ნინო ლეჟავა: ოთხ სამსახურში ვარ და მეხუთეს ვეძებ
ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 06.05

ვინ არის მსახიობი ნინო ლეჟავა ზოდიაქოთი, რამდენად სჯერა მას ასტროლოგიის და რა თვისებებია მასში დომინანტური, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.
ნინო ლეჟავა: დაბადების დღე 10 იანვარს მაქვს, ზოდიაქოთი თხის რქა ვარ. ასტროლოგიის მონა არ ვარ, მაგრამ ძალიან ბევრ დამთხვევას ვხედავ. მჯერა ამ მეცნიერების, თუმცა ეს ხელს არ მიშლის, მწამდეს ღმერთისა და ეკლესიის.
– თხის რქა უზომოდ ჯიუტია. ეთანხმებით?
– მე ჯიუტი მხოლოდ მაშინ ვხდები, როცა 100 პროცენტით ვარ დარწმუნებული ჩემს სიმართლეში. ასეთ შემთხვევაში ჩემს სიტყვას არ გადავალ. სხვა დროს დამყოლიც ვარ და მოსმენაც ვიცი. ხისტი ხასიათი არ მაქვს, რაც თხის რქას ახასიათებს. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომელ საათზე დაიბადე, რომელ წელში და რისი გავლენები გაქვს. მე ვეფხვის წელში ვარ დაბადებული და ჩემში ჭარბად არის ცეცხლი, წყალი კი – ნული (იცინის). თუმცა, თავს ვაძალებ და შევიყვარე წყლის სმა, რადგან აუცილებელია. ცეცხლი ვარ, მაგრამ უფრო ემოციური, შეიძლება, რაღაც ძალიან ემოციურად მოგიყვე, მაგრამ ის, რომ გავჯიქდე, ბოდიში გამოთქმისთვის, მაგრამ „ვირზე შევჯდე“ და ყველაფერში მე ვარ მართალი-მეთქი, ვამტკიცო, ასეთი რამ ნამდვილად არ მახასიათებს. თეთრზე არასდროს ვამტკიცებ, რომ შავია. როცა აზრს გამოვთქვამ, ყოველთვის დავძენ, რომ ეს ჩემი სუბიექტური აზრია და შეიძლება, ვცდებოდე. ჩვეულებრივი მოკვდავი ვარ და მიმაჩნია, რომ არ მაქვს უფლება რაღაცები ვამტკიცო და სხვებს ჩემი აზრი მოვახვიო თავს. პირიქით, სხვის აზრს პატივს ვცემ.
– წინააღმდეგობის გაწევა თხის რქას აბრაზებს...
– მაგალითად, საქმეში, როდესაც ვხედავ, რომ ვინმეს აზრი სიკეთის მოტანის ნაცვლად, გვაზარალებს, რა თქმა უნდა ძალიან ვჯიქდები, რადგან ვიცი, რომ საქმე ცუდად წავა. როცა პროფესიას ეხება საქმე, არის ხოლმე შემოქმედებითი კამათი, მაგრამ ეს კონფლიქტში არასდროს გადაზრდილა. თუ ვგრძნობ, რომ შეიძლება, ეს მოხდეს, ვცდილობ, სიტუაციას გავერიდო, რადგან ძალიან უკონფლიქტო ვარ. ძირითადად, მშვიდობის მტრედი უფრო ვარ, ვიდრე ის, ვინც ძაბავს გარემოს და ბოლომდე აწვება, რაც შემდეგ კონფლიქტურ სიტუაციას იწვევს. როცა ერთ და ორ ადამიანს ეხება საქმე, კიდევ სხვა არის, მაგრამ როდესაც გუნდს ეხება საქმე, არ შეიძლება. როცა სპექტაკლს ეხება საქმე, ესე იგი, რეჟისორი ასე ხედავს და ვეღარ გადავათქმევინებ, ამიტომ არ ღირს კამათი. თუმცა, არის რეჟისორების მეორე კატეგორიაც, იღებს შენს შეთავაზებას, რომელიც საქმეს წაადგება. ასეთთან უფრო მეტთან მაქვს შეხება და ბედნიერი ვარ ამის გამო.
– თუ რამეში წინ გადაეღობე, არ დაგინდობს, გაგანადგურებს.
– ადამიანი თუ ცუდს გამიკეთებს, მე მას არ ვუპასუხებ. მე ვიცი, რომ სამყარო ბუმერანგია. მეზიზღება წყევლა. ჩემი „წყევლა“ ასე ჟღერს: „ღმერთმა განგვსაჯოს, ყველას ის მოგცეთ, რაც ჩემთვის ან სხვისთვის გინდოდეთ“. თუმცა, თუ ვინმე ჩემს შვილებს შეეხება, იქ აღარ ვარ პასუხისმგებელი ჩემს თავზე, მით უმეტეს, თუ უსამართლობას ვხედავ. შვილი ხელშეუხებელი ფენომენია. არ ვიცი, საბედნიეროდ, არ მქონია ასეთი მომენტი, მაგრამ წარმოდგენის დონეზე, კარგს ვერაფერს წარმოვიდგენ. საერთოდ, ძალიან იშვიათად, შეიძლება საუკუნეში ერთხელ, გადამეკეტოს გონება და მერე ვეღარაფერს დავინახავ. ასეთ დროს არ ვიცი, რას მოვიმოქმედებ. ალბათ, ეს არის აფექტური მდგომარეობა და ვიმეორებ, შვილებს თუ შეეხებიან ცუდად, მხოლოდ მაშინ შეიძლება, მქონდეს ასეთი რეაქცია.
– ნურასდროს შეეცდებით თხის რქის კონტროლს. ძალიან ცუდად რეაგირებს ამაზე. მას, ასევე, არ უყვარს ჩარჩოებში ჩასმა.
– ეს სიმართლეა. იმიტომ არა, რომ ვუკადრისობ, მე ამ კონტროლს უნდობლობად მივიჩნევ. მე მძულს ტყუილი, არასდროს მოგატყუებ და არც შენ გაპატიებ ტყუილს. ამიტომ, არ მესმის კონტროლის საჭიროება. როცა იცი, რომ არასდროს გატყუებ, როგორ შეიძლება, არ მენდობოდე?! თუ მენდობი, რატომ მაკონტროლებ!? ასეთია ჩემი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ. მე თავისუფალი ადამიანი ვარ, მაგრამ არა ნეგატიური გაგებით, სითავხედეში არ გადამდის. უბრალოდ, ვერ ვიტან შებოჭვებსა და აკრძალვებს. ქართველი ქალები რაღაცებს ისედაც ვუკრძალავთ საკუთარ თავს და დამატებით სხვების მიერ ჩარჩოებში ჩასმა და ჩემის ნაცვლად, მათი გზით სიარული – არა, ბატონო.
– ერთი გადახვეული სიტყვა და თხის რქა მზად არის გაგიშვათ თავისი ცხოვრებიდან. ყველაფერი ახლოს მიგაქვთ გულთან და გიჭირთ პატიება?
– გულთან ახლოს მიმაქვს, გულიც მტკივა, მაგრამ რადგან არ მიღირს ადამიანების დაკარგვა, ბევრს ვპატიობ. თუმცა არის ღაღაცები, რასაც ვერ ვაპატიებ და ეს არის ღალატი, ტყუილი. თუ კარგის გაკეთება არ შეგიძლია, ცუდს მაინც ნუ გამიკეთებ. სხვა შემთხვევაში, პატიება შემიძლია. 51 წლის ვარ და თითზე ჩამოსათვლელად დამიკარგავს ადამიანები. ალბათ, ორი თუ სამი. ისიც ტყუილის გამო ან თვითონ რომ გადაწყვიტეს ჩემ მიმართ გამოთქმული ცილისწამების დაჯერება. თუ მეორე ადამიანი შენთან არ გაარკვევს სიმართლეს, ესე იგი, უღირხარ დასაკარგად. თუ ასეა, ღმერთმა მშვიდობიანი გზა მისცეს.
– ძალიან ერთგული ნიშანია...
– კი, ბოლომდე ჩავყვები ადამიანს, უზომო ერთგულება მახასიათებს. სამწუხაროდ, იქით გვღალატობენ, თორემ ჩვენ ერთგულება გამოგვარჩევს. ასევე, თხის რქებს გვახასიათებს შრომისმოყვარეობა და პასუხისმგებლიანობა. ამითაც ერთი ერთში ვგავარ ჩემი ზოდიაქოს ნიშანს. მაგალითად, ახლა ოთხ სამსახურში ვარ და მეხუთეს ვეძებ. გამძლეობა, მოთმინება – ეს თვისებებიც დიდი დოზით მაქვს.
– ძალიან მიზანდასახულიც უნდა იყოთ.
– ჩემს მიზნებს ბოლომდე მივყვები. არ არსებობს, რამე მოვინდომო და საქმე ბოლომდე არ მივიყვანო. რა თქმა უნდა, არის რაღაც, რაც არ გამოგივა, თავს ზემოთ ვერ გადახტები, მაგრამ ის, რაც ჩემს შესაძლებლობებშია, ვაკეთებ. თუ რამისთვის დიდი შრომის გაწევაა საჭირო, უკან არ დავიხევ. გამორიცხულია, საქმე შუა გზაზე მივატოვო.
– თხის რქა ძალიან ფრთხილია.
– მე არ ვარ მშიშარა, მაგრამ ვარ ფრთხილი. არ მიყვარს ღმერთის გამოცდა, გადამარჩენს თუ არა?! რატომ? ასე არ მოვიქცევი. ძალიან რისკიანი ვარ, მაგრამ სიფრთხილის გამოჩენა არ მავიწყდება. რისკმა შეიძლება, სავალალო მდგომარეობამდე მიგიყვანოს. გააჩნია, რას რისკავ, მით უმეტეს, თუ შეიძლება, ჩემ მიერ გადადგმული ნაბიჯით სხვაც დაზარალდეს, ასეთ რამეს არ გავაკეთებ, აუცილებლად გამოვიჩენ სიფრთხილეს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან