შოუბიზნესი

მარიტა როხვაძე: გენეტიკის ხარჯზე ფულს ვზოგავ

№37

ავტორი: ნონა დათეშიძე 23:00 20.09, 2021 წელი

მარიტა როხვაძე
დაკოპირებულია

მართალია, მარიტა როხვაძემ ზაფხულში დასვენება ვერ მოასწრო, მაგრამ არ დარდობს, რადგან ფიქრობს, რომ წინ მისი საყვარელი „ბარხატნი“ სეზონია. ფაქტია, საოცარ ფორმაშია – ვარჯიშობს, აქტიური წესით ცხოვრობს, კვებასაც დიდ ყურადღებას აქცევს და რაც მთავარია, არ კარგავს იმედს, რომ სულ მალე საყვარელ საქმეს დაუბრუნდება. ხოლო რაც შეეხება განწყობის ამაღლებას, ამას საკუთარ თავზე ექსპერიმენტებით ახერხებს და გამოსდის კიდეც.

მარიტა როხვაძე: ზოგადად, მიყვარს ზაფხულის სეზონი, მაგრამ წელს, პანდემიის გამო არაფერი ხდებოდა და არ მწყდება გული, რომ გავიდა და შემოდგომა დადგა. ასე რომ, ჩვეულებრივად ჩაიარა, ქოთქოთა და ენერგიული ზაფხული არ ყოფილა. თან, ამინდებიც უპროგნოზო იყო და ვერც დასვენება მოვახერხე, თუმცა, პანდემიამ ისე გამოგვკეტა სახლში ხელოვანი ხალხი, სულ დასვენებული ვარ და არ დავღლილვარ (იცინის). დიდად არც სიცხეზე ვგიჟდები და არც ზღვაზე. ახლა დადგა ჩემი „ბარხატნი“ სეზონი და თუ ამინდებიც შემიწყობს ხელს, ზღვაზე წავალ. ცურვა მიყვარს და რამდენიმე დღე განვიტვირთები. 13 წლიდან ვმუშაობდი გასართობ ცენტრში, თან, ყოველ ზაფხულს იმდენი კონცერტი და გასვლები მქონდა, სულ დაკავებული ვიყავი. ათი წელია, ასეთ რეჟიმში ვარ და უცებ ასეთი უმოძრაო ცხოვრება ძალიან დამთრგუნველია. ჩემი საქმე ძალიან მიყვარს და ეს ბოლო ორი წელი, ჩემთვის ძალიან რთული აღმოჩნდა. მოთმინებით ველოდები, როდის გამოსწორდება სიტუაცია. თუმცა, ოპტიმისტი ვარ და არ მწყდება გული, კარადას რომ გამოვაღებ და საკონცერტო ბრჭყვიალა კაბები კიდია და ვერ ვიცვამ. ზუსტად ვიცი, ჩემი სპორტული ჩაცმის სტილი დროებითია და ქალურ ფორმაში სულ მალე დავდგები სცენაზე.

– ამის გამო დეპრესიული მომენტები გქონდა?

– როგორ არა, დეპრესიული მომენტებიც მქონდა და ნერვიულობაც. 13 წლიდან რომ საკუთარი შემოსავალი გაქვს, ყველაფერს შენს თავზე იღებ და უცებ მთელი მსოფლიო ჩერდება, ამან ჩემში დეპრესიული ფონიც გამოიწვია და ფინანსური კრიზისიც. არა მარტო ჩემში. წარმოიდგინეთ, საღამოს დაგეგმე, დაიძინე, გაიღვიძე და აღმოჩნდა, რომ მეორე დღეს არაფერი აღარ გაქვს.

– მიუხედავად ამისა, მაინც საკმაოდ კარგად გამოიყურები და ფორმიდან არ ამოვარდნილხარ. თუ სწორად ვამჩნევ, წონაც დაკლებული გაქვს და სხეულის ფორმებიც გაკაჟებული და შეცვლილი.

– დიდი ხანია, ერთ რამეს მივხვდი: შენი თავი ისეთი უნდა გიყვარდეს, როგორიც ხარ. მიუხედავად რთული პერიოდისა, ვვარჯიშობ, თავს ვუვლი და ვცდილობ, კარგად გამოვიყურებოდე. ფილერებსა და ბოტოქსებს არ ვიკეთებ, თუმცა ბევრი ვიცი, ვისაც ჩემს ასაკში სჭირდება და იკეთებს. მადლობა ღმერთს, მე გენეტიკა მშველის, რომ ასე გამოვიყურები. ასე რომ, გენეტიკის ხარჯზე ფულს ვზოგავ (იცინის). თან, ამ ბოლო პერიოდში ვცდილობ, მაკიაჟი არ გავიკეთო და ისეთ ბუნებრივ მარიტას მიცნობდნენ, როგორიც ვარ. ვფიქრობ, ბუნებრიობა ყველას უხდება. თან, ყველა ქალი თავისებურად ლამაზია, ყველას აქვს თავისი შარმი და თუ ფიქრობს, რომ სჭირდება და უნდა, რამე გაიკეთოს და საკუთარ გარეგნობაში ცვლილება შეიტანოს, მივესალმები. სხვათა შორის, დღეში ოთხ ლიტრამდე წყალს ვსვამ, ვვარჯიშობ და აქტიური წესით ვცხოვრობ. ვიყენებ დღისა და ღამის დამატენიანებელ კრემს, შიგადაშიგ კი – გამაჯანსაღებელ თერაპიას და დამატენიანებელ ნიღბებს. სულ ესაა, ჩემი თავის მოვლის პროცედურა. რაც შეეხება წონას, ვვარჯიშობ და შეიძლება, კლება არ მქონდეს, მაგრამ სხეულის ზომები – მკერდის, საჯდომის, წელის – ისეთ მდგომარეობაშია, როგორიც მე მომწონს. გამოგიტყდებით და, ჩემი თავი ძალიან გამხდარი არ მომწონს. ერთი პერიოდი ვიყავი და ახლა ფოტოებს რომ ვუყურებ, არ მომწონს. შევსებული ფორმები ყველა ქალს უხდება.

– თან, ასეთი სავსე ქალები მოდაში შემოვიდა.

– მე არ ვიცი, მოდაში რა შემოვიდა, მაგრამ ჩემს თავს ყოველთვის ასეთს ვხედავდი – ცოტა ხორციანსა და სავსე ფორმებიანს. „ჯეოსტარის“ კონკურსზე რომ გამოვდიოდი, ნერვიულობის ფონზე ბევრს ვჭამდი და მაშინ გამექცა წონა – 81 კილომდე ავედი. ეს იყო პიკი. ხოლო, როცა ყველაზე გამხდარი ვიყავი, 55 კილო, ცოტა არ მომწონდა ჩემი თავი. ასე რომ, ზომისა და წონის დაცვა ყველაფერში აუცილებელია (იცინის). რაც შეეხება ჭამას, ზომიერების ფარგლებში, ყველაფერს მივირთმევ, უბრალოდ, საღამოს საათებში ვერიდები.

– ექსპერიმენტები თუ ჩაგიტარებია შენს გარეგნობაში?

– როგორ არა, ჩამიტარებია და ძირითადად, ექსპერიმენტებს თმაზე ვიტარებ. ვყოფილვარ ქერა, მქონია თმა ექვს ფერში, მოკლე თმაც მქონია და გრძელიც, ამ მხრივ სიახლეებს არ ვუშინდები და ყველა ფერში, სტილსა და სიგრძეში, თავს კომფორტულად ვგრძნობ. სხვათა შორის, არასოდეს მინანია, რადგან ზუსტად ვიცი, როდის რას ვაკეთებ და რა მინდა, გავაკეთო. ახლა, ბუნებრიობა დავიბრუნე ღია წაბლისფერი თმა მაქვს. ძალიან მომწონს, ჯერ არ ვფიქრობ ფერის შეცვლას. სულ ფერად-ფერადი თმა მქონდა და ცოტა ხანი თავის ქალასაც დავასვენებ. ისე, ცვალებადი ხასიათი მაქვს და კაცმა არ იცის, როდის მომინდება იმიჯის შეცვლა. მერე, ისევ იქნება წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი – ისევ გავფერადდები (იცინის). სხვათა შორის, როცა ცუდ განწყობაზე ვარ, სალონში გავრბივარ – ეს ჩემი ანტიდეპრესანტია.

– ვიცი, ამ თემაზე საუბარს თავს არიდებ, მაგრამ მაინც უნდა გკითხო – რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში?

– ზოგადად, სიყვარული ყველა ადამიანისთვის სტიმულია, თუმცა, არ არის სავალდებულო, გვერდით საყვარელი ადამიანი გედგეს. ადამიანი, ისედაც შეიძლება, იყოს ბედნიერი და წარმატებული. არ მიყვარს პირად თემებზე ლაპარაკი და არც მოვლენების დაჩქარება. როცა დრო მოვა, ყველა ყველაფერს გაიგებს. ჩემთვის საყვარელი მხოლოდ საკუთარი თავია (იცინის). დაინტერესებულ ადამიანებს ინტერესი რომ არ ჩავუკლა, ვეტყვი: ისე იფიქრონ ჩემზე, როგორც სურთ. ჩემი პირადი ცხოვრება ფერადი და ბრჭყვიალაა, როგორც ყოველთვის და არც ვფიქრობ, ოდესმე გავნაცრისფერდე და შავ-თეთრი ვიყო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი