ნინო მუმლაძე: მადლობა ღმერთს, რომ ყოველთვის ესმის ჩემი
ავტორი: ნონა დათეშიძე 16:00

მსახიობი ნინო მუმლაძე გააზრებულ ასაკში გახდა დედა. მართალია, პროფესიის გამო შვილთან განშორებები უწევს, თუმცა, დანარჩენი დროის ას პროცენტს თავის პატარას უთმობს. ამ ზაფხულის ცხელი დღეები დედა-შვილმა ერთად გაატარა და სწორედ მაშინ აღმოაჩინა შვილში ის თვისებები, რომელზეც ნინო დღემდე სიცილით ყვება.
ნინო მუმლაძე: ახლა, როცა შვილი მყავს, რა თქმა უნდა, რაღაცები გადავაფასე და ამ სამყაროს სხვა პასუხისმგებლობებით ვუყურებ. არ ვიცი, მისი თვალით დანახული სამყარო როგორია, მაგრამ გეტყვით, ჩემს განცდას: მინდა, იყოს მრავალფეროვანი. როგორც კი დეკრეტულიდან გამოვედი, ძალიან აქტიური სამუშაო სეზონი გამომივიდა და განვიცდიდი, რომ ბავშვს დიდ დროს ვერ ვუთმობდი. იშვიათად მიხერხდებოდა მისი განსაკუთრებულად სხვაგან გაყვანაც. შესაბამისად, სახლის ეზოში თუ ვახერხებდი, გამესეირნებინა. სახლი, ეზო, ოჯახის წევრები – ეს იყო ის გარემო, რაშიც ის ყოველდღიურად იმყოფებოდა. ამის გამო სულ განვიცდიდი, მისი სამყარო შეზღუდული ხომ არ არის-მეთქი. ჯერ პატარაა – წლისა და ორი თვის, მაგრამ ძალიან ინტერესიანი ბავშვია, კონტაქტური, ყველაფერს აღიქვამს, ყველაფერზე თავისი ემოციები აქვს და მე ვხვდებოდი, რომ შეზღუდულ სამყაროში მყავდა და განვიცდიდი. ვფიქრობდი, როგორ გამემრავალფეროვნებინა ეს სამყარო მისთვის. მადლობა ღმერთს, ამ ზაფხულს მოვახერხე და წავიყვანე ჯერ სურამში და შემდეგ შეკვეთილში და ის ახალი ემოციები, რაც მას აკლდა, სანამ მე სამსახურში დავდიოდი, შეივსო. სურამში ბევრი ბავშვი იყო, მართალია, მასზე დიდები, მაგრამ კარგად ამყარებდა კომუნიკაციას და უცებ ისწავლა ერთი სივრცის გაყოფა სხვა ბავშვებთან. ისწავლა, რომ სათამაშო შეიძლება, გათხოვონ და ხანდახან შენ უნდა ათხოვო (იცინის). შემდეგ, იქიდან წავედით შეკვეთილში. სხვათა შორის, მეშინოდა, ზღვას რომ დაინახავს, არ შეეშინდეს-მეთქი, მაგრამ შეეშინდეს კი არა, რაც უფრო დიდი ტალღა მოდიოდა და ურტყამდა ნაპირს, მით მეტად ბედნიერი იყო.
– რა თვისებები გამოკვეთა მის ხასიათში ახალ სივრცეში მოხვედრამ?
– ხასიათი აქვს ისეთი, პერიოდულად ვიძახი, ამას რა გაზრდის-მეთქი (იცინის). ამ ასაკში ძალიან პრინციპული ადამიანია. თუ რამე სურს, ყველაფერს გააკეთებს მის მისაღწევად და შესაძლოა, ამისთვის ეშმაკობაც კი გამოიყენოს. ხომ არიან ბავშვები, რაღაც რომ უნდათ, ყურადღებას სხვა რამეზე გადაატანინებ და ავიწყდებათ? ამასთან ეს შანსი არაა.
– როგორ გგონია, ეს ხასიათი გენეტიკურად ვისგან დაჰყვა?
– მეც პრინციპული ვარ, მაგრამ ასეთი – არა. მე ასტროლოგიის მჯერა და ჩემი შვილი ბებიას ჰგავს, ანუ დედაჩემს, ორივე ტყუპები არიან. მამა ჰყავს სასწორი ანუ ისიც ჰაერის ნიშანია და ჰაერის ნიშნები არასტაბილურები არიან და ამავე დროს, ძალიან პრინციპულები და ჩემი შვილიც ამ ხასიათს ავლენს. მაგრამ ძალიან ემოციურია, რაც ასევე, ჰაერის ნიშნების დამახასიათებელი თვისებაა. მეც ემოციური ვარ, მაგრამ ეს ჩემზე მეტად ავლენს. მაგალითად, არანორმალურ ემოციას გამოხატავდა ტალღების მიმართ და თან, არც გასაბერ წრეში ჯდებოდა, იქაჩებოდა წყლისკენ და თავის ჭკუაში, დარწმუნებული იყო, რომ ზღვას გადაცურავდა (იცინის). სულ უნდოდა დამოუკიდებლად ყოფნა და ამას თავისი თავდაჯერებული და პრინციპული ხასიათით ავლენდა. სხვათა შორის, ძალიან პატარაა, მაგრამ უკვე დაიწყო გოგონებთან ფლირტაობა. სურამში ამოიჩემა ძალიან ლამაზი გოგო, დაუმეგობრდა, ჩაეხუტა, მოტრიალდა და მამამისს ხელი ჩამოართვა. ეს ბავშვი რომ წაიყვანეს, მერე ხუთი წლის გოგონას უცინოდა, თავის ენაზე რაღაცებს ელაპარაკებოდა და მოკლედ, აქტიურად ეფლირტავებოდა (იცინის). ზღვაზე კი შევამჩნიე, რომ დაინახავდა სიმპათიურ გოგოს, ხმამაღლა ხველას ან ხმამაღლა სიცილს იწყებდა, რომ ყურადღება მიექცია (იცინის). მოკლედ, ასაკს არ ჰქონდა მნიშვნელობა, ყველას ეპრანჭებოდა და თავისი ხმამაღალი ქმედებებით ყურადღების მიქცევას ცდილობდა (იცინის). ბიჭებთან ასე არ იქცევა, გოგოებს კი უცინის, სხვანაირად ეთამაშება და ეპრანჭება. ეს ერთი ციცქნა ბავშვი ისეთებს აკეთებდა, გაოცებული ვუყურებდი (იცინის). რომ მეკითხებიან, რონი ვის ჰგავს ფიზიკურადო და ვაკვირდები, თვალის ჭრილითა და ფერით მე მგავს, ისე კი ერთი-ერთში არც მამას ჰგავს და არც მე. ძალიან მუსიკალური ბავშვია, ფანტასტიკურად გრძნობს ჟანრს, მიჰყვება მელოდიას და რადგან ორივე მხრიდან შემოქმედებითი კუთხით გენეტიკა აქვს, მასაც ექნება ეს ნიჭი. სხვათა შორის, არ ვარ მკაცრი დედა და არც ზედმეტად ფრთხილი. ზაფხულში მომეცა იმის საშუალება დღე და ღამე ჩემ გვერდით მყოლოდა ბავშვი, თორემ, როცა სამსახურში გავედი 6 თვის იყო და იმ დღიდან სულ დანაკლისის განცდა მქონდა. მონატრებულზე რომ მოვიდოდი სახლში, ნამდვილად ვერ დავუწყებდი ბავშვს თითის ქნევას და სიმკაცრეს. კი მეუბნებიან, ნუ ანებივრებო, მაგრამ სხვანაირად არ შემიძლია. ამის გამო, ცოტა შემომეთამამა (იცინის). ახლა რომ ვაკვირდები, ამ ადამიანის დაბადებამ ჩემთვის ყველაფერი შეცვალა. ახლანდელი ჩემი ცხოვრება რადიკალურად განსხვავდება იმ ცხოვრებისგან, რაც რონის დაბადებამდე იყო. ადრე მხოლოდ ჩემს თავზე ვფიქრობდი: სად წავიდე, სად გავერთო, რა შევჭამო, სად მოვწესრიგდე-მეთქი, ახლა კი სამსახურის გარდა, დროის ასი პროცენტი რონის ეთმობა. რომ წამოიზრდება რაღაცები შეიცვლება, მაგრამ სანამ პატარაა, მთელი ჩემი დროც და ფინანსებიც მისკენაა მიმართული.
– როცა პატარას უყურებ, რას გრძნობ და ფიქრობ იმაზე, როცა ის შენ გვერდით არ იყო, როგორი იყო ის წლები შენთვის?
– მე მგონია, რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს და როცა დრო იყო, მაშინ გაჩნდა ის ჩემს ცხოვრებაში. მერე იმას კი არ ამბობ, ეს რამხელა ბედნიერებააო, რადგან თავისთავად ასეა, არამედ ფიქრობ, რომ ყველაფერი უნდა გააკეთო იმისთვის, რომ ის იყოს ბედნიერი. საკუთარ ბედნიერებაზე ნაკლებად მეფიქრება, რადგან როცა შვილი გყავს, უკვე ბედნიერი ხარ. უბრალოდ, როცა უყურებ მას, იაზრებ რამხელა პასუხისმგებლობა გაქვს და რამდენად მნიშვნელოვანია, ყველაფერი გააკეთო იმისთვის, რომ მას არ დაერღვეს ბედნიერების შეგრძნება.
– რას აკლებ საკუთარ თავს, რომ ის ასეთი ბედნიერი იყოს?
– ვერ ვგრძნობ, რომ მე რამეს ვიკლებ. რაც მაქვს, მისთვის მაქვს – ჩემი დროც, ჩემი ფინანსებიც და ჩემი მომატებული და დაუკლებელი კილოგრამებიც კი (იცინის).
– რადგან წონას შეეხე, გკითხავ – ადრე სულ განიცდიდი შენს მომატებულ კილოგრამებს და ცდილობდი მის დაკლებას დიეტებით, ვარჯიშით და ასე შემდეგ. ახლა, როცა დედა გახდი, რამდენად არის წონის დაკლება კვლავ დღის წესრიგში?
– რა თქმა უნდა, წონის კლება არის ჩემს დღის წესრიგში, მაგრამ ორსულობის მერე ვერა და ვერ დავიკელი. სამწუხაროდ, მშობიარობის მერე ინსულინი მაქვს მომატებული და ძალიან რთულად ვიკლებ. მომატებული ინსულინის ფონზე, პრეპარატი, რომელიც მარტივად აგვარებს ამ პრობლემას, ჩემმა ორგანიზმმა ვერ მიიღო და ეს ამბავი ცოტა გართულდა. დედა კი ვარ, მაგრამ მსახიობი ვარ და რა თქმა უნდა, ჩემთვის მნიშვნელოვანია, დავუბრუნდე იმ ფორმას, მიახლოებით მაინც, როგორიც ორსულობამდე ვიყავი. იქამდე ბევრი კილოგრამია დასაკლები და დღის წესრიგში დგას კი არა, აუცილებელი საკითხია. კიდევ ვამბობ, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პროფესია მაქვს ისეთი, ელემენტარულად, იმ კოსტიუმებში უნდა ვეტეოდე, რომელი კოსტიუმებითაც სპექტაკლებს ვთამაშობდი (იცინის). რომ დავფეხმძიმდი, რამდენიმე კოსტიუმი გამიდიდეს და ორსულის ტანზე მომარგეს, მაგრამ რა თქმა უნდა, მე მინდა, დავუბრუნდე იმ ფორმას, რაც ადრე ვიყავი.
– რონი თუ ესწრება დედიკოს სპექტაკლებს?
– ხუთი თვის იყო, რომ მივიყვანეთ თეატრში, ვერაფერს გაიგებდა, მაგრამ ბუნებრივ კვებაზე მყავდა და სხვა გზა არ მქონდა. ასე რომ, ჩემ, ანუ საკვები ობიექტის, გარეშე რომ ვერ გაჩერდებოდა, ხუთი თვის ასაკში მოუწია ჩემს ორმოქმედებიან სპექტაკლზე დასწრება. (იცინის).
– ოცნებები გვიან გიხდება, მაგრამ როგორ ფიქრობ, მაინც იღბლიანი ხარ?
– მე არ ვფიქრობ, რომ ოცნებები გვიან მიხდება. მე ვფიქრობ, რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს. შესაძლოა, მე რომ შვილი ადრეულ ასაკში მყოლოდა, ვერ გამევლო ის ცხოვრების გზა, რომელიც გამოვიარე. გინდა, არ გინდა, როცა შვილი გყავს, ბევრი რამისთვის ვერ იცლი ან იცლი და მერე გული გწყდება, რომ შენს შვილს დრო დააკელი. ალბათ, ასე იყო საჭირო, აქამდე გამომევლო ყველა ის გზა, რომელიც გამოავიარე და სწორედ მაშინ უნდა მყოლოდა შვილი, როცა მყავს. მე არ მგონია, რაღაც გვიან ხდება, რადგან მგონია, ჩვენზე კარგად ღმერთმა იცის, როდის რა უნდა მოხდეს. სურვილები რომ მიხდება, ეს ნამდვილად ასეა და მადლობა ღმერთს, რომ ყოველთვის ესმის ჩემი.
– ბედისწერის გჯერა?
– ბედისწერის მჯერა, თუმცა მგონია, ამ ბედისწერაში არ არის განსაზღვრული კონკრეტული გზა ადამიანებისთვის. ჩვენ ამ ბედისწერაში მაინც ყოველთვის ვაკეთებთ არჩევანს, რომელ მხარეს გადავიხაროთ. მგონია, ბედისწერაში ძალიან ბევრი გზა გვაქვს და ამ გზიდან რომელს დავადგებით, ჩვენს ქცევებსა და გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან