ნეკა დოროყაშვილი: გადავწყვიტე, ოცნება აღარ დავიტოვო
ავტორი: ნონა დათეშიძე 18:00
ახლახან „იუთუბ“ არხზე გამოჩნდა ნეკა დოროყაშვილის ახალი სიმღერის ვიდეორგოლი, რომელიც საკმაოდ ლამაზი და თვალში საცემია, ბევრი ნახვაც აქვს და როგორც თავად ნეკა ამბობს, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სასიმღერო კარიერაში წარმატებებს მიაღწიოს. მიუხედავად დატვირთული სამუშაო გრაფიკისა, შვილისთვის ყოველთვის სცალია, ამბობს, რომ სწორედ მასში გაუმართლა ყველაზე მეტად, ბედნიერი დედაა და ის, ბალანსი, რომელიც დედა-შვილს შორისაა, კიდევ უფრო აბედნიერებს.
ნეკა დოროყაშვილი: ჩემი აზრით, ქალისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დედობაა. ყველა დედას სურს, მისი შვილისთვის საუკეთესო იყოს. მე, როგორც მაქსიმალისტი, ვფიქრობდი, რომ კარგი დედა ვიყავი, მაგრამ მინდოდა, საუკეთესო გავმხდარიყავი. მთავარია, შვილის კარგი მეგობარი იყო და თუ ეს ბალანსი იპოვე, საუკეთესო დედობასთან ახლოს ხარ.
– ეს ბალანსი თავად ნაპოვნი გაქვს?
– გამიჭირდა ბალანსის პოვნა, დიდი ხანი ვფიქრობდი და წელს ვაღიარე, რომ ვიპოვე, საუკეთესო დედა ვარ და ამით – კმაყოფილი და ბედნიერი. ლუკასი უკვე ათი წლისაა, მალე თერთმეტის ხდება. ეს ის ასაკია, როცა ბევრი რამის გააზრება ხდება. რაღაცების გააზრებაში ვეხმარები, რაღაცებში განზრახ ვიკავებ თავს, მინდა, პატარაობიდანვე შეეჩვიოს პრობლემების გადაჭრას, საკითხების გადაწყვეტას.
– რამდენად ძლიერი აღმოჩნდი რთული ცხოვრებისთვის და ზოგადად, როდის მიხვდი, რომ ცხოვრება ძალიან რთულია?
– ცხოვრება რომ ძალიან რთულია, მაშინ მივხვდი, როცა ბავშვით მარტო დავრჩი. გავიფიქრე, რა მეშველება-მეთქი. ერთია, როცა გეგმავ, შვილი გააჩინო და მარტომ გაზარდო. გააზრებული გაქვს ის სირთულეები, რაც მას მოჰყვება, მაგრამ მე ხომ არ დამიგეგმავს, რომ შვილი მარტოს გამეჩინა და გამეზარდა, ამ ყველაფრისთვის ხომ არ ვიყავი მომზადებული? ერთი – მარტო რომ დავრჩი შვილთან ერთად და მეორე სირთულე იყო ის, რომ უსამართლობის წინაშე დავდექი. ამისთვის არ ვიყავი მზად. როცა რაღაცისთვის ემზადები, სხვანაირად „ეჭიდავები“ სირთულეს, მე კი ამისთვის მზად არ ვიყავი და მაშინ მივხვდი პირველად, რომ ცხოვრება ძალიან რთული და უსამართლოა. ახლა 34 წლის ვარ და ვფიქრობ, ეს სირთულე გადალახულია. 24 წლის ვიყავი, დედა რომ გავხდი და ფაქტობრივად, მე და ლუკასი ერთად გავიზარდეთ.
– დღეს როგორი ურთიერთობა გაქვს ბავშვის მამასთან?
– ბავშვის მამასთან კარგი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ არ მაქვს მის მშობლებთან ურთიერთობა და სანამ პირში სული მედგმება, არც მექნება. ის მომენტიც გადავლახე, როცა ჩუმად ვიყავი, არ ვამბობდი, ვუფრთხილდებოდი, მაგრამ თუ ადამიანი არ გიფრთხილდება შვილიშვილის დედას, მე რატომ უნდა გავუფრთხილდე? სხვათა შორის, ვისწავლე, რომ არაფერი დავიტოვო გულში და ადამიანს ყოველთვის ის ვუთხრა, რასაც მასზე ვფიქრობ. ამირან გულში მღეროდა, რომ ჰგონიათ, ასე არ არის. თუ კარგი ტიპი ხარ, „ჯიგარი“ და ჩუმად ხარ, ადამიანებს დებილი ჰგონიხარ და ფიქრობენ, არ შეგიძლია, ვიღაცას პასუხი მოსთხოვო. შეიძლება, შენი კეთილი გულის გამო გაჩუმდე, მაგრამ ნამდვილად აღარ ვაპირებ იმ ორ ადამიანს, ჩემი შვილის ბებია-ბაბუას, შეღავათი გავუწიო, რასაც ადრე ვაკეთებდი. ყველგან ვიტყვი, რომ ძალიან არასწორები არიან. ჩემთან კი არა, ბავშვთან. იქ, სადაც ჩემს შვილს ეხება საქმე, ჩუმად არ ვიქნები და ჩემი ნება რომ იყოს, ბებია-ბაბუის სტატუსს საერთოდ ჩამოვართმევდი. არ არიან ღირსები, ასეთი შვილიშვილი ჰყავდეთ. ყველა არ არის ღირსი, ისეთი ანგელოზი შვილიშვილი ჰყავდეთ, როგორიც ლუკასია. არც მე მიმსახურებენ და არც ჩემს პატივისცემას.
– როცა ოჯახი ინგრევა, ქვეცნობიერში ჩნდება ახალი ურთიერთობის დაწყების შიში. შენს შემთხვევაში, როგორ არის საქმე და ახლა შენს პირად ცხოვრებაში რა ხდება?
– არ შემშინებია არასდროს, არ დამიკარგავს იმის იმედი, ახალი ურთიერთობა დამეწყო, რადგან მე იდეალისტი ვარ და ძალიან რომანტიკოსი. ეს ჩემს სიმღერებშიც იგრძნობა. ამიტომ, ყოველთვის ვარ იმ აზრზე და იმის მომხრე, თუ გვინდა, აუცილებლად ვიპოვით სიყვარულს. შესაბამისად, ცხოვრებასაც თავიდან დავიწყებთ. ზოგადად, როგორი ენერგეტიკაც გვაქვს, იმას ვიზიდავთ, ამას პრაქტიკაში მივხვდი. შენ რაც გინდა, იმას მოიზიდავ, მაგრამ თუ გაქვს გადაწყვეტილი და არ გინდა, საკუთარ თავს იბლოკავ. მე ასე მიმაჩნია და არასდროს შევზღუდავ ჩემს თავს და არ ვიტყვი: ეს რადგან დამემართა, სხვაზე არჩევანს აღარ გავაკეთებ-მეთქი. ცხოვრება საინტერესოა და რატომ უნდა ვიყოთ დეპრესიაში. მე ცხოვრებაც თავიდან დავიწყე და ახლა ისეთ აზრზე ვარ, საჯაროდ პირადზე სიტყვას არ დავძრავ. ვერ აღგიწერთ, რამდენი ბოროტი ადამიანი და კონკრეტულად ქალი ვნახე სოციალურ ქსელში ჩემს პირად გვერდზე, როცა გავასაჯაროვე და პირადზე ვისაუბრე. ახალგაზრდა გოგოები, ისეთ ბოროტულ აზრებს გამოთქვამენ, გადავირიე. აღარ ვარ ემპათიური ბოროტი ქალების მიმართ. ჩემმა განვლილმა გზამ ძალიან დიდი გამოცდილება მომცა და ადამიანებიც რეალურად დამანახვა. ამიტომ, რადგან გარშემო ბევრი ბოროტი ადამიანია, ჩემს პირადს ვმალავ.
– ახლახან სოციალურ ქსელში დაიდო შენი ვიდეორგოლი შენს სიმღერაზე, სადაც არაჩვეულებრივი კადრები ვიხილეთ. ვფიქრობ, გასული წელი ერთგვარი გამოცდების წელიწადი იყო. როგორ ფიქრობ, რამდენად შეძელი ამ გამოცდების ჩაბარება, რა გამოწვევების წინაშე იდექი და როგორია შენი სამომავლო გეგმები სასიმღერო კარიერის მხრივ?
– ფაქტობრივად, ყოველდღე მქონდა გაკვეთილი და მიწევდა მისი ჩაბარება. გასული წელი, ჩემთვის პირადად, ძალიან ტრანსფორმაციული აღმოჩნდა. ეს ყველაფერი კარგი იყო, მაგრამ საკმაოდ ბობოქარი. გასული წელი, ყოველდღე, ფაქტობრივად, ფაზლს ვაწყობდი (იცინის). ასე რომ, 2025 წელი ჩემთვის ფაზლის აწყობის წელიწადი იყო და მგონი, გავედი ბოლოში (იცინის).
– და, რა სურათი მიიღე?
– მივიღე ერთი დიდი სურათი, ფაზლის აწყობის მერე დავინახე, რომ რაც ჩემს ცხოვრებაში მოხდა, ბევრი რამ უსწავლებია, ტყუილად არაფერი ხდება, მანამდე თუ იყო მხოლოდ ნიადაგი, ახლა მოსავლის აღების პერიოდი მეწყება. ამიტომ, ვარ აქტიურად ჩართული ჩემს საქმიანობაში. გარდა სიმღერის წერისა და ვიდეორგოლის გადაღებისა, სულ რამდენიმე თვეა, ახალ პროფესიას, დიჯეობას დავეუფლე. ვემზადები ჩემი სოლო პერფორმანსისთვის, რომელიც იქნება ჩემი – როგორც ქალი ვოკალისტის და ასევე, ჩემი – როგორც დიჯეის ამპლუაში. ასე რომ, ის ფაზლი, სულ რომ ტვინში მქონდა და ნელ-ნელა ვაწყობდი, დავასრულე, შეიკრა და საბოლოოდ, თავისით დამილაგა ცხოვრებამ. ზოგადად, ჩემს ცხოვრებაში იმდენჯერ მოხდა სასწაული, რომ ნამდვილად მჯერა სასწაულების. მჯერა ბედობისა და იმისიც – როგორც დაიწყებ წელს, მთელი წელი ისე წავა. მთავარია, შენ გჯეროდეს, რა გინდა და რატომ გინდა და არ არსებობს, თუ გულწრფელად გინდა, არ აგიხდეს. ნამდვილად მადლიერი თუ ხარ, არ ეჭიდავები ცხოვრებას და გულწრფელად ოცნებობ, არ არსებობს, ცხოვრებამ არ აგისრულოს. მე ასე მაქვს დაცდილი. ამიხდა, ჩემი ყველაზე დიდი ოცნება, მყოლოდა ცისფერთვალება, ჭკვიანი შვილი და კიდევ ამიხდა ოცნება, 10-15 წლის წინ რომ მქონდა – ვარ ისეთი, როგორი ტიპიც მინდოდა ვყოფილიყავი. ეს ოცნებაც ამიხდა. მეგონა, ვერასდროს შევძლებდი, მაგრამ საკუთარი თავის ის ვერსია შევქმენი, რაც ჩემთვის საუკეთესო იყო და ამისთვის, ბევრი დრო დამჭირდა. აუცილებელია, საკუთარ თავს ხშირად შევახსენოთ ჩვენი მიღწევები, ეს გვაძლევს მოტივაციას მომავალში, რადგან ყოველდღიური რუტინა რაღაცებს გვავიწყებს. ჩემს თავს სულ ვახსენებ, რა იყო ჩემი პირადი მიღწევა, როცა არავინ არ დამხმარებია, მაგრამ შევძელი. იმ პატარ-პატარა გამარჯვებების გახსენება დიდ მოტივაციას მაძლევს და ამას ხშირად ვიმეორებ. სარკეში რომ ვიყურები, ისეთ ნეკას არ ვხედავ, რომ ვიღაცისთვის იყოს კარგი. უბრალოდ, ვხედავ ნეკას, რომელსაც აქვს საკუთარი თავის იმედი. მართალია, ბევრი ოცნება ამიხდა და ბევრიც ასახდენია, მაგრამ ახლა მაქვს პერიოდი, როცა ჩემი ბავშვობის ოცნებებს ჩემს სიმღერებში ეტაპობრივად ვიხდენ. ასე რომ, ჩემი ბავშვობის აუხდენელი ოცნებები ჩემს სიმღერებში გადავიტანე და საჯარო გავხადე. ახლა ოცნებების ახდენის პერიოდი მაქვს, იმ პატარა ნეკას ვუხდენ ოცნებებს. ოცნება არის ის, რაც ოცნებად რჩება. მე კი გადავწყვიტე, ოცნება აღარ დავიტოვო, განვახორციელო და ყველა ავიხდინო.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





