შოუბიზნესი

ნინი კენჭიაშვილი: კისერიც მომიტეხავს, მაგრამ მაინც გამიკეთებია

№9

ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 10.03

ნინი კენჭიაშვილი
დაკოპირებულია

მომღერალი ნინი კენჭიაშვილი ზოდიაქოთი მერწყული გახლავთ. შეიძლება ითქვას, რომ ის საკუთარი ზოდიაქოს ტიპური წარმომადგენელია, რადგან მერწყულის ყველა ძირითადი თვისება მკვეთრად აქვს გამოხატული.

ნინი კენჭიაშვილი: 24 იანვარს დავიბადე და შესაბამისად, ზოდიაქოთი მერწყული ვარ. ასტროლოგიის მჯერა, ყოველდღიურ პროგნოზებს არ ვეცნობი, მაგრამ თუ სოციალურ ქსელში ინფორმაცია შემხვდა, ვინტერესდები და რომ ვკითხულობ ხოლმე, ძალიან ბევრი დამთხვევაა. მერწყულები გამომგონებლები და ინოვატორები არიან. ამ თვისებებს ჩემს თავშიც ვიჭერ. რემონტი იქნება თუ ჩაცმის სტილი, ყველაფერში ვავლენ ჩემს ინოვატორულ შესაძლებლობებს. მაგალითად, როდესაც დიზაინერთან მივდივარ და სტილს ვარჩევ, ისეთი დეტალები აღმომიჩენია, რაზეც მას თავად არ უფიქრია. რემონტშიც საკმაოდ კარგი გამოცდილება დამიგროვდა. ჩვენი ორივე სახლის რემონტი მე გავაკეთე, თითოეული ნიუანსი გავთვალე და კარგად გამოვიდა. კმაყოფილი ვარ საკუთარი თავით (იცინის).

– მერწყული ძალიან საინტერესო მოსაუბრე და მრჩეველია.

– სხვათა შორის, მართლა ასეა. ჩემი მეგობრები ხშირად ინტერესდებიან ჩემი რჩევებით, ჩემი აზრი და დამოკიდებულებებიც აინტერესებთ.

– მუდამ სიმართლის მხარეს არის...

– ზოგადად, ხისტი ადამიანი ხარ. ლევანი სულ მეუბნება ხოლმე, ცოტა შემოვლითი გზებით უთხარი ადამიანებს სიმართლეო. არ ვიცი, ეს როგორ გამომივა, რადგან ძალიან პირდაპირი ვარ. ალბათ, ჩემი ქართლური წარმოშობის ბრალია (იცინის). რას ვიზამთ, ვიღაცას მოეწონება, ვიღაცას – არა.

– მერწყული ყოველთვის იმას აკეთებს, რაც მას უნდა.

– ნამდვილად ასეა (იცინის). სხვა ადამიანის აზრსაც ვითვალისწინებ. იმასაც გააჩნია, ეს ადამიანი ვინ არის ჩემთვის, მაგრამ 99 პროცენტში იმას ვაკეთებ, რაც მე მინდა. სანამ არ გავაკეთებ, მანამდე არ მოვისვენებ. რვა წლის წინ მართვის მოწმობა ავიღე. არც თეორიული საკითხები ვიცოდი და არც მანქანის მართვა, მაგრამ სანამ ჩემსას არ მივაღწიე, მანამდე არ გავჩერდი. დღე და ღამე გასწორებული მქონდა, საერთოდ არ მეძინა. იმ ზომამდე მივედი, რომ თავის ტკივილები დამეწყო. სანამ მიზანს არ მივაღწიე, არ მოვისვენე. ოთხ დღეში ჩავაბარე თეორია, მეორე ცდაზე კი – პრაქტიკაც. მახსოვს, ჩემი თეორიის მასწავლებელი ყველას მიუთითებდა ჩემზე, თქვენ ერთი თვეა, სწავლობთ, ეს ახლა მოვიდა და უკვე ჩააბარაო, მოტივაციას აძლევდა სხვებს (იცინის).

– თუ გარშემო მყოფები წინააღმდეგები არიან, მაინც აკეთებ იმას, რაც შენ გინდა?

– კი, მაინც ვაკეთებ და ვფიქრობ, რომ სწორად ვიქცევი. დარწმუნებული რომ არ ვიყო კარგ ნაბიჯს ვდგამ, ასე არ მოვიქცეოდი. ანუ, მჯერა საკუთარი თავის და გადაწყვეტილების, თორემ მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემი გავიტანო, არ ვმოქმედებ.

– ძალიან კრეატიული და ორიგინალურიც უნდა იყო.

– კი, ასეა. დაბადების დღეების მოწყობა, ისევ რემონტი, ყველაფერს სხვა თვალით ვუყურებ. სილამაზის აღქმა და ესთეტიკურობა ჩემთვის დეტალების დონემდეა მნიშვნელოვანი. შესაძლოა, ძალიან პატარა დეტალი იმდენად მნიშვნელოვანი იყოს ჩემთვის, რომ სასწაული ეფექტი მოახდინოს. რამეს რომ ვაკეთებ, წინასწარ წარმოვიდგენ ხოლმე, როგორი იქნება, როცა გავაკეთებ. ვიზუალიზაციის უნარი ძალიან მაქვს განვითარებული.

– თუ შეზღუდავ, სამუდამოდ დაკარგავ.

– ჩარჩოებში ყოფნა ნამდვილად არ მიყვარს.

– ბევრს ფიქრობს, მაგრამ ბევრს არ ამბობს...

– კი, ბევრ რამეზე ლაპარაკი არ მიყვარს. რაც ჩემია, იმას სხვას არასდროს ვეტყვი. არც უახლოეს მეგობარს, არც ოჯახის წევრს, ის ყოველთვის ჩემთან დარჩება. კარგია თუ ცუდი, არ აქვს მნიშვნელობა, თუ ძალიან ჩემია, ჩემთან რჩება და ბევრი საიდუმლო მაქვს, რაც ძალიან პირადულია. საერთოდ, სხვა ვერ შემატყობს, თუ რამე პრობლემა მაქვს. ამას თავს არავის მოვახვევ. ვინც მიცნობს, მიხვდება, ლევანი როგორ ვერ შემამჩნევს, მაგრამ უცხო თვალი – ვერა.

– თუ შეგიყვარა, ჩათვალე ჯეკპოტი მოიგე.

– საკუთარი ოჯახის წევრების, მეუღლის, მეგობრების მიმართ, ყველასთან განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს. თუმცა, ყველას არ ვენდობი. ახალი მეგობრების შეძენისას ფრთხილი ვარ. მაგრამ, ადამიანი თუ შევიყვარე, ბოლომდე მიყვარს და მისთვის ყველაფერს გავიღებ. თუ არ მიყვარს, აფერისტობა არ შემიძლია.

– არ აინტერესებს, რას ფიქრობენ მასზე სხვები...

– ნამდვილად არ მაინტერესებს (იცინის). მთავარია, მე ვიყო ჩემს თავში დარწმუნებული და მომწონს ისეთი, როგორიც ვარ. თუ ჰარმონიულად ვარ, სხვა რას ფიქრობს, არ მაინტერესებს. ყველა ინდივიდუალურია. რაც არ უნდა იდეალური იყო, ყველასთვის მოსაწონი მაინც ვერ იქნები. ალბათ, ეს კარგი თვისებაა. მე მგონია, რომ სხვის შეხედულებებზე ნაკლებად უნდა ვინერვიულოთ.

– მერწყულის მორჯულებას ტყუილად ეცდებით...

– ზუსტად (იცინის). ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, ვინმეს რჩევა ან შენიშვნა რომ მოუცია, ასე ქენი ან ისე არ გააკეთოო, მე მაინც ჩემი გამიკეთებია. ფეხი გადამბრუნებია, კისერიც მომიტახავს და მინანია კიდეც, მაგრამ ეს მაინც უნდა გამეკეთებინა.

– დაქორწინებაზე ყოყმანობენ, სანამ შეუძლიათ, მანამდე გადადებენ დაოჯახებას. მგონი, ამით არ ჰგავხარ, რადგან საკმაოდ პატარა ასაკში დაქორწინდი.

– ამ ასაკში ძალიან გამიჭირდებოდა ოჯახის შექმნა. ზოგადად, რამე რომ მომწონს, ძალიან ბევრს ვფიქრობ, სანამ გადაწყვეტილებას მივიღებ. ელემენტარული, ტანისამოსი ავიღოთ, რაღაც რომ მომეწონება, ვფიქრობ, მოდი, კიდევ გავივლი, იქნებ უკეთესიც ვნახო. მერე რომ მოვბრუნებულვარ, ისიც აღარ დამხვედრია და ძალიან მინანია. თითოეულ ნაბიჯზე ძალიან ბევრს ვფიქრობ, მიჭირს გადაწყვეტილებების მიღება. ოჯახის შექმნას რაც შეეხება, უმიზეზოდ არაფერი ხდება, ყველაფერს თავისი დრო აქვს. მაშინ მე 18 წლის ვიყავი, მაგრამ უკვე –ზრდასრული და ჩამოყალიბებული. ასაკთან შედარებით ყოველთვის უფრო ჩამოყალიბებული ვიყავი.

– ადვილად ათვისების უნარი აქვს და კარგი მეხსიერება.

– კი, ასეა. სიმღერის ტექსტებსაც ადვილად ვიმახსოვრებ, რამდენად რთულიც არ უნდა იყოს. სახლშიც, ზუსტად მახსოვს, სად რა დავდე, სულ რომ ორი წელი იყოს გასული (იცინის). სკოლაშიც კარგი მოსწავლე ვიყავი, თითით საჩვენებელი ბავშვი. 51-ე სკოლა მაქვს დამთავრებული და ჩვენთან სწავლა მარტივი არ იყო.

– თხის რქაზე მეტად ჯიუტებიც კი არიან.

– ლევანი ვერძია და ისიც ძალიან ჯიუტია (იცინის). ჩემი სიჯიუტე ყველაფერში გამოიხატება, თუნდაც, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ, ანუ ყოველთვის იმას ვაკეთებ, რაც მე მინდა. სხვათა შორის, ეს თვისება მეხმარება ჩემი მიზნების განხორციელებაში და ვფიქრობ, რომ კარგია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №9

3–9 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა