მიშა მესხი: ჩემს ვიდეოს ერთ დღეში მილიონ-ნახევარი ნახვა და 13 ათასი კომენტარი ჰქონდა, რომ ჰკითხოთ, არ იციან ვინ ვარ და არ აინტერესებთ
ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 26.06
რის გამო გახდა მიშა მესხი ბულინგის ობიექტი და რატომ უწოდებენ მას რუსეთუმეს. ამას და მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მის პოზიციას, მისგან შეიტყობთ.
მიშა მესხი: ყოველთვის არსებობდნენ და ახლაც არსებობენ ადამიანები, რომლებიც ჩასაფრებულები არიან ჩემ მიმართ. ჩემთვის ჯანსაღი კრიტიკა გასაგებია, ეს გავლილი მაქვს, პრობლემა არ არის, მაგრამ ცუდია, როცა ადამიანები ევროპასა და ნათელ მომავალზე საუბრობენ და იქცევიან როგორც ბოლშევიკები. ესენი მართლა რუსის ჯარისკაცებივით იქცევიან. რას ამბობ იმის შინაარსს არ უკვირდებიან, ისე გადაგივლიან. ვიდეო, რომელიც სოციალურ ქსელში გამოვაქვეყნე ევროპა-ამერიკის თემაზე, ძალიან გამოხმაურებადი გახდა. ეს ვიდეო ჩემს გვერდზე გამოვაქვეყნე, სხვაგან არსად და ხაზი გავუსვი, არ მინდა, ჩემს შვილს რუსეთუმე დაუძახონ. ეს რომ არ მოხდეს, ევროპას უნდა ვკითხო თუ ამერიკას მისი სახელი-მეთქი, რა თქმა უნდა, იუმორით და ამას საოცარი ბულინგი მოჰყვა.
მე თვითონ 9 წელი ვიყავი აქტივისტი. ხუთი წლიდან მოყოლებული დავყავდი მამას მიტინგებზე და პროტესტი არ მიკვირს, მაგრამ ძალიან ცუდია, როცა ადამიანებს განსხვავებული აზრის გამო აბულინგებენ, ეს სასაცილოა. საწყენი მხოლოდ ის არის, რომ ოჯახის წევრებზე გადადიან, ძველ ფოტოებს მოიძიებენ, დებენ, ფოტოშოპებს აკეთებენ, მაგრამ ეს მათი განუვითარებელი ცხოვრების ბრალია.
როგორც ვთქვი, იმ ვიდეოში ევროპასა და ამერიკასთან დაკავშირებით ვხუმრობდი. სინამდვილეში, მე და სოფო ბავშვს არ ველოდებით. საქმე ისაა, რომ ბოლო პერიოდში ადამიანები მოგვიწოდებდნენ, სანამ რამეს გადავწყვეტთ, ჯერ ევროპასა და ამერიკას უნდა ვკითხოთო. მე ეს არ მომწონს. თურმე მეზობელს უნდა შევუთანხმდე, ქორწილში წავალ, დაბადების დღეზე, ჩემს ცოლს კონცერტზე გავუშვებ თუ არა სამღერლად და ასე შემდეგ. მე დამოუკიდებელი ადამიანი ვარ და ჩემი მეზობელი რატომ უნდა იღებდეს ჩემთან დაკავშირებით მსგავს გადაწყვეტილებებს? ასევეა საქართველო - დამოუკიდებელი ქვეყანა და რატომ უნდა სჭირდებოდეს საკუთარ საქმეში სხვისი ჩარევა? ეს კითხვა ცინიკურად კი არ დავსვი, უბრალოდ, მაინტერესებდა, ანუ, ბავშვის გაჩენა რომ მინდოდეს, სახელი ევროპას შევეკითხო თუ ამერიკას-მეთქი?! იუმორით ვიკითხე და ეს ვიდეო აიღეს, დაამახინჯეს და დაიწყეს შეურაცხყოფის მოყენება. მას ერთ-ერთ გვერდზე, ერთ დღეში მილიონ-ნახევარი ნახვა და 13 ათასი კომენტარი ჰქონდა. რომ ჰკითხოთ, არ იციან ვინ ვარ და არ აინტერესებთ. ეს საერთოდ ვინ არისო, კითხულობდნენ. ვერ ვიტყვი, რომ იმ კომენტარებში ვინმე კარგს ლაპარაკობდა. გეგონებოდა, სპეციალურად შეკრიბეს ხალხი მიშა მესხის სალანძღავად. კარგი, მიშა მესხი არ მოგწონთ, არ არის პრობლემა. სოფო არ გამოსულა, არანაირი განცხადება არ გაუკეთებია ამ ყველაფერზე, ყველანაირად თავი აარიდა ყველაფერს და მაშინ, როცა გოგოს ხმა არ მოუღია საერთოდ, შენ რომ ჩემს ოჯახის წევრს ეხები, ეს როგორია? გოგო თავისთვის მღერის, მომღერალია, სახალხოდ საქმიანობს, რომ გამოდიხარ და შეურაცხყოფას მაყენებ, რა უფლება გაქვს?! ვალოდიას დაეკითხე, ბიძინა დაარქვით და მსგავსი კომენტარები ძალიან ცუდია. შეურაცხყოფას არავის ვაყენებ, მაგრამ ამ ადამიანებს მინდა ვუთხრა, სოფო ბედიას ხალხი ტაშს უკრავს, მათ კი მეზობელი გამარჯობას არ ეუბნება. მე კრიტიკასაც მივიღებ, არ არის პრობლემა, მაგრამ შეურაცხყოფა სხვა არის. ჯერ, რატომ გაუკვირდათ, არ ვიცი. წლების განმავლობაში ვებრძოდი ნაციონალურ მოძრაობას, მათ გამო ბევრჯერ დამიჭირეს, ციხეშიც ვიყავი და გატაცებულიც. „ქართული ოცნების“ დაარსების დღიდან მათ გვერდით ვარ. რატომ გაუკვირდათ ჩემი პოზიცია, ვერ ვხვდები, ან რატომ იყო საწყენი?! ამოიღებენ რაღაც ვიდეოებს და წერენ: გასიებული, ბეყე. ვისაც როგორ შეგვიძლია, ისეთ ტანზე ვდგავართ, ვისაც როგორ შეგვიძლია, ისე ვცეკვავთ და ისე ვუდგავართ ჩვენს ქვეყანას გვერდში. ამის გამო ერთმანეთის ლანძღვა მაგარი ცუდია.
- ამ ყველაფერს მაინც იუმორით უყურებთ თუ ბრაზდებით?
- რაღაცაზე გამეცინა, მაგრამ შეურაცხმყოფელი არ უნდა იყოს. ადამიანი რომ კითხულობს, ჯერ სოფო ბედია ვინ არის, მერე მისი ქმარიო და თავის გვერდზე ჩემს ვიდეოებსა და ფოტოებს აზიარებს, თუ არავინ ვართ, ნურც ჩვენით შეწუხდებით და დაკავდებით, ჩემო კარგებო. რაც შეეხება სტატუსს: „სოფო ბედიას ქმარი“, ამაზე თავიდანვე ვღადაობდი და ასეა დღემდე. ეგ კი არა, პიკეს მოიხსენიებდნენ შაკირას ქმრად, მე კი არ ვედრები, მაგრამ არანაირი პრობლემა არ მაქვს სოფო ბედიას ქმრის სტატუსთან დაკავშირებით. თუმცა, არის რაღაცები, რაც საწყენია. ამას ჩემთვის არც ფსიქოლოგიური პრობლემა შეუქმნია და არც მსგავსი რამ, მაგრად ვღადაობ, უბრალოდ, კლავიატურის ლომები არიან. თუ რამის თავი აქვთ, როცა პირადად მნახავენ, შეჩერდნენ და მითხრან თავიანთი პრეტენზიების შესახებ. აუცილებლად შესაბამის პასუხს გავცემ. ბიჭებზე მაქვს საუბარი, თორემ ქალბატონებს არც შევყვები, უბრალოდ, ტეხავს მათი საქციელი. მამრები რომ ღადაობენ, მათ ვეტყვი, მე ქუჩაში მარტო დავდივარ და არ მეშინია. იმასაც ვეტყვი, რომ ნებისმიერს შევეჯიბრები სამშობლოს სიყვარულსა თუ გაკეთებულ საქმეებში. ბევრი დაუკრეფავში რომ გადასულა, მიმიწერია კიდეც, მაგრამ პასუხი დღემდე არ მიმიღია მათგან. ჯვარზე ღადაობენ, ხატზე ღადაობენ, არაფერს პატივს არ სცემენ. ქრისტეს სურათზე შეუძლიათ საოცარი წარწერების გაკეთება და დამიჯერეთ, მიშა მესხზე ღადაობა ამ ადამიანებისგან, არანაირი პრობლემა არ არის. საერთოდ, 13 ათასი კომენტარი, მგონი, ცოტა არ არის და როცა ამდენი ადამიანი შენზე წერს რაღაცას, ეს თავისთავად, ამბობს სათქმელს.
- ესე იგი, კარგად გაყიდვადი სახელი და გვარი ხართ, არა?
- ასე გამოდის. თუ ადამიანი არაფერს წარმოადგენს, რატომ გაინტერესებს?! „ქართულ ოცნებას“ ორ მილიონამდე მხარდამჭერი ჰყავს, მილიონი ავიღოთ, რომელიმეს ვიდეო ან ფოტო დადეს?! მიზანმიმართულად წერენ ჩემზე. თან, ამ კონტექსტში, აუ, ამას სახელი და გვარი არ აქვს? დამიჯარეთ, ჩემი სახელი და გვარი ძალიან დიდია. მიხეილ მესხი ძალიან დიდი ფეხბურთელი იყო, მაგრამ ეს მათი პრობლემაა. ამხელა ფეხბურთელის სახელი და გვარი რომ არ დაგამახსოვრდება, ეგ შენი პრობლემაა. ხომ არ ვამბობ, მე დამიმახსოვრეთ-მეთქი, ელემენტარულ სახელზეა საუბარი. რეალურად, ყველაფერი ძალიან კარგად იციან.
წერონ და იყვნენ, მე ალბათ, ამით მეტად პოპულარული ვხვდები და დანარჩენი მათი გადასაწყვეტია, მე ვიცი, როგორი გზით უნდა ვიარო ამ ცხოვრებაში.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან