შოუბიზნესი

ნიკო კანკია: შინაგანი მე მთხოვს, ბევრ რამეს გავუსინჯო გემო

№36

ავტორი: ქეთი მოდებაძე 22:00 15.09, 2021 წელი

ნიკო კანკია
დაკოპირებულია

ნიკო კანკიამ წელიწად–ნახევრის წინ საკუთარი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა – საქართველოში წარმატებულ კარიერაზე უარი თქვა და ოცნებების ასასრულებლად საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდა.

ნიკო კანკია: ყოველთვის მეგონა, რომ ისტორიები ამერიკული ოცნების შესახებ გადაჭარბებული იყო. ახლა ვრწმუნდები, რომ აქ მართლა შეიძლება, თავს საოცრებები გადაგხდეს. ამ ქვეყანაში გატარებული წელიწად-ნახევრის შემდეგ მივხვდი, რომ თუ რამეს გულით გააკეთებ, აუცილებლად მიხვალ მიზნამდე, რომელიც გაბედნიერებს. არ ვიცი, ამას ამერიკის მაგია დავარქვა თუ სხვა რამ. როცა აქ წამოსვლა გადავწყვიტე, რჩევა მეგობარს ვკითხე, რომელიც მაიამიში ცხოვრობს. მან მითხრა, ძალიან რთულია, მიზეზები აგიხსნა, უბრალოდ, აქ ძალიან ბედნიერი ვარ. ფინანსურად თითქმის ისე ვარ, როგორც საქართველოში, მაგრამ ყოველი დღე ბედნიერებას მანიჭებსო. მაშინ ვერ გავიგე, მაგრამ ახლა კარგად მესმის მისი.

– საქართველოში ძალიან აქტიური იყავი...

– საქართველოში ჩემი ცხოვრება ძალიან მრავალფეროვანი იყო. მქონდა საკუთარი ივენთკომპანია, რომელიც საკმაოდ აქტიურად მუშაობდა და ამ მიმართულებით ძალიან დაკავებული ვიყავი. ჩემს სამეგობროსთან ერთად ვცდილობდი, განმევითარებინა ბავშვივით ნაზარდი „წვერი.ჯი“ – კომპანია, რომელიც პანდემიის მიუხედავად, კარგად მიდის წინ და ამასთან ერთად, საკმაოდ ბევრი გადაღება მქონდა. პროფესიით მსახიობი არ ვარ, მაგრამ ეს საქმეც შევითავსე.

– მსახიობობა, მოდელობა, წამყვანობა...

– შოუბიზნესის სფეროში ბევრი მიმართულებით ვცადე. ჩემი შინაგანი მე მთხოვს, ბევრ რამეს გავუსინჯო გემო. გადაღებები, ივენთები ჩემი ყოველდღიურობის ნაწილი იყო. პროფესიით მარკეტოლოგი ვარ და ამ კუთხითაც ვვითარდებოდი. საქართველოში სასიამოვნოდ დამღლელი ცხოვრება მქონდა.

– და რატომ გადაწყვიტე ამერიკაში საცხოვრებლად გადასვლა?

– მეც ხშირად ვუსვამდი ამ კითხვას საკუთარ თავს. ალბათ, ბავშვობიდან გამოყოლილი ოცნებების ამბავია ან შინაგანი ხმის ძახილი, რომელიც მიბიძგებდა, უარი მეთქვა კომფორტულ ცხოვრებაზე და წამოვსულიყავი ნიუ-იორკში, სადაც ერთ ადამიანსაც კი არ ვიცნობდი. შიგნიდან ყოველთვის მკარნახობდა ხმა, რომ აქ არის ის, რასაც ვეძებ. არ ვიცი, საიდან მოდის ამერიკისადმი ჩემი ასეთი მიზიდულობა, ალბათ, ეს ყველაფერი ფილმების დამსახურებაა.

– როგორია ცხოვრება სრულიად სხვა სამყაროში?

– კვირიდან კვირამდე ძალიან ვიზრდები. ნიუ-იორკში ყველაზე ორგანიზებული ქაოსია, აქ ყველა სადღაც მიიჩქარის. მუდმივად რაღაცას აკეთებენ და მათი ცხოვრების სტილი დიდი ენერგიით მავსებს. დილით სამსახურიდან მიმავალი, გზად მანჰეტენისა და უოლ-სტრიტის ხედს გავცქერი, ეს ძალიან დიდ ძალას მაძლევს და მინდება, მსოფლიოს დავუმტკიცო ჩემი შესაძლებლობები. აქ ჩამოსვლიდან ოთხ კვირაში სრული ლოკდაუნი გამოცხადდა. მხოლოდ პირველი ერთი კვირა მქონდა შესაძლებლობა, ქალაქი დამეთვალიერებინა. მას შემდეგ, თვეების განმავლობაში, სახლში ვიჯექი და გარეთ, ფაქტობრივად, არ გავსულვარ. ძალიან ძნელი იყო ყველასთვის, მაგრამ იმ ფონზე საქართველოდან წამოსულს ფულიც გიმთავრდება და მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებულ ქალაქში ყველას და ყველაფრის გარეშე რჩები, განსაკუთრებით რთულია.

– რა გამოსავალი იპოვე?

– მოვიდა დრო, როცა ყველაფრისთვის მზად ვიყავი. საერთოდ, ჩემი მენტალიტეტი ასეთია. წარსულში ბევრი რამის გაკეთება მომიწია იმისთვის, რომ წინ წავსულიყავი. დატვირთვას მიჩვეული ვარ როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურად და ეს გამოცდილება აქ ძალიან გამომადგა. თავიდან სხვა გამოსავალი არ იყო და ის უნდა მეკეთებინა, რასაც ვერც კი წარმოვიდგენდი, როცა აქ მოვდიოდი. იღბალი თუ მონდომება, არ ვიცი, რას დავაბრალო, მაგრამ საკმაოდ მალე ჩავაყენე კალაპოტში ჩემი ცხოვრება. თავიდან ძალიან დიდი კომპანიის გაყიდვებში ვმუშაობდი და საკუთარი თავი „დავკარგე“. მინდოდა, ჩემი გამოცდილება იქაც ივენთების სფეროში გამომეყენებინა, მაგრამ პანდემიის ფონზე და იმის გათვალისწინებით, რომ აქ სხვა სტანდარტებია, მომიწია, ეს საქმე გვერდზე გადამედო და ჩემს თავდაპირველ პროფესიას – მარკეტინგს დავბრუნებოდი. ნიუ-იორკის ერთ-ერთ ყველაზე დიდ კომპანიაში დავიწყე მუშაობა და რამდენიმე თვის შემდეგ საცდელმა პერიოდმა წარმატებულად ჩაიარა და მარკეტინგის გუნდში მე ჩემი ადგილი დავიმკვიდრე. ვერ ვიტყვი, რომ ჩემი შესაძლებლობები ბოლომდე გამოვავლინე, მაგრამ მსოფლიოში მიმდინარე პროცესების ფონზე, ვფიქრობ, რომ ამერიკული ოცნების მაგიით ბევრი რამ გამომივიდა.

– როგორც მსახიობსა და მოდელს გაქვს აქტივობები?

– ეს ბაზარი ნიუ-იორკში ძალიან კარგად არის განვითარებული. შეგიძლია, სახლიდან გაუსვლელად მიიღო კასთინგებში მონაწილეობა, მოიძიო სასურველი პროექტები და ასე შემდეგ. მეც დავრეგისტრირდი რამდენიმე ვებსაიტზე და ჩემი იმდროინდელი ბიუჯეტის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილიც გადავიხადე (იცინის). რამდენიმე შემოთავაზება მივიღე. რამდენიმე ფოტოსესია უკვე მქონდა და შემდეგ გადაღებებზე გაცნობილი ადამიანების კონტაქტებიც ძალიან დამეხმარა. საერთოდ, ამერიკაში სწორი კომუნიკაციები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამიტომ ყველა გადაღებაზე ვცდილობ, მაქსიმალურად გავცვალო ინფორმაციები და მათგან რეკომენდაციები მივიღო. ამან ძალიან კარგი შედეგი გამოიღო და ფინანსურადაც ძალიან დამეხმარა, რადგან ამ სფეროში ნამდვილად კარგი ანაზღაურებაა.

– საქართველოში ბევრი გიცნობს, უცებ სრულიად უცხო გარემოში აღმოჩნდი, სადაც ყველაფერი თავიდან უნდა დაგემტკიცებინა, არ გაგიჭირდა?

– ცხოვრების ერთ დღეში შეცვლა ძალიან რთული აღმოჩნდა. თუმცა ამერიკაში ჩამოსულმა კარგად ვიცოდი, რომ საკუთარი თავის გარდა, არავის იმედი არ უნდა მქონოდა. ამერიკული ცხოვრების დაწყება ძალიან რთული აღმოჩნდა, მაგრამ მგონია, რომ რაღაც მცირედი მაინც გამომივიდა. ბევრი გეგმა მაქვს და იმედია, მათ განხორციელებას შევძლებ. რაც შეეხება ოცნებას – მინდა, ვიყო ბედნიერი და ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის.

– შესაძლოა, ვინმეს უცნაურად მოეჩვენოს, მაგრამ ცხოვრობ ამერიკაში და საქართველოში უძღვები ივენთებს.

– საქართველოსთან საქმიანი ურთიერთობები არ გამიწყვეტია და არც ვაპირებ. წლებია, ივენთები მიმყავს და ყველაზე მეტად რომ ვიყავი მონატრებული, მაშინ მომეცა საყვარელი საქმის ამერიკიდან გაკეთების შანსი. თურმე, „ზუმითაც“ შესაძლებელი ყოფილა კორპორაციული წვეულების წამყვანობა. სამასამდე ადამიანი მისმენდა, მიყურებდა, მაგრამ მე მათ ვერ ვხედავდი – შეიძლება, ვიღაცამ საერთოდ გამომრთო. ძალიან უცნაური იყო ეს ყველაფერი, თუმცა საოცრად სასიამოვნო (იცინის).

– პირადი ცხოვრება როგორ აეწყო ამერიკაში?

– ნიუ-იორკში ურთიერთობების დეფიციტია. ყველას თავისი ცხოვრება და საქმე აქვს. თუმცა მეგობრების შეძენა მაინც მოვახერხე და პირად ცხოვრებაშიც ყველაფერი დალაგდა. ამაზე დეტალურად სასაუბროდ არ ვარ მზად, ბევრი რამ გადამხდა თავს, სანამ დალაგდებოდა, მაგრამ დღეს ძალიან ბედნიერი ვარ იმ ადამიანებით, ვინც ირგვლივ მყავს. ბედნიერებაა, გვერდით გყავდეს ადამიანი, ვინც გიგებს და მოტივაციას გაძლევს, მით უმეტეს ცხოვრების გარდამტეხ ეტაპზე. მე ძალიან მიყვარს ჩემი საქართველო და გენეტიკა. მინდა, რომ უახლოეს ადამიანთან ქართულად ვსაუბრობდე და მიხარია, რომ სამყარომ ყველაფერი ზუსტად ასე მოაწყო, საქართველოდან 9 000 კილომეტრის მოშორებითაც კი.

P.S. გამოყენებული ფოტოების ავტორები არიან: Snovamasha, NewFaceNY და Olga Slusareva.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი