ნათია ზარანდია: წავიკითხე, რომ ბიძინა ივანიშვილისა და პუტინის გამომცხვარი კადრი და შემოგზავნილი აგენტი ვარ
ავტორი: ქეთი მოდებაძე 23:00 24.03

მომღერალი ნათია ზარანდია რომ წარმატებული და საოცრად პოზიტიური ადამიანია, ამაში მისი მუსიკალური საღამოებიდანაც დარწმუნდებით და ამაზე მეტყველებს მისი სოციალური ქსელიც. ბოლო პერიოდი მისთვის განსაკუთრებული წარმატების მომტანი აღმოჩნდა.
ნათია ზარანდია: ბოლო პერიოდში ჩემი ცხოვრება ძალიან შეიცვალა. აქამდეც აქტიური ვიყავი, მაგრამ ახლა კიდევ უფრო გავაქტიურდი. ეს ყველაფერი ძალიან სპონტანურად მოხდა. ცოტა ხნის წინ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები შემექმნა და ორი ოპერაციის გაკეთება დამჭირდა. ისე გამოვიდა, რომ ოპერაცია დღესასწაულად მექცა. კლინიკაშიც კონცერტი მოვაწყვე (იცინის). მიცნეს ექიმებმა, თურმე, ჩემი გულშემატკივრები ყოფილან და ოპერაციის მეორე დღეს ჩემს პალატაში დინამიკით შემოვიდნენ, ჩემი სიმღერა ჰქონდათ ჩართული. მე უკვე კარგად ვიყავი, თვითონაც გაუკვირდათ, გაპრანჭული დავდიოდი (იცინის). მიკროფონიც ხომ არ გაქვთ-მეთქი, ვიკითხე და აღმოჩნდა, რომ ჰქონდათ. დერეფანში გავედით და ლელა წურწუმიას სიმღერა შევასრულე. სხვათა შორის, ლელამ თავის გვერდზეც გააზიარა ეს ვიდეო. უამრავი მოწონება ჰქონდა. მე თვითონ შოკში ვიყავი.
– როგორ ახერხებ, ასეთ დროსაც რომ გარშემო პოზიტიურ ატმოსფეროს ქმნი?
– ალბათ, ჩემი ხასიათიდან გამომდინარე. ყოველთვის ყველაფერს პოზიტიურად ვუყურებ. მალე უნდა გამოვჯანმრთელებულიყავი, საღამოები მქონდა დაგეგმილი, ჩემი დაბადების დღე მოდიოდა, რომელმაც ასევე, ძალიან ლამაზად ჩაიარა და ცუდად ყოფნის უფლება არ მქონდა. ჩემს თავს ვუთხარი: ნათია, შენ წოლის დრო არ გაქვს-მეთქი. საბედნიეროდ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა სამედიცინო თვალსაზრისითაც, ექიმებმა ყველაფერი კარგად გამიკეთეს და მომეცა ამის საშუალება, თუმცა, მე ვფიქრობ, რომ განწყობასაც ძალიან დიდი ძალა აქვს და მე ეს ყოველთვის მეხმარება. სხვათა შორის, მერე ცოტა ტკივილი მქონდა, მაგრამ ამას არა უშავდა. ორი ოპერაციის ფონზე თავს შესანიშნავად ვგრძნობდი, კლინიკაში სიმღერ-სიმღერით შევედი და გამოვედი. ერთ კვირაში უკვე საღამო გავმართე, არადა, მეუბნებოდნენ, სამი-ოთხი თვე დაგჭირდება რეაბილიტაციისთვისო. ყველა შოკში იყო, სხვათა შორის, ბევრმა იფიქრა, რომ პლასტიკური ოპერაცია გავიკეთე, მაგრამ ასე ნამდვილად არ არის (იცინის). იმასაც წერდნენ, ეტყობა, თავისი აპარატურით მივიდა კლინიკაშიო, ხომ იცით, გამოიძებნებიან „კრიტიკოსები“.
– რაც უფრო პოპულარული ხდები, ალბათ, მეტი ჭორი გესმის საკუთარ თავზე.
– რა თქმა უნდა, რას არ ამბობენ. ზოგჯერ მე თვითონ გაოცებული ვარ, მაგრამ მეცინება, იმუნიტეტი მაქვს გამომუშავებული. როცა მინდა, ვიხალისო, ჩემ შესახებ კომენტარებს ვკითხულობ. წერონ, თუ ამით ბედნიერები არიან, მე ეს ხელს არანაირად არ მიშლის. პირიქით, ჩემს რეიტინგს მაღლა სწევს (იცინის). ეს ვერ მოვა იმ ბედნიერებასთან, რასაც ვგრძნობ. ბოლო დროს რა ვიდეოებსაც ვდებ, საოცარი გამოხმაურება აქვს, საოცარ სითბოსა და სიყვარულს გამოხატავენ. ძალიან კარგი პერიოდი მაქვს და მიხარია.
– საღამოებიც ძალიან ხშირად გაქვს, ამ მხრივაც აქტიური ხარ.
– კი, არც საღამოები მაკლია. მადლობა ღმერთს, ბევრი შემოთავაზება მაქვს. ახლა ახალ სიმღერას ვამზადებ, ეს ჩემი დაბადების დღის საჩუქარია. სიურპრიზი გამიკეთეს. ეს ყველაზე კარგი საჩუქარია ჩემთვის. სხვათა შორის, ადამიანი, ვინც მე ეს საჩუქარი გამიკეთა, ისრაელში ცხოვრობს და ისრაელის გულს ეძახიან. ჩვენს ვარსკვლავებთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს. მგონი, ყველა იცნობს. თუმცა, ის ჩემი თაყვანისმცემელი არ არის, ჩვენ მრავალი წელია, ვმეგობრობთ და ასე ვთქვათ, მმფარველობს.
– დარწმუნებული ვარ, თაყვანისმცემელთა ნაკლებობას არ განიცდი. ცოტა ხნის წინ ვალენტინობა იყო, დაბადების დღე გქონდა და ალბათ, ძალიან გაგანებივრეს.
– ყველა დღესასწაულზე სცენაზე ვდგავარ, ვალენტინობასაც ასე იყო. უალამაზესი ყვავილები მომართვეს. მხოლოდ დღესასწაულებზე არა, საღამო არ ჩაივლის, რომ ყვავილებით არ დამასაჩუქრონ. ძალიან მანებივრებენ ჩემი მეგობრები. მაგალითად, ახლახან „აიფონ 16“ მივიღე საჩუქრად, მაგრამ მამაკაცისგან არა, ჩემი თაყვანისმცემელია, თუმცა ქალი (იცინის). მართლა საოცრებები ხდება ჩემს ცხოვრებაში. რაც შეეხება პირადს, ვერ ვიტყვი, რომ აქ რამე ძალიან მნიშვნელოვანი ხდება. ბოლომდე საქმეზე ვარ გადართული. ძალიან გადატვირთული გრაფიკი მაქვს. ალბათ, ახლა ასეთი პერიოდია, ახლა ჩემი დროა (იცინის).
– ვიცი, რომ თაყვანისმცემლები ძალიან აქტიურობენ და როგორ იგერიებ?
– კი, ძალიან. ზოგჯერ მიკვირს. ადამიანებს, რომელსაც არასდროს ვუნახივარ რეალურ ცხოვრებაში, ყურადღებას იჩენენ, საჩუქრებითაც და ამის გარეშეც. ეს ძალიან სასიამოვნოა. ნებისმიერი ყურადღება სასიამოვნოა. მნიშვნელობა არ აქვს, ძვირად ღირებული საჩუქარია თუ ელემენტარული ყურადღება, ჩემთვის ყველა ძალიან ძვირფასია. ეს მაძლევს ენერგიას. შეიძლება, ღამე გავათენო და მეორე დღეს „მკვდარი“ მივდიოდე საღამოს გასამართად, ვფიქრობ ხოლმე, რომ ძალა არ მეყოფა, მაგრამ ხალხს და მათ სიყვარულს რომ ვხედავ, ენერგიით ვივსები. სიმღერა ჩემთვის თერაპიაა. ზოგჯერ ვამბობ ხოლმე, მომბეზრდა-მეთქი, მაგრამ ისევ მას გამოვყავარ ყველანაირი მდგომარეობიდან. თაყვანისმცემელი ყველას ჰყავს. რა თქმა უნდა, ცდილობენ გაცნობას, მაგრამ ღიმილით ვცდილობ, შევხვდე ან იუმორით. ვამბობ ხოლმე, გაცნობის ბიურო არ მაქვს-მეთქი (იცინის). სოციალურ ქსელში ჩემი ნომერი მაქვს მითითებული, მაგრამ ეს იმიტომ, რომ საღამოებთან და კონცერტებთან დაკავშირებით დამიკავშირდნენ. ზოგი პაემნის დასანიშნად მიკავშირდება, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ვწუხდები ამით, მშვენივრად ვუმკლავდები, არ არის ეს მოუგვარებელი პრობლემა.
– საოცარ კომენტარებს გიწერენ, წეღან თვითონაც აღნიშნე. რა დაგამახსოვრდა განსაკუთრებულად სასიამოვნოდ?
– კოლეგებს ვეკითხები ხოლმე, თქვენთანაც იგივე ხდება-მეთქი და ბევრი აღნიშნავს, რომ ჩემს კომენტარებში საოცრებები ხდება (იცინის). ძალიან მიხარია, როცა აღნიშნავენ, რომ ჩემს საღამოებზე პოზიტივით იმუხტებიან. უკვე მეტსახელად მექცა: „ქალი ცეცხლი“, „ტორნადო“, „ვულკანი“, „ფეიერვერკი“ და ასე შემდეგ. ვხუმრობ ხოლმე, ნათია ზარანდია კი არა, პოზიტივი ზარანდია უნდა დავირქვა, ან ცეცხლი-მეთქი (იცინის). ჩემ უკან ძალიან დიდი ჯარი დგას და მე ისინი მაბედნიერებენ.
რაც შეეხება უარყოფით კომენტარებს, ასეთიც არის. მაგალითად, ბოლოს წავიკითხე, რომ მე ბიძინა ივანიშვილისა და პუტინის გამომცხვარი კადრი ვარ, იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთში დაბადებული და გაზრდილი ვარ. წერდა ვიღაც, შემოგზავნილი აგენტიაო (იცინის). არადა, ამ დროს სრულიად აპოლიტიკური ვარ. სახალისოა, როგორ შეიძლება ეს სერიოზულად მიიღო?!
– ძალიან გამორჩეული ჩაცმის სტილი გაქვს და ამითაც ბევრს ხიბლავ.
– ეს ჩემთვის სიმღერაზე ნაკლებად მნიშვნელოვანი არ არის. ძალიან მიყვარს ჩაცმა და ყველა ჩემი გამოსვლის დროს, ლუქებს დიდი პასუხისმგებლობით ვუდგები. ვარცხნილობიდან დაწყებული, ფრჩხილის ლაქის ფერით დამთავრებული ყოველთვის შეხამებული მაქვს. მიხარია, რომ ამას აღნიშნავენ. ყოველთვის ვცდილობ, ორიგინალური ვიყო. ძალიან მეხმარება დედა. მას საოცარი გემოვნება აქვს და ხშირად ის ყიდულობს ჩემთვის, იმაზე უკეთ არჩევს, ვიდრე ეს მე შემიძლია. არ მახსენდება, რომელიმე ლუქი გამემეორებინა. რაც არ უნდა უარვყოთ, როცა ადამიანი კარგად გამოიყურება, სასიამოვნო სანახავია. მე ვფიქრობ, რომ პროფესიაში ჩემი გარეგნობაც მეხმარება. უამრავი შემოთავაზება მაქვს ესთეტიკური კლინიკებიდან, ტანსაცმლის მაღაზიებიდან. ალბათ, იმიტომ, რომ კარგად გამოვიყურები და კი, ამას ნამდვილად ვუთმობ დროს. უპირატესობას კლასიკურ და ექსტრავაგანტულ სტილს ვანიჭებ.
– როგორი უნდა იყოს მამაკაცი, რომ თავი ძალიან შეგაყვაროს?
– კეთილი გული უნდა ჰქონდეს. როდესაც ადამიანს კარგი და უბოროტო სული და გული აქვს, ამ ცხოვრებაში ბევრი რამ ეპატიება. სანდო და შრომისმოყვარე ადამიანი უნდა იყოს. მჯერა, რომ ასეთი ბევრს მიაღწევს. სერიოზული ადამიანი უნდა იყოს, რომელმაც იცის პასუხისმგებლობის მნიშვნელობა და სიტყვის ადამიანია.
– სიმპათიური არ უნდა იყოს?
– არ ვიცი რატომ, მაგრამ ეს ჩემთვის ყოველთვის მეასეხარისხოვანი იყო (იცინის). რა თქმა უნდა, გინდა, გვერდით სიმპათიური ადამიანი გყავდეს, მაგრამ ეს არ არის ჩემთვის გადამწყვეტი. ბევრი სიმპათიური მინახავს, ცხოვრებაში რომ არ გამოგადგება. შეიძლება, ადამიანი არ იყოს ძალიან ლამაზი, მაგრამ ისეთი ქცევები ჰქონდეს, ყველაზე სიმპათიურად და ღირსეულად გეჩვენებოდეს. კაცი მთლიანად ქმედებებია და თუ ალენ დელონი არ იქნება, არა უშავს (იცინის).
სიახლეები ამავე კატეგორიიდან