შოუბიზნესი

ნინო ქორთოშიძის წარმატების გზა ავიაციიდან მოდის ინდუსტრიაში

№17

ავტორი: ნინო კიკვაძე 16:29 29.04, 2022 წელი

ნინო ქორთოშიძე
დაკოპირებულია

პროფესიით სინოპტიკოსს, საოცრად გამორჩეულ, დახვეწილ და სასიამოვნო ქალბატონ ნინო ქორთოშიძეს დღეს უკვე წარმატებული დიზაინერის სტატუსით იცნობენ, არაერთი ორიგინალური და ხმაურიანი ჩვენების ორგანიზატორი თითქმის ყველა საზოგადოებისთვის აქტიურ და მნიშვნელოვან თემას ეხმაურება. რა გზა გაიარა წარმატებამდე, როგორ არ არსებობს მისთვის არანაირი დაბრკოლება მიზნამდე მისასვლელად – ამ და სხვა საინტერესო თემებზე ქალბატონი ნინო თავად გვესაუბრა.

ნინო ქორთოშიძე: ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა, ქართველი ხალხი. მე და ჩემი ოჯახი ვცდილობთ, ჩვენი პატარა წვლილი შევიტანოთ ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობაში, აქტიურად ვართ ჩართული სხვადასხვა საქველმოქმედო აქტივობებში, მათ შორის, კოვიდპანდემიასთან ბრძოლაში.

– როგორ მოხვდით ავიაციიდან მოდის სფეროში?

– პროფესიით სინოპტიკოსი ვარ, 22 წლიდან ავიაციაში ვმუშაობდი სინოპტიკოსად და იქ გავიცანი ჩემი მეუღლე, რომელიც პილოტია, აფხაზეთის ომის გმირია და დაჯილდოებულია გორგასლის მესამე ხარისხის ორდენით. დიზაინერობა ჩემი ჰობია, სიამოვნებას მანიჭებს, რომ ჩვენგან ადამიანები გაპრანჭულები მიდიან და ლამაზად გამოიყურებიან, რაც მათ სიხარულს ანიჭებს.

– თქვენი კოლექციები და ჩვენებები ყოველთვის გამორჩეული და საინტერესოა.

– დიდი ხანია, ამ სფეროში ვარ, 2008 წელს შევქმენი ატელიე. არაერთი საინტერესო ჩვენება მქონდა სხვადასხვა აქტუალურ თემაზე, მათ შორის, 2011 წელს შევქმენი კოლექცია ჩემთვის ძვირფას თემაზე, ატომური აფეთქების შედეგად დასხივებულ ბავშვზე გავაკეთე კოლექცია. ამ ჩვენებისთვის, სპეციალურად ჩემთვის, საფრანგეთში ერთ-ერთმა დიჯეიმ შექმნა მუსიკა, არაჩვეულებრივი საღამო იყო. მიყვარს ეს საქმე, ჩემთვის კოლექციების შექმნას სიმშვიდე მოაქვს. ორი წლის წინ შევქმენი ატელიე, რომელსაც „ექსპერიმენტი“ დავარქვი. აქ ძალიან ბევრი მომავალი დიზაინერი მუშაობდა და ვითარდებოდა. მსიამოვნებს, როდესაც გარშემო მყოფებსაც ვაძლევ განვითარების საშუალებას.

– თქვენი აზრით, რამ განაპირობა თქვენი წარმატება?

– მიმაჩნია, რომ ძალიან მიზანდასახული ვარ, არასდროს ვფიქრობ, რომ რამე არ გამომივა, არასდროს ვჩერდები, სულ მოძრაობაში ვარ. როცა შემართება გაქვს, არანაირი სირთულე არ გაბრკოლებს და ყველაფერი შესაძლებელი ხდება.

– როგორ ფიქრობთ, რა როლი აქვს მოდას ადამიანის ცხოვრებაში?

– მოდა ცვლის ადამიანს, უფრო დახვეწილი, მიმზიდველი და გაპრანჭული ხდები.

– თქვენს სფეროში წარმატებისთვის რა არის აუცილებელი?

– დიზაინერის მიზანი მხოლოდ ფული და მოთხოვნილება არ უნდა იყოს, ამისთვის არსებობს მასობრივი ხაზი, რაზეც ძალიან ბევრი მოდის სახლი მუშაობს. მე სხვა მიმართულებით ავირჩიე, სადაც მთავარი შემოქმედებითი პროცესია. მოდა ჩემთვის ცხოვრებაა, რომელიც ძალიან მიყვარს.

– რაზე ოცნებობთ?

– მინდა, იყოს ბევრი საწარმო, ქართველი დიზაინერების მოდის სახლები, რაც ჩვენს სფეროს კიდევ უფრო მეტად პოპულარულს გახდის.

– გაგვაცანით ოჯახი.

– მეუღლე – ზაურ ქორთოშიძე სამოქალაქო ავიაციაშია, ის მშვიდი, გაწონასწორებული და შრომისმოყვარე ადამიანია, წარმოშობით თუშია, ბებიამ გაზარდა და ბებიის მიმართ განსაკუთრებული სიყვარული აქვს, სამი შვილი გვყავს, ქალიშვილები ჩვენს ოჯახურ კომპანიაში მუშაობენ, ავიაციაში, ბიჭი მფრინავია და ასევე, ორი დიდი კომპანიის დამფუძნებელი. ოთხი შვილიშვილი გვყავს, ჩვენი რძალიც პილოტია.

– თქვენ გააკეთეთ ჩვენება ჟურნალისტებისთვის, რასაც საკმაოდ დიდი და დადებითი გამოხმაურება მოჰყვა, სამომავლოდ კიდევ თუ აპირებთ მსგავსი ტიპის ღონისძიებებს?

– ძალიან საინტერესო, ლამაზი და დასამახსოვრებელი საღამო გამოგვივიდა. ცოტა ხნის წინ გავაკეთე კოლექცია უკრაინის ამბებთან დაკავშირებით, რომელსაც დავარქვი „ჯარის ქალი“. სამომავლოდ ვფიქრობ ტელეწამყვანებისა და ჟურნალისტების ერთობლივი ჩვენება გავაკეთო ბათუმში. მაქვს მოწვევა სამოდელო სააგენტოებიდან და დუბაიში საქმიანი ვიზიტით მივემგზავრები.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №19

6-12 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი