვენებლად ძალიან მყუდრო და მშვიდი ბინაა.

– ბინებთან მიმართებაში უკვე ვიკითხე, მაგრამ ზოგადად, როგორ გამოგდის ფულთან ურთიერთობა. მფლანგველი ხარ თუ უფრო პრაგმატულად მხარჯველი?

– ფინანსებთან დაკავშირებით არანაირი პრაგმატული დამოკიდებულებით არ გამოვირჩევი. საკმარისად მაქვს თუ არასაკმარისად, მფლანგველი ვარ და სიმართლე გითხრათ, ძალიან არ მიყვარს ძუნწი ადამიანები. მართლა არ მიყვარს, მათ მიმართ ძალიან ნეგატიური დამოკიდებულება მაქვს. მე თვითონ იმდენად ხელგაშლილი ვარ, ვერ ვხვდები, რატომ უნდა იყო ძუნწი. მეც მქონია საკმარისად, არასაკმარისად და ძალიან არასაკმარისად, მაგრამ ვერცერთ შემთხვევაში ვერ გავხდი ძუნწი, მგონია, რომ ეს ძალიან ცუდი თვისებაა. ვარ ძალიან ხელგაშლილი, მიყვარს, როცა შემიძლია, სხვა ადამიანებს ვასიამოვნო, სადღაც დავპატიჟო. ვერ წარმოიდგენთ, ეს რამხელა სიამოვვნებას მანიჭებს. ძალიან ვნერვიულობ, როცა სხვა მეპატიჟება და ყოველთვის მირჩევნია, ეს მე გავაკეთო, ასე თავს უფრო კომფორტულად ვგრძნობ.

– რა ხდება, როდესაც მინუსებში გადადიხარ?

– არ მსიამოვნებს (იცინის). ამიტომ ვცდილობ, აქამდე არ მივიდე და რაღაცები წინასწარ გავთვალო. მადლობა ღმერთს, სამუშაო ყოველთვის მაქვს. ბევრი წელია, ჩემი შემოსავლის ძირითადი წყარო ჩემი კონცერტები და სხვადასხვა ივენთებია და ჩემი დღევანდელი ჰონორარიც დაბალი არ არის. ხან უფრო მეტი მაქვს, ხან – ცოტა ნაკლები, მაგრამ ეს ჩვეულებრივი ამბავი მგონია.

– როგორც მივხვდი, ხარჯვა გიყვარს, მაგრამ დღეს რომ ჰონორარს აიღებ და ხვალ ფული აღარ გაქვს, ასეც არ ხარ, გათვლა და გადანაწილება შეგიძლია.

– კი, ჩემი ფინანსების დაგეგმილად ხარჯვა შემიძლია, თუმცა ხანდახან ეგეც არ გამომდის. ამაზე არც ვნერვიულობ. როცა მაქვს, იმისთვის მაქვს, რომ დავხარჯო და არა იმისთვის, რომ შევინახო და ზემოდან მოვკალათდე. მით უმეტეს, კატეგორიულად არ მიყვარს წუწუნა ადამიანები, ადამიანები, რომლებიც ფინანსებთან დაკავშირებით სულ წუწუნებენ. თან, რომ ვიცი, კარგი შემოსავალი აქვს, მით უმეტეს (იცინის). ხომ ამბობენ, თუ წუწუნებ, კარგია, მეტი გაქვსო და ამაზე სულ ვიცინი ხოლმე.

– რაშია ფულის დახარჯვა ყველაზე სასიამოვნო?

– შოპინგზე მთელი დღე სიარული არ მიყვარს, პროცესი დამღლელია, მაგრამ შედეგი – სასიამოვნო. თან, ზუსტად ვიცი, რა მინდა, როგორი და ბევრი ბოდიალი არ მჭირდება. მივდივარ, მომენტალურად ვყიდულობ და მოვდივარ. მეგობრებთან ერთად სადმე წასვლა და გემრიელი ვახშმობაც ძალიან სასიამოვნოა. სიამოვნებით ვხარჯავ ფულს მაშინაც, თუ ჩემი საჩუქრით ან სადმე დაპატიჟებით შემიძლია, ვინმე გავახარო და სიამოვნება მივანიჭო. ძალიან არ მიყვარს, რომ ხარჯავ და მერე ნანობ, ვაი, ეს რა ვქენიო. თუ ვხარჯავ, ვხარჯავ მთელი გულით და სულით. მართლა მიხარია, როცა ფულს ვხარჯავ, ეს პროცესი ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს და თუ ამით სხვას ვასიამოვნებ, ეს ყველაზე მეტად მიხარია.

– გოგოების მისამართით ხშირად გვესმის ბრალდება, ფულიან ბიჭებზე ნადირობენ, ამით აფასებენ საპიროსპირო სქესსო. არის ასე?

– არ ვიცი, არ მქონია ასეთი შემთხვევა. ზოგადად, მგონია, რომ შეიძლება, გოგოებიც ნადირობენ ფულიან ბიჭებზე და ბიჭებიც – ფულიან გოგოებზე. ჩემთან ახლოს ამ თემას არ ჩაუვლია, თან, სიმართლე გითხრათ, ნამდვილად არ ვარ ისეთი შტერი, რომ ვიღაცას ასე გამოვაყენებინო თავი. თუ ადამიანს რამე მსგავსს შევატყობ, ძალიან გავბრაზდები. ფული არ უნდა იყოს მთავარი ჩვენს ცხოვრებაში. თუმცა, კეთილდღეობისა და მეტ-ნაკლებად სრულფასოვანი ცხოვრებისთვის ის ყველას გვჭირდება და ძალიან განვიცდი, რომ დღეს საქართველოში ბევრს უჭირს. მადლობელი ვარ ღმერთისა და სამყაროსი იმის გამო, რომ ბევრი თუ ცოტა, რამდენიც მაქვს, მაქვს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი