შოუბიზნესი

მარკუს მეტრეველი: დაქორწინება ჩემთვის არის ბუტაფორია და ცარიელი ფურცელი

№8

ავტორი: ეთო ხურციძე 22:00 02.03, 2022 წელი

მარკუს მეტრეველი
დაკოპირებულია

მარკუს მეტრეველი საზოგადოების წინაშე მალე ახალი ამპლუით წარდგება – მომღერალი ტელეწამყვანის პროფესიას მოირგებს. მარკუსი ხშირად ანებივრებს მსმენელს ახალი ჰიტებით და 2022 წელიც სიახლით დაიწყო – ჩაწერა ახალი სიმღერა, რომლის პრემიერაც უკვე შედგა. ინტერვიუს დროს, მარკუსმა თქვა, რომ კახეთში აპირებს გადაბარგებას, უფრო კონკრეტულად მომღერლის სამომავლო გეგმებზე სტატიიდან შეიტყობთ.

მარკუს მეტრეველი: ჩავწერე ახალი სიმღერა, რომელიც ბორიკო შხიანმა დამიწერა, თანაავტორია ნატო ღოღობერიძე, ტექსტი ეკუთვნის ქეთი ორჯონიკიძეს. ჩაიწერა „ბრავო რეკორდსში“ და მასტერინგზე იმუშავა ალეკო ბერძენიშვილმა. სიმღერის სტილია ევრო-აზიური, არის ძალიან მელოდიური და საინტერესო ჟღერადობის. სიმღერის სახელწოდებაა „ერთი შანსი“. ეს სიმღერა ასახავს ჩემი ცხოვრების განვლილი პერიოდის მდგომარეობას, რომელიც დღემდე გრძელდება. ზოგადად, ჩემს სიმღერებს ყოველთვის ახლავს ამონარიდები ცხოვრებიდან, პატარა სიუჟეტები, ტექსტის სახით. სიმღერის პრემიერა ახალ წელს ორბელიანის მოედანზე, მერიის საახალწლო კონცერტზე მქონდა, შემდგომ ტელევიზიით გაჟღერდა საახალწლო ეთერში. იმედია, ჩემს მსმენელს შეუყვარდება ახალი ჰიტი, ისევე როგორც სხვა დანარჩენი. რაც შეეხება კონცერტებს, ოთხი კონცერტი გამიუქმდა: ისრაელში, საბერძნეთში, გერმანიასა და იტალიაში. ეს კონცერტები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან დაგეგმილი მქონდა, რომ შევხვდებოდი და მოვესიყვარულებოდი ჩემს ქართველ ემიგრანტებს. მოგეხსენებათ, მეც ერთ დროს ემიგრანტი ვიყავი და ვიცი, რა ემოციასთან არის დაკავშირებული, როცა ქართველი მომღერალი ჩამოდის და გჩუქნის ემოციებით, მონატრებით, ტკივილით, ცრემლითა და ბედნიერით სავსე საღამოს. ვიმედოვნებ, დასრულდება ეს პანდემია, თორემ შედეგები ჩვენს ქვეყანასა და არტისტებზე მძიმედ აისახება. რაც შეეხება სხვა სიახლეს, ექსკლუზიურად „თბილისელებისთვის“, პირველად ვაჟღერებ ამ ამბავს, ქალბატონმა ია დოლიძემ, რომელიც „პრაიმ მოდელსის“ დამფუძნებელი გახლავთ, შექმნა ახალი ტელევიზია, სახელწოდებით – „პრაიმ TV“, რომელიც უახლოეს მომავალში გამოჩნდება სატელევიზიო სივრცეში. მე კი, სწორედ, ამ ტელევიზიის ერთ-ერთი გადაცემის წამყვანი ვიქნები. შემოთავაზება რომ მივიღე, ძალიან გამიხარდა, რადგან წამყვანობის მცდელობის პირველი შემოთავაზება 2013-14 წლებში მქონდა ერთ-ერთი ტელევიზიიდან, ყველაფერი მზად იყო, უკვე ეთერში უნდა გავსულიყავით, თუმცა ბოროტმა ძალებმა დიდი როლი ითამაშეს და გადაცემა ჩაშალეს. ეს დღემდე არსად გაჟღერებულა. გადაცემის „ქუდიც“ კი მზად იყო, წინასწარ გვქონდა ჩაწერილი გადაცემები, მაგრამ ისე მოხსნეს ეთერიდან, რომ პასუხი დღემდე არავის გაუცია. რაც შეეხება ახალ ტელევიზიას – „პრაიმ TV-ს“ ვუსურვებ, რომ ერთ-ერთი წამყვანი ტელევიზია გახდეს. რასაკვირველია, ამას დიდი შრომა სჭირდება. საკმაოდ პროფესიონალური გუნდია და ეჭვი არ მეპარება, რომ წარმატებაც მოვა და მისი შესაძლებლობებიც ეტაპობრივად გაიზრდება.

– მარკუს, როგორც გავიგეთ, კახეთში აპირებ გადაბარგებას, მოგვიყევი ამ გადაწყვეტილების შესახებ.

– კი, ვაპირებ. ქალაქიდან გადასვლა ერთ-ერთი პრიორიტეტული გეგმაა ჩემს ცხოვრებაში. ამაზე სერიოზულად დავიწყე ფიქრი, განსაკუთრებით პანდემიის დროს და მოვიდა დრო, რომ განვახორციელო. ზოგადად, ბუნებასთან, ცხოველებთან, ფრინველებთან სიახლოვე ჩემთვის სულიერი მედიტაციაა, სულის ტრანსში გადასვლა და უდიდესი ენერგიით დამუხტვა. დიდ ქალაქში, როგორიც არის თბილისი, დიდი უარყოფითი მუხტი და ენერგიაა თავმოყრილი. სამწუხაროდ, დაბინძურებულია გარემო. ამიტომ, როგორც აღვნიშნე, ჩემთვის ამ დაბინძურებული ენერგეტიკისგან გასვლა პრიორიტეტულია. ბოდბეში მაქვს სახლი და დიდი ეზო, რომელიც მცენარეებითა და ხეხილითაა სავსე. იქ უნდა მოვაწყო პატარა ევროპული აგარაკი, სადაც ყველა ჩემს მეგობარს განტვირთვის საშუალება ექნება. მინდა, ეს სახლი სიყვარულისა და პოზიტიური ენერგიით სავსე ადგილი იყოს, სადაც ყველა სიხარულით ჩამოვა. მუშაობა უკვე დაწყებული მაქვს და უახლოეს მომავალში გადავალ საცხოვრებლად.

– რემონტის ამბებში თავად ხარ ჩართული?

– რასაკვირველია, თითოეული დეტალი ჩემი ხელით იქნება შექმნილი. მიყვარს შენება, შექმნა და ეს ის ადგილია, სადაც ამას დიდი სიყვარულით გავაკეთებ. ამ დიდ სახლში თავიდანვე დიდი ოცნება და სიყვარულია ჩადებული, ყველა დეტალს ჩემი ხელი ექნება შევლებული. საბედნიეროდ, ეზოც შესაძლებლობას მაძლევს, გეგმები ჩემი მდიდარი ფანტაზიის ფონზე განვახორციელო. მინდა, ხეხილი გავაშენო, დავთოხნო, დავბარო, გავსხლა ხე-მცენარეები, მივუარო ფრინველებსა და ცხოველებს... ზოგადად, ძალიან მიყვარს სოფელი და იქაური გარემო, ენერგეტიკა.

– ანუ, ბაღი და ბოსტანიც გექნება. რამდენად გამოგდის მიწასთან მუშაობა?

– ძალიან მინდა, რომ მქონდეს პატარა ბოსტანი, სადაც ყველა ის პროდუქტი იქნება დათესილი, რაც მიყვარს. ვეცდები, ვისწავლო მიწასთან ურთიერთობა. ასევე, ჩემი ოცნებაა, რომ მქონდეს სკები – ჩემი გამოყვანილი თაფლი. მიყვარს ფუტკრები, ჩემთვის არაამქვეყნიური არსებები არიან. პატარა, კეთილი უცხოპლანეტელები, რომლებსაც ადამიანებისთვის მოაქვთ სიტკბო და ჯანმრთელობა.

– როგორც ვიცით, მეორე ნახევარი გყავს, ის რას ფიქრობს ამ გადაწყვეტილებაზე?

– კი, მყავს ადამიანი, რომელიც მიყვარს – ჩემი მეორე ნახევარი. ზოგადად, ეს სიტყვა არ მიყვარს, მაგრამ კარგი, იყოს ასე. ჩვენ ჯერ ძალიან მაგარი მეგობრები ვართ ერთმანეთისთვის და სხვა დანარჩენი შლეიფად მოჰყვება ჩვენს ურთიერთობას. უკვე მეოთხე წელია, რაც ერთად ვართ. ის საყვარელი კუროა. მე კი კუროებს კარგად ვეწყობი. ნუ, ვერძებისგან განსხვავებით, ცოტა დაპაუზებულები არიან, მაგრამ მაინც მიყვარს ეს ნიშანი. კახეთში გადასვლა და აგარაკი ერთობლივი გადაწყვეტილებაა. ორივეს გვინდა, ეტაპობრივად გადავიდეთ კახეთში. ჩვენთვის ეს ერთგვარი გამოწვევა და ახალი ეტაპია. ამ სიახლეს ორივე ბედნიერებით შევხვდით.

– გასაიდუმლოებული ურთიერთობა გაქვთ, როდის გააცნობ შენს რჩეულს საზოგადოებას?

– ასე არ არის, უბრალოდ, პირადია და მოგეხსენებათ, რომ გარე სივრცეში ბევრი ბოროტი თვალია და ამისგან ვიცავ. რაც შეეხება ჩემი პარტნიორის გაცნობას, ვფიქრობ, მალე მოვა ეს დღეც.

– ხმა გავრცელდა, მარკუსი დაქორწინებას აპირებსო. მართალია? პირველი წარუმატებელი ქორწინების შემდეგ რამდენად რთული იქნება შენთვის ამ ნაბიჯის გადადგმა?

– ზოგადად, დაქორწინება ჩემთვის არის ბუტაფორია და ცარიელი ფურცელი, რომელიც არაფერს მაძლევს არც ემოციურად, არც ენერგეტიკულად. რასაც ვერ ვიტყვი ჯვრისწერაზე. ამაზე გვისაუბრია, ჯვრისწერა არის სწორი გზა, რომელსაც ეკლესიამდე მივყავართ, იქ, სადაც სინათლეა.

– როგორ ფიქრობ, რამდენად აუცილებელია ქორწინება წყვილისთვის? რას ცვლის ერთ ჭერქვეშ ცხოვრება?

– ზოგადად, განსახილველია ცხოვრებაში ვისთვის რა არის აუცილებელი. ჯვრისწერას კი მივესალმები, რადგან ამ რიტუალში არის რაღაც არაამქვეყნიური. რაც შეეხება ხელის მოწერას, ჩემთვის არის ღიმილის მომგვრელი. მაგრამ ვისაც მოსწონს, იყოს ამ სცენარის მონაწილე. ორი ადამიანის ერთობა იწყება და ინგრევა ადამიანების ტვინებში, გულში და არა ფურცლებზე, ვერც ერთი კონტრაქტი ვერ შეინარჩუნებს თავის არსს, თუ სიყვარული დამთავრებულია. ასე რომ, თუ ორ ადამიანში არის სიყვარული, იქ საიმედო კონტრაქტიცაა. სიყვარულს ხომ უდიდესი ნიჭი უნდა, თუმცა, სამწუხაროდ, ამ სამყაროში ყველა ნიჭიერი ვერ იქნება.

P.S. გამოყენებულია აკო ფურცხვანიძისა და ნიკო მდინარაძის ფოტოები.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №46

11–17 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა