შოუბიზნესი

ნანუკა ფორჩხიძე: შიშებთან ბრძოლამ ყველანაირად გაბედული გამხადა

№51

ავტორი: ქეთი კაპანაძე 16:00

ნანუკა ფორჩხიძე
დაკოპირებულია

ნანუკა ფორჩხიძე საფრანგეთში მიღებული ერთწლიანი საინტერესო გამოცდილებისა და ბევრი სასიამოვნო აღმოჩენის შემდეგ საქართველოში საინტერესო გეგმებით დაბრუნდა, თუმცა, შემდეგი წლიდან სწავლისა და ცხოვრების გაგრძელებას კვლავ საფრანგეთში აპირებს.

ნანუკა ფორჩხიძე: ბოლო რამდენიმე თვეა, საქართველოში ვარ. საფრანგეთიდან ზაფხულში დავბრუნდი, აკადემიური წელი ავიღე და სექტემბრამდე საქართველოში ვიქნები. საფრანგეთში ძალიან მაგარი გამოცდილება მივიღე. ერთდროულად ორ უნივერსიტეტში ვსწავლობდი. ყველანაირად ვეცადე, არსებული შესაძლებლობები გამომეყენებინა. დავდიოდი ჯაზ-კლუბებში, სტუდიებში, ბევრს ვმღეროდი... ძალიან შემიყვარდა იქაურობა, ბევრი ახალი მეგობარი შევიძინე და უზომოდ კმაყოფილი ჩამოვედი. ყველაფერი კარგი იყო, მაგრამ ჩემი ქვეყანა ძალიან მომენატრა. საკუთარ ინტუიციასა და სურვილებს მივყევი, ამიტომ გადავწყვიტე, გარკვეული დრო აქ გამეტარებინა. სიმართლე რომ ვთქვა, როცა საფრანგეთში ვარ, საქართველო მენატრება და ახლა აქ რომ ვარ, ძალიან მენატრებიან იქაური მეგობრები. ცოტა გაორებული ვარ, ვეღარ ვხვდები, სად უფრო მეტად მინდა ყოფნა. ხომ ამბობენ, ფრანგები ცივი ხალხიაო, მაგრამ მე ძალიან გამიმართლა, უკარგესი მეგობრები შევიძინე. რომ წამოვედი, ლაპარაკი თუ არა, რაღაც მაინც იცოდნენ ქართულად. მღეროდნენ კიდეც (იცინის). მოკლედ, „გაჭედილი ვარ“ – იქაც მინდა ყოფნა და აქაც, რაც ერთდროულად არ გამოდის.

– როგორც ვხვდები, სწავლასთან ერთად, იქაური ცხოვრების წესიც ძალიან მოგწონს.

– ძალიან, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს ჩემი განწყობის დამსახურებაა. ახალ ადგილზე რომ მიდიხარ, სადაც არავის იცნობ და ფაქტობრივად, თავიდან იწყებ ცხოვრებას, ცოტა შიშის ფაქტორიც არის. მე საკმაოდ ემოციური და ნერვიული ადამიანი ვარ, მაგრამ ჩემდა გასაკვირად, ძალიან კარგი განწყობით ვიყავი და მართლაც, ყველაფერი კარგად წავიდა. რაც მქონდა ჩაფიქრებული და როგორც წარმომედგინა, ყველაფერი იმაზე უკეთესად გამოვიდა. ამიტომ, ახლა ვცდილობ, რომ ყველაფერთან მიმართებაში კარგი განწყობა მქონდეს. მართალი ყოფილა, თუ კარგზე იფიქრებ, მართლაც კარგი მოხდებაო. განწყობას ძალიან დიდი ძალა ჰქონია.

ენის ერთწლიანი კურსი უნდა გამევლო, თავიდან მხოლოდ ეს მქონდა გადაწყვეტილი. მინდოდა, ფრანგული კარგად მესწავლა. მერე ნაცნობმა მითხრა, რომ უნივერსიტეტში შემეძლო მესწავლა მუსიკალური მიმართულებით, თუმცა მიღება უკვე დასრულებული იყო. სრულიად მოუმზადებელი მივედი და სპონტანურად ვიმღერე. ერთ კვირაში მითხრეს, რომ მიმიღეს. თავიდან მითხრეს, რომ ადგილი არ იყო, ძალიან განვიცადე, რადგან როგორც კი ფეხი შევდგი, ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს, სახლში ვიყავი. საბედნიეროდ, ყველაფერი გამოვიდა და ერთი წელი ლოდინი არ მომიწია.

ყველაფერი აქედან დაიწყო. ძალიან მომემატა თავდაჯერებულობა. დამოუკიდებლად მიწევდა ბევრი რამის კეთება და საკუთარ თავში ბევრი ისეთი უნარი აღმოვაჩინე, რომელიც მანამდე არ ვიცოდი. შიშებთან ბრძოლამ ძალიან გამზარდა და ყველანაირად გაბედული გამხადა. ერთი რამ შევამჩნიე, ყველა, ვისაც საზღვარგარეთ უსწავლია, მეტად უშიშრები და დამოუკიდებლები არიან. უცხო ქვეყანაში, სადაც არავინ გიცნობს, ყველაფერი საკუთარი ხელებითი უნდა ააშენო, ყველაფერი ნულიდან უნდა დაიწყო, იქ ვერავინ დაგეხმარება და თუკი ვინმეს ამის შიში აქვს, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დანებდეს – ზუსტად ამ განცდების გადალახვის შემდეგ იწყება ყველაზე მაგარი მომენტი ცხოვრებაში. კომფორტის ზონიდან გამოსვლა ძალიან ბევრს გვასწავლის.

– შენთვის კი ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო აღმოჩნდა, მაგრამ ალბათ, მამამ ძალიან განიცადა?

– კი, დათო პირველი ერთი თვე მირეკავდა, გეხვეწები, დაბრუნდიო (იცინის). მაჯერებდა, ძალიან ძნელია, ვერაფერს გააკეთებო. ელოდებოდა, როდის დავიწუწუნებდი, რომ ეთქვა, ადექი და წამოდიო. მერე თვითონ რომ ჩამოვიდა ჩემთან, წავიყვანე და უნივერსიტეტი დავათვალიერებინე, იმ ადგილებშიც მყავდა, სადაც ვმღეროდი და თვითონაც იმღერა და დაუკრა ჩემთან ერთად. ჩემი მეგობრებიც გაიცნო, სიტუაციაც ნახა და მერე თვითონაც ისე მოეწონა, მითხრა, კარგი, დარჩი, კარგ ადგილას ხარო (იცინის). თავიდან ისე განიცადა, რომ ნერვიულობისგან არაფერს ჭამდა და 10-15 კილოგრამი დაიკლო (იცინის). არადა, მე ინტუიცია მკარნახობდა, რომ უნდა დავრჩენილიყავი და ვამაყობ ჩემი თავით, რომ ასეც მოვიქეცი.

დღესაც იქ დაბრუნება იმიტომ მგონია სწორი, რომ ძალიან გავიზარდე, შევიცვალე და რა ცოდნაც მივიღე, მინდა, რეალზაცია გავუკეთო. მე მთელი ცხოვრება მეშინოდა სოლოში მემღერა, მარტოს გამეკეთებინა რაღაც. იქ ისეთი მხარდაჭერა მივიღე მეგობრებისგან და მასწავლებლებისგან, რომ უკვე მინდა, ის, რაც ჩემს გონებაშია, დავალაგო და ჩემი პატარ-პატარა მიზნები განვახორციელო. ვიმღერო ის, რაც მინდა. მერე ისევ დავბრუნდები საფრანგეთში და სწავლას გავაგრძელებ.

– დაბრუნების შემდეგ საქართველოში რას შეხედე განსხვავებულად?

– ოჯახი ყველას გვიყვარს, მაგრამ ერთად ცხოვრების დროს ოჯახის წევრების მნიშვნელობას იმდენად ვერ აღვიქვამთ, როგორც მაშინ, როცა მათგან შორს ვართ. როცა საყვარელი ადამიანები ძალიან გენატრება, მაშინ მეტად აფასებ ამ ურთიერთობებს. ბევრ რამეზე დამაფიქრა, უფრო ყურადღებიანი გავხდი, მეტად ვაფასებ საყვარელ ადამიანებს, მეტად გამოვხატავ ჩემს სიყვარულს. იქ რომ მარტო აღმოვჩნდი, ძალიან ვაკვირდებოდი უმცირეს დეტალებს, თუნდაც იმას, ვის გავახსენდებოდი.

კიდევ ვაცნობიერებ, რომ მენტალურად გავიზარდე და სხვა ინტერესები გამიჩნდა. ბევრი ხალხი გავიცანი, სხვადასხვა კულტურა ვნახე და ეს ბუნებრივიცა. იქ მაქსიმალურად საკუთარ ზრდაზე ვიყავი ორიენტირებული, მხოლოდ კარიერულად კი არა, საერთოდ პიროვნულად. ვდილობდი, ენა დამეხვეწა, მეტი წიგნი წამეკითხა, საქართველოში უფრო გართობაზე ვიყავი ორიენტირებული. რომ არ მოვიტყუო, განვითარების პროცესში უფრო დიდი სიამოვნება დავიჭირე, ვიდრე გართობაში. არაფერი ყოფილა იმაზე მაგარი შეგრძნება, როცა შენს თავს ზრდას ამჩნევ. საფრანგეთში ისეთი ტემპით ვცხოვრობდი, ახლა აქ ერთ ადგილას გაჩერება მიჭირს. ვიღვიძებდი ექვს საათზე, მივდიოდი ერთ უნივერსიტეტში, სადაც ენის კურსს გავდიოდი, შუადღისას მეორე უნივერსიტეტში მივდიოდი და ღამის 12 საათზე ვამთავრებდი. მოვდიოდი, ვმეცადიონეობდი და ღამეში 2-3 საათი მეძინა. მთელი კვირა ასეთი დატვირთული იყო და კვირის ბოლოს სადაც კი შემეძლო მემღერა, ყველა შემოთავაზებას ვიღებდი. იმ მომენტში დაღლილობას ვერ ვგრძნობდი, ავტოპილოტივით ვიყავი მომართული, მაგრამ საბოლოო ჯამში, მართლა ძალიან გადავიწყვი. ჩემი მეგობრები მეუბნებოდნენ, ერთ უნივერსიტეტში გვიჭირს სწავლა და შენ ორს ერთდროულად როგორ უმკლავდებიო. თან, რა დავალებასაც მაძლევდნენ, იმაზე მეტს ვაკეთებდი, რადგან ინტერესი ძალიან დიდი მქონდა. ახლა აქ ისე შემინელდა ტემპი, ძალიან მიჭირს. სახლში ვარ, სტუდიაში სიმღერას ვწერ, შემდეგ მეგობრებს ვნახულობ. ყველაზე დიდი პრობლემა ამ მომენტში ჩემთვის ახლა ეს არის, ვერ ვხვდები, თავისუფალ დროს რა გავაკეთო და ისევ და ისევ ვცდილობ, რაღაც წავიკითხო, ვისწავლო, ვუყურო და ასე შემდეგ.

რომ ჩამოვედი, პირველი ერთი თვე კარგად დავისვენე, მეორე თვიდან უკვე მივხვდი, რომ აღარ ვიცოდი, რა გამეკეთებინა. დაბრუნებაზე დავიწყე ფიქრი, მაგრამ როგორც უკვე ვთქვი, მინდა, სიმღერა ჩავწერო, მინდა, რაღაც საკუთარი გავაკეთო, რასაც იქ ვერ მოვახერხებ, რადგან ამისთვის ფიზიკურად დრო არ მაქვს. არადა, მინდა, დავინახო, რა შემიძლია და მერე ისევ წინ გავაგრძელო გზა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №47

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი