შოუბიზნესი

მერიკო კარტოზია: შემიძლია, ერთ წამში დავასრულო ათწლიანი მეგობრული ურთიერთობა

№17

ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00

მერიკო კარტოზია
დაკოპირებულია

სასწორი – ამ ნიშნის წარმომადგენლები მშვიდი, წინდახედული, საზრიანი ადამიანები არიან, რომლებიც სტაბილურობისკენ ისწრაფვიან. აქვთ მახვილი გონება, აზროვნებენ ლოგიკურად, განვითარებული აქვთ მშვენიერების გრძნობა.

მერიკო კარტოზია: 1978 წლის 28 სექტემბერს დავიბადე, რაც იმას ნიშნავს, რომ ზოდიაქოთი სასწორი ვარ, ცხენის წელში დაბადებული, შესაბამისად, წელს ჩემი წელია.

ვერ ვიტყვი, რომ ჰოროსკოპზე ვარ დამოკიდებული და ჩემს ცხოვრებას პროგნოზების მიხედვით ვგეგმავ, თუმცა, ვიცი, რომ ნიშნების მახასიათებლები ძალიან ემთხვევა ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანების ფსიქოტიპებს და სასწორი მეც ძალიან მგავს. ყველაზე მეტად სასწორის თვისებებიდან გამოვყოფდი დიპლომატიურ უნარს, რაც ჩვენ გვახასიათებს, ასევე, ვართ სიმშვიდის მოყვარულები. ხელოვნებასთან ძალიან ახლოს ვართ და გვიყვარს შემოქმედებითი პროცესი. თუ საქმეში შემოქმედებითი ნაწილი არ არის, რა დონის ფინანსური სარგებელიც არ უნდა მომიტანოს, საერთოდ არ მაინტერესებს. მთელი ცხოვრება ასე ვარ, რაც მიკეთებია, ყველაფერში არის შემოქმედებითი ნაწილი, დაწყებული გადაცემებით, გაგრძელებული ცეკვით. ბავშვობაში ვცეკვავდი, ქორეოგრაფიულ ნომრებსაც ვდგამდი, ღონისძიებებში, საერთაშორისო ფესტივალებში ვმონაწილეობდი და ძალიან ბევრს ვმოგზაურობდი. ძალიან მომწონდა ეს პროცესი – ხელოვნების გაცვლა ხდებოდა საერთაშორისო მასშტაბით. ქართული ყოველთვის გამორჩეული იყო. ძალიან ამაყი ვარ იმის გამო, რომ საერთაშორისო ფესტივალებზე ქართველები ყოველთვის პირველები ვიყავით. გველოდებოდნენ, ჩვენს გამოსვლას სპეციალურად ბოლოსკენ ნიშნავდნენ, როგორც კულმინაციურ ნაწილს. მე არცერთი ქვეყნის კულტურას არ ვაკნინებ, პირიქით, ძალიან მომწონს და ბევრი ქვეყნის კულტურა და ცეკვა შევისწავლე ისე, რომ ჩვენთან სხვებსაც ვასწავლიდი. ჯერ კიდევ 20 წლის წინ მე და ჩემს დას სტუდია გვქონდა, სადაც „პიციკა“ დავდგით. ამ იტალიური ცეკვის შესახებ ბოლო დროს გაიგო ხალხმა, ჩვენ კი წლების წინ გვქონდა დადგმული, იმდენად მოგვწონდა, მაგრამ ქართულს მაინც განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.

– სასწორები დიდხანს ეძებენ საკუთარ დანიშნულებას, ურჩევნიათ უსაქმოდ იყვნენ, ვიდრე არასასურველი საქმე აკეთონ. სხვამ შეიძლება, ზარმაცადაც ჩათვალოს, მაგრამ თუ სასწორი არაფერს აკეთებს, ესე იგი, იმიტომ, რომ ჯერ საკუთარი საქმე არ უპოვია.

– მისიის ძებნა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ სიზარმაცე არასდროს ყოფილა ჩემი თვისება. ყოველთვის შრომისმოყვარე ვიყავი და ვარ. მართალია ის, რომ ყოველთვის ვეძებ ჩემს საქმეს, ის სასიამოვნოც უნდა იყოს, კომფორტულიც და კარგია, თუ შემოსავლიანიც იქნება. მხოლოდ ფულის გამო არცერთ პროექტს არ მოვკიდებ ხელს. ეს ჩემთვის წამებას ნიშნავს. ცხოვრების განმავლობაში, ალბათ, სულ ორი პროექტი მქონდა ასეთი, რომელსაც კარგი ფინანსური შემოთავაზების გამო დავთანხმდი.

– სასწორები ძალიან მეოცნებეები არიან. ეთანხმები?

– ჩემი ცხოვრება ორ ნაწილად იყოფა – შემთხვევამდე, რაც ამერიკაში გადამხდა და მას შემდეგ. მანამდე ბევრს ვოცნებობდი, ათასი გეგმა მქონდა ცხოვრებაში. ეს ამბავი რომ დამემართა და სასწაულებრივად გადავრჩი, მივხვდი, რომ ღმერთმა სიცოცხლე მეორედ მაჩუქა. კი, ჯანმრთელობა დამიზიანდა, მაგრამ არა ისე, რომ ეს სამუდამო ყოფილიყო. შეიძლებოდა, შეზღუდული შესაძლებლობის დავრჩენილიყავი და მთელი ცხოვრება ტრავმირებული ვყოფილიყავი. ამ შემთხვევის შემდეგ ჩემს სურვილებთან და ოცნებებთან ძალიან ფრთხილი დამოკიდებულება მაქვს. როცა თავში რამე აზრი მომივა, პირველი, რასაც ვამბობ არის „უფალო, იყოს ნება შენი“. გეგმის გარეშე ვინ ცხოვრობს, მაგრამ ჩემს ოცნებებში ძველებურად აქტიური აღარ ვარ. უფრო პრაგმატული გავხდი, მიწაზე მყარად დავდექი, გამოვფხიზლდი, ცაში აღარ დავფრინავ. სურვილები მაქვს, მაგრამ ოცნებები გამიქრა.

– სასწორი ძალიან მშვიდი და წინდახედული ნიშანია.

– სიმშვიდისა და წინდახედულობის რა მოგახსენოთ. ბავშვობაში უფრო სწრაფი ვიყავი და ჩემი ტემპიდან გამომდინარე, ხშირ შემთხვევაში, ვერც მშვიდი ვიყავი და ვერც წინდახედული. ამიტომ, ბევრი შეცდომაც დამიშვია. მოგეხსენებათ, ტელევიზია ოპერატიულობას ითხოვს და ამ სისწრაფიდან გამომდინარე, ბევრი რამ ისე გამიშვია ეთერში, ნაკლები ყურადღება მიმიქცევია და მერე რომ დავფიქრებულვარ, მივმხვდარვარ, რომ სხვანაირად გაკეთება ჯობდა. დღევანდელი გადმოსახედიდან, ძალიან ვნანობ, რომ ხშირად არ ვიყავი წინდახედული და სულსწრაფობა მძლევდა. მომთმენი ნაკლებად ვიყავი. სიმშვიდე და წინდახედულება ძალიან კარგი თვისებებია, რომელიც ახლა უფრო შევიძინე, როცა ცხოვრებამ გამაჩერა. თითქოს, მითხრა, ცოტა ხანი დაწყნარდიო და მას შემდეგ მივეჩვიე სიმშვიდეს, მოთმინებასაც. წარსულში ამის დრო და კომფორტი არ მქონდა. თუ საქმე იყო გასაკეთებელი, ხვალ კი არა, გუშინ ვაკეთებდი, ძალიან სწრაფი ტემპი მქონდა და ამის გამო, სამწუხაროდ, შეცდომებიც დამიშვია როგორც ადამიანებთან ურთიერთობაში, ისე საქმეში, რასაც ძალიან ვნანობ.

– ძალიან უყვართ სიტუაციის კონტროლი.

– ნამდვილად ასეა. არ აქვს მნიშვნელობა სამკაციან გუნდში ვმუშაობ, 30-იანში თუ 300-კაციანში, სრულად უნდა ვაკონტროლებდე სიტუაციას. გარდა იმისა, რომ საავტორო გადაცემები მქონდა, იცით, რომ პროდიუსინგის ნაწილშიც ვმუშაობდი. პროდიუსერისთვის ეს აუცილებელი თვისებაა. ყველაფერს ვაკონტროლებდი და თან იმდენად სწრაფად, რომ ხალხს ეგონა, ცხრა ადამიანი ვიყავი. ყველგან ვიყავი და ყველაფერს ვასწრებდი – ორი გადაცემა პარალელურ რეჟიმში ჩამიწერია, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი სტუდიიდან „ღამის შოუს“ სტუდიამდე ფიზიკურად საკმაოდ დიდი მანძილი იყო. ვაღიარებ, რომ კონტროლი კარგად გამომდის. „ჩეპე“ არასდროს მქონია. ყურადღება ძალიან გამახვილებული მაქვს.

– სასწორი ქალი, შეიძლება, გარეგნულად სუსტი და დაუცველი ჩანს, მაგრამ ძალიან ძლიერია და ნებისმიერ სიტუაციაში შეუძლია გამოსავლის პოვნა.

– საკმაოდ ძლიერები ვართ. სასწორი ერთადერთი ნიშანია სულის გარეშე. სასწორი ასეთია – მოვითმენ მაქსიმალურად, ვაპატიებ მაქსიმალურად, ვაცდი მაქსიმალურად, მაგრამ თუ უკვე ყოველგვარ ზღვარს გადავიდნენ, რადიკალურად ცივი ვხდები და ყველაფერს ცივი გონებით ვუდგები. შემიძლია, ერთ წამში დავასრულო ათწლიანი მეგობრული ურთიერთობა. ხომ არ გგონია, მერე გული მომილბეს, ვაპატიო და ასე შემდეგ, არ არსებობს. კი არაფერს ვუშავებ, უბრალოდ, ვქრები მისი ცხოვრებიდან. მასაც ვაქრობ ჩემი ცხოვრებიდან და წერტილი. კი, ემოციურებიც ვართ, გულიც გვწყდება დასრულებულ ურთიერთობაზე, მაგრამ თუ ადამიანი ზღვარს გადავიდა, არ გავეტირები. იმ დონეზე შემიძლია, ყველაფერი დავივიწყო, თითქოს, ის ადამიანი საერთოდ არ არსებობდა ჩემს ცხოვრებაში.

– ვფიქრობ, რომ ცხოვრებისეული სირთულეების წინაშეც ძალიან ძლიერი ხარ.

– კი, ბატონო. ბევრი გამოწვევა მიმიღია, ბევრიც მარტოს გადამიტანია, ისე, რომ არავის გაუგია. როცა განსაცდელი დგება, ალბათ, ასჯერ მეტად ვძლიერდები სულიერად. ვიცი, რომ ტირილსა და სახის ხოკვას აზრი არ აქვს. გადაწყვეტილება უნდა მიიღო, გამოსავალი აუცილებლად უნდა იპოვო და ამისთვის შენი მაქსიმუმი უნდა გააკეთო. არ ვიბნევი, ჩემთვის ფორსმაჟორი არ არსებობს. გადაცემაც რომ ავიღოთ, ბოლოს ეს თვისება იმდენად მქონდა გამჯდარი, რომ თუ არ მეჩქარებოდა, ტექსტს ვერ ვწერდი. ერთი დღე რომ მქონოდა დრო, ერთ წინადადებას ვერ დავწერდი, მაგრამ როგორც კი ბოლო წუთების ათვლას დავიწყებდი, არ ვიცი, როგორ, მაგრამ ორ წუთში ყველაფრის დაწერა შემეძლო. ეტყობა, ტვინი იმდენად მომართული იყო სისწრაფეზე, რომ ფორსმაჟორი ადრენალინივით მჭირდებოდა. როცა „მერეს“ იმედი აღარ მქონდა, წამებში ვასწრებდი ყველაფრის გაკეთებას. თუმცა ისიცაა, რომ ჩემი თავის იმედი მაქვს, ვიცი, რომ წამები მეყოფა იმის გასაკეთებლად, რაც საჭიროა.

– თვისებები, რომელიც ძალიან მოგწონს საკუთარ თავში და თვისებები, რომელსაც სიამოვნებით გამოასწორებდი...

– საკუთარი თავის ქება საერთოდ არ მიყვარს, მაგრამ ამ ბოლო ორი წლის დამსახურებით, როგორც ვთქვი, უფრო მომთმენი და მშვიდი გავხდი. შემიძლია მოლოდინის რეჟიმში ყოფნა და ამას სიმშვიდით ვხვდები. აღარ ვარ ძველებურად სულსწრაფი. რაც არ მომწონს, ისაა, რომ სულსწრაფი ვიყავი და ამის გამო შეცდომებს ვუშვებდი. ვნანობ, რომ რამდენჯერმე ჩემს პრინციპებს ვუღალატე. ამ სიტუაციამ უფრო დამაახლოვა ღმერთთან და დღეს ვხვდები, რომ გადაცემის ჩაწერის დროს ბევრ რამეს არ ვითვალისწინებდი. ვიცოდი, რომ ტელევიზია და ციფრები სხვა რამეა, ცხოვრება – სხვა. ამიტომ, ბევრჯერ ისეთი რესპონდენტიც ჩამიწერია, ვისაც ახლა არ ჩავწერდი, რადგან ვიცოდი, რომ ერთ ღამეში ერთმილიანონიან რეიტინგს დამიწერდა. რეიტინგის გამო ვრისკავდი და თან, ამას არც ვნანობდი. მესმის, რომ ციფრები აუცილებელია, მაგრამ არის რაღაცები, რაც არ უნდა გააკეთო და დღევანდელი გადმოსახედიდან, ჩემს რწმენას არაფრით არ ვუღალატებდი. დღეს ვცდილობ, კარგი გოგო ვიყო, ვცდილობ, საკუთარ სინდისთან მართალი ვიყო. ეს არ არის მარტივი. ყოველთვის არ გამოდის, მაგრამ რამდენადაც შემიძლია, ვცდილობ, განსაცდელები ავირიდო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი