შოუბიზნესი

ნათია წიწილაშვილი: ბავშვი რომ გავაჩინე, რატომღაც ყველამ გადაწყვიტა, რომ ჩემი პროფესიისთვის აღარ მეცალა

№49

ავტორი: ქეთი კაპანაძე 18:55 14.12

ნათია წიწილაშვლი
დაკოპირებულია

მსახიობი ნათია წიწილაშვილი ბოლო პერიოდში ეკრანზე ნაკლებად ჩანდა. მეორე შვილის დაბადების შემდეგ უფრო მეტი დრო ოჯახს დაუთმო, თუმცა, ახლახან ეკრანსაც დაუბრუნდა სერიალ „სიყვარულს მიღმათი“.

ნათია წიწილაშვილი: დიდხნიანი პაუზის შემდეგ ეკრანს დავუბრუნდი. სერიალ „სიყვარულს მიღმას“ ქასთინგმენეჯერი დამიკავშირდა და სიხარულით დავთანხმდი. მანამდე ერთ-ერთ სეზონში სულ სხვა როლიც შემომთავაზეს, მაგრამ მაშინ ვერ მოვახერხე მონაწილეობის მიღება და ძალიან დამწყდა გული, იმიტომ, რომ საინტერესო, საკმაოდ პოპულარული და გემოვნებიანი სერიალია. ეს უკვე მეხუთე, საფინალო სეზონია და ძალიან გამიხარდა, როცა დამირეკეს, რადგან უკვე მეც შემეძლო მონაწილეობის მიღება. ჩემი პერსონაჟი ეპიზოდურ როლს არ თამაშობს, არც მთავარ როლად განიხილება, თუმცა, სხვა გმირებზე თავის გავლენას ახდენს და მგონია, რომ მაყურებლისთვისაც საინტერესო იქნება.

– ამდენხნიანი პაუზის შემდეგ რამდენად სასიამოვნო აღმოჩნდა დაბრუნება?

– ძალიან სასიამოვნო აღმოჩნდა. ბუნებრივია, რადგან ეს ჩემი პროფესიაა. ბოლო პერიოდის განმავლობაში შემოთავაზებები იყო, მაგრამ ეს პროფესია მე უკვე, თითქოს, ჰობის სახით მაქვს (იცინის). არის რეკლამები, კლიპები... სერიალისა და ფილმის სახით, ანუ, შედარებით დიდი პროექტიდანაც იყო რამდენიმე შემოთავაზება, მაგრამ უარი ვთქვი. არ იყო ჩემთვის მისაღები და ამიტომ, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს ძალიან გემოვნებიანი სერიალია და სიამოვნებით დავთანხმდი.

დიდ პროექტს რაც შეეხება, ბოლოს ქართულ-ყაზახურ ფილმში მივიღე მონაწილეობა. ეს ჯერ კიდევ პანდემიის დროს იყო. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, პანდემიის დროს მე ვმუშაობდი. მაშინაც ვმუშაობდი, როცა ყველა სახლში იყო ჩაკეტილი. ტესტების ჩაბარებით, უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალური დაცვით და განსაკუთრებული სიფრთხილით. ერთი თვე ყაზახეთში ვიცხოვე, თბილისშიც გვქონდა გადაღებები და იმ პერიოდში ძალიან დაკავებული ვიყავი. თუმცა, ისე დაემთხვა, როცა პანდემია დასრულდა და ყველაფერი ძველებურად ამოძრავდა, მე ამ პერიოდში უკვე ორსულად ვიყავი, რამდენიმე პატარა პროექტში მივიღე მონაწილეობა და როდესაც ბავშვი დაიბადა, რატომღაც, ისე, რომ არავის უკითხავს, თითქოს, ყველამ გადაწყვიტა, რომ მე ჩემი პროფესიისთვის არ მეცალა (იცინის).

– თვითონ თუ აქტიურობდი?

– მქონდა პერიოდი, თუ პროექტი არ მქონდა, ვნერვიულობდი, მაგრამ უკვე გადამიარა ნერვიულობის მომენტმა. თუ იქნებოდა, იქნებოდა. რამდენჯერმე თავის შეხსენებაც ვცადე. იმიტომ, რომ ბავშვი გავაჩინე, რატომღაც ყველამ იფიქრა, რომ მე არ მეცალა, ეს მომენტი დავაფიქსირე და თითქოს, შევახსენე, რომ შემიძლია, თუ რამე პროექტი იქნება. იყო რაღაც პროექტები, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ რაღაცებზე უარი ვთქვი. ახლა სიხარულით დავთანხმდი, მომენტარა ჩემი საქმე და ჩემს ჭიას ვახარებ (იცინის). აქამდე ამხელა პაუზა არ მქონია.

– მგონი, გაცადეს ბავშვის ცოტა წამოზრდა...

– მგონი. დაუკითხავად, მაგრამ მაცადეს (იცინის). არა უშავს, მე ძალიან მიყვარს ეს პროცესი. არის მომენტები, როცა მსახიობი, პროფესიული თვალსაზრისით, ძალიან აქტიური ტემპით ცხოვრობ, ძალიან დაკავებული ხარ. შეიძლება, 4-5 პროექტი ერთად გქონდეს და ვერაფერს ასწრებდე, არის პერიოდი, როცა აბსოლუტურად არცერთი პროექტი არ არის და თუ თეატრში არ ხარ სტაბილურად, დასვენება გიწევს. მე არცერთი თეატრის შტატში არ ვარ და ვინც ჩემსავითაა, მათთვის ასეთი პერიოდები უცხო არ არის. ადრე მოწადინებული ვიყავი, ვნერვიულობდი, მინდოდა, სულ დაკავებული ვყოფილიყავი, მაგრამ ახლა აღარ ვარ ასე, მივყვები ცხოვრების დინებას და თუ პროექტი გამოჩნდება, დიდი სიხარულით ვიღებ მონაწილეობას.

– როგორია ყოველდღიურობა პატარასთან ერთად?

– გამოვიდა, რომ ეს ორი წელი ოჯახს, მეუღლესა და შვილებს დავუთმე. ჩემგან მანამდეც არ აკლდათ ყურადღება, მაგრამ ბოლო ორი წელი – კიდევ უფრო მეტად. პანდემიით დაიწყო და შემდეგაც გაგრძელდა. ზოგი ჭირი მარგებელიაო, მივეჩვიეთ. საშინელება იყო, რაც გამოვიარეთ, მაგრამ დადებითი მხარეებიც ჰქონდა – ოჯახის წევრებიც კი უფრო მეტად დაგვაახლოვა ერთმანეთს და შესაძლოა, ამის მერე მეც მეტი ყურადღება დავუთმე ოჯახს. ქასთინგმენეჯერებთან, რეჟისორებთან თუ ტელევიზიებთან უფრო რომ მეაქტიურა, ალბათ, ეს ორი წელი პაუზა არ მექნებოდა, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ ასე მოხდა, რადგან ჩემთვის ოჯახი ყოველთვის პირველ ადგილზე იქნება.

– პატარა როგორი გოგოა?

– ლივი სამი წლის ხდება, თუმცა, თავის ასაკზე ბევრად განვითარებული ბავშვია. მღერის და ძალიან უყვარს ქართული სიმღერები. კარგადაც გამოსდის და ვფიქრობ, როდესაც ოთხი წლის გახდება, სიმღერაზე შევიყვანო. მხიარული და ჭკვიანი ბავშვია. აზროვნებითა და საუბრით 5 წლის ბავშვს ჰგავს. სიარულიც და საუბარიც ძალიან ადრე დაიწყო. ძალიან კონტაქტურია.

ამ ასაკში დედობას სულ სხვანაირად აღვიქვამ. უფროსი შვილი რომ გავაჩინე, მაშინ გაცილებით პატარა ვიყავი. მათ შორის 10 წელია სხვაობა და პირველად რომ გავხდი დედა, მაშინ მეც ბავშვი ვიყავი. უფრო მეტად ინსტინქტების მიხედვით ვმოქმედებდი. ახლა ბევრად გააზრებულად ვუდგები ყველაფერს, სხვანაირად აღვიქვამ დედობას, პატარას, მასთან ურთიერთობას. ნასტიასთან უფრო მეგობრული ურთიერთობა მაქვს, ვდაქალობთ, ერთად გავიზარდეთ. ლივისთანაც აუცილებლად ვიმეგობრებ. ჩემი აზრით, მშობელსა და შვილს შორის მეგობრობა ყველაზე მნიშვნელოვანია, მაგრამ ახლა კიდევ უფრო განსხვებულად შევხედე ყველაფერს და მგონი, ეს ბუნებრივია, რადგან ათი წელი ცოტა არ არის.

– ნასტია როგორ შეეწყო პატარას. ათი წელი მარტო იყო და მარტივი არ იქნებოდა...

– კი, ძალიან რთული იყო. ნასტია ხასიათითაც ეგოისტია. ამას დაემატა ის ფაქტორი, რომ სხვა პატარა ადამიანი უნდა გაჩენილიყო და გააცნობიერა ის ფაქტი, რომ შეიძლებოდა, მას ნაკლები ყურადღება დათმობოდა, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ასე არ ყოფილა. ახალდაბადებულ ბავშვს ცოტა მეტი ყურადღება სჭირდება, ეს ბუნებრივია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ნასტიას ყურადღება მოაკლდა. თუმცა, მისი ხასიათიდან გამომდინარე, მაინც ძალიან ეჭვიანობდა. ამას იმით გამოხატავდა, რომ პირველ ეტაპზე ბავშვს არ ეკონტაქტებოდა. უყვარს გიჟდება, მაგრამ ისე ეჭვიანობს, რომ თავის სათამაშოს დღემდე არ აძლევს (იცინის).

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №51

16-22 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა