მიშა ანდღულაძე: მადლობელი ვარ იმ ღამის, როცა ჩემი სიცოცხლის საკითხი გადაწყდა
ავტორი: ნონა დათეშიძე 15:40
მიშა ანდღულაძე მაყურებელმა წლების წინ იუმორისტულ სკეტჩებში შექმნილი პერსონაჟებით დაიმახსოვრა და შეიყვარა. მის მიერ ნათამაშები ქალების – ნანულისა და ლენკას პერსონაჟების ტექსტები, დიდმა თუ პატარამ ზეპირად იცის. სატელევიზიო იმიჯის მიღმა, რეალურ ცხოვრებაში, მიშა საკმაოდ დინჯი, მშვიდი და გაწონასწორებულია, რაც ბევრისთვის, ალბათ, წარმოუდგენელია. მას ხშირად იწვევენ ემიგრანტები უცხოეთში საღამოების ჩასატარებლად და ამ მხრივ, არც საახალწლო დღეები ყოფილა გამონაკლისი. თავისი გამორჩეულად მორგებული იმიჯით ბევრი ემიგრანტი ახალისა და აცინა. ამერიკა და ბარსელონა მოიარა და საქართველოში ახლახან დაბრუნდა.
მიშა ანდღულაძე: ზოგადად, წლებია, დღესასწაულებზე გასვლითი კონცერტები და კომედიური საღამოები მაქვს. ათ წელზე მეტია, რაც ახალ წელს ამერიკაში ვხვდები და წელსაც იქ ვიმყოფებოდი. ფაქტობრივად, ერთი თვე დედამიწიდან შორს, ცაში გავატარე. ბრაიტონზე არის რესტორანი „ნოტაბენე“, მეპატრონე ქართველია, უკვე მეგობარია ჩემი, ძალიან საინტერესო ადამიანია და მოკლედ, ყოველი ახალი წელი „ნოტაბენეთი“ იწყება. მერე კი სხვადასხვა ქალაქში მიწევს გამოსვლა. მოკლედ, ბევრ ქალაქს ვესტუმრე, რადგან ჩვენი თანამემამულეების დიდი ნაწილი იქ უკვე მრავლადაა. მეც მათთან კარგად ვთანამშრომლობ. ემოციური გაცვლაც საკმაოდ ხარისხიანი და გემრიელი გვაქვს. ორი კვირა ამერიკაში ვიყავი, ყოველ მეორე დღეს კონცერტი მქონდა. ახლა ცოტა ზომაზე მეტი გამომივიდა, ფიზიკურად გამიჭირდა და დღემდე ვერ დავადგინე, რომელ განედზე და მერიდიანზე ვარ. ნიუ-იორკით დავიწყე, შემდეგ იყო ნიუ-ჯერსი, შემდეგ ლოს-ანჯელესი, მერე – ისევ ნიუ-იორკი, შემდეგ საქართველოში ჩამოვედი, ორ საათში ბარსელონაში გავფრინდი და აქ უკვე „ავიჭერი“, ვეღარ მივხვდი, ვინ ვარ და საიდან მოვდივარ (იცინის). მთელი ახალი წელი, ფაქტობრივად, ცაში ვცხოვრობდი, თვითმფრინავის სადილის დანახვა აღარ მინდა. ასეა თუ ისე, ტურნე საინტრესოდ დასრულდა, მარკო პოლოსა და კოლუმბს არ უვლია იმდენი, მე რომ ვიარე.
– რამდენად გიმართლებს ცხოვრებაში და რას გრძნობ ხალხისგან?
– ბოლო პერიოდში ეს კითხვა გაიყო, რადგან ალბათ, იცით, ადამიანებს მხოლოდ ტკბილი რაღაცების მოსმენა უნდათ, რაც სტენდაფი დავიწყე – ცოტა შიშველი იუმორის მიმართულება, სადაც შენ აწესებ შენივე ცენზურას, რა თქმა უნდა, მიუღებელია, თუმცა მაყურებელთა ის სიყვარული, რაც წლების განმავლობაში ტელევიზიით, კომედი შოუში“ გამოჩენამ მომცა, იმდენად დიდია, არსად წავა. მეორე საკითხია სიახლის კეთება, რასაც ყოველთვის მოაქვს წინააღმდეგობა. ჩემთვის ეს წინააღმდეგობა ახალი არ არის. მე არც პირველი ვარ და არც უკანასკნელი, ის, ვისაც ვერ უგებს კოლექტივი. ზოგადად, კოლექტიური ვერასოდეს უგებდა პიროვნულს და ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს. ამ პრობლემას თავისთავად, მეც წავაწყდებოდი. ილია ჭავჭავაძეს ვერ გაუგეს თავის დროზე და კიდევ ბევრად საინტერესო ხალხს და მე რომ ვერ გამიგონ, რა გასაკვირია? (იცინის) სხვათა შორის, სოკრატეც კოლექტივმა მოკლა. ჩვენ, უბრალოდ, უნდა ვიცოდეთ, როცა ახალს ვაკეთებთ, წინააღმდეგობა ყოველთვის იქნება. სტენდაფი ჩემთვის არ არის. ჩემთვის მხოლოდ კომედიის მიმართულებაა. ეს არის იუმორის ის ფორმა, რომლითაც შეგიძლია, ბოლომდე საკუთარი აზრით ილაპარაკო და საკუთარი აზრებით მოლაპარაკე ადამიანებს, ხშირად კლავენ მსოფლიოში – სოკრატე, ქრისტე, ბრუნო, ლუტერკინგი და ბოლოს ჩარლი კირკი და კიდევ უამრავი. ასე რომ, საკუთარი აზრებით საუბარი ადვილი არ არის ამ პლანეტაზე. მაგრამ, ჩვენ თუ სიახლის გაკეთება და შემოქმედებაში ახალი ფორმების პოვნა გვინდა, მაშინ ამაზე უნდა დავთანხმდეთ. ქვის მსროლელები დარჩებიან მსროლელებად და შემოქმედებითად კი თუ რამე კარგი შეიქმნება, ის დარჩება დროსა და შემოქმედებას. ასე რომ, ჩვენ უნდა ვაკეთოთ ჩვენი საქმე და ქვის მსროლელებმა ქვები ისროლონ.
– გამოწვევები და სიახლეები არ გაშინებს?
– ჩემთვის სიახლეები და გამოწვევები სტიმულია. პირიქით, ჩემთვის საინტრესოა ნებისმიერი წინააღმდეგობა – რაც არ გკლავს, გაძლიერებს ამბავია. სამყაროში ადამიანთა მცირე ნაწილს აქვს იუმორის გრძნობა, დიდი ნაწილი კი იუმორის არქონით იტანჯება, როგორც მე დავადგინე. ვინც ამით იტანჯება, ყველა სიტყვას თავის თავთან, თავის პირადთან აკავშირებს და ჰგონია, მას დასცინეს, მას მიაყენეს შეურაცხყოფა, მასზე საუბრობენ. ამ დროს, საინტერესოა ტროლების შემთხვევა, შემოვარდებიან და ილანძღებიან (იცინის). სასაცილო არა, მაგრამ ტრაგიკული ამბავი ისაა, ადამიანს უნდა, რომ შეგაქოს, მაგრამ დავალება აქვს პირიქით გააკეთოს და ილანძღება (იცინის). ამას წინათ ჩემი კონკრეტული ხუმრობის გამო კონფლიქტი მქონდა, პოლიცია ჩაერია და გამომძიებელმა მითხრა: მიშა, რა გითხრათ, საქართველოში, ბევრი ადამიანი ცხოვრებისგან არის ფსიქიკაშერყეული, თუმცა არ არის აღრიცხული და ეს ადამიანები სხედან სოციალურ ქსელებში და შხამს აფრქვევენო. ეს სერიოზული პრობლემაა საზოგადოებისთვის. მათ ჰგონიათ საკუთარ აზრს აფიქსირებენ, რეალურად კი ნამდვილად საშიშები არიან. მარტივი ამბავი გახდა ვინმესთვის რაღაცის დაბრალება, შეურაცხყოფის მიყენება და მერე ამაზე პასუხისმგებლობის არაღება. ამიტომ, მე გადავწყვიტე, პოლიციასთან მქონდეს მუდმივი კონტაქტი. ისინიც დაღლილები არიან ამით, მაგრამ მათაც იციან, რომ სამწუხაროდ, მათი ლიმიტი ამას არ ყოფნის და ხშირ შემთხვევაში ისინი ვერ ან არ ასრულებენ თავიანთ მოვალეობას. იმიტომ, რომ იციან, ესენი არ არიან კონკრეტული ან შემთხვევითი ადამიანები, ამას აქვს სხვა კუდებიც და თვითონაც უხერხულად არიან. ჩვენ ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ამაში ახალი არაფერია. სამწუხაროდ, ზვიადისტი და შევარდნაძისტი, აი, ეს გაყოფილი პოლიტიკური კლიშეები არ დამთავრებულა და ისევ იგივე ხდება. ეს დიდი ცირკია და ამ ცირკშია ჩაბმული ადამიანების დიდი ნაწილი. მათ ჰგონიათ, სიმართლის მხარეს არიან და ამ ცირკში დიდი ხანია ვცხოვრობთ. ჩემთვის ეს უკვე ნორმა გახდა. ჩემს ქვეყანაზე არ უნდა ვიწუწუნო, უნდა ვაკეთო ის საქმე, რაც გამომდის და ვიცი, წუწუნით ვერაფერს ვიზამ, უბრალოდ, ცირკში ვართ, ამას ვერ შევცვლით და ეს ცირკი უნდა აღვწეროთ. და როცა მე ამის აღწერას ვახდენ, ზოგს არ მოსწონს.
– ბევრ უცხო ქვეყანაში დადიხარ, გყაავს ახლობლები. არასოდეს გიფიქრია იქ დარჩენა, ცხოვრებისა და კარიერის გაგრძელება?
– არა, არასოდეს მიფიქრია უცხო ქვეყანაში დარჩენა. მე სხვა ქართულის ამბიცია მაქვს. მე მინდა, ქართული შევქმნა, ის, რასაც ჩემი ენა, კულტურული კოდი და წარმომავლობა მაძლევს. და, ეს, რაც მე მაქვს, ჩემთვის ღირებულია. მე ჩემი თავი მინდა ჩემს ქვეყანას მივცე და დავუტოვო. სხვაგან რა მესაქმება? სხვა ქვეყანაში მხოლოდ გამოცდილება შეიძლება, მივიღოთ, მე კი მინდა, რასაც ვაკეთებ, ქართული იყოს.
– რადგან გამოცდილება ახსენე, გკითხავ: იმ განვლილმა წლებმა რა გამოცდილება მოგცა, რა დაგანახა, რა გადააფასე და შეაფასე ახლანდელი გადასახედიდან?
– არაფერიც არ გადავაფასე განვლილი ცხოვრებიდან. გადაფასება გამოცდილებიდან და პრაქტიკიდან მოდის და ეს პრაქტიკა და გამოცდილება ყოველდღე უნდა განაახლოს ადამიანმა. ზოგადად, ჩემი აზრით, გადაფასება არაფერს სჭირდება. უბრალოდ, ყოველდღიურად უნდა დააკვირდე საკუთარ თავს, შენს გარემოს. მე ცხოვრებას გამართლება-არ გამართლებით არ ვუყურებ. ვცდილობ, ცხოვრებას რეალურად შევხედო. ეს რეალობა კი, თავად უნდა შექმნა, დანარჩენი შემთხვევითობებია, რომელიც შენგან დამოუკიდებლად ხდება. ყველა ცუდი თუ კარგი შემთხვევითობის მადლობელი და მადლიერი ვარ. პირველ რიგში, მადლობელი ვარ იმ ღამის, როცა ჩემი სიცოცხლის საკითხი და ჩემი ჩასახვა გადაწყდა, რადგან ამაზე სასწაული ვერაფერი მოხდებოდა და ამაზე კარგი აზრი ვერაფერი გაუჩნდებოდათ ჩემს მშობლებს.
– მაშინ, ასე გკითხავ: გვერდიდან საკუთარ თავს რომ უყურებ, ვის ხედავ?
– ჩემს თავს გვერდიდან რომ ვუყურებ, ვხედავ ადამიანს ორი სქესით (იცინის).
– უამრავი იუმორისტული როლი გაქვს შესრულებული, თუმცა შენი შესრულებული ქალის როლები შეუდარებელია. უცხოეთის ყველა ქვეყანაში ჩვენი ემიგრანტები გთხოვენ ჩაიცვა ქალის ფორმა, იყო ლენკა, ხელში დაიჭირო მარაო და ახალისო. ქალად გარდასახვისას მაკიაჟს თავად იკეთებ თუ ვინმე გეხმარება?
– ლენკა, ალბათ, ჩემი ერთადერთი კონკურენტია. საინტერესო პოზიციაში აღმოვჩნდი – ჩემი წარსული ჩემი კონკურენტი გახდა. ახლა ვარ, ჩემს წარსულ მიშასთან კონკურენციაში, ცოტა უცნაურია, მაგრამ საინტერესო. სად ვიყურებით აქეთ-იქით, როცა საკუთარი თავი შეიძლება, ყველაზე კარგი კონკურენტი იყოს. მიუხედავად იმისა, რომ „კომედი შოუს“ პერსონაჟები დავიწყებული მყავდა, მინდოდა, ჩამომეცილებინა და ლენკას და სხვა ქალების კაბები კედელზე მიჭედებულ ლურსმანზე იყო დაკიდებული, ეფექტი იმხელაა, როცა საღამოს სტენდაფით ვიწყებ, მერე ლენკათი ვამთავრებ, არ მინდა, მაყურებელს ეს სიამოვნება მოვაკლო. სხვანაირ სასიცოცხლო სილაღეს აძლევს და ამიტომ ამ სიამოვნებას არ ვაკლებ, თუმცა, ლენკა ჩემთვის უკვე წარსულია და მეც ვბრუნდები ამ წარსულში. სიახლეები კარგია, მაგრამ ჩვენ, ყველას, გვინდა ის, რაც ჩვენს ემოციას სიამოვნებს და მე ამ შემოქმედებით წესს ვემორჩილები, სხვანაირად არ გამოდის. პირველი ქალი პერსონაჟი ნანული იყო. არ დამავიწყდება, გამჭვირვალე ძუისგან ნაქსოვი, დედაჩემის „შლიაპა“ მეფარა, ბაზარში მზის დასაცავად რომ ეხურა. დედაჩემი არის დიდი სტილი ჩემი პირველადი კოსტიუმების საქმეში. ახლა კი, პირიქითაა, ხანდახან დედაჩემი მეუბნება, ეს რა კარგი რამე გაცვია, მოიტანე, მომეციო (იცინის). ადრე დედაჩემი მთავაზობდა, როგორი სტილი მომიხდებოდა ქალის როლში, ახლა მე ვთავაზობ, გაიცვალა როლები (იცინის). მაკიაჟის გაკეთება და გრიმიც ვისწავლე. რეკორდი მოვხსენი, თხუთმეტ წუთში მაკიაჟს ვიკეთებ, თავისი თვალის ტონებით, ტუშით, პომადით, დამატებითი ტონებით (იცინის). ახლა გავთამამდი და პირველ ტონს მეორე ტონსაც ვამატებ, რომელსაც ცხვირი და ყვრიმალები ამოჰყავს წინა პლანზე (იცინის).
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





