ნატუკა გულისაშვილი: რაც 40 წელს გადავაბიჯე, სხვის აზრზე აღარ ვარ დამოკიდებული
ავტორი: ქეთი კაპანაძე 19:00
სასწორის ნიშნის წარმომადგენლები მშვიდი, წინდახედული, საზრიანი ადამიანები არიან, რომლებიც სტაბილურობისკენ ისწრაფვიან. აქვთ მახვილი გონება, აზროვნებენ ლოგიკურად და მკაფიოდ. განვითარებული აქვთ მშვენიერების აღქმის გრძნობა...
ნატუკა გულისაშვილი: 5 ოქტომბერს ვარ დაბადებული, შესაბამისად, ზოდიაქოთი სასწორი ვარ. ასტროლოგიის მჯერა, რადგან საკუთარ თავში სასწორის ძალიან ბევრ თვისებას ვიჭერ. ერთხელ მიშა ცაგარელმა მითხრა, შენში მორიელის თვისებებიც არისო, მაგრამ ჩემი პირადი რუკა არასდროს გამიკეთებია და ეს არ ვიცი, თუმცა ჩემ გარშემო ბევრი სასწორია და კარგად ვუგებთ ერთმანეთს. რაც შეეხება ასტროლოგიურ პროგნოზებს, მოვიტყუები, რომ ვთქვა, ვითვალისწინებ-მეთქი, ასე არ არის. დღეებს ამის მიხედვით ნამდვილად არ ვგეგმავ.
– სასწორი დიპლომატ და კონფლიქტების მომგვარებელ ადამიანად მიიჩნევა.
– ზუსტად ასეა. შემიძლია, ძალიან დიპლომატიურად მივუჩინო ადამიანს თავისი ადგილი. ჩხუბიდანაც ძალიან დიპლომატიურად გამოვდივარ. ჩემ გარშემო, ტელევიზიაში თუ სხვაგან, იტყვიან ხოლმე ჩემზე „სასწორული ჩართოო“. კი, ასეა, მაქვს ეს თვისება.
ასევე, ვიცი, რომ სასწორი ძალიან ესთეტია, უყვარს ხელოვნება. ამაშიც ვეთანხმები, მეც ძალიან მიყვარს გარემოს გალამაზება.
ჩვენი მფარველი პლანეტა ვენერაა, ეს სიყვარულის პლანეტაა, ამიტომ შეიძლება, პირად ცხოვრებაში არ არის სიყვარული, მაგრამ მთლიანობაში არის – ჩემი ყოველდღიურობა გარშემო მყოფების სიყვარულით არის სავსე.
– სასწორი ძალიან კომუნიკაბელური ნიშანია. მგონი, არავის შეეპარება ეჭვი, რომ ასეთი ხართ.
– კი, ბატონო, გეთანხმებით. მართლა ძალიან კომუნიკაბელური ვარ და ამიტომაც ვამბობ, რომ ძალიან ვემთხვევით თვისებებით. ერთადერთი თვისება, რაც ხან მაქვს და ხან არა – ეს ორჭოფობაა.
– სასწორებს ძალიან უჭირთ გადაწყვეტილების მიღება. თქვენთანაც ასეა?
– რაღაც პერიოდის შემდეგ, ალბათ, ჩემში სასწორი ცოტა რომ დაღვინდა, ეს დამემართა. რამის ყიდვა იქნება თუ სხვისთვის რაღაცის თქმა, ძალიან ვყოყმანობ, მაგრამ მეორე წუთას, შეიძლება, უცებ გადავდგა რაღაც ნაბიჯი. ვერ ვიტყვი, როდის როგორ ხდება, ამას რამე კონკრეტული მიზეზი არ აქვს. მაგალითად, ამ ბოლო დროს სპონტანურად ვერაფერს ვყიდულობ. რამეს რომ ვნახავ და მომეწონება, დიდხანს ვფიქრობ, ავწონ-დავწონი და მერე ვიღებ გადაწყვეტილებას.
– ზოგჯერ ზედმეტად დამოკიდებულია სხვების აზრზე...
– მართლა ძალიან ვიყავი დამოკიდებული სხვების აზრზე, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს მხოლოდ სასწორის ნიშნის ქვეშ დაბადებულებს არ ახასიათებთ, ეს ქართველების დამახასიათებელი თვისებაა. ჩვენ გავიზარდეთ აზრით – „რას იტყვის მეზობელი“... ამიტომ ეს შეიძლება, სასწორის ნიშნის კი არა, ჩვენი აღზრდის ბრალია. თუმცა ერთსაც ვიტყვი, რაღაც პერიოდის შემდეგ, ალბათ, რაც 40 წელს გადავაბიჯე, მას შემდეგ სხვის აზრზე აღარ ვარ დამოკიდებული. ძალიან რთულია, როცა რამის გაკეთება, თქმა ან ჩაცმა გინდა და ამას მხოლოდ იმიტომ არ აკეთებ, რომ სხვისი აზრი გაშინებს. ალბათ, მკითხველიც დამეთანხმება, რომ ეს თვისება ზოდიაქოს სხვა ნიშნის ქვეშ დაბადებულებსაც ექნებათ, რადგან ჩვენ ტრადიციულ ოჯახებში გაზრდილი ქართველები ვართ. სხვას ძალიან დიდი დოზით ვითვალისწინებდით. აქ არ არის საუბარი სხვის პატივისცემაზე, არამედ „რას იტყვის სხვა“.
– ვთქვით, რომ კონფლიქტების მოგვარების კარგი უნარი გაქვთ, მაგრამ იმავდროულად, სასწორი გაურბის კონფლიქტებს, ძალიან არ უყვარს მსგავსი მომენტები. თქვენს შემთხვევაში?
– მართლა არ მიყვარს. ამიტომ ყოველთვის, როცა კონფლიქტია, ჩუმად ვარ, რადგან ვხვდები, რომ არ მინდა კამათში შესვლა და რაღაცების მტკიცება. ასევე, ვერ ვიგებ, რატომ უნდა იყო კონფლიქტური. ადამიანი ერთხელ ცხოვრობ ამქვეყნად და მშვიდად და სიყვარულით მირჩევნია ცხოვრება. მით უმეტეს, კონფლიქტში ხმამაღალი საუბარი არ მიყვარს. პირიქით, მშვიდად და ხმადაბლა ვიტყვი ჩემს სათქმელს და გავჩერდები. კონფლიქტიდან კი არ გავდივარ, უბრალოდ ვჩუმდები და თუ გვერდით კონფლიქტური ადამიანია, რომელსაც სურვილი აქვს კონფლიქტში ჩაგითრიოს, გასაქანი აღარ აქვს და ამით ყველაფერი მთავრდება.
– ძალიან გულღია ადამიანია. ეს ძალიან კარგი თვისებაა, თუმცა შეიძლება, დამაზარალებელიც აღმოჩნდეს. თქვენი გამოცდილებით რას იტყვით?
– აბსოლუტურად გეთანხმებით. თუმცა, კიდევ ვიტყვი, ეტყობა, სასწორს სჭირდება გარკვეული ასაკი და გამოცდილება და მერე რადიკალურად იცვლება. თუ ამ თვისებაზე ვისაუბრებთ, ძალიან გულღია ვიყავი, მაგრამ დროსთან ერთად, გულღია მხოლოდ ძალიან ახლობელი ადამიანების მიმართ დავრჩი. ზოგადად, უფრო თავშეკავებული გავხდი. მოდი, პირდაპირ ვთქვათ, ჩემი დაკვირვებით, სასწორი გარკვეული ასაკის შემდეგ „ჭკუას სწავლობს“.
– სასწორი ძალიან შემწყნარებელი ნიშანია. ანუ, ბევრის პატიება შეგიძლიათ...
– არ მახსოვს, რამე გულში ჩამედოს და ადამიანისთვის არ მეპატიებინოს. ვაპატიებ, უბრალოდ, შესაბამისი დამოკიდებულება მიჩნდება მის მიმართ. ცხოვრებაში ყველას გვეშლება და მე შემიძლია, ვაპატიო ადამიანს, რომელიც მიყვარს, რომელიც ჩემი ახლობელია. თუმცა, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ვაპატიებ, მაგრამ მათთან ძველებური ურთიერთობა და სიახლოვე აღარ მექნება, რადგან მათი ქცევიდან გამომდინარე, ჩემი სასწორი სხვა მხარეს გადაიწონის (იცინის). გამოცდილება თუ მაჩვენებს, რომ ძველებურად გაგრძელება აღარ სჯობს, ასეც მოვიქცევი, მაგრამ გულში ბოღმას არავითარ შემთხვევაში არ დავიტოვებ. ცხოვრებამ მასწავლა, რომ ადამიანი, რომელსაც ძალიან ეშლება, უკვე ცოდოა და ეს საკმარისია.
სასწორები საკმაოდ ჭკვიანები არიან, ამასთანავე მშრომელებიც. ფარ-ხმალს არასდროს ყრიან. ყოველ შემთხვევაში, მე ასეთი ვარ. თუ რამე არ გამოვა, მცდელობებით არ დავიღლები. ერთადერთი, რაც ჩემს სასწორს აქვს, ეს სულსწრაფობაა. რაღაც ახლის დაწყება რომ მინდა, ცოტათი ვმერყეობ. მერე შეიძლება, უცებ გადავდგა ნაბიჯი. ჩემში ზუსტად ვხედავ სასწორს. ერთ წუთას შეიძლება, ძალიან მშვიდ, სახლურ ხასიათზე ვიყო, წამოწოლა და წიგნის წაკითხვა მინდოდეს, მაგრამ რამდენიმე წამში ისეთი აქტიური გავხდე, რომ სახლში რემონტი დავიწყო. სანამ ნაბიჯს გადავდგამ, მერყევი ვარ, მაგრამ როცა ამას გავაკეთებ, მერე უკან დახევა აღარ მჩვევია. ძალიან მიმღები ვარ ჩემი შეცდომების. თუ შეცდომას ვუშვებ, სხვას არასდროს ვაბრალებ.
– სასწორს უყვარს რჩევების მოსმენა, მაგრამ არა გაცემა.
– ჩემს შემთხვევაში – პირიქით. რატომღაც ისე მოხდა, რომ ჩემი მეგობრები ხშირად ითვალისწინებენ ჩემს რჩევებს. ხშირად მეკითხებიან აზრს, როგორ ჯობს მოქცევა. სხვისი რჩევების მოსმენა არ მიყვარს. შეიძლება, სიამოვნებით მოვისმინო სხვისი ცხოვრებისეული ისტორია, მაგრამ რომ დაგისვამენ და რჩევების მოცემას დაგიწყებენ, ეს – არა. თუ ადამიანს რჩევა ვკითხე, რასაკვირველია, მოვისმენ კიდეც, მაგრამ სხვა შემთხვევაში მოცემულ რჩევებს ზრდილობის გამო თავს დავუქნევ, მაგრამ არ მოვუსმენ. ჩემდა საბედნიეროდ, იმავდროულად, ძალიან დიდი პასუხისმგებლობის გრძნობით, ვიტყვი, რომ რჩევებისთვის ბევრჯერ მოუმართავთ ჩემთვის გარშემო მყოფებსა და მეგობრებს, მაგალითად, როცა კონფლიქტური სიტუაცია აქვთ ან არ იციან, დიპლომატიურად როგორ უთხრან სათქმელი სხვა ადამიანს. ეს ჩემთვის მართლა დიდი პასუხისმგებლობაა და ყოველთვის გულისყურით ვეკიდები.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





