შოუბიზნესი

ნინო ოძელაშვილი: ქართველი მამაკაცების უმეტესობა, ცოტა სხვანაირად მიყურებს – ოჯახისთვის არა, გართობა უნდათ

№1

ავტორი: ქეთი მოდებაძე 22:00 12.01, 2022 წელი

ნინო ოძელაშვილი
დაკოპირებულია

სპორტსმენი ნინო ოძელაშვილი თავისი მიღწევებითა და საამაყო გამარჯვებებით წლებია, ყურადღების ცენტრშია. ასეთი შედეგებიდან გამომდინარე კი, ბუნებრივია, ძლიერი და შეუპოვარი მებრძოლის შთაბეჭდილებას ტოვებს. ამ ფონზე, საინტერესოა, როგორია მისი მეორე – ქალური მხარე.

ნინო ოძელაშვილი: ჩაკეტილი ცხოვრება მაქვს. ბევრ ადამიანთან არ მაქვს ურთიერთობა. გუნდელებიც კი არ მიცნობენ ახლოს, მხოლოდ შეკრებებზე გვაქვს კავშირი. ჩემი სამყარო მაქვს, რომელსაც ყველას არ ვაცნობ. ახლო ურთიერთობა ბევრ ადამიანთან არ მაქვს. ადრე, როცა ყველას ვუღიმოდი, გული მატკინეს, უსიამოვნებები გამოვიარე და შევიცვალე. მიყვარს ცეკვა, სიმღერა, პოზიტიურ განწყობაზე ყოფნა, მაგრამ მხოლოდ ძალიან ახლობლების წრეში. შეიძლება, ცუდიცაა ძალიან ჩაკეტილად ცხოვრება, მაგრამ როცა ასე ხარ, ნერვებსაც აღარავინ გიშლის (იცინის). დაქალი მყავს, რომელიც ძალიან კარგად მიცნობს და ერთად არაჩვეულებრივ დროს ვატარებთ.

– ბიჭი რომ მოგწონს და გინდა გაეპრანჭო, ამ დროს როგორ იქცევი?

– ვაიმე, აღარც მახსოვს, ეგ როდის მოხდა, მხოლოდ ერთხელ იყო ჩემს ცხოვრებაში მსგავსი შემთხვევა (იცინის). ბავშვობიდანვე გიჟი ვიყავი. მათამაშე, მაცემინე – მეტი არაფერი მინდოდა. მაცემინეს ბევრი ცუდად იგებს, ყველას კი არ ვცემდი. მამა უპატრონო ბავშვთა სახლში მუშაობდა და კლასში ბავშვების ნახევარი უპატრონო ბავშვთა სახლის აღსაზრდელები მყავდა. სულ ჩხუბი მიწევდა ხოლმე მათ დასაცავად. ზოგჯერ გოგონებსაც ვეკამათებოდი, არ მომწონდა ძალიან ტყლარწია გოგონები (იცინის). ჩემი ძმის გამოც მიჩხუბია. ერთხელ ბიჭს მოვეწონე სკოლაში, მითხრა და ვცემე, რატომ მითხარი-მეთქი. მამა ფეხბურთის მწვრთნელი იყო და მასთან დაიწყო სიარული იმის გამო, რომ მე მოვწონდი, ამაზე ძალიან გავბრაზდი. რაც ჩემს მეუღლეს დავშორდი, კონტაქტი არავისთან მაქვს, უკვე მეხუთე წელი დაიწყო. შეიძლება, ბიჭი მომეწონოს, მეც ბევრს მოვწონვარ, მაგრამ ვერავის ვენდობი. ალბათ, ვიღაცას სერიოზულად მოვწონვარ, მაგრამ არც მათ ვაცნობ თავს. ამ მხრივ ჩემი გონება გათიშულია და მთლიანად სპორტისკენ ვარ მომართული.

– და ამის გამო სიცარიელეს არ გრძნობ?

– კი, მინდა შვილები მყავდეს. ვოცნებობდი, სპორტსმენი მეუღლე და შვილები მყოლოდა. ქართველები ვერ ეგუებიან სპორტსმენ ცოლებს. ახლა რამდენიმე წყვილი შეიქმნა, ცოლიც და ქმარიც რომ სპორტულად აქტიურია და ეს ძალიან მიხარია. მგონია, რომ არასპორტსმენი არ შემეფერება. დაშორებით გამოწვეულმა ტრავმამ გამიარა, მაგრამ საკმაოდ დიდი ხანი ვიღვიძებდი სიტყვებით, რომელსაც ჩემი ყოფილი მეუღლე მეუბნებოდა – ვერასდროს მიაღწევ წარმატებასო და საბედნიეროდ, მას შემდეგ ძალიან ბევრს მივაღწიე, რისთვისად დიდი მადლობა უფალს. კიდევ მეტს მივაღწევდი, რომ არა ეს პანდემია, ახლა ცოტა მოვიკოჭლებ, მაგრამ ამას აუცილებლად გამოვასწორებ. ახლა ჩემი ცხოვრებით „ვკაიფობ“. ადამიანი როგორც არ უნდა მომეწონოს, შანსს არ ვაძლევ. გამორიცხულია, ვაგრძნობინო, რომ მომეწონა. თუ დავინახე, რომ ცდილობს, თავი მომაწონოს, ამით ძალიან ვერთობი (იცინის). ნაკრებშიც ბევრ ბიჭთან მაქვს შეხება და ვერავინ ვერაფერს გამომაპარებს, გამოხედვით ვხვდები, ვის რა უნდა. თუ მათ აზროვნებას ვიცნობ, მით უმეტეს. რადგან სპორტსმენი ვარ, ქართველი მამაკაცების უმეტესობა ცოტა სხვანაირად მიყურებს-ოჯახისთვის – არა, გართობა უნდათ. იციან, რომ გათხოვილი ვიყავი და ეს ბევრი „ვაჟკაცისთვის“ მიუღებელია, მაგრამ მე იმდენად ღირსეული ვარ, რომ ეგეთ ადამიანებზე მეცინება. მე თვითონ არ ვიკადრებ ამას, ბევრჯერ შემეძლო ასეთი ნაბიჯი გადამედგა, მაგრამ არასდროს გამიკეთებია. მარტო მოვდივარ ამდენი ხანია და თავს სპორტს ვუძღვნი.

თამამი ფოტოები, რომელიც სოციალურ ქსელში დავდე, იმიტომ გადავიღე, რომ ბევრ ვაჟკაც ბიჭს მოვწონდი და გათხოვება არ მინდოდა. არავის დანახვა არ მინდოდა და ამ გზით ბევრი ისეთი ჩამოვიშორე, რომელსაც ვიღაც მირიგებდა, ვიღაც ვიღაცის ძმაკაცი იყო, ვიღაც ვიღაცის ნათესავი. სანათესაოში იციან, რომ არავინ არ უნდა გამაცნონ. თუ საჭიროა, ჯობს, თვითონ გამოჩნდეს ადამიანი ჩემს ცხოვრებაში. გარიგება ჩემთვის სასწაულად მიუღებელია. მე ჩემი სამყარო მაქვს, ამას ბევრი ვერ იგებს. მართლა სხვა სამყაროდან ვარ.

– როგორია შენი სამყარო?

– რომ ვყვები, მერე ყველა გიჟად მთვლის (იცინის). არ ვიცი, მარსიდან ვარ. ვამბობ ხოლმე, მე რომ ძალიან პატარა ვიყავი, აკვანში მოვკვდი და ღმერთმა მეორე სიცოცხლე მომცა. ჩემს წარმოსახვაში მან მითხრა, რომ მეორედ მომავლინა ამქვეყნად იმის გამო, რომ ცხოვრებაში რამე მენახა. მე უფალთანაც მაქვს საუბარი. იყო პერიოდი, როცა უფალი გაბრაზებული იყო ჩემზე და ახლაც ნაწყენია. ადრე ძალიან ეკლესიურად ვცხოვრობდი, მაგრამ ბევრი ცუდი მამაო შემხვდა და მას შემდეგ ცოტა მიჭირს ეკლესიაში მისვლა.

– ხელმეორე სიცოცხლეზე რაც თქვი, ეს შეგრძნების დონეზე გაქვს თუ მართლა გადაგხდა ბავშვობაში რამე?

– მე არა, მაგრამ ჩემი ძმა რომ დაიბადა, დედა გაციებული იყო. ორი გოგოს შემდეგ ნანატრი ბიჭი გაჩნდა და დედას უთხრეს, მოკვდა ბავშვიო. მამამ წაჰგლიჯა ბავშვი ექიმებს, წყნეთში მამაოსთან წამოიყვანა, მან აკურთხა ჩემი ძმა, მერე მამამ ხელოვნური სუნთქვა ჩაუტარა და ბავშვი გაცოცხლდა. მამას უფლის არ სწამდა და მას შემდეგ იწამა. მე – არა, მე უფალთან მქონდა საუბარი და ვიცი, რომ აკვანში გარდავიცვალე და ღმერთმა მეორე სიცოცხლე მაჩუქა. ფიზიკურად – მსგავსი არაფერი, ბავშვობიდანვე ძლიერი და პურისმჭამელი შვილი ვიყავი (იცინის). საბავშვო ბაღიდან გამომაგდეს, იმიტომ, რომ ყველას ვუჭამდი საჭმელს, ერთ ადგილას არ ვჩერდებოდი და ოღონდ ეს წაიყვანეთო, ჩემს მშობლებს უთხრეს. სკოლიდანაც მრიცხავდნენ. სწავლა არასდროს მიყვარდა, ძალიან ძლიერი და გიჟი ვიყავი. მამა სკოლაში ფიზკულტურას ასწავლიდა. უპატრონო ბავშვებს აიყვანდა ქუჩიდან, სიგარეტს, სასმელს გადააგდებინებდა და ავარჯიშებდა. ჩვენს რუსულის მასწავლებელს ნევროზი ჰქონდა და ვინც გააბრაზებდა, იმას ხელზე წკეპლას ურტყამდა. ერთხელ, მგონი, მერვე კლასში ვიყავი, ჩემთან მოვიდა. ვუთხარი, არ გადამარტყა-მეთქი. რატომ შემეპასუხეო და მაინც გადამარტყა ეს წკეპლა. ეგრე არ უნდა-მეთქი, კიდევ კარგი, თავი გავაკონტროლე, მაგრამ ბოლომდეც ვერ შევიკავე, მივედი და ხელი დავარტყი. ტირილი დაიწყო. სამწუხაროდ, მერე ძალიან ცუდი რამ შეეთხვა იმ ქალს და ამის გამო ძალიან მტკივა გული, კარგი ადამიანი იყო, მაგრამ კაპასიც და იმ მომენტში წყობიდან გამომიყვანა. მოკლედ, შევიდა დირექტორთან და ყველაფერი უთხრა. გამიმართლა, რადგან დირექტორს მაგრად ვუყვარდი. სულ თასები მომქონდა შეჯიბრებებიდან. მიშა სააკაშვილს მეძახდნენ იმის გამო, რომ სულ დავფრინავდი. სკოლაში კარგი სახელი მქონდა და ყველაფრის მიუხედავად ნიშნებს მიწერდნენ. ასე გადავდიოდი კლასიდან კლასში. დირექტორი ძალიან მკაცრი იყო, ყველა ბავშვი კონტროლში ჰყავდა, მაგრამ ეს ამბავი რომ მოხდა, გვერდზე გამიყვანა და მეუბნება, მე შენ ახლა გეჩხუბები და არ გეწყინოსო (იცინის). შემოვიდა კლასში და მლანძღავს, მე წამოვდექი და მეცინება, ის კიდევ მიმატებს, შეხედეთ, ეს უნამუსო კიდევ იცინისო (იცინის). დამნაშავე ვიყავი, მაგრამ არ გამრიცხეს. მამაჩემის გამოც გამიწიეს შეღავათი. ზედმეტად გიჟი ვიყავი. ერთი ძალიან სიმპათიური ბიჭი გვყავდა სკოლაში, ფეხბურთელი და ყველა ტყლარწია გოგოს მოსწონდა. ერთ დღესაც გავიგე უთქვამს, რომ მე მოვწონდი და ვთქვი, სად აქვს თვალები-მეთქი (იცინის). არ ვიცი, რა მოეწონა ჩემში, ძალიან ბიჭური ვიყავი. სკოლაში ყველამ იცოდა ჩემი სახელი. გაგიჟებული თუ ვიყავი, ტუალეტებში იმალებოდნენ (იცინის). მერხზე გვერდით ერთი ბიჭი მეჯდა, რომელიც უპატრონო ბავშვთა სახლიდან იყო. ძალიან ჭკვიანი, ბრიტანეთში გააგრძელა სწავლა უფასოდ. სასწაული გონება ჰქონდა და კარგი ადამიანიც იყო, მაგრამ მე უფრო ბიჭი ვიყავი, ვიდრე ის და ყველა ჩაგრავდა, სცემდნენ. ღმერთმა ასეთი ადამიანი გამომიგზავნა და შეთანხმების დადება შევთავაზე – მე შენი მცველი ვიქნები, შენ სწავლაში დამეხმარე-მეთქი. ეს რომ ვუთხარი, შერცხვა, ბიჭი იყო და გოგო ეუბნება, დაგიცავო, მაგრამ სულ ჩაგრავდნენ და გული მტკიოდა. რომც არ ესწავლებინა, მაინც სულ ვიცავდი და ყველას ვცემდი, ვინც მას ხელს დაადებდა. ერთხელ მაგრად სცემეს და ძალიან ცუდად მოვიქეცი, ავიყვანე ის ბიჭი, ვინც ეს სცემა და ისე დავახეთქე დაბლა, ლამის ხერხემალში გადატდა, ერთი თვე იწვა ლოგინში. მისი მშობლები მოვიდნენ სკოლაში, ვინ სცემა ჩვენი შვილიო და მე რომ წამოვდექი ფეხზე, საწყალ ბავშვს კიდევ დაუმატეს, გოგო როგორ მოგერიაო (იცინის). იმის მერე ხელი აღარავის დაუკარებია ამ ბიჭისთვის. თვითონ სულ მეუბნებოდა, თავი დამანებეო და მეც ვცდილობდი, არ მეგრძნობინებინა არაფერი. თუ ვინმე დაჩაგრავდა, რომ არ შერცხვენოდა, მის თვალწინ არა, მაგრამ გვერდზე გავიყვანდი და მივხედავდი. ვაიმე, ძალიან გიჟი ვიყავი, რა ვქნა?! ახლა ვინმე რომ მოვა და „ჩალიჩს“ დამიწყებს, მეცინება ხოლმე, გულში ვფიქრობ: შე საწყალო, არ იცი ვის გადაეკიდე-მეთქი (იცინის).

– მითხარი, ვგრძნობ, ხელმეორედ დავიბადეო, როგორ ფიქრობ, რა მიზნით მოხდა ეს?

– მე კიდევ ერთი შეგრძნება მაქვს – ნახევარ ცხოვრებას აქ გავატარებ, ნახევარს – მარსზე. უცხოპლანეტელებთან მაქვს შეხება, ვისთანაც ამაზე მაქვს საუბარი, გიჟდებიან. უცხოპლანეტელებთანაც მქონდა საუბარი, ერთი ძალიან ჭკვიანია და მარიგებს ხოლმე. როცა მიჭირს, მეხმარება, მაგრამ თუ სხვებს ვუყვები ამაზე, მერე ბრაზდება და აღარ მოდის. ის მეუბნება, რომ აქ რაღაც მისიები უნდა შევასრულო, სპორტული მიღწევები მქონდეს და მერე მარსზე გაგრძელდება ჩვენი ცხოვრებაო. დედამიწაზე ბევრი უცხოპლანეტელი ჩამოვაო. ამას რომ ვუყვები ვიღაცებს, მეუბნებიან ეშმაკები გებრძვიან და შელოცვა გჭირდებაო (იცინის). ეს არ მჭირდება, მე ჩემი სამყარო მაქვს და მიყვარს მასში ცხოვრება.

– არ გეშინია ამის? სპეციალისტთან არ გქონია ამაზე საუბარი?

– არა, ეს ძალიან მეხმარება კარიერაში, მიზნის მისაღწევად, ფსიქოლოგიურად მაძლიერებს. აღარავის ვუყვები ხოლმე, რამდენიმემ გულით მომისმინა, მაგრამ საბოლოოდ მაინც გიჟად გთვლიან, ჰგონიათ, რომ არარეალურ სამყაროში ცხოვრობ. მე ამ სამყაროსი მჯერა. შიში არ მაქვს, იმიტომ, რომ ადამიანები ან ამ შეგრძნებებით იბადებიან, ან განსაკუთრებული შინაგანი ძალით. მე ბევრჯერ მითქვამს რაღაც და ასრულებულა. თავიდან არ დაუჯერებიათ, მაგრამ მერე ყველას დაუნახავს, რომ მართალი ვიყავი. სპორტი რომ ავიღოთ, ძალიან ბევრი გამარჯვება მოვიპოვე, ძალიან ძლიერი ვიყავი და მეტი და მეტი მინდოდა, ვგრძნობ, რომ განსაკუთრებული ძალა მაქვს, არა მხოლოდ ფიზიკური, შინაგანი და ეს ახლა არ აღმომიჩენია. ყოველთვის ასე იყო და ამიტომ ეს ჩემში შიშს არ იწვევს. ბავშვობიდან განსხვავებული ვიყავი, გიჟი და გადარეული. ვერასდროს ვერავინ მიგებდა, ჩემი ძალისა და შეუვალობის გამო სულ გარიყული ვიყავი. ყოველთვის ყველასთან მართალი ვიყავი და ჩემი განსხვავებული აზრის გამო მთელ გუნდსაც დავპირისპირებივარ. ყველა რომ მეწინააღმდეგება, ზუსტად ვიცი, რომ მართალი ვარ. მერე ზუსტად ისე მომხდარა, როგორც მე მითქვამს. შოკში ჩავარდნილან და უთქვამთ, ნინო მართლა სხვანაირიაო. უკვე ბევრი ხვდება, რომ სხვა ტიპი ვარ. ისიც ბევრს უკვირს, რომ ამდენი ხანია, ბიჭთან ურთიერთობა არ მაქვს და ბიჭი არ მომწონებია. ამ მხრივ, მე იმ დონეზე ჩაკეტილი ვარ, რომ საერთოდ არანაირი შეგრძნება არ მაქვს. ამდენი ხნის განმავლობაში თავიც ვერავინ მომაწონა, იმიტომ, რომ ჩემნაირი პიროვნება ვერავიში დავინახე. ამ თუ სხვა მიზეზების გამო, ვთვლი, რომ სხვანაირი ვარ. ადამიანში მხოლოდ ადამიანურობასა და ღირსებას ვეძებ, მაგრამ ვერ ვიპოვე. ბიჭები ერთი რამით აზროვნებენ, ყველა ერთმანეთს ეთანხმება, ცხვრების ფარასავით არიან და ეს ძალიან არ მომწონს. ყველას თავისი აზრი უნდა ჰქონდეს. ჩემს განსხვავებულ აზრს რომ არ ეთანხმებიან, ეგეც მომწონს. ასი კაცი რომ გიმტკიცებს მართალი არ ხარო, ესე იგი, მართალი ხარ, რადგან ეს ბრბოა, რომელიც ერთნაირად აზროვნებს და მე სულ სხვა გაგება მაქვს. შეიძლება, დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ მერე ჩემი განსხვავებული აზრი აღმოჩენილა მართალი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი