შოუბიზნესი

მარკუს მეტრეველი: ანგარიშს რომ ვხსნი და ვხედავ თანხა მიღიმის, თან მეუბნება, დამხარჯე, მარკოო, მაშინ ნამდვილი ომი იწყება

№23

ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 16.06

მარკუს მეტრეველი
დაკოპირებულია

ფინანსურ მდგომარეობას ყველა ადამიანის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. ვნახოთ, როგორია მომღერალ მარკუს მეტრეველის დამოკიდებულება ფულისადმი.

მარკუს მეტრეველი: ფული ძალიან მნიშვნელოვანია, ის ენერგიის ერთ-ერთი წყაროა, რომელიც ადამიანში შემოდის და გადის და რომელსაც საკმაოდ დიდი მიზიდულობის ძალა აქვს. ზოგი ადამიანი მას ძალიან დიდი რაოდენობით იზიდავს, ზოგი – საერთოდ ვერა. გააჩნია, ვინ როგორ უკეთებს მანიფესტაციას ფინანსურ ენერგიას.

– რაზეა დამოკიდებული მიზიდვის შესაძლებლობა?

– ეს საკუთარი თავისა და საკუთარი შესაძლებლობების რწმენაზეა დამოკიდებული. დამოკიდებულია იმაზე, თუ რისთვის გჭირდება თანხის მოზიდვა. ძალიან ბევრ ადამიანს უნდა თანხის მოპოვება, მაგრამ მისი სწორად დახარჯვის გეგმა არ აქვს, რაც მოზიდვაშიც ხელს უშლის. მთავარია, მიზანმიმართულად მოქმედებდე და პრიორიტეტების დალაგება შეგეძლოს.

– პირველი სამსახური გავიხსენოთ და როდის მოიპოვეთ ფინანსური დამოუკიდებლობა?

– ფინანსურად დამოუკიდებელი 12 წლის ასაკში გავხდი. მაშინ მთელი ოჯახით საბერძნეთში გადავედით საცხოვრებლად და ჩემი ოჯახი დამოუკიდებლობას მაჩვევდა. თუ კარგი ველოსიპედი ან ნაყინის ფული მინდოდა, უნდა მემუშავა და მექნებოდა. ჩემს ოჯახს რესტორანი ჰქონდა და პატარა ასაკიდანვე იქ ვმუშაობდი, როგორც მიმტანი. როცა საჭირო იყო, ღამეებსაც ვათენებდი, სამაგიეროდ, შემეძლო, ჩემი გამომუშავებული ჰონორარი საჭიროებისამებრ გამომეყენებინა. ასე შევეჩვიე მუშაობას და დამოუკიდებლად იმ ასაკში ჩემთვის საჭირო თანხის გამომუშავებას.

დიდი ცდუნებაცაა, როცა ამ ასაკში საკუთარი თანხა გაქვს. მისი სწორად დახარჯვა როგორ ისწავლეთ?

– რა თქმა უნდა, ბავშვისთვის ძალიან რთულია, რომ თანხა სწორად დახარჯოს. მაგალითად, მე ძალიან მიყვარდა გემრიელად ჭამა და რასაც გამოვიმუშავებდი, კვებაში, ნაყინში, გართობაში, კლუბებში ვხარჯავდი, (იცინის). რომ გავიზარდე და ჭკუა მომემატა, მერე უკვე ვისწავლე ფულის სწორად ხარჯვა და გამომუშავებულ თანხას სწავლისთვის, სიმღერების ჩასაწერად, გარემოს გამოსაცვლელად, სხვადასხვა ქალაქების აღმოჩენასა და მოგზაურობაში ვიყენებდი. საბერძნეთი ძალიან დიდი და ლამაზია. სხვადასხვა კუნძულზე ვმოგზაურობდი, მათ კულტურას ვეცნობოდი. კლუბებშიც ძალიან ბევრი რამ ვისწავლე, გაგიკვირდებათ და ევროპულმა ღამის ცხოვრებამ ბევრი მასწავლა ურთიერთობების მხრივ. ასევე, როგორც მუსიკოსს, ბევრი მომცა. იქ გართობისთვის შევდიოდი, მაგრამ თან ბევრს ვსწავლობდი, რაც მოგვიანებით გამომადგა. ყველა სიტუაციიდან ვიღებდი დივიდენდებს.

– რაც შეეხება ფინანსებს, ამბობენ ხოლმე ფულის შოვნას შნო სჭირდებაო. ეს უნარი რამდენად გამოიმუშავეთ?

– სამწუხაროდ, არ ვცხოვრობთ ისეთ ქვეყანაში, სადაც ჩვენ მიერ დახარჯული ენერგიით გამოვიმუშავებთ იმდენს, რამდენსაც ვიმსახურებთ. ევროპაში მუშაობის დროს ჩადებული ენერგია ორმაგად მინაზღაურდებოდა ფინანსურად. ვეთანხმები, რომ ფულის შოვნას ნიჭი და შნო სჭირდება. ბევრისგან გამიგია, ფულს ვერ ვიტანო. ეს უკვე ძალიან დიდი შეცდომაა. ფული ენერგიაა და ესე იგი, შენ მასზე ავტომატურად ამბობ უარს. თუ ამ ენერგიას არ შეიყვარებ, არც გექნება. უნდა იცოდე გზები, როგორ გამოიმუშავო თანხა – ნიჭით, ხელობით, ესეც ხომ შნოა. თუ ადამიანი საკუთარ თავს ჩაეძიება, აუცილებლად იპოვის საჭირო უნარებს.

– ევროპიდან დაბრუნების შემდეგ არ გაგიჭირდათ ფინანსურად სრულიად სხვა რეალობასთან შეგუება?

– ეს იყო ძალიან დიდი გარდატეხა ჩემს ცხოვრებაში, საქართველოში გადმოსვლის შემდეგ, ფაქტობრივად, თავიდან დავიწყე ცხოვრება. ძალიან რთული ეტაპი იყო ლარებთან შეგუება. პირველ ეტაპზე გონებაში იქაური კურსით ვახურდავებდი და ქართული ჰონორარები, რასაც მომღერლები იღებენ, ძალიან მეცოტავებოდა. ამას რთულად, მაგრამ შევეგუე. მივხვდი, რომ ჩვენს ქვეყანას და მსმენელს მეტის საშუალება, უბრალოდ, არ აქვს.

– ფულთან და ბარაქასთან დაკავშირებით ცრურწმენები თუ გაქვთ?

– კი, მაგალითად, არ მიყვარს ღამე ფულის გაცემა, ბარაქა მიჰყვება. ჩემს საფულეში ყოველთვის მოიძებნება მსხვილი კუპიურა, ასევე, მასში ყოველთვის არის მეტალისა და ქაღალდის ფული ერთდროულად.

– რამდენად მხარჯველი ხართ?

– ცუდი თვისებაა, მაგრამ მაგალითად, როდესაც კონკრეტული ჰონორარი ჩამერიცხება, შემიძლია, ის ბოლო თეთრამდე დავხარჯო რაღაც ელემენტარულში, იქნება ეს ტანსაცმელი, სუნამო თუ სუვენირი, რომელიც იმწუთას ძალიან მინდა და არ ვითვალისწინებ, რომ შეიძლება, ხვალისთვის ერთი ლარიც არ დამრჩეს ჯიბეში (იცინის). ვცდილობ, უფრო პრაგმატული ვიყო, მაგრამ არ გამომდის, რადგან მინდა, იმწუთას ვასიამოვნო ჩემს თავს თუ საყვარელ ადამიანებს.

– ყველაზე დიდი სიამოვნებით რაში ხარჯავთ თანხას?

– მოგზაურობაში, ახალი სიმღერისა და კლიპის შექმნაში, საყვარელი ადამიანებისთვის საჩუქრების გაკეთებაში, ტანსაცმელში, სუნამოებში, აქსესუარებში. ყველაზე ძვირფასი ახალი სიმღერისა და კლიპის შექმნაა. ეს არ არის თანხის დახარჯვა, ამ გზით ძალიან დიდ ინვესტიციას ვდებ ჩემს შემოქმედებაში და ეს ძალიან მსიამოვნებს. ასევე, ძალიან მომგებიანია ახალი აგარაკის თუ სახლის ყიდვა, ავტომობილის შეძენა.

– თანხის დაგროვება რამდენად გამოგდით?

– თანხის დაგროვება შემიძლია, მაგრამ ანგარიშს რომ ვხსნი და ვხედავ, თანხა მიღიმის, თან მეუბნება, დამხარჯე, მარკოო, მაშინ ნამდვილი ომი იწყება (იცინის). ჩემს თავს ვებრძვი, რომ არ დავხარჯო, ძალიან რთული ბრძოლაა და იმედი მაქვს, რომ ოდესმე გამომივა მოგება (იცინის). პატარა რომ ვიყავი, მაშინ უფრო ვაგროვებდი თანხას კონკრეტული მიზნებისთვის. ახლაც შეიძლება, შევაგროვო რაღაც ოდენობით, მაგრამ ცდუნებას დიდი ხნით ვერ ვუმკლავდები და ერთ დღეს მაინც ბოლოს ვუღებ (იცინის).

– ოდესმე თანხა მოგიგიათ ან ძვირფასეულობა გიპოვიათ?

– კი, საქართველოშიც მომიგია და საზღვარგარეთაც – რამდენიმე ათასი ლარი, რომელიც ჩარიცხული არ იყო, რომ მის სანაცვლოდ ჩემი დავხარჯე, რაც ანგარიშზე მქონდა და ასე გავაბათილე (იცინის). ბავშვობაში ძალიან პატარა კუპიურები მიპოვია, საბერძნეთში კი საკმაოდ დიდი თანხაც ვიპოვე. რაც შეეხება ძვირფასეულობას, მიპოვია სამკაულები, მაგრამ არ ამიღია, რადგან არ მიყვარს სხვისი აქსესუარების გაკეთება, რადგან ის მფლობელის ენერგიას ატარებს.

– თუ დაგიკარგავთ თანხა ან თუ მოუპარავთ რამე?

– დაკარგვა ჩემი სტიქიაა (იცინის). სამწუხაროდ, ძალიან ბევრჯერ დამიკარგავს დიდი თანხა. ძვირფასეულობაზე აღარაფერს ვამბობ. ძალიან მეშინია, რადგან ხშირად მრჩება სამკაულები, მაგალითად, ხელსაბანებთან. ბოლო პერიოდში რამდენჯერმე ტელეფონიც დამრჩა. სამწუხაროდ, ასეთი რამ არაერთხელ მომხდარა. მოპარვას რაც შეეხება, სამწუხაროდ, მოუპარავთ კიდეც, თან საქართველოში, კულისებში, მაგრამ აღარ დავკონკრეტდები ეს ვინ გააკეთა.

– ფინანსურად ყველაზე რთულად რომელი პერიოდი გახსენდებათ?

– საქართველოში დაბრუნების მომენტი. მაშინ სამსახურის გარეშე აღმოვჩნდი. არ მყავდა სამეგობრო წრე, არავის ვიცნობდი. ძალიან რთული პერიოდი მქონდა. ოჯახზე ვიყავი დამოკიდებული. ზოდიაქოთი ვერძი ვარ და სხვაზე დამოკიდებულება ჩემთვის კატასტროფის ტოლფასია. ის რამდენიმე თვე ყველაზე მძიმე იყო ჩემს ცხოვრებაში. საუბედუროდ, სხვა არასასიამოვნო პრობლემის წინაშეც აღმოვჩნდით. ეს პრობლემა საქართველოში ბევრისთვისაა ნაცნობი. უძრავ ქონებაში ჩავდეთ თანხა, ორი მშენებარე სახლი შევიძინეთ ვაკეში, ყიფშიძის 5-ში და ის სახლები დღემდე ასაშენებელია. ეს ძალიან დიდი ფინანსური ზარალი იყო ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის. დიდი თანხა ჩავდეთ იმისთვის, რომ ორი სახლი გვქონოდა და რეალურად არაფერი მიგვიღია. იმედია, უახლოეს მომავალში ამ დანაკარგს დავიბრუნებთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №24

16–22 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა