შოუბიზნესი

ნატო გელაშვილი: ამდენი სიყვარულითა და ბედნიერებით უკვე „გადავიწვი“

№35

ავტორი: ნონა დათეშიძე 23:00 06.09, 2021 წელი

ნატო გელაშვილი
დაკოპირებულია

ყველასთვის საყვარელი კომპოზიტორისა და მომღერლის, ნატო გელაშვილის უფროსმა ვაჟმა, გიო ჭოხონელიძემ დედა ძალიან გაახარა და მისი ცხოვრება თავდაყირა დააყენა. სულ მალე მათ ოჯახში ახალი წევრი ოფიციალურად შევა და ანეტა ნიკურაძე, ნატოს მესამე შვილი გახდება. ანეტა პროფესიით პიანისტია და როგორც თავად ნატო ამბობს, მათ ოჯახს კიდევ ერთი შემოქმედი ადამიანი შეემატა, რომლისთვის სიყვარულსა და სითბოს არასოდეს დაინანებს. ჟურნალი „თბილისელები“ ულოცავს „ჭოხოების“ ოჯახს ამ სიხარულს, სიყვარულსა და ბედნიერ თანაცხოვრებას უსურვებს.

ნატო გელაშვილი: დედამთილი გავხდი და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავდივარ. იმდენ მილოცვას ვიღებ, ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე ვარ. ტელეფონი „აფეთქდა“ ზარებითა და მესიჯებით. სხვათა შორის, დრომ ძალიან მალე გაირბინა და უცებ დაკაცდნენ. ყველა ეტაპი ისე გავიარეთ, დროის ათვლა თითქმის არ მიგრძნია. ცოტა მიჭირს იმის გააზრება, რომ ამხელა დრო გავიდა და ასე გაიზარდნენ. დედა რომ გავხდი, მაშინ მივხვდი, რა არის ქალის პიროვნული სრულყოფილება. ბედნიერებაა, როცა დედა ხდები. ჩემზე ბედნიერი დედამიწის ზურგზე არავინ მეგონა. მერე პირველ ბიჭს, მალევე, მეორე ბიჭის დედობა მოჰყვა და ბედნიერება გაორმაგდა.

– შენს შემოქმედებით წინსვლაში შვილებს დიდი წვლილი მიუძღვით...

– დიახ, ასეა. „ჩემო ცისფერთვალება“ იმ ვაჟბატონს მივუძღვენი, რომელიც ახლახან დაქორწინდა და გამაბედნიერა – დანიშნა ულამაზესი გოგონა, ჩემს ოჯახს ახალი ნამატი ჰყავს და მეამაყება და მიხარია, მთლიანად დახუნძლული ვარ ემოციით. თითქოს ჩემი არსება ამოტრიალდა და ხმაც კი შემეცვალა. მგონი, იმ დონეზე დამეხვეწა, ოცი წლის წინ რომ მქონდა, აწი ისე გამოვალ სცენაზე (იცინის).

– რამდენად ახლოს ხარ ბიჭებთან და თუ იცი მათი პირადი ურთიერთობების ამბები? სარძლოზე გქონდა ინფორმაცია?

– პირველივე დღიდანვე ვიცოდი ყველაფერი. ზოგადად, ჭოხოები, სიურპრიზების მოყვარული ძმები არიან, უბრალოდ, გიოს ნელ-ნელა შევამჩნიე ცვლილება. თუმცა, არც დაუმალავს. ერთი პერიოდი, სანამ თვითონ ჩამოყალიბდებოდნენ, ფიზიკურად არ ვიცნობდი ჩემს მომავალ სარძლოს, თუმცა, როგორც კი გავიცანი, ჩემი გოგო გახდა. ასე ვთქვათ, მესამე შვილის, გოგოს დედა ვარ. მასთან ყველა შეხება ახალ ემოციას იწვევს, ჩემი საზრუნავი და მოსაფერებელი ადამიანია. ვერ ვგრძნობ, რომ რძალია, ის ჩემი შვილია და ცოტა ხანში სახლში მოვიყვან.

– როცა ბიჭს ცოლი მოჰყავს, დედებში გარკვეულწილად ეგოიზმი „ირთვება“. მსგავსი მომენტები შენ არ გქონია?

– ეგოიზმი კი არა, იმდენად სავსე ვარ ემოციით, ასე მგონია, ამ გოგომ მთლიანად შემავსო. და, მგონი, იმდენად მიყვარს, ეგოიზმი რძლის მიმართ უფრო მემართება, ვიდრე შვილის მიმართ (იცინის). ძალიან კარგი პიროვნებაა. ჩემთვის ღირებულებები ძალიან მნიშვნელოვანია. როცა საქმე ჩემს ოჯახსა და შვილებს ეხება, მთლად ემოციას აყოლილი ადამიანიც არ ვარ. თავიდან იყო დაკვირვებული თვალი, რენტგენზე გატარება, მაგრამ წამებში მივხვდი, რამდენად კარგია. უკვე ძალიან შემაყვარა თავი – ამას გულწრფელად ვამბობ. არ დამავიწყდება, გიომ პირველად რომ მომიყვანა სახლში, მაშინ ნამდვილად მქონდა კრიტიკული თვალი (იცინის), მაგრამ ერთი საათი მეყო იმისთვის, გამეთავისებინა, რომ უკვე ჩემი გოგოა. კიდევ ვიტყვი, მან ახალი ემოციები შემოიტანა ჩვენს ოჯახში და პირადად ჩემში.

– ეჭვი მაქვს, სიურპრიზსაც გაუკეთებ და ლამაზ სიმღერას მიუძღვნი.

– გამოიცანით (იცინის). აუცილებლად დავუწერ ანეტას ლამაზ სიმღერას, სიურპრიზს ვუმზადებ. სხვათა შორის, გიოც და ლუკაც, ორივე ჭოხოები რომ რომანტიკულები არიან, ამაში ჩემი დიდი წვლილიცაა (იცინის). ეს – ხუმრობით. ზოგადად, რომანტიკა, ჩემი თანმხლებია და ეს ჩემს შემოქმედებაშიც აისახება. ბიჭების დაბადებიდან ვცდილობდი, მათში რომანტიკა, ლამაზი ხედვა და სიკეთე დიდი დოზით „ჩამედო“, ცხოვრება რთულია და მინდა, სიყვარული და რომანტიკა ყველა სირთულის გადალახვაში დაეხმაროთ.

– ნატო, რძალთან ერთად აპირებ ცხოვრებას თუ ახალგაზრდებს ცალკე უნდათ ცხოვრება?

– ანეტა, ხომ, ჩემი მესამე შვილია და კიდევ მყავს მეოთხე შვილიც – დოდი, უსაყვარლესი ცუგა. ასე რომ, სამი ბიჭისა და ერთი გოგოს დედა ვარ. რაც შეეხება ერთად ცხოვრებას, ჯერ არ ვიცი. ჩვენს ერთიანობას ცალ-ცალკე ცხოვრება ვერ დაარღვევს, მაინც ვერ გავძლებთ ერთმანეთის გარეშე. ამ შემთხვევაში გეოგრაფიულობას რა მნიშვნელობა აქვს? როგორც თავად გადაწყვეტენ, ისე იქნება. თუმცა, ეჭვი მაქვს, მაინც ჩემთან იცხოვრებენ, ასე ამბობენ (იცინის).

– პანდემიის პირობებში ჯვრისწერა, ხელის მოწერა და ქორწილი უკვე დაგეგმეთ?

– დავგეგმეთ, მონახაზი გვაქვს და ძალიან მალე შედგება. პანდემიის პირობებში ჯვრისწერაც გვექნება და ხელის მოწერის ცერემონიალიც, მაგრამ ყველა რეგულაციის დაცვით, რომ ჩვენი ბედნიერებით სხვა არ დავაზარალოთ.

– უკვე ფიქრობ იმაზე, რომ ახალგაზრდა ბებია იქნები?

– დიდი ხანია, მაქვს ფიქრები, რომ ახალგაზრდა ბებია ვიქნები (იცინის) და წარმოიდგინეთ, როგორ მიხარია, რომ უკვე პოტენციური ბებია ვარ (იცინის).

– ლუკასაც ხომ არ ჰყავს შეყვარებული?

– ლუკა ცოტა მძიმე შემთხვევაა. თუმცა, გიოც მძიმე იყო, მაგრამ უცებ გამაბედნიერა. რომ მირეკავენ ჩემი მეგობრები, მეუბნებიან: არ გვჯერა, გიო რომ დაქორწინდა, ისევ პატარა გვგონიაო. არადა, ეს 25 წელი, ისე შემომელია ხელში, ისე გავხდი ახალგაზრდა დედამთილი, კიდევ ვერ მოვდივარ აზრზე. თუმცა, უკვე გადარეული დედამთილი ვარ (იცინის). კიდევ ვამბობ, ის არ არის რძალი, ანეტა არის მესამე შვილი. სითბოსა და სიყვარულს არ მოვაკლებ, რძალს რასაც დავპირდები, იმას ყოველთვის მიიღებს. ანეტას კონსერვატორია აქვს დამთავრებული, პიანისტია, გემოვნებიანი გოგო და ექსტრავაგანტურ-ორიგინალური ხედვები აქვს. ასე რომ, ოჯახში კიდევ ერთი შემოქმედი და მუსიკოსი შემოგვემატა. ჩემს ოჯახს „ჭოხოების სიყვარულის ოჯახი“ ჰქვია, ანეტას შემოსვლით კი ეს სიყვარული გაბევრდა. მერიდება კიდეც ამის თქმა, მაგრამ ასეა – ამ კორონაპანდემიაში ჭოხოების სახლში კორონა არა, მაგრამ სიყვარული ნამდვილად გაბევრდა. მოკლედ, ამდენი სიყვარულითა და ბედნიერებით უკვე „გადავიწვი“ (იცინის).

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი