შოუბიზნესი

ნატალია ყიფშიძე: ჩემი მეორე ნახევარი ვიპოვე და ძალიან ბედნიერი ვარ

№17

ავტორი: ქეთი კაპანაძე 16:00 05.05

ნატალია ყიფშიძე
დაკოპირებულია

ნატალია ყიფშიძის ცხოვრებაში ბოლო პერიოდში ბევრი რამ შეიცვალა და როგორც ამბობს, ახლა თავს ყველაზე ბედნიერად გრძნობს, ვიდრე ოდესმე.

ნატალია ყიფშიძე: მეორე კურსზე ვსწავლობ და ძალიან დატვირთული ვარ. მეცადინეობის გარდა, მგონი, ვეღარაფერს ვაკეთებ (იცინის). ახლა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია უნივერსიტეტი, ჩემი ძმები – კოსმო და ალექსანდრე და და, რომელსაც ახლა ველოდებით. ლუნა უკვე მალე, მაისის დასაწყისში უნდა გაჩნდეს და მთლიანად ამ ამბავზე ვარ გადართული. ძალიან ბედნიერი ვარ ამ ყველაფრით.

– გოგონა რომ იბადება, ცოტას არ ეჭვიანობ?

– პირიქით, მთელი ცხოვრებაა, გოგოს ვნატრობ. ოჯახში ყველას ვეხვეწებოდი, ჩემთვის გოგო გაეჩინათ (იცინის). გარშემო ყველა ბიჭი მყავს და ახლა პატარა დაიკო რომ მეყოლება, ყველაზე ბედნიერი ვარ. სქესი რომ გავიგეთ, მგონი, ყველაზე მეტად მე გამიხარდა. ენიმ – მამაჩემის ცოლმა, მე და მამას პირველად რომ გვითხრა, გოგოაო, კივილი და ტირილი დავიწყეთ. ერთმანეთს ვეხუტებოდით, ძლივს დაგვაწყნარეს (იცინის).

– ენი როგორ მიიღე? არ გქონდა ეგოისტური მომენტები?

– პირველად რომ გავიგე, მამაჩემი მასზე პატარა გოგონას ხვდებოდა, თავიდან ცოტა ისე შევხედე ამ ამბავს, ამას არც ენის ვუმალავ. დასაწყისში ცოტა ცუდად ვლაპარაკობდი და ახლა ძალიან ვნანობ ამას. მშობლები რომ ეჭვიანობენ ხოლმე შვილებზე, დაახლოებით, ასეთი მომენტი მქონდა და ერთი კვირის განმავლობაში ასე ვაგრძელებდი. მაგრამ ერთ დღესაც გავიცანი ენი და მას შემდეგ ყველაზე ახლო მეგობრები ვართ. ახლა რომ მკითხოთ, ვინ არის შენი საუკეთესო მეგობარიო, გეტყვით, რომ – ენი. სულ ერთად ვართ, ერთმანეთს ყველაფერს ვუყვებით და მგონი, მის გარდა ასეთი გახსნილი არავისთან ვყოფილვარ. ძალიან მიხარია, რომ ენი მარტო მამას ცხოვრებაში არ შემოსულა, ყველას ძალიან შეგვიყვარდა.

– გიორგი შეცვალა ენის გამოჩენამ?

– მამა რადიკალურად შეიცვალა. ენისთან ურთიერთობა რომ დაიწყო, ვხედავდი, ნელ-ნელა როგორ იცვლებოდა და მალე სულ სხვანაირი გახდა. უნდა ნახოთ, როგორ უვლის ბავშვს, ზედმეტად ყურადღებიანიც კია. ასეთი არასდროს ყოფილა და ამის გამო უბედნიერესი ვარ. იდეალური მამა გახდა, იდეალური ქმარი და მეგობარი. ძალიან მომწონს, რომ ენი მასზე ასე კარგად მოქმედებს. სიყვარულს სჩვევია ასეთი პროგრესი. მომწონს, რომ ერთმანეთზე ასეთი კარგი ზეგავლენა აქვთ.

– იგრძნობა მათ ურთიერთობაში ასაკობრივი სხვაობა?

– საერთოდ არა. ენი 50 წლის ადამიანთანაც ისე შევა კომუნიკაციაში, დისკომფორტს ვერცერთი იგრნობს. ძალიან კარგი აურა აქვს და ალბათ, ამიტომ შემაყვარა თავი პირველივე დღიდან. რაც გავიცანი, მას შემდეგ ვეუბნები, მადლობა, რომ გაჩნდი-მეთქი (იცინის). თავიდან მისი ასაკის გამო რომ ვეჭვიანობდი, ესეც ძალიან კარგად იცის, მაგრამ ახლა მის და მამიკოს ურთიერთობას რომ ვუყურებ, საერთოდ არ მახსენდება, რომ მათ შორის ამხელა ასაკობრივი სხვაობაა. მე როცა მაბრაზებს ან მინდა, ვეხუმრო, ვეუბნები, შენ დედინაცვალი ხარ-მეთქი (იცინის). ეს ჩემი საყვარელი სიტყვაა მის გასაბრაზებლად (იცინის).

– პირად ცხოვრებაზეც ვისაუბროთ. შეყვარებული ხარ, როგორია თქვენი რომანტიკული ამბავი?

– მე და სანდრო რამდენიმე თვეა, ერთად ვართ. ერთმანეთი ჩემმა მეგობარმა გაგვაცნო. ერთი თვის შემდეგ მეგობრების გარემოცვაში მეორედ შევხვდით ერთმანეთს და ფლეისთეიშენის თამაშისას მივხვდით, რომ ერთმანეთი ძალიან მოგვეწონა (იცინის). ტელეფონით ჩვენი პირველი საუბარი დილამდე გაგრძელდა. თავიდან არ ვუტყდებოდით ერთმანეთს გრძნობებში, ვითომ ძალიან ახლო მეგობრები ვიყავით, მაგრამ მერე მივხვდით, რომ აღარ გვქონდა დამალვის თავი და ვაღიარეთ, რომ ერთმანეთი ძალიან შეგვიყვარდა. მიხარია ის ფაქტი, რომ როგორც ენიმ შეცვალა მამაჩემი, მეც რადიკალურად შემცვალა სანდრომ. მისი დამსახურებით დღეს უფრო პროდუქტიული ვარ და საქმეზე მეტად კონცენტრირებული, მეტს ვფიქრობ მომავალზე. ერთმანეთს წინსვლისკენ ვუბიძგებთ. თუ რამე არ გამომდის, მაშინვე ცდილობს, დამეხმაროს. მაგალითად, ერთხელ ვუთხარი, ველოსიპედს ვერ ვატარებ-მეთქი. მაშინვე მომწერა, ჩემთან გამოდიო. გავედი და ეზოში ველოსიპედით დამხვდა. სამი საათი მატარა, სანამ არ ვისწავლე (იცინის). ძალიან კარგი პიროვნებაა, მივხვდი, რომ ჩემი მეორე ნახევარი ვიპოვე და ძალიან ბედნიერი ვარ ამ ფაქტით. ყველანაირ გარემოში შეგვიძლია, თავი ბედნიერად ვიგრძნოთ და კარგად გავერთოთ. მგონია, რომ კარგი წყვილი ვართ. საოცრად პოზიტიური ადამიანია, არაჩვეულებრივი იუმორის გრძნობა აქვს. სადაც უნდა მივიდეთ, ყოველთვის ისე კაშკაშებს, როგორც მე მიყვარს და ძალიან მომწონს, რომ ერთნაირი ნათელი ენერგიის ადამიანები ვართ. საოცრად ჭკვიანი და თავდაჯერებულია. პროფესიით კინემატოგრაფია, რაც ძალიან მიზიდავს და მომავალთან დაკავშირებით საერთო გეგმებიც გვაქვს. ჩემი ყველაზე კარგი მეგობარია, 24 საათს ერთად ვატარებთ. ბედნიერი ვარ, მისნაირი ადამიანი რომ ვიპოვე.

– პროფესიულად რა გეგმები გაქვს? ბოლო პერიოდში საკმაოდ აქტიურობ, როგორც მოდელი.

– ახლა ციფრულ მედიასა და კომუნიკაციას ვსწავლობ, რაც პიარსა და ჟურნალისტიკას მოიცავს. ბევრი მიმართულებით ვიღებ საბაზისო ცოდნას, რაც ძალიან მომწონს, რადგან რომელი სფეროც ყველაზე მეტად დამაინტერესებს, შემიძლია, იმ მიმართულებით განვვითარდე, იქნება ეს ფოტოგრაფია, ჟურნალისტიკა, აუდიომონტაჟი თუ საიტების აწყობა. მოდელობაზე, როგორც პროფესიაზე, არ ვფიქრობ, მაგრამ როგორც ფრილანსერი სამოდელო სფეროში, ახლაც დიდი სიამოვნებით ვმუშაობ. მიუხედავად იმისა, რომ სააგენტოში ვარ, ისე აქტიურად არ ვარ ჩართული, როგორც დედაჩემი ან სხვა მოდელები, რომლებიც მთელ თავიანთ დროსა და ენერგიას ამ საქმეში დებენ. ახლა დილემის წინაშე ვარ, პიარი თუ ჟურნალისტიკა?! ჯერჯერობით არ ვიცი, რომელ მიმართულებას გავყვები, მაგრამ მოსაფიქრებლად კიდევ ორი წელი მაქვს.

საერთო ჯამში, ახლა ყველაზე ბედნიერი ვარ, ვიდრე ოდესმე. ის, რაც ახლა ხდება ჩემს ცხოვრებაში, ვგულისხმობ კოსმოს, მომავალი დის და ჩემი შეყვარებულის არსებობას - ამას ვერც წარმოვიდგენდი და მათი არსებობა დღეს უზომოდ მაბედნიერებს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №24

14- 20 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

რკინადეფიციტური ანემია

როგორ მოვიქცეთ რკინადეფიციტური ანემიის დროს