მერიკო კარტოზია: რას წარმოვიდგენდი, თუ ამერიკაში, ოცდამეერთე საუკუნეში, ფაეტონიდან გადმოვვარდებოდი და ფეხს მოვიტეხდი
ავტორი: ნონა დათეშიძე 22:00 14.05
გადაცემა „ერთი ამბავი მერიკოსთან“ ავტორი, ჟურნალისტი და წამყვანი მერიკო კარტოზია ამერიკაში, მორიგი გადაცემის გადაღების პროცესში ხრამში გადაიჩეხა და ამერიკის ერთ-ერთ ჰოსპიტალში გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა. საბედნიეროდ, მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება, თუმცა წინ ხანგრძლივი რეაბილიტაციის პერიოდი აქვს. ჟურნალი „თბილისელები“ მას მალე გამოჯანმრთელებას და მორიგი საინტერესო გადაცემების ჩაწერას უსურვებს. მერიკოს ოპერაციის შემდგომ ამერიკაში დავუკავშირდით და მომხდარი ფაქტის დეტალები გამოვკითხეთ.
– მერიკო, როგორ მოხდა ეს ამბავი და ახლა როგორ ხარ?
– ამერიკაში, ოცდამეერთე საუკუნეში, ფაეტონიდან თუ გადმოვვარდებოდი და ფეხს მოვიტეხდი, რას წარმოვიდგენდი (იცინის). ახლა კი მეცინება, მაგრამ მართლაც სასწაულებრივად გადავრჩი. მოკლედ, 20 აპრილს საინტერესო ადამიანი უნდა ჩამეწერა. ზოგადად, რესპონდენტებს ჩაწერამდე, წინასწარ ვნახულობ და ვესაუბრები, ანუ მასთან ერთად გავდივარ სცენარს – რის მერე რა გადავიღო და როგორ. ვახო მუმლაძე წლებია, ამერიკაში ცხოვრობს, რამდენიმე კომპანიას ფლობს და რაც ჩემთვის ყველაზე საინტერესოა, არის ჩოხოსანი, არის სტიქაროსანი, აქვს ჩოხა და ფაფახი, ჰყავს ცხენი და აქვს ფაეტონი. ძალიან ენატრება საქართველო და მისთვის ეს ყველაფერი სამშობლოდან შორს, ამერიკაში ჰობივით გახდა. მოკლედ, ყველაფერი აქვს, რაც მას სამშობლოსთან აკავშირებს და ცდილობს, ამერიკაშიც შეიქმნას პატარა საქართველო. ჩემთვის, როგორც ჟურნალისტისთვის, ტელეწამყვანისთვის და ჩემი გადაცემისთვის, რა თქმა უნდა, ყველაზე საინტერესო იყო, რომ ამერიკაში ვიპოვე ადამიანი, რომელიც წლებია, აქ ცხოვრობს და თან, იმდენად უყვარს საქართველო, რომ დღეს აქ ჩოხაში გამოწყობილი, ფაეტონითა და ცხენით მოძრაობს. ულამაზესი, ბელგიური ჯიშის ცხენი ჰყავს და რომ წარმოვიდგინე თავისი ამ ტრადიციული ჩაცმულობით, ფაეტონზე მჯდომი, როგორ ინტერვიუს მომცემდა ჩემი გადაცემისთვის და რა კადრებიც მექნებოდა, თავად ვთხოვე: ეტლით გადავაადგილდეთ, თან ვისაუბროთ, ინტერვიუს ჩავწერ და ასე გავაცნოთ ხალხს შენი თავი-მეთქი. დამთანხმდა, დავთქვით შეხვედრის დრო და პარკ „რიჩ ბოროზე“, ულამაზეს რანჩოზე, სადაც ლამაზი ტყე და ბუნებაა, ჩოხით, ფაფახით, ცხენითა და ფაეტონით დამხვდა. ძალიან მიყვარს ცხენები, მაგრამ რაღაცნაირი უცნაური წინასწარი შეგრძნებები მქონდა. ზუსტად რა მოხდებოდა, რასაკვირველია, ვერ წარმომედგინა, მაგრამ წინა დღეებში აფორიაქებული ვიყავი, უცნაური სიზმრები ვნახე, ვგრძნობდი, თითქოს რაღაცის დასასრული და რაღაცის დასაწყისი იქნებოდა. თითქოს რაღაცისთვის ვემზადებოდი. გადაღებაზე რომ მივედი, ცოტა ცივი ამინდი იყო. პლედი მოვიხურე, ჩავჯექი ფაეტონში, ფილმივით სიუჟეტს ჰგავდა ეს ყველაფერი... ერთი სიტყვით, დავიწყეთ გადაღება და მთელი ინტერვიუს პროცესი ასე ჩავწერე. რომ დავასრულეთ და მაყურებელს მივმართე: ვახოს ძველი დუქნის მსგავსი პატარა რესტორანი აქვს ამერიკაში, თონეში გამომცხვარი პურითა და უგემრიელესი ქართული კერძებით და ახლა იქ გადავინაცვლებთ და გავაგრძელებთ ჩაწერას-მეთქი, ცხენმა მოულოდნელად უკანსვლა დაიწყო. ბოლო კადრებს ჩემი შვილი იღებდა, როცა ცხენმა უცებ ტლინკები აყარა, გაჩერდა და უკანა სვლით დაიწყო სიარული. გვერდით ეკალბარდიანი ხრამი იყო. ვახო ფეხზე ამდგარი ცდილობდა ცხენის დამორჩილებას, მაგრამ ფაეტონმა დაკარგა წონასწორობა, ეტლის ერთმა ბორბალმა ხრამისკენ გადაიწია, მიწა გამოეცალა და წამებში გადავტრიალდით. გადავცვივდით და მე ეტლის ქვეშ მოვყევი. რა სიმწარე ვნახე, ენით ვერ გამოვთქვამ. ეკალბარდებში გახვეული ვგრძნობდი, მარცხენა ფეხს ვერ ვიმორჩილებდი. ალბათ, რომ ციოდა, ძვლები მქონდა გაყინული და გონებაც ამიტომ არ დავკარგვე, მაგრამ საშინელ ტკივილს ვგრძნობდი. დავიძახე: ვაიმე, ფეხი-მეთქი და რომ წამოვდექი, ვიგრძენი მარცხენა ფეხი არ მემორჩილება და თავისთვის გდია. რომ დავხედე, არაბუნებრივი შესახედი იყო და მივხვდი ფეხი მომტყდა.
– ვახოც ხომ გადმოვარდა ხრამში და ისიც დაშავდა?
– რასაკვირველია, ვახოც გადმოვარდა ხრამში, მაგრამ მე ნაპირას ვიჯექი, ფაეტონის ქვეშ მოვიჭეჭყე და მთელი სიმძიმე მე დამაწვა. ძალიან გამიმართლა, მადლობა ღმერთს, თავზე არ დამეცა ან წელზე, კისერი ან ფუძის ძვალი რომ არ მოვიტეხე. მართლა, ღმერთმა დამიფარა და გადამარჩინა.
– საავადმყოფოში ვინ წაგიყვანა?
– ფეხი კი ძალიან მტკიოდა, მაგრამ გონზე ვიყავი, ყველაფერი მახსოვს, წამებში მოახერხეს მობილიზება ვახომ, მისმა მეუღლემ და ჩემმა შვილმა საავადმყოფოში მიმიყვანეს. ჰოსპიტალში მისვლისას სასწაული ტკივილი დამეწყო. საკაცეზე გადამიტანეს, ფეხი გამიჭიმეს და დააფიქსირეს. იმ დონის მოტეხილობა მქონდა, იმდენ ადგილას იყო ძვალი გადატეხილი და ჩაშლილი, რომ მხოლოდ თაბაშირი არ უშველიდა და ოპერაცია დასჭირდა. თავიდან ბოლომდე რკინებით ამაწყვეს. ვხუმრობ ხოლმე, „ბოლტ-გაიკებით“ ვარ აწყობილი-მეთქი. რენტგენის ფოტო რომ ვნახე, მთლიანად რკინა მაქვს, ძვლის ნაცვლად. ოპერაციის მერე ექიმმა გვითხრა: ოპერაციის გაკეთების დროს ვიგინებოდი, იმდენად მძიმე მდგომარეობა გქონდა, იმდენად წვრილად გქონდა დაშლილი ძვლებიო. რასაც ახლა ვუყურებ, ისეა ჩემი ფეხი აწყობილი, მართლა იუველირივით ნამუშევარია. მოკლედ, შეაფასეს, როგორც ერთ-ერთი უმძიმესი ოპერაცია. ყველაზე სასაცილო კი ის იყო, რომ საავადმყოფოში ვახოს პირდაპირ გადასაღები მოედნიდან მოუწია წამოსვლა და ჰოსპიტალში ფაფახითა და ჩოხით გამომყვა, გადაუდებელი დახმარების ოთახში თავზე მედგა, არ მომცილებია და ამ ფორმაში რომ ხედავდნენ, გადაირივნენ, შოკში იყვნენ, ექიმებიცა და ექთნებიც (იცინის). ორ წამში, მთელმა საავადმყოფომ იცოდა, რომ პაციენტი საქართველოდან ცნობილი წამყვანი ჰყავდათ და მთელი გულით მგულშემატკივრობდნენ.
– ფაქტია, რთული ოპერაცია გადაიტანე და წინ ხანგრძლივი რეაბილიტაციის პერიოდი გაქვს, რის გამოც დროებით საყვარელ საქმესთან ჩამოშორება მოგიწევს. ამას ხომ არ განიცდი?
– დიახ, წინ რთული რეაბილიტაციის პერიოდი მელის. ვარჯიშის უფლებაც კი არ მომცეს, ჯერ უნდა დაისვენოს ფეხმა, ალაგდეს ტკივილები. მერე, ფიზიოთერაპევტები დაიწყებენ მუშაობას, ამ კურსსაც გავივლი და იმედია, წამოვდგები. ვხუმრობ: ვებრძვი ტკივილებს და ვსწავლობ სიარულს-მეთქი. ფაქტია, თავიდან უნდა ავიდგა ფეხი. ორი დღეა, რაც გამომწერეს და ალბათ, დამოუკიდებლად გადაადგილებას ორ თვეში შევძლებ. ჯერ გარეთ მარტო ვერ გავალ, სახლში კი სპეციალური მოწყობილობით გადავადგილდები და საავადმყოფოდან „კასტილებიც“ გამომატანეს. ექიმები ფეხის ძალის დატანების უფლებას არ მაძლევენ და ერთი ფეხითა და „კასტილებით“ მიწევს სახლში გადაადგილება. ფიზიოთერაპევტებთან რომ დავიწყებ ვარჯიშს, ისინი მასწავლიან, როგორ გადავდგა ნაბიჯები. მართლა ახლა ვიწყებ ფეხის ადგმას. ეს პერიოდი, მომიწევს ამერიკაში ყოფნა, ჯერ ფრენის უფლებასაც არ მაძლევენ. მუდმივი დაკვირვების ქვეშ ვარ – როგორ მიდის პროცესი, შეხორცება. მეუბნებიან, ყოჩაღი გოგო ხარ, არ დუნდებიო (იცინის).
სიახლეები ამავე კატეგორიიდან