შოუბიზნესი

ნათია დუმბაძე: ერთადერთი „მორიელი“ ვარ, ვინც არ იკბინება

№2

ავტორი: ნონა დათეშიძე 16:00 18.01

ნათია დუმბაძე
დაკოპირებულია

როგორც მომღერალი ნათია დუმბაძე ამბობს, ვის ოჯახშიც ახალი წლის ღამეს მეკვლედ შედის, იმ ოჯახს მთელი წელი ბედნიერება და წარმატება გარანტირებული და დაბევებული აქვს. თავად მისი მეკვლე კი წელს მისივე ქალიშვილი გახლდათ და სჯერა, რომ შვილის „ფეხი“ კიდევ მეტ წარმატებას და ბედნიერებას მოუტანს. ბოლო პერიოდში ნათიამ ჩაცმის სტილი რადიკალურად შეიცვალა, ქალური და აკადემიური სტილი აირჩია და ამას მისი თაყვანისმცემლებიც აღნიშნავენ. თუმცა, როგორც თავად ამბობს, ეს მხოლოდ სასცენო იმიჯია, ყოველდღიურობაში კი სპორტულ სტილს ვერ ელევა.

ნათია დუმბაძე: მიუხედავად ყველაფრისა, გასული წელი ჩემთვის საკმაოდ კარგი იყო. თუმცა, პანდემიასთან დაკავშირებით ფრთხილად კი ვიყავი, მაგრამ ბენდთან ერთად ვმუშაობდი და ასე თუ ისე, კორპორატიული საღამოები და კონცერტები გვქონდა. თუმცა, ზაფხულში ჩემი სოლო კონცერტი უნდა გამართულიყო ბათუმში, მაგრამ მაშინ ჩაიკეტა ყველაფერი და ეს კონცერტი ბათუმში ჩამივარდა. მგონია, ეს წელი, გაცილებით უკეთესი იქნება და პანდემიის დასრულებასაც ვგრძნობ. კიდევ მჯერა თოვლის ბაბუის არსებობის, მგონი, ჩემს ბავშვებზე მეტად, მე უფრო ველოდებოდი, ოცნებებშიც გავუსწარი და უამრავი საჩუქარიც მომიტანა (იცინის). მინდა, კიდევ დიდხანს მჯეროდეს და არ დაიმსხვრეს ეს მითი ჩემთვის. წელს ბევრი თოვლის ბაბუა მყავდა და უამრავი საჩუქარი დამხვდა ნაძვისხის ქვეშ.

– როგორც ვიცი, შენი წელი დადგა, ვეფხვის წელში ხარ დაბადებული.

– დიახ, ვეფხვის წელში ვარ დაბადებული და თვით კი მორიელი ვარ. ასე რომ, ჩემი წელი მოვიდა. ძალიან აქტიურად დაიწყო ეს წელი, მთელი ახალი წელი კონცერტები მქონდა და იმედია, მთელი წელი ასე იქნება. ასე უნდა გავაგრძელო და არ გავჩერდე. რადგან ჩემი წელია, ასე მგონია, უფრო მეტად გამიმართლებს და შემოქმედებითადაც წარმატებული წელი მელის. მინდა, ბევრი სიმღერა ჩავწერო და აუცილებლად გაჰიტდეს. ამ წლის მბრძანებელი ვეფხვივით შრომისმოყვარე, ცეცხლოვანი, მონადირული ხასიათისა და მობილიზებული ვარ. ეს თვისებები საქმის უკეთ გაკეთებაში მშველის.

– თქვი, თვით მორიელი ვარო, ესე იგი, კბენაც გეხერხება?

– ერთადერთი მორიელი ვარ, ვინც არ იკბინება (იცინის). უსამართლობას ვერ ვიტან და ამას წყობიდანაც კი გამოვყავარ, მაგრამ ამ დროს ნამდვილი, დაუნდობელი ვეფხვი ვხდები და არა მორიელი, რომელიც იკბინება (იცინის). სხვათა შორის, ასტროლოგია მაინტერესებს და უამრავი მასალა მაქვს ამ კუთხით წაკითხული.

– ბედობის და მეკვლეს ფეხის თუ გჯერა და თავად როგორი მეკვლე ხარ?

– ზოგადად, ძალიან ფეხბედნიერი ადამიანი ვარ. ჩემი მეგობრის მეკვლე ვიყავი და სანამ მე არ მივედი, სახლში არავინ შეუშვა. ძალიან კარგი ფეხი მაქვს, ოჯახს სადაც მეკვლედ შევალ, მთელი წელი ბედნიერებას ვუბევებ. წელს ჩემი მეკვლე ჩემი შვილი ელეი იყო და ბედნიერი წელი გარანტირებული მაქვს. სხვათა შორის, ტრადიცია გვქონდა მეგობრებს, ყოველ ბედობა დღეს ჩემთან ვიკრიბებოდით და ბოლო ორი წელია, ეს ტრადიცია დაირღვა. პანდემია როგორც კი გადავა, ამ ტრადიციას აუცილებლად აღვადგენ. ახლა კი ძველით ახალ წელს შვილებთან ერთად ბაკურიანში შევხვდები და იქ აღვნიშნავ, თოვლში, სუფთა ჰაერზე და სიქათქათეში. ზამთარი არ მიყვარს, მზე და სითბო მირჩევნია, მაგრამ თოვლს თავისი ხიბლი აქვს.

– მართალია, საახალწლო კონცერტებზე არაჩვეულებრივად გამოიყურებოდი, თუმცა, ახალი წლის სადღესასწაულო სუფრა წონის მომატებაზე მოქმედებს. ეს შენც შეგეხო?

– სხვათა შორის, მადას ვაკონტროლებ და ამიტომ საახალწლო სუფრამ ჩემს წონაზე არ იმოქმედა, ნამდვილად არ გავფუებულვარ (იცინის). არ ვეტანები გოჭებს, საცივსა და ნიგვზიან საჭმელებს. ზოგადად, იმ გოზინაყსაც და საცივსაც თუ ზომერად მიირთმევ, არ გასუქდები. ასე რომ, ძალიან დიდი ნებისყოფა მაქვს და ესაა ჩემი წონის შენარჩუნების მთავარი საიდუმლო.

– ადრე, როცა გამხდარი გოგო არ იყავი, სად იყო შენი ნებისყოფა?

– (იცინის) მაშინ არ მაწუხებდა ჩემი ზედმეტი კილოგრამები, ისეთი მომწონდა ჩემი თავი, როგორიც ვიყავი. თუმცა, ერთხელ რომ ვიდეორგოლისთვის გავხდი, ვიდეოკლიპი და ფოტოები გადავიღე, მივხვდი, რომ ასე უკეთესია (იცინის). კომფორტულად მოვირგე ტანსაცმელი და დავრჩი ამ წონაზე.

– წონის დაკლება და შენარჩუნება რით შეძელი? იყო მტანჯველი დიეტები?

– უაზრო დიეტებს ადრე ვიცავდი, მაგრამ უშედეგოდ. სწორი კვება და ვარჯიში დამეხმარა წონის კლებასა და შენარჩუნებაში. ათი კილო, ფიზიკური აქტივობით – სირბილითა და ცურვით, დავიკელი.

– ნათია, როგორია შენი თავის მოვლის რუტინა და საკუთარ თავზე ექსპერიმენტები თუ ჩაგიტარებია?

– ჩემი დილა იწყება წყლის გადავლებით, დამატენიანებელი საცხით და სულ ესაა. არასდროს მაქვს იმის საშუალება, საკუთარი თავის მოვლას დიდი დრო დავუთმო. ასე რომ, რაც შემიძლია, მარტივად ვუვლი. არც ბოტოქსი მაქვს გაკეთებული და არც რაიმე პლასტიკური ჩარევა. ერთადერთი, ბიორევიტალიზაცია გავიკეთე, რაც ჩემს ასაკში აუცილებელია, რომ კანი ვიტამინებით გამეჯერებინა. ხელოვნური ჩარევების წინააღმდეგი არ ვარ, თუმცა, არ მჭირდება და თუ დამჭირდა, აუცილებლად გავიკეთებ. რაც შეეხება ექსპერიმენტებს, პანდემიის პერიოდში, საქმე რომ არ მქონდა, ამით ვიყავი დაკავებული – ვაკეთებდი სახის და თმის ნიღბებს კვერცხისგან და ბუნებრივი ინგრედიენტებისგან და სხვათა შორის, ძალიან მომიხდა. თუმცა, რისკიანი არ ვარ და ექსპერიმენტებისაც მეშინია.

– ამ ბოლო დროს სპორტულიდან აკადემიურ ჩაცმის სტილზე გადახვედი. ეს სტილი თავად მოირგე თუ გირჩიეს?

– ყველა ამჩნევს და მეუბნება, როგორი აკადემიური გახდიო (იცინის). თუმცა, ეს ჩემი ყოველდღიური სტილი არ არის, აკადემიურობა სცენას უხდება და ამ ბოლო დროს ხშირად რომ მქონდა გამოსვლები, ამ სტილის მორგება მომიწია. ყოველდღიურობაში კი ყველაზე კომფორტულად სპორტულ სტილს ვირგებ და უპირატესობასაც მას ვანიჭებ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №21

23-29 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

ვერკა ჯაჯანიძე

ვერკა ჯაჯანიძე: მამალ ქალებს რომ ეძახიან, მართლა ე...