ნეკა დოროყაშვილი: ახალმა სიყვარულმა დამაბრუნა საკუთარ თავში და გამაძლიერა
ავტორი: ნონა დათეშიძე 22:00 04.08

ნეკა დოროყაშვილმა ის რთული პერიოდი გაიარა და მის ცხოვრებაში ახალი, სიყვარულითა და წარმატებებით სავსე დღეები დაიწყო, როცა საკუთარი შრომით ახალ შემოქმედებით გზას დაადგა და სიყვარულიც ეწვია.
ნეკა დოროყაშვილი: ზაფხულის პერიოდი ძალიან მიყვარს, ჩემი საყვარელი სეზონია. სულ ველოდები ზაფხულის მოსვლას, წლის ყველა სეზონზე. მთელი ზამთარი ვყიდულობ და ვაგროვებ ზაფხულის ტანსაცმელს. თუ უცხოეთში ვარ – იქ ვყიდულობ, თუ საქართველოში – აქ და ზაფხულის სეზონს სულ მომზადებული ვხვდები. თუ მომეწონა, შეიძლება, ნებისმიერ ადგილას ვიყიდო არასეზონური რაღაც, ადგილს მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, მომეწონოს.
– შენს საყვარელ სეზონზე სად დაისვენებ, ამასაც წინასწარ გეგმავ თუ სპონტანურად გიყვარს გადაწყვეტილების მიღება?
– ადრე ვგეგმავდი, სად გავატარებდი ზაფხულს და მოვიწყობდი დასვენების დღეებს, ახლა კი, რამდენიმე წელია, სტრატეგია შევცვალე და სპონტანურად ვწყვეტ. ცხოვრებაში რაღაცები უნდა დავგეგმოთ, სხვანაირად არ გამოდის, მაგრამ საქმეები ისე დავალაგე, რომ მეტი თავისუფლება მქონდეს და არ შევიზღუდო იმაში, რასაც დასვენება ჰქვია. შეიძლება, უცებ დამარტყას თავში, ავიღო ბილეთი და უცხო ქვეყანაში აღმოვჩნდე. მოკლედ, შეიძლება, დავიძინო და სხვა კუნძულზე გავიღვიძო (იცინის).
– ესე იგი, რაც საქმეს ეხება გეგმავ, მაგრამ დაგეგმილი დასვენება არ გიყვარს. ამ ზაფხულს თუ მოასწარი სპონტანური დასვენება და კიდევ თუ აპირებ სადმე წასვლას?
– ზუსტად ასეა. საქმე დაგეგმილი მიყვარს, დასვენება – კი სპონტანური. ამ ზაფხულს ბევრი საქმე მქონდა და ყველაფერი ისე დავგეგმე, რომ აგვისტოსა და სექტემბერში თავისუფალი ვიყო. წელს ცოტა ადრე დაიწყო ჩემი დასვენების სეზონი. არ დამიგეგმავს, ისე ავიღე ბილეთი და წავედი იტალიაში. სამი კვირა ვიყავი და ცოტა ადრე დავისვენე. იტალიაში მეგობრებთან ერთად ვიყავი და იდეალური სამი კვირა გავატარე. მანქანა გვყავდა და ბევრი პატარ-პატარა ქალაქი მოვიარეთ, ქუჩები და ისეთი სხვადასხვა ადგილი მოვინახულე, რომლებიც დაგუგლული მქონდა და სასწაული ემოცია განვიცადე. ისეთი ადგილები აღმოვაჩინე, რომელიც არ არის პუპულარული, მაგრამ საოცარია. მოკლედ, ისე წავედი, რომ არაფერი დამეგეგმია და რეალურად, ძალიან კმაყოფილი ვარ ასეთი დაუგეგმავი, არაორგანიზებული, ზღაპრული დასვენებით. ერთი სიტყვით, ზღაპრული სამი კვირა იტალიაში გავატარე, ცოტა გამიჭირდა ამის მერე საქმეების კეთება, მაგრამ პროცესი მომწონს. დავაარსე „ნეკა პროდაქშენი“ და წინ უამრავი კარგი გეგმა მაქვს. დიდი ხანი ვფიქრობდი გზებზე, რომელიც კარიერულ წინსვლაში დამეხმარებოდა და ბოლოს გადავწყვიტე, თავად გამეკეთებინა „პროდაქშენი“, რომელიც სრულყოფილ, გლობალურ პროექტს გადაიღებდა. ეს ყველაფერი მე მჭირდებოდა და მომავალში, სხვა არტისტების მუსიკალურ კლიპებსაც გადავიღებთ. პირადად მე სიმღერა სტუდიაში ჩავწერე და ამდენ ხანს ველოდებოდი ამ სტუდიის დასრულებას, ამ ტრანსფორმაციას. ქალი, რომელიც ვიდეორგოლში ამ სიმღერას მღერის და ამასთან ერთად უნდა ითამაშოს, რეალურად არ თამაშობს, ანუ დიდი ტრანსფორმაცია გავიარე და თამაში არ მომიწევს. გარდა იმისა, რომ „პროდაქშენის“ დაარსება თავად გადავწყვიტე, ასევე, გადავწყვიტე ჩემი კლიპის რეჟისორი და პროდიუსერიც თავად ვიყო. ის ქალი რომ ვახსენე, ჩემი თავი ვიგულისხმე, უბრალოდ, მე, როგორც ჩემი კლიპის რეჟისორი და პროდიუსერი, მიკერძოებული რომ არ ვიყო, ჩემს თავს ვიდეორგოლში, როგორც იმ ქალს, ისე მოვიხსენიებ და ვუყურებ. როცა შემოქმედებითი კუთხით ამხელა პასუხისმგებლობას იღებ და პროდუქტს საზოგადოებისთვის აკეთებ, აუცილებელია, საკუთარ თავს ბევრი მხრიდან და ბევრი რაკურსით შეხედო, არა იმიტომ, რომ გინდა ყველას მოეწონო და ყველამ აპლოდისმენტი მოგიძღვნას, ეს ჩემი მისია არ არის. ჩემი მიზანი და არსია, ბევრი მხრიდან დავინახო ჩემი თავი, ის წარსულის გოგონა და იქ ახლანდელი ტრანსფორმირებული ქალი, რომელიც რეალურად გამოჩნდება კლიპში. ფაქტობრივად, ამ კლიპში მიხილავთ ნეკა დოროყაშვილს მეორე, ახალ ცხოვრებაში. და ეს იქნება ერთგვარი ფენიქსი, მეორედ დაბადებული ქალი, რომელიც ამ სამყაროში მეორედ მოვიდა.
– რთული არ იქნება, რომ შენი მუსიკალური ნიჭი, არტისტიზმი და რეჟისორული ხედვა მსმენელმა და მაყურებელმა შეაფასოს? არ გაქვს შიში, განცდა და ღელვა, როგორ მიგიღებს საზოგადოება ამ მხრივ?
– იმის შიში და განცდა რომ მქონდეს, რომ საზოგადოება მკაცრად განსჯის ჩემს ნამუშევარს, ალბათ, ვერ შევძლებდი იმის გაკეთებას, რასაც ვაკეთებ და ვერც აქამდე მოვიდოდი. ზუსტად იმიტომ დავაარსე საკუთარი „პროდაქშენი“ და საკუთრი თავის პროდიუსერი და რეჟისორი გავხდი, რომ ამ ყველაფერისთვის გლობალურად ვემზადებოდი. რადგან ჩემი ალბომი საერთაშორისოა და ის პირველი სიმღერაც საერთაშორისო იქნება, მინდა, რომ გლობალურად გავიტანო ის თემა, რაც ჩვენს საზოგადოებაში არის დანერგილი, რაც მე პირადად გადავიტანე, რაც ბევრ ქალს გადააქვს დღესაც და შესაძლოა, არ ვიცით. რეალურად, მე ვიყავი ქალი, ვისაც ჩამიხშეს და წამართვეს ხმა და მე ამ ქალს დავუბრუნე ხმა, გავალამაზე, გავაბედნიერე, ხელში ავიყვანე. ამიტომ გავხდი ჩემი კლიპის რეჟისორი, რომ ეს ყველაფერი მე თავად მაქვს განცდილი და ზუსტად ვიცი, ახლა რა მინდა. როცა ამ ეტაპამდე მიაღწევ, როცა ადამიანის ცნობიერება აქამდე მიდის, იქ შიში აღარ არსებობს. მე იმიტომ კი არ ვქმნი პროდუქტს, რომ ვიღაცამ ტაში დამიკრას, უი, ნეკა რა ლამაზია და რა კარგად მღერისო... ეს საერთოდ არ მინდა, მე მინდა, შემაფასონ, როგორც კარგი არტისტი და კარგი ადამიანი, რომელმაც შეძლო და გადარჩა. შენ თუ შეგიძლია, სხვაც გადაარჩინო, რადგან შენ უკვე გადარჩი, ესე იგი, გაქვს იმუნიტეტი და ძალა, შეგეძლოს სხვაც წამოაყენო ფეხზე. მე თუ ამას შევძლებ, ალბათ, ჩემთვის ეს ყველაზე დიდი ბედნიერება იქნება და ყველაზე დიდი კომპლიმენტი. ახლა რომ მითხრან, უი, ნეკა, რა ლამაზი ხარო, კიდევ ვამბობ, ეს კომპლიმენტი საერთოდ არ მესიამოვნება. ადრე – კი ბატონო, მესიამოვნებოდა, როცა ფოტოსესიებში ვიღებდი მონაწილეობას და მხოლოდ სამოდელო საქმიანობით ვიყავი დაკავებული, მაგრამ ახლა, ეს კომპლიმენტი არ იქნება, ახლა კომპლიმენტი იქნება – რა კარგი არტისტი ხარ, ნეკა! მე, როგორც მომღერალი, არ შევდივარ სცენაზე, მე შევდივარ, როგორც არტისტი. გარდა ამისა, ყველა სიმღერის ტექსტი არის ჩემი დაწერილი და ყველა მათგანში ჩემი განცდებია.
– როგორც პროდიუსერმა და რეჟისორმა, საკუთარი თავი გვერდიდან დაინახო, თავისი განცდებით და ტკივილებით, ალბათ, რთულია. ხომ არ გაგიჭირდა?
– იცით, რა არის? ამ ეტაპზე რთული აღარ არის. ტრანსფორმაციის ეტაპი, რა თქმა უნდა, ძალიან მტკივნეულია და მეც გამიჭირდა. არ არის მარტივი, როცა ძალიან ბევრ განზომილებაში გადადიხარ. მაგრამ მთავარი ამბავი ის არ არის, გავიარე, დავასრულე და სცენაზე დავდგები, მთავარი ამბავია ის, რა გავიარე, როგორ გავიარე და სხვა როგორ მომყვება. ჩემთვის დიდი ძალაა ის ადამიანები, რომლებიც დღეს შეიძლება, მადევნებენ თვალს და როგორც მე წამოვდექი ფეხზე, ისინიც იმავე გზას გადიან და ცდილობენ წამოდგომას. ჩემი სიმღერა, რაზეც კლიპი უნდა გადავიღო, იქნება ქალების მანიფესტი, რითიც მინდა, მსოფლიომ ქართველი ქალების ხმა გაიგოს.
– ანუ, ეს შენი ნამუშევარი, მსოფლიო ბაზარზე გავა და არა მარტო ჩვენი ქვეყნის მსმენელისთვისაა განკუთვნილი. სად გეგმავ კლიპის გადაღებას?
– დიახ, ასეა, მინდა, მსოფლიო ბაზარზე გავიდეს და ამისთვის ყველაფერი გავაკეთე. ბევრ უცხოელ პროდიუსერთან მაქვს ურთიერთობა. კლიპის გადაღებები დაგეგმილია საქართველოში, შავ ზღვაზე და რადგან საერთაშორისო პროდუქტია, აუცილებლად გაჯერებული იქნება ქართული სულისკვეთებითა და ქართული ფესვებით. ერთი სიტყვით, სიმღერა ინგლისურენოვანია, მაგრამ ქართული სულისკვეთებით გაჟღენთილი. მთავარი სცენების გადაღება, თუ ამინდებმა შეგვიწყო ხელი, ათ დღეში უნდა მორჩეს. თუ, ამ ჩემი შემოქმედებით, ერთი პროცენტით მაინც დავეხმარები იმ ქალებს, ვინც დღეს იმ მდგომარეობაშია, როგორშიც მე ვიყავი რამდენიმე წლის წინ, ჩემთვის ეს ძალიან დიდი ძალა და ბედნიერება იქნება. ამიტომ, ვფიქრობ, ჩემი და გიგა კუხიანიძის ეს ნამუშევარი, არის ბომბი და იმედია, ეს ბომბი, მალე აფეთქდება, სხვა გზა არაა (იცინის).
– შენი პირადი ცხოვრება საკმაოდ ხმაურიანი იყო. ის გზა, რაც გამოიარე, თითქმის ყველამ იცის. ახლა თუ არის სიახლე შენს პირად ცხოვრებაში?
– არ დამავიწყდება, როცა წინა ინტერვიუ ჩავწერეთ, გითხარით, პირად ცხოვრებაში არ გამიმართლა-მეთქი. თუმცა, ახლა ასე აღარ ვფიქრობ. არ მინდა, ჩემი ახლანდელი პირადი ცხოვრება გავასაჯააროო, რადგან იმ ადამიანს ვიცავ, მშვიდი ადამიანია და არ უყვარს ყურადღების ცენტრში მოხვედრა. ასე რომ, დღეს კარგად ვარ, ბედნიერი ვარ, ჩემს ცხოვრებაში არის ადამიანი, რომლის ენერგეტიკაც დამეხმარა იმაში, რომ კიდევ უფრო ძლიერი პოზიცია მქონდეს იმ საქმეში, რასაც ვაკეთებ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ყოფილა. რეალურად, თურმე, იმედგაცრუებასაც ძალიან დიდი იღბალი მოაქვს, თუ ამ იმედგაცრუებაში შეიცნობ შენს თავს, თუ იტირებ, მაგრამ არ დაიკარგები. როცა იმედგაცრუებას გრძნობ, შეგიძლია, იტირო, ცრემლები არ „ტეხავს“, მთავარია, ტირილში არ დაიკარგო, ერთ დღესაც უნდა ადგე, უნდა მიხვდე, რომ შენ ისევ ლამაზი ხარ, ისევ სასურველი და კარგი. ეს პრობლემა მეც მქონდა და მძიმე დეპრესიის ფონზე, ალბათ, ყველა ქალს აქვს მსგავსი პრობლემა, უბრალოდ, ხმამაღლა არ გვიყვარს საუბარი. არც მე მსიამოვნებდა, მაგრამ ახლა შემიძლია, ხმამაღლა ვისაუბრო ყველა ემოციაზე. ვფიქრობ, ის ემოცია, რაც ჩვენშია, გვზრდის, თუ ვისწავლით ამ ემოცებში საკუთარი, ახალი „მეს“ აღმოჩენას.
– რა შემოიტანა შენს ემოციაში ახალმა სიყვარულმა და თუ შეგცვალა?
– ახალმა სიყვარულმა საერთოდ არ შემცვალა, უბრალოდ, დამაბრუნა საკუთარ თავში, მეტად გამაცნო საკუთარი თავი და გამაძლიერა. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. როცა ადამიანები ერთმანეთს ცვლიან, იდენტობას კარგავენ, ამის უფლება, ვფიქრობ, არავის გვაქვს. მაგრამ, როცა ადამიანი შენს საკუთარ თავთან უფრო მეტად გაახლოვებს, ეს, უბრალოდ, სიყვარული კი არა, თავისუფლების ნიჭის ჩუქებაა. ასე რომ, გამოდის, ამ ადამიანმა, თავისუფლების უფრო მეტი ნიჭი მაჩუქა.
– რამდენი ხანია, რაც ეს ადამიანი შენს ცხოვრებაში შემოვიდა და ეს ის სიყვარულია, რასაც წლები ელოდი?
– ერთი წელია, ეს ადამიანი ჩემს ცხოვრებაში შემოვიდა და ეს ის სიყვარულია, რაზეც ერთი წლის წინ სიმღერის ტექსტი დავწერე და ვფიქრობდი, ამ სიმღერას, არასდროს გამოვამზეურებდი, ჩემთვის მექნებოდა და მხოლოდ მე მოვუსმენდი. არ ვიცი, ამას წინასწარმეტყველება ჰქვია თუ არა, მაგრამ ნამდვილად მოვიდა ის ინფორმაცია წინასწარ, რამაც ეს სიმღერა დამაწერინა. სხვათა შორის, ზუსტად ისეთი ფორმით განვითარდა ყველაფერი, როგორც დავწერე. სამყაროში შემთხვევით ხომ არაფერი ხდება, არც ის იყო შემთხვევითობა, ამ სფეროში რომ შევდგი ფეხი. ის ეტაპები რომ არ გამევლო, რა ეტაპებიც გავიარე, ვერასოდეს გავიცნობდი ჩემს თავს. ძალიან დიდი ძალა აქვს მადლირებას. როცა ცუდ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი არ ბოროტდები, სამყარო აუცილებლად გჩუქნის ბონუსს და ეს ადამიანიც და მუსიკაში ჩემი ყოფნაც ბონუსია ძალიან დიდი სამყაროსგან. რეალურად, წერამ გადამარჩინა, არ მომცა საშუალება, ჩემს ფიქრებთან მარტო დავრჩენილიყავი. ყველაფერი ფურცელზე გადამქონდა – საკუთარი გრძნობები, ემოციები, განცდები და ახლა ეს ყველაფერი სიმღერაში გადავიტანე. კიდევ ვამბობ, საკუთარი გრძნობების ფურცელზე გადატანამ გადამარჩინა. როცა ჩემი სიმღერის ტექტებს მოისმენთ, ჩათვალეთ, ეს არის ჩემი დღიურები, რომლებიც გამოვამზიურე და ავამღერე. ახლა ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბობოქარი ეტაპი დაიწყო. ისეთი ბობოქარი პერიოდი მიდგას, შემიძლია გამთენიისას წამოვხტე, დამარტყას თავში, გავიკეთო ყურსასმენი და ახალი სიმღერა დავწერო. მსიამოვნებს ეს ბობოქარი პერიოდი, რაც მე მჭირს.
– ბევრი ქალი, როცა ახალ ურთიერთობას იწყებს, ძველს აღარ იხსენებს. როცა სიყვარულში იმედი გიცრუვდება, ყოველთვის ჭირს ახლის დაწყება. ეს შიში გქონდა?
– მე ის განცდა და ტკივილი შეგნებულად არ დავივიწყე, პირიქით, ჩემს მუსიკაში გადმოვიტანე. ტკივილი უნდა გაიარო, რომ შემდეგ რამე შექმნა. რაც შეეხება შიშს, რომ ახალი ურთიერთობა დამეწყო, ნამდვილად არ ყოფილა. ჩემი აზრით, ბოლომდე გააზრებული არავის არაფერი გვაქვს, რადგან არ ვიცით, სამყაროს კანონები რას გვიმზადებს. უბრალოდ, გამოვრთე ყველანაირი აზროვნება და მივხვდი, რომ მე ვარ მე, მე ვეღარ გამაკონტროლებს ჩემი წარსული, მე მიყვარს ჩემი წარსული, ვაპატიე და შევიყვარე თითოეული ნაკლოვანება ჩემში და ვაღიარე ჩემი თავი, როგორიც ვიყავი – ჩემი ნაკლოვანებებით, ჩემი დადებითი მხარით და ჩემი უარყოფითით. არ მოგატყუებთ, გამხსენებია ძველი, წარსული გამოცდილება, ამას ვერ წაშლი, მაგრამ შიშებით, დრამატულად არ დამიწყია ახალი ურთიერთობა. ახალ ურთიერთობაში გონება გამოვრთე და გულის კარნახს მივენდე. ჩემი გამოცდილებიდან, ვფიქრობ, გონება საქმეში უნდა გამოვიყენოთ, მაგრამ ინსტინქტი ღვთის ნებაა, მეც ინსტინქტს ავყევი ახალ ურთიერთობაში და სწორადაც მოვიქეცი. ინსტინქტები არ მოდიან ჩვენთან, უბრალოდ, ეს ღმერთის ნებაა და როცა იქ გონება ერევა, თავისი წარსული გამოცდილებებით, გამორიცხულია, შიშმა უკან არ დაგწიოს. ამიტომ, მე ახალი სიყვარულისთვის გონებით არა, გულით ვიმოქმედე და ჩემს პირად ცხოვრებაში უბედნიერესი პერიოდიც დაიწყო.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან