შოუბიზნესი

ნინი გრძელიშვილი: ქართველებზე მეტად უცხოელებს მოვწონვარ

№2

ავტორი: ეთო ხურციძე 22:00 19.01, 2022 წელი

ნინი გრძელიშვილი
დაკოპირებულია

საერთაშორისო კონკურსი Best Model of the World – 2021, წელს თურქეთში ჩატარდა და 50 ქვეყანას შორის, საქართველოც იღებდა მონაწილეობას. ჩვენი ქვეყანა მოდელებმა – ნინი გრძელიშვილმა და ლუკა ჩიტიშვილმა, წარადგინეს. მაღალი კონკურენციის მიუხედავად, ნინი და ლუკა ტოპ-ხუთეულში გავიდნენ და არაერთი ნომინაციის მფლობელები გახდნენ. კონკურსის დეტალები უფრო დაწვრილებით, ნინი გრძელიშვილმა გვიამბო.

ნინი გრძელიშვილი: უკვე 34 წელია, რაც ეს კონკურსი ტარდება და მასში მონაწილეობას სხვადასხვა ქვეყნის წარმატებული მოდელები იღებენ. აღსანიშნავია, რომ ეს არა სილამაზის, არამედ მოდელების კონკურსია. კოვიდპანდემიის გამო წინა წელს კონკურსის ჩატარება ვერ მოხერხდა, თუმცა წელს თურქეთი გახლდათ მასპინძელი ქვეყანა და კონკურსი ყველანაირი კოვიდრეგულაციებით გაიმართა. საქართველო წარვადგინეთ: გოგონებიდან მე – ნინი გრძელიშვილმა და ვაჟებიდან – ლუკა ჩიტიშვილმა. 50-მდე ქვეყანა იღებდა მონაწილეობას და ჩვენ ტოპ-ხუთეულში გასვლა მოვახერხეთ. გარდა ამისა, ავიღე Best Catwalk-ის ნომინაცია, რომელსაც თავიდანვე ვუმიზნებდი. სამ საერთაშორისო კონკურსზე მაქვს ეს ნომინაცია აღებული, რაც, როგორც მოდელსა და პედაგოგს ძალიან მახარებს.

– ბოლო პერიოდში აღარ ჩანდი კონკურსებზე და რატომ?

– თითქოს უარი მქონდა ნათქვამი, თუმცა 23 წლის ასაკში რატომ გადავწყვიტე, რომ ჩემთვის კონკურსები დასრულებულიყო, არ ვიცი. მოგეხსენებათ, ეკა მგალობლიშვილს არაერთი საერთაშორისო პროექტი აქვს და მათ საორგანიზაციო საქმეებში აქტიურად ვარ ჩართული. რატომღაც, ამ სფეროში უფრო დავინახე ჩემი თავი და კონკურსანტის ამპლუაში წარდგენა აღარ მეკომფორტულებოდა. შესაბამისად, უარს ვამბობდი შემოთავაზებებზე. თუმცა, კოვიდპანდემიის გამო ამჯერად იმდენად არაფერი ხდებოდა და ისე ვიყავი მოწყურებული ამ ყველაფერს, რომ ვიფიქრე, რატომაც არა-მეთქი და კონკურსში მონაწილეობის მიღება გადავწყვიტე. თან, 2017 წელსაც გამოვედი აღნიშნულ კონკურსზე, ოღონდ მაშინ TOP 10-ში გავედი და ახლა, კი გავაუმჯობესე შედეგი. თან, ეს არის კონკურსი, სადაც ნაომიდან დაწყებული, ყველა ცნობილ მოდელს აქვს მიღებული მონაწილეობა.

– რა შეგრძნება იყო პაუზის შემდეგ პოდიუმზე დადგომა?

– თურმე, მომნატრებია. მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის პირველი კონკურსი არ ყოფილა და შესაბამისი გამოცდილებაც მქონდა, მაინც ძალიან ვღელავდი. თან, ნომინაცია, რომელიც ავიღე – საუკეთესო სიარულის მანერა, ორმაგად მნიშვნელოვანია, როგორც მოდელისთვის და პედაგოგისთვის. ჩემი სიარულის მანერა თავიდანვე თვალშისაცემი აღმოჩნდა და კონკურსანტები კულუარებში რომ ჭორაობენ ხოლმე, ვინ რომელ ნომინაციას აიღებს, არავინ დაობდა, რომ ამ ნომინაციის მფლობელი საქართველო უნდა ყოფილიყო. ასევე, გამარჯვებულები გავხდით საუკეთესო ნაციონალური კოსტიუმის ნომინაციაშიც და ფინალში მხოლოდ საქართველომ და შრი-ლანკამ წარვადგინეთ ეროვნული სამოსი.

– ამ სფეროში პედაგოგი ხარ. ალბათ, უფრო გოგონები მოგმართავენ.

– სხვათა შორის, უკვე წამოვიდა ის ტენდენცია, რომ ბიჭი მოდელიც ჩვეულებრივი თემაა. როცა ამ სფეროში პირველ ნაბიჯებს ვდგამდი, დაახლოებით, 2013 წელს, მაშინ ბიჭები კონკურსებში ასე მასობრივად არ მონაწილეობდნენ. ახლა ბევრი მსურველია და მშობლებს მცირე ასაკშიც კი მოჰყავთ ვაჟები, რომ ამ სფეროს დაეუფლონ. ახალი თაობა მაინც სხვანაირად აზროვნებს და ხვდებიან, რომ პოდიუმზე გამოსვლით ქართველობას არ კარგავენ.

– რა ხდება პოდიუმს მიღმა შენს ცხოვრებაში?

– წელს მაგისტრატურას ვამთავრებ, საჯარო მმართველობის განხრით. გარდა ამისა, პოდიუმიდან სრულიად სხვა სფეროში – IT-ში გადავინაცვლე და გერმანიაში, ავსტრიასა და შვეიცარიაში დისტანციურად ვმუშაობ ადამიანური რესურსების მიმართულებით. თავიდან იუმორით ვუყურებდი, პოდიუმიდან აიტიში გადასვლას, თუმცა ეს საქმეც კარგად გამომდის და რატომაც არა. მოკლედ, პროფესიების საინტერესო ნაზავი მაქვს.

– პირადშიც გაქვს სიახლეები?

– პირადში განსაკუთრებული არაფერი ხდება, თითქოს არ ვჩქარობ. თუმცა, კონკურსზე იყო რაღაც სიმპათიები ერთ-ერთი ქვეყნის წარმომადგენლის მხრიდან. იანვარში „ბესთ მოდელის“ კონტინგენტი ჩამოდის საქართველოში და თუ შეიძლება ასე დავარქვათ, ერთ-ერთი ჩემი თაყვანისმცემელიც იქნება. ირანის წარმომადგენელი გახლავთ და დიდი სურვილი აქვს ჩვენს ქვეყანაში იმოგზაუროს.

– შენი მხრიდან არ იყო მოწონება?

– ზოგადად, ძალიან არ მიყვარს პირადი საქმისა და სამსახურის ერთმანეთში არევა. ეს ცოტა არაპროფესიონალიზმი მგონია. შესაბამისად, კონკურსზე რისთვისაც ვიყავი გასული, ჩემი საქმე გავაკეთე, ჩამოვედი იმ შედეგით, რაც მინდოდა და იქ პირადისთვის ნაკლებად მეცალა.

– კონკურსებზე მსგავსი შემთხვევები ხშირია?

– სულ ვხუმრობ ხოლმე, ქართველებზე მეტად უცხოელებს მოვწონვარ-მეთქი. არც ერთ საერთაშორისო კონკურსს არ ჩაუვლია ისე, მსგავსი შემთხვევა რომ არ ყოფილიყო, მნიშვნელობა არ აქვს, საქართველოში იყო ეს ორგანიზებული თუ უცხოეთში. ყველაზე სასაცილო რაც არის, საქართველოში საორგანიზაციო საკითხებში ვარ ხოლმე ჩართული, თუმცა ყურადღების ცენტრში მაინც ყოველთვის ვექცევი. ჯერ არ ყოფილა კონკურსი, რომ თავისი ისტორია არ მოჰყოლოდეს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი