შოუბიზნესი

მარკუს მეტრეველი: ჩემთვის სიბერე არ არსებობს, ლამაზად ვიზრდები და არ ვბერდები

№15

ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 16.04

მარკუს მეტრეველი
დაკოპირებულია

რამდენიმე დღის წინ მარკუს მეტრეველს დაბადების დღე ჰქონდა, რომელიც საკუთარ კლიპზე მუშაობას დაუთმო. როგორია მისი დაბადების დღეები, რამდენად უყვარს ეს დღე და რას ნიშნავს მისთვის ლამაზად გაზრდა, ამაზე თავად მოგვიყვება.

მარკუს მეტრეველი: დაბადების დღე ჩემთვის განსაკუთრებული დღეა, ემოციებით დატვირთული. მინდა, რომ ეს დღე მხოლოდ მე მეკუთვნოდეს. ჩემს თავთან მარტო ვრჩები და ბედნიერ წუთებსა და საათებს მხოლოდ საკუთარ თავს ვუზიარებ.

წელს გადავწყვიტე, ამ დღისთვის, ანუ, 28 მარტისთვის, ჩემი ახალი ვიდეოკლიპის გადაღება დამემთხვია. ეს ჩემთვის ძალიან ემოციური აღმოჩნდა. გადაღება დავით გარეჯის უდაბნოში მიმდინარეობდა. ახლაც კი თვალწინ მიდგას ის საოცარი ხედები. მსმენელი ჩემს ახალ ნამუშევარს აპრილში იხილავს. სიმღერის სახელწოდებაა „ჩემი ფიქრი, ჩემი დარდი“, რომელიც არაჩვეულებრივმა კომპოზიტორმა ნატო ღოღობერიძემ დამიწერა. ტექსტი ეკუთვნის მას და ნანა ცინცაძეს. ჩაწერილია „ბრავო რექორდსში“. არანჟირება ბორიკო შხიანმა გააკეთა, მასტერინგი – ალეკო ბერძენიშვილმა. ბექებს მაიკო კაჭკაჭიშვილი მილამაზებს. ახლა მიმდინარეობს ვიდეოკლიპის გადაღებები. კლიპმეიკერი სანდრო ნადირაძე გახლავთ. ქართული სამოსისთვის მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ ნუგზარ კვანტალიანს და ასევე, დიდი მადლობა ჩემს მეუღლეს, დალი ხაბულიანს, ყველაფრისთვის.

– ველოდებით ახალ ნამუშევარს. ახლა დავუბრუნდეთ ისევ დაბადების დღეს. ზოგადად, როგორ ატარებ ხოლმე ამ დღეს?

– ყოველ დაბადების დღეზე ვირჩევ, რომ დრო საკუთარ თავთან გავატარო. ამ დღეს, ყოველთვის მივდივარ ჩემთვის გამორჩეულად საყვარელ ტაძარში და ვლოცულობ. მადლობას ვუხდი ღმერთს, რომ კიდევ ერთი წელი მოიყვანა ჩემს ცხოვრებაში. მთელ დღეს მშვიდად, ლოცვებსა და ფიქრებში ვატარებ. საკუთარ თავთან მარტო ყოფნა გეხმარება იმის გაცნობიერებაში, თუ ვინ ხარ, რა ხარ და როგორ უნდა გასხივოსნდე.

ბავშვობაში ყველაფერი სხვანაირად იყო. ჩემი დაბადების დღე ძალიან ბევრ ხალხთან ასოცირდებოდა. მშობლები ყოველთვის უამრავ სტუმარს პატიჟებდნენ. სხვათა შორის, ეს ჩემთვის ძალიან დიდი დისკომფორტი იყო. არასდროს მსიამოვნებდა ხალხმრავლობა, თან ჩვენი სტუმრები ჩემზე დიდები, ძირითადად, უფროსები იყვნენ. უფროსები ქეიფობდნენ, პატარები კი ცალკე ვისხედით პატარა მაგიდასთან და მათ გართობას ვუყურებდით (იცინის). როგორც ხდებოდა ხოლმე მაშინ. მიხარია, რომ ეს ტრადიცია შეიცვალა და პატარებს ახლა აქვთ იმის საშუალება, რომ საკუთარ დაბადების დღეზე ისე გაერთონ, როგორც თავად სურთ.

რაც წამოვიზარდე, მას შემდეგ დაბადების დღეების გადახდითა და სუფრებით არ გამოვირჩევი. ეს ყველაფერი ძალიან არ მომწონს. მირჩევნია, ეს დღე მდუმარებაში გავატარო. ეს მდგომარეობა ძალიან მომწონს. საერთოდ, დროს ყველაზე კარგად საკუთარ თავთან ვატარებ. გრანდიოზული ფართის მოწყობის სურვილი არასდროს მქონია, ემოციურადაც არ ვარ მზად ამისთვის, რადგან თითოეულ სტუმარს ძალიან დიდი ყურადღება სჭირდება. ალბათ, ოდესმე ამისთვისაც მოვემზადები და ერთხელ აუცილებლად გავაკეთებ გრანდიოზულ დაბადების დღეს. თუმცა, გრანდიოზულობა ხალხის რაოდენობაში არ გამოიხატება, გრანდიოზულია ყოველი დღე, რომელიც გვითენდება და გვიღამდება.

– გამორჩეულად რომელი დაბადების დღე გახსენდება?

– გამორჩეულად მახსენდება 2000 წელი. მაშინ პირველად ჩავედი მაროკოში და იქ შევხვდი ჩემს დაბადების დღეს. ასევე, საბერძნეთში, კუნძულებზე გატარებული დაბადების დღეები. მოზარდის ასაკში, ჩემს თავს მოზარდად ვთვლი (იცინის), შეიძლება, ითქვას, რომ განსაკუთრებით ემოციური იყო რამდენიმე წლის წინანდელი დაბადების დღე, რომელიც უდაბნოში გავატარე. ყველაზე ბედნიერი კი ვიყავი დაბადების დღეზე, როდესაც ბებიამ სიურპრიზი გამიკეთა და მანქანა მაჩუქა. ეს იყო ჩემი პირველი მანქანა. აივნიდან გადამახედა და ამ დროს ჩემმა ძმამ აივნის დაბლა ავტომობილი მომიყენა. ის დღე და ემოციები განსაკუთრებულად დამამახსოვრდა.

– საკუთარ თავს თუ უკეთებ ხოლმე საჩუქარს?

– კი, ბევრჯერ მიჩუქებია ძვირფასი ნივთი ჩემი თავისთვის. ეს უფრო ჩემს პროფესიასთან ასოცირდება, მაგალითად, ეს შეიძლება, იყოს ძალიან ძვირად ღირებული მიკროფონი, აპარატურა, დინამიკი და ასე შემდეგ. ასევე, ძალიან მიყვარს აქსესუარები, საათი, სათვალე, სამოსი... მე ძალიან მიყვარს საკუთარი თავის განებივრება და მას ხშირად ვასაჩუქრებ ხოლმე. არ ველოდები სხვისგან გაკეთებულ საჩუქარს. ჯობს, მე გავუკეთო ჩემს თავს ზუსტად ისეთი საჩუქარი, როგორიც გამიხარდება.

ეს მაინცდამაინც დაბადების დღესაც არ უკავშირდება, რადგან მიმაჩნია, რომ ყოველ ახალ დღეს, რომელიც გითენდება, თავიდან იბადები. თუმცა, დღე, როცა სამყაროს მოევლინე, კიდევ უფრო განსაკუთრებულია და საჩუქარიც განსაკუთრებული უნდა იყოს (იცინის).

– არის რამე განვლილ წლებში, რასაც სინანული უკავშირდება?

– განვლილმა წლებმა ძალიან ბევრი რამ მასწავლა, საოცრად გამზარდა. როდესაც წარსულს ვიხსენებ, არასდროს ვარ უკმაყოფილო. არის რაღაცები, რასაც გამოვასწორებდი, რაღაც პრობლემებს ავირიდებდი თავიდან, მაგრამ მგონი, ისიც იმიტომ მოხდა, რომ შეცდომებისგან მესწავლა და სწორ გზაზე დავმდგარიყავი. ძალიან ბევრი მედიტაცია და ლოცვა მეხმარება პრობლემების გადალახვაში და მერე, ახალი მარკო ფენიქსივით ხელახლა იბადება და ჩვილი ბავშვივით თავიდან ვიწყებ ნაბიჯების გადადგმას.

– ამ ასაკში, ამ გამოცდილებებით, როგორი მეორე ნახევარია მარკუსი?

– მე ვფიქრობ, რომ ვარ ძალიან კომფორტული, საინტერესო, ძალიან მომთხოვნი, ადეკვატური, მოსიყვარულე, ერთგული, თავისუფალი და დამოუკიდებელი მეორე ნახევარი. იმავდროულად, ტრადიციული, თუმცა ჩარჩოებს გარეშე.

– რას გულისხმობ?

– ჩემთვის ტრადიცია არის დღესასწაულები, მაგალითად, აღდგომა, რომლის ოჯახურ გარემოში გატარება ძალიან მიყვარს, ახალი წელი, გიორგობა, მარიამობა და ასე შემდეგ. ჩემთვის ღალატი არის წარმოუდგენელი და ტრადიცია შეიძლება, დავარქვა იმასაც, რომ ცოლ-ქმარს შორის მესამის ჩარევა, თუნდაც, ფიქრში, ჩემთვის უკვე ღალატი და ამ ტრადიციის დარღვევაა, რაც წარმოუდგენლად მიმაჩნია. ცოლ-ქმარს უნდა ჰქონდეს სრული ჰარმონია, რომ მესამემ არ ჩაყოს ფეხი მათ ურთიერთობაში.

– და ბოლოს, ასაკის მატებას როგორ ხვდები?

– ასაკის მატებასთან დაკავშირებით, ბანალურად ვიტყვი, რომ ეს ჩემთვის მხოლოდ ციფრებია. ასაკი რაც უფრო მემატება, მით უფრო კარგ ფორმაში ვარ, მით უფრო კარგად ვაზროვნებ, მით უფრო კარგი ურთიერთობები მაქვს სოციუმთან, უკეთ ვმღერი და ყველაფერი უმჯობესდება, ღმერთის წყალობით. ასაკის მატების გამო არანაირი პრობლემა არ შემქმნია, ამიტომ მხოლოდ მოხარული ვარ. ასე ვიტყვი – მე ლამაზად ვიზრდები და არ ვბერდები. ჩემთვის სიბერე არ არსებობს. 24 საათი ვცდილობ, განვვითარდე, ვივარჯიშო და ვიკვებო სწორად, ვილოცო, მედიტაცია ჩავიტარო. არავითარ შემთხვევაში არ ვფიქრობ და არც ვიფიქრებ დაბერებაზე. მომავალი მიყვარს, ემოციურად რაც უფრო ვუახლოვდები წლებს, როცა ჩემი სულიერი მდგომარეობა მარადისობისკენ უნდა გადავიდეს, მით უფრო მოხარული ვარ. ეს გარდასვლა ძალიან საინტერესოა და როცა შინაგან ჰარმონიას გრძნობ, ეს მარტივია. ღმერთმა ქნას, ყველა ადამიანი ლამაზად გაიზარდოს და არ დაბერდეს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №21

20-26 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი