ნინო ჩხეიძე: იმედია, ქორწილი საქართველოში იქნება
ავტორი: ნონა დათეშიძე 21:00
მომღერალი ნინო ჩხეიძე კანადელი სიძის ახალგაზრდა სიდედრი გახდა. მისი შვილი, მარიკო 22 წლის გათხოვდა, იმ ასაკში, დედამისმა რომ მარიკო გააჩინა. მართალია, ენის ბარიერის გამო მომღერალს უჭირს სიძესთან კომუნიკაცია, თუმცა, ამაში მისი ქალიშვილი ეხმარება და თარჯიმნობას ის უწევს. ამ ახალ წელს მომღერალი განსაკუთრებული განწყობითა და ახალი სტატუსით ხვდება და რაც მთავარია, თვის ბოლოს გვიმზადებს სიურპრიზს, რომელიც ძალიან გაგვაკვირვებს და გაგვახარებს.
ნინო ჩხეიძე: 22 წლის ასაკში გავხდი დედა და ამაზე დიდი ბედნიერება ქალისთვის არ არსებობს. ამ გადმოსახედიდან ის შეგრძნება რომ მახსენდება, ახლაც ბედნიერების გრძნობა მეუფლება. ახლა უფრო სენსიტიურად აღვიქვამ დედობის შეგრძნებას, ვიდრე მაშინ, 22 წლის ასაკში. ახლა მარიკო 22 წლისა, ანუ იმ ასაკში, როცა მე გავხდი მისი დედიკო. ბევრი დედა ამბობს: შვილი რაც არ უნდა დიდი იყოს, მაინც პატარა მგონიაო. მე ასე არ ვარ. მარიკო პატარაც რომ იყო, მაშინაც არ მქონდა ეს შეგრძნება, იმდენად დიდი იყო აზროვნებით, ქცევით, მეტყველებით. ყოველთვის ჭკვიანი იყო და არის. ასე რომ, ის შეგრძნება რომ მარიკო პატარაა, არ მაქვს. მე რომ გავყევი ცოლად, გიორგი ჩემზე ერთი წლით დიდი იყო, მაგრამ ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ჩემზე ათი წლით იყო უფროსი და მარიკოც მამას ჰგავს.
– რამდენად ახლო ურთიერთობა გაქვს შვილთან, თუ გიყვება პირადი ცხოვრების შესახებ და თუ იცოდი, რომ შეყვარებული იყო ან რჩევები თუ მიგიცია?
– ჯერემი და მარიკო ოთხი წელი იყვენენ შეყვარებულები და სულ ვიცოდი მისი არსებობის შესახებ. მე თვითონ არ მიყვარს, როცა პირად ცხოვრებაზე მეკითხებიან და შესაბამისად, არც არასოდეს დამიძალებია მარიკოსთვის, ეთქვა ის, რისი თქმაც თავად არ უნდოდა. ზოგადად, არ მიყვარს, როცა ადამიანის პირად სივრცეს ვარღვევ. არ მიყვარს ადამიანის პირად ცხოვრებაში შეჭრა, გაქექვა და დეტალების ზედმეტად გაგება. მარიკო სულ მიყვებოდა, რომ მოსწონდა, უყვარდა, ამიტომ მისთვის ზედმეტი კითხვა არ დამისვამს. ახლა კი, უკვე ერთად არიან და მით უმეტეს, არ შევაწუხებ ზედმეტი კითხვებით.
– შენი სიძე კანადელია. ანუ მარიკოს იქ მოუწევს ცხოვრება. არ გაგიჭირდება შვილისგან შორს ყოფნა?
– ჩემი სიძე უცხოელია, მაგრამ ძალიან მოსწონს საქართველო. ორჯერ იყო ჩამოსული და იმედი მაქვს, სულ კანადაში არ წავლენ საცხოვრებლად – ხან იქ იქნებიან, ხან - აქ. ამის იმედი მაქვს. მარიკოს რომ თვალებში ვუყურებ, ვხედავ, როგორი შეყვარებული და ბედნიერია და ეს ჩემთვის, როგორც დედისთვის, ყველაზე მთავარია.
– რა პროფესიისაა ჯერემი?
– ჩემი სიძე პროფესიით მუსიკოსია, ახლა მაგისტრატურაში აბარებს, სხვა განხრით. კარგად უკრავს გიტარაზე, საქსოფონზე – პროფესიონალურად, მელომანია და ძალიან მუსიკალური.
– შეყვარებულობის პერიოდში თუ იცოდა, რომ მისი საცოლის დედა მომღერალია და თუ ჰქონდა მოსმენილი შენი სიმღერები?
– ალბათ, იცოდა, მაგრამ შარშან რომ იყო ჩამოსული, მაშინ მოვასმენინე ჩემი სიმღერები და მოეწონა. მე და ჯერემი არა მარტო როგორ სიდედრი და სიძე, მუსიკალური გემოვნებითაც კარგად ვუგებთ ერთმანეთს (იცინის). თუმცა, არის ჩვენს შორის ენის ბარიერი. მე თავისუფალი და გახსნილი საუბარი მიყვარს, იუმორით და შინაურულად. ძალიან ვიწვალე და ამიტომ მარიკოს ვუთხარი: ძალიან ვწვალობ, ვერ ვაგებინებ ვერაფერს და შენ იყავი თარჯიმანი-მეთქი (იცინის). ასე რომ, მარიკოს წყალობით ინგლისურად საუბრის სწავლება თავიდან ავიცილე.
– ქორწილს, ხელის მოწერასა და ჯვრისწერას როდის გეგმავენ?
– იმედია, მალე იქნება ქორწილიც, ხელის მოწერაც და ჯვრისწერაც და იმედია, ეს საქართველოში მოხდება.
– სიმართლე გითხრა, სიდედრის ამპლუაში მიჭირს შენი დანახვა. თავად, როგორ ეგუები სიდედრობას და იმაზე ფიქრს, რომ სულ მალე ბებია გახდები?
– სიდედრის ამპლუაში რომ დავინახე ჩემი თავი, პირველად ცოტა შოკური ემოცია მქონდა, ახლა ნელ-ნელა ვეგუები. სადღაც კარგია ახალგაზრდა ასაკში სიდედრობა (იცინის). და რომ გავიფიქრებ, ბებია ვიქნები, ისე მიხარია, ერთი სული მაქვს, როდის გავხდები ახალგაზრდა ბებია. ზოგადად, ეს წელი ჩემთვის ძალიან ბედნიერი და იღბლიანი აღმოჩნდა. მადლობელი ვარ ამ წლის, რადგან ერთი შვილი მყავს და სწორედ ამ წელს გათხოვდა და გაბედნიერდა. ასე რომ, ეს წელი ჩემი ოჯახისთვის ბედნიერების მომტანი აღმოჩნდა. ასევე, ჩემი კარიერისთვისაც, რადგან მქონდა უამრავი კონცერტი, როგორც გასვლით რეგიონებში, ასევე კორპორატიულები. გამოვიდა ჩემი ახალი ალბომი, ბევრი სიმღერა გაჰიტდა და ასევე, აქვე ექსკლუზიურად გაგიმხელთ, რომ კიდევ ერთ სიახლეს ვამზადებ და დეკემბრის ბოლოს იქნება პრეზენტაცია. ეს არ ეხება სასიმღერო კარიერას, ეს არის ჩემი ახალი საქმიანობა, რომლის შესახებაც წინასწარ საუბარს მოვერიდები. თუმცა, გეტყვით, რომ ეს იქნება გემოვნებიანი ადამიანებისთვის. ეს ყველასთვის მოულოდნელი ამბავი. მიყვარს, როცა საქმეში ბოლომდე ვარ ჩართული, იმას ვაკეთებ, რაც მსიამოვნებს და სწორედ ასეთია ჩემი ახალი საქმიანობა. თუმცა, კიდევ ვამბობ, ეს არ იქნება არც ახალი სიმღერა და არც ახალი კლიპი, ალბომი ან კონცერტი. ეს არის ამათგან განსხვავებული საქმიანობა და ბევრისთვის წარმოუდგენელი და შოკის მომგვრელი (იცინის). გარდა ამისა, ახალ პროგრამაზე ვიმუშავე ცოცხალ ბენდთან ერთად, თუმცა, ამის საზოგადოებამდე მიტანა ამ წელს ვერ მოხერხდა. ჟანრი იგივეა, ქალაქური, თუმცა სხვა ჟღერადობისაა და 2026 წელს ესეც სიახლე იქნება ჩემი ერთგული მსმენელისთვის. მოკლედ, ეს წელი ჩემთვის ძალიან კარგი იყო და ამისთვის მადლიერი ვარ ღმერთისა და სამყაროსი.
– შემთხვევით, ახალი წლის შეხვედრას, შვილთან და სიძესთან ერთად, კანადაში ხომ არ გეგმავ?
– არა, ახალი წლის შეხვედრას კანადაში არ ვგეგმავ. ვიზაც არ მაქვს. საახალწლო გარე კონცერტები იგეგმება და შემოთავაზებას ველოდები. კორპორატიულებზე კი ჯერჯერობით თავს ვიკავებ, რადგან მირჩევნია, ხალხთან ერთად, გარეთ შევხვდე ახალ წელს. მიყვარს საახალწლო ტრადიციები და ზოგადად, ახალი წლის დღეები. 20 ნოემბერს დავდგი ნაძვისხე, ნაადრევად დავიწყე საახალწლო მზადება. ბავშვობიდან, ძალიან მიყვარდა ნაძვისხის აწყობა და ყოველთვის ვცდილობდი, განსხვავებული და ლამაზი ნაძვის ხე მქონოდა. რომ გავთხოვდი, მე და გიორგიმ ვიყიდეთ ნაძვისხე და ლამაზი სათამაშოები. რომ დავდგით და ავაწყვეთ, დახუნძლული ნაძვისხე არ გამოვიდა, ვთქვი: ახლა არ დავამატებ, ყოველ წელს ვიყიდი ახალ სათმაშოებს-მეთქი. ასე ვამატე 25 წელი და უამრავი სათამაშო დამიგროვდა. თუ სადმე უცხოეთში ვარ, ვყიდულობ და ჩამომაქვს. ასე რომ, ჩემს ნაძვისხეზე, უცხო ქვეყნებიდან ჩამოტანილი ბევრი უცხო და ორიგინალური სათამაშო კიდია ხოლმე, მაგალითად, პრაღიდან, „დისნეი ლენდიდან“ და ასე შემდეგ. სხვათა შორის, შარშან ახალ სახლში გადავედი, ტრენდს მივყევი, არ ავაწყვე ნაძვისხე და დავდგი სადა და მხოლოდ განათებები გავუკეთე. წელს კი ნაადრევად დავდგი ნაძვისხე, მაგრამ ჯერ სათამაშოებით არ მომირთავს, ვუყურებ და ვფიქრობ, რა ფერებში მოვრთო. მოკლედ, ამ ახალ წელს განსაკუთრებული, განსხვავებული განწყობით, თან სიდედრის ამპლუაში პირველად ვხვდები.
– საახალწლო ტრადიცია, რომელსაც არ არღვევ.
– ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია საახალწლო სუფრის ლამაზად გაფორმება. შეიძლება, არ იდოს მაგიდაზე მრავალფეროვანი საკვები, მაგრამ ულამაზესად უნდა იყოს გაწყობილი ლამაზი თეფშებით, ჭიქებითა და აქსესუარებით. ასე რომ, ახალ წელს მნიშვნელობას საკვების სიმრავლეს კი არა, გაფორმებას უფრო ვანიჭებ. ყოველთვის ვცდილობ, განსხვავებულად ლამაზად მოვრთო, როგორც სივრცე, ისე სადღესასწაულო მაგიდა. ეს არა მარტო ახალ წელს ეხება. ძალიან მიყვარს აღდგომა, ფერისცვალება და ზოგადად, ყველა დღესასწაულზე მიყვარს ლამაზად გაფორმება. ძირითადად, სახლში არ ვარ და ამიტომ დედა მიგზავნის ხოლმე უგემრიელეს საცივს და სხვა საჭმელებს, თუმცა თუ სტუმრებს ველოდები, ვცდილობ, მათ გემრიელობები დავახვედრო. გოზინაყს ყოველთვის თავად ვაკეთებ და უგემრიელესი გამომდის და ყოველ წელს აპრობირებული და გატესტილი მეკვლე მყავს – მამაჩემი. რაც თავი მახსოვს, მამაჩემია ჩვენი მეკვლე, მერე, რომ გავთხოვდი და ცალკე გადავედი საცხოვრებლად, იქაც მამა მოდიოდა მეკვლედ. აუცილებლად ვახვედრებ განსაკუთრებულ საჩუქარს – თეფშს, სადაც არის ხილი, ტკბილეული და საჩუქარი. ასე რომ, მამის ფეხი კარგად მაქვს დატესტილი და მას, როგორც მეკვლეს, ყოველთვის განსაკუთრებულად ვხვდები. მოკლედ, ახალ წელს მხოლოდ მამის ფეხს ვენდობი (იცინის).
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





