შოუბიზნესი

ნინო ჩხეიძე: რაც წლები მემატება, უფრო მომწონს ჩემი თავი და გარეგნობა

№45

ავტორი: ნონა დათეშიძე 22:00 11.11

ნინო ჩხეიძე
დაკოპირებულია

მომღერალი ნინო ჩხეიძე არა მარტო საზოგადოებას, არამედ ოჯახის წევრებსაც კი არ უნახავთ სახელდახელოდ ჩაცმული, მოუწესრიგებელი და გაუპრანჭავი. როგორც თავად ამბობს, ეს მის ხასიათშია და ადრეული ასაკიდან ცდილობს, საკუთარ სხეულსა და გარეგნობაზე განსაკუთრებულად იზრუნოს.

ნინო ჩხეიძე: პატარაობიდან მიყვარდა გაპრანჭვა. ორი წლის რომ ვიყავი, გამორჩეულად მომწონდა ცისფერი, ფუშფუშა კაბა, ჩავიცვამდი და სტუმრად დავდიოდი მეზობლებში. მიყვარდა, გაპრანჭული რომ ვიყავი – ამ კაბაში ვიქცევდი ყურადღებას და ყველა მეუბნებოდა, რა ლამაზი ხარო (იცინის). ერთი სიტყვით, განსაკუთრებულად მიყვარდა პატარა ასაკიდან გაპრანჭვა. ჩემი საყვარელი გართობა იყო დედის საქორწინო კაბის მორგება და ქუსლიანი ფეხსაცმლით სიარული. სუნამოებს ვისხამდი, ვიკეთებდი მაკიაჟს და ვიყავი ბედნიერი...

– სერიოზულად რა ასაკიდან დაიწყე თავის მოვლა და გაპრანჭვა?

– ძალიან ადრიანი ასაკიდან დავიწყე თავის მოვლა, ალბათ, 11-12 წლის ასაკში და სულ გამორჩეულად ვიცვამდი. პირველი პროცედურა, რაც ჩავიტარე, წარბები ამოვიღე და მქონდა საშინლად (იცინის). იმის მერე აღარ ამომივიდა და ძალიან ვინანე. ბუნებრივად წაბლისფერი თმა მაქვს და 15 წლის ასაკში შავად შევიღებე. ძალიან დიდი კონტრასტი იყო, ძალიან შემცვალა, მომწონდა. ისე მოვირგე, იმის მერე, ალბათ, ათი-თხუთმეტი წელი შავი თმა ვატარე. ძალიან კარგი თმის სტრუქტურა მქონდა და გარდატეხის ასაკში გამცვივდა. ალბათ, ჩვენს დროს ამდენი საკვები დანამატი რომ არ არსებობდა, იმის ბრალი იყო. სახლის პირობებში ვიკეთებდი ნიღბებს, ვხმარობდი აბუსალათინის ზეთს, A და B ვიტამინს და კვერცხის გულს ვიზელდი თმაში და დაფნისა და მუხის ქერქის ნახარშებს ვივლებდი. მოკლედ, თმას განსაკუთრებულად ვუვლიდი. დღეს უკვე ბევრი საშუალებაა თმის მოვლისთვის, რაც მაშინ არ იყო. არც ძვირი ჯდება, მთავარია, მონდომება, თორემ სახლის პიროებებშიც გადასარევად შეგიძლია, თავს მიხედო, გამოიმუშაო რუტინა, არ დაგეზაროს და ლამაზად გამოიყურებოდე. რა თქმა უნდა, მეც მაქვს პერიოდები, როცა სიზარმაცე შემომიტევს, გადაღლილი ვარ და განსაკუთრებულად არ ვუვლი თავს, რაც ახლა მჭირს. მაგრამ, არის პერიოდები, როცა ძალიან ვაქცევ თავის მოვლას ყურადღებას. თუმცა, რაც არ უნდა მოდუნებული და დაღლილი ვიყო, მოუწესრიგებელს სახლში ვერ მნახავთ, სულ ფორმაში ვარ. სახლის ტანსაცმელი არ მაქვს და ეს ბებიამ მასწავლა. მეუბნებოდა: ქალს სახლის და საგარეო ტანსაცმელი არ უნდა ჰქონდეს, სულ გაპრანჭული უნდა იყოსო. რასაკვირველია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სახლში გიპიურითა და მაქმანებით დავდივარ, მაგრამ ლამაზი ტანსაცმელი მაცვია.

– ხშირად გიწევს გადაღებები, ჩაწერები და კონცერტებზე გამოსვლა. შესაბამისად, ეგრეთ წოდებული, მძიმე, სასცენო მაკიაჟის გაკეთება. ამ ყოველივემ სახის კანზე ხომ არ იქონია გავლენა?

– სახის კანს განსაკუთრებულად ვუვლი. სულ ვცდილობ, ხარისხიანი კოსმეტიკა გამოვიყენო და არასოდეს ვიტოვებ სახეზე მაკიაჟს, როგორც კი სახლში მოვდივარ, მაშინვე ვიბან. ყოველთვის ვხმარობ ღამისა და დღის საცხს. მიყვარს კანის კომპლექსური მოვლა, რომელიც დავიწყე, დაახლოებით, 25 წლიდან – დაწყებული აპარატურით, დამთავრებული ბოტოქსით. თუ რაიმეს კორექტირება უფრო გაალამაზებს ადამიანს, რატომ უნდა თქვას უარი? თუმცა, არც გადაზედმეტება ვარგა. სულ ვცდილობ, ბალანსი დავიცვა, არ შევყვე და ბევრი არ მომივიდეს. თუმცა, ჩემს სახეს ისეთ სპეციალისტს ვანდობ, ამის საფრთხე არ მემუქრება (იცინის). იმდენად კარგ საფეხურზეა ჩვენთან ესთეტიკური კოსმეტოლოგია, რომ რაც წლები მემატება, უფრო და უფრო მომწონს ჩემი თავი და გარეგნობა, ვერ ვიტყვი, ოცი წლის ასაკში უფრო კარგი სახის კანი მქონდა, ვიდრე ახლა-მეთქი. ბოლო დროს აღმოვაჩინე, რომ სახის მასაჟი საოცრად მოქმედებს კანზე და დადებითი შედეგები აქვს. ბოლო წელია, ვიკეთებ და ძალიან კმაყოფილი ვარ. ერთადერთი, რასაც ვნანობ, ისაა, რომ წლების წინ გავიკეთე ტუჩი, უფრო სწორად, მოვხვდი სპეციალისტთან, რომელმაც გადაწყვიტა, რომ რატომღაც მჭირდებოდა ტუჩის გადიდება და გამიკეთა ბიოპოლიმერი. დღემდე მაქვს და ძალიან არ მომწონს. ეს ჩემი არჩევანი არ იყო, ეს იყო არაპროფესიონალის არჩევანი. ეს პრეპარატი არ გაიწოვება, ქირურგიულად ხდება მისი ამოღება, რაც საკმაოდ რთულია. ამაში თავს ვიდანაშაულებ, რომ ვენდე, სუსტად მოვიქეცი და მივეცი იმ ექიმს ჩემზე ექსპერიმენტის გაკეთების უფლება.

ზოგადად, წლების მატება და გარეგნობაში ცვლილებები არ გაშინებს?

– წლების მატება ჩემში შიშს არ იწვევს. მნიშვნელობა არ აქვს რამდენი წლის ხარ, მნიშვნელობა აქვს, როგორი ხასიათის ხარ, როგორ განწყობაზე და როგორი აურა გაქვს.

– სასწაულ ფორმაში ხარ, წონას ვგულისხმობ და ამას როგორ ინარჩუნებ – ჯანსაღი კვებით, დიეტებით, ვარჯიშით, სწორად შერჩეული კვების რეჟიმით თუ განტვირთვის დღეებით?

– სხვათა შორის, მთელი ცხოვრება დიეტაზე ვარ, ყოველთვის ვაკონტროლებ წონას, სულ სწორ კვებას ვანიჭებდი უპირატესობას და მხოლოდ ამ ბოლო პერიოდში ნაკლებ კვებაზე გადავედი. დღეში ერთხელ მივირთმევ, ამოვიღე შაქარი და ცომს საერთოდ არ ვჭამ. ვსვამ უშაქრო ყავას და ჩაის. ჩემს შემთხვევაში ამან ყველაზე მეტად გაამართლა და შედეგიანი აღმოჩნდა. ჩემი დღეში ერთჯერადი კვების ძირითადი მენიუა წიწიბურა, კვერცხი და ერთი ნაჭერი ყველი. როცა მომშივდება, მაშინ ვჭამ და ერთ თვეში 6 კილო დავიკელი. რასაკვირველია, არავის მოვუწოდებ მსგავს კვებას და ალბათ, არც სწორია, მაგრამ ჩემმა ორგანიზმმა ახლა ასე მომთხოვა. ზოგადად, როცა წონას ეხება საქმე, შენს ორგანიზმს უნდა უსმინო – რა სჭირდება იმ პერიოდში. მაგალითად, პანდემიის პერიოდში, ყოველდღე ვყიდულობდი ტორტს და მივირთმევდი. არ მიყვარს ტორტი, მაგრამ ეს, ალბათ, სტრესის ბრალი იყო. ასე რომ, ორგანიზმი მაძლევს მინიშნებას, კონკრეტულ დროს რა კვება მჭირდება. გარდატეხის ასაკში ცოტა პუტკუნა ვიყავი და მაშინ დავუდე ჩემს თავს პირობა – არ უნდა გასუქდე! ორსულობის დროსაც კი არ ვაძლევდი ჩემს თავს უფლებას, მეჭამა თონის პური, მხოლოდ მოხარშულ საკვებს მივირთმევდი, რომ წონა არ გამქცეოდა. მოკლედ, აკრძალვები საკუთარ თავს თავად დავუწესე, რადგან მომატებისკენ მქონდა მიდრეკილება. ზოგადად, ადამიანი როგორ წონაზეც გრძნობს თავს და კომფორტულად, ის წონა უნდა ჰქონდეს.

მე რომ ვიმატებ, თავად ვგრძნობ თავს ცუდად, თორემ ძალიანაც მომწონს „სავსე“ გოგონები. თან, ახლა ძალიან სიგამხდრე აღარაა ტრენდული და შევსებული ფორმები ლამაზიცაა. როცა იმ წონაზე ვარ, რომელიც მე მომწონს, განწყობაც კარგი მაქვს, შრომისუნარიანობაზეც აისახება და ხასიათზეც.

– ყოველთვის გამოირჩევი ჩაცმის სტილით. ძირითადად, რა სტილის ტანსაცმელს ანიჭებ უპირატესობას, თუ აქაც შენი ცვალებადი ხასიათი ახდენს გავლენას?

– ჩემი კარადა რომ გამოაღოთ, ხუთი სხვადასხვა ხასიათის ქალის ტანსაცმელი დაგხვდებათ. არ მიყვარს ერთფეროვნება. არის პერიოდი, როცა მიყვარს ძალიან სადად ჩაცმა და შეიძლება, ერთი სეზონი შავი მაისურით ვიარო. არის პერიოდი, როცა მიყვარს ჭრელი, ჰაეროვანი, დიდსაყელოიანი, ვინტაჟური კაბები და არის პერიოდი, როცა სულ პიჯაკით დავდივარ. მწყინდება ერთი და იგივე და ვერ ვიტყვი, რომელიმე კონკრეტულ სამოსზე, ეს ჩემი სტილია-მეთქი. შემიძლია, ყველა სტილის სამოსი მოვიხდინო და მოვირგო. ჩაცმა ხასიათია, ადამიანი ისე იცვამს როგორი ხასიათიც აქვს.

– რადგან ხასიათს შევეხეთ, რა არ მოგწონს შენს ხასიათში და პირიქით?

– ჩემს ხასიათში არ მომწონს, რომ საკმარისად მკაცრი არ ვარ და რბილი ხასიათი მაქვს. მომწონს ის, რომ არ ვარ ერთფეროვანი და მიყვარს მრავალფეროვნება. ზოგადად, ცვალებადი ხასიათი მაქვს, მაგრამ ეს ადამიანებთან ურთიერთობაში არ ვლინდება. ზოგადად, განვლილმა წლებმა, გამოცდილების გარდა, მომცა ხალხის სიყვარული, რომელსაც ქუჩაში ყოველი ნაბიჯის გადადგმაზე ვგრძნობ და ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №46

11–17 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა