შოუბიზნესი

მარიტა როხვაძე: დამიწერია ფურცელზე სურვილი, დამიწვია, ფერფლი შამპანურის ჭიქაში ჩამიყრია, დამილევია და ამხდენია

№52

ავტორი: ნონა დათეშიძე 22:00 05.01, 2022 წელი

მარიტა როხვაძე
დაკოპირებულია

ახალი წელი მარიტა როხვაძისთვის ახალი იმედების, ოცნებების ასრულებისა და პოზიტიური განწყობის დღესასწაულია. დღემდე სჯერა, რომ თოვლის ბაბუა აუცილებლად მივა და დაასაჩუქრებს, ისე როგორც ეს ბავშვობაში ხდებოდა. მართალია, წელს საყვარელ დღესასწაულს მამის გარეშე ხვდება, თუმცა, გრძნობს, რომ მამა მის გვერდითაა და აუცილებლად მიულოცავს იმ ქვეყნიდან.

მარიტა როხვაძე: ახალი წელი ბავშვობიდან მიყვარს. ეს დღე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და სასწაული განწყობა მოაქვს. ყოველთვის წინასწარ ვემზადები – ვარჩევ ტანსაცმელს, ვყიდულობ აქსესუარებს. არ დამავიწყდება, ყოველ ახალ წელს ველოდებოდი თოვლის ბაბუას, მინდოდა მასთან შეხვედრა და მაშინ მოდიოდა, როცა მეძინა. თოვლის ბაბუა სულ არის ჩემს წარმოდგენაში, სულ არსებობდა და ახლაც არსებობს, სულ ვიცი, რომ სურვილებს ამისრულებს და საჩუქრებს მაჩუქებს, მაგრამ ნანახი არ მყავს. მეხუთე კლასში ვიყავი, პარკში შეფუთული საჩუქრები რომ ვიპოვე სახლში, წესით, თოვლის ბაბუის არსებობა იქ უნდა დასრულებულიყო, მაგრამ არა!

– ანუ, თოვლის ბაბუის არსებობის ახლაც გჯერა?

– დიახ. ასე მინდა და მჯერა, რომ თოვლის ბაბუა არსებობს, მოვა, საჩუქრებს მომიტანს და სურვილებს ამიხდენს. მე მჯერა ახალი წლის სასწაულების. ძალიან მიყვარს თოვლი. ქათქათა ფანტელები და გადაფითქინებული გარემო, ძალიან უხდება ახალ წელს. სხვათა შორის, ვერავინ მერეოდა და ბავშვებს სულ მე ვაჭმევდი თოვლს და მეორე დღეს, ზოგს სიცხე ჰქონდა და ზოგი ახველებდა (იცინის). ის ბავშვები დღეს ჩემი მეგობრები არიან და ვხუმრობ ხოლმე: თოვლიჭამია მეგობრები მყავს-მეთქი (იცინის). თუმცა, მეც ვიყავი თოვლიჭამია ბავშვი.

– სახლში ნაძვის ხეს თავად რთავ?

– სხვათა შორის, არასოდეს მქონია ახალი წელს ცოცხალი ნაძვისხე. მეცოდება მოსაჭრელად და ამიტომ ყოველთვის ხელოვნურ ნაძვისხეს ვრთავ. სათამაშოებს ყოველ წელს ვცვლი და ხან ვერცხლისფერ ტონებში ვრთავ, ხან მწვანე. ბავშვობის დროინდელი მინის სათამაშოებიც მაქვს და ძალიან მომწონს. ვცდილობ, ყოველ წელს ახალი სათამაშოები შევმატო. ახლა 28 წლის ვარ და 18 წლის შემდეგ, ათი წელია, ახალ წელს სახლში კი არა, კონცერტებზე ვხვდები. შესაბამისად, ჩემი ოჯახის მეკვლეც მე ვარ.

– და როგორი ფეხი გაქვს?

– იდეალური ფეხი მაქვს ჩემთვისაც და სხვებისთვისაც. ისეთი გულითა და ფეხით შევდივარ, ჩემმა მეკვლეობამ ზოგი დააქორწინა, ზოგს სამსახური დააწყებინა და ზოგსაც ნატვრები აუხდინა. ჩემი ინგლისურის პედაგოგი უკვე ასაკში იყო და მე რომ ვიყავი მისი მეკვლე, იმ წელს გათხოვდა. ასე რომ, იდეალური მაქვს მარცხენა ფეხიც და მარჯვენაც, მაგრამ მაინც მარჯვენით შევდივარ (იცინის).

– რა მიგაქვს, მეკვლედ რომ მიდიხარ, ამ მხრივ, რაიმე ტრადიცია თუ გაქვს?

– იმდენად დიდ როლს თამაშობს ჩემი მარჯვენა ფეხი, ამ დროს ბრინჯი და კანფეტები მეორეხარისხოვანია. მთავარია, ფეხი შევდგა ოჯახში (იცინის). რაც თავი მახსოვს, ჩემი ოჯახის მეკვლე ვარ და ბედს არ ვუჩივით. ახალ წელს რაც შეეხება, ამ მხრივ, ტრადიციული ადამიანი ვარ.

– რომ ამბობენ, ახალი წლის დადგომამდე სურვილის ასასრულებლად პატარა რიტუალები უნდა ჩაატაროთო, მსგავსი რამ თუ ჩაგიტარებია და აგხდენია?

– კი, როგორ არა! დამიწერია ფურცელზე სურვილი, დამიწვია, ჩამიყრია ფერფლი შამპანურის ჭიქაში, დამილევია და ამხდენია. ზოგადად, ყველა ამბობს, თუ სამყაროში პოზიტიურ ენერგიას გაუშვებ, ის აუცილებლად უკან დაგიბრუნდება და სურვილიც აგიხდებაო. და მეც ასე ვთვლი, რომ პოზიტიური ადამიანი ვარ, ახალი წლის ღამეს შესაბამის ენერგიას ვუშვებ და იგივე მიბრუნდება მთელი წლის განმავლობაში. ასევე, რისი წელიც შემოდის, მის პატივსაცემად აუცილებლად უნდა იდოს ტრადიციული კერძები და ნუგბარი. წელს ვეფხვის წელია, ამ ცხოველს კი ჩემსავით ჩიჩიები უყვარს და იმდენ ჩიჩიას დავახვედრებ სუფრაზე, მთელი წელი არ მომშორდეს გვერდიდან და რასაც ვეტყვი, ყველაფერი ამისრულოს. სუფრაზე დავახვედრებ გოზინაყს, საცივს, გოჭს, ინდაურს, თავად მოვამზადებ და ამით დავიმონებ და მოვისყიდი წლის მბრძანებელს. ზოგადად, როგორც დახვდები ახალ წელს, რა განწყობაც გექნება, მთელი წელი ისე ჩაივლის. მე ამის მჯერა.

– რის წელში ხარ დაბადებული და ასტროლოგიურად, შენთვის როგორი წელია 2022?

– მამლის წელში ვარ დაბადებული და მამალივით გავყივი, ოღონდ არ ვიფხორები. ზოდიაქოთი კი, თევზები ვარ. თევზები ძალიან მაგარი ზოდიაქოს ნიშანია, განვითარებული ინტუიციითა და წინასწარმეტყველური ნიჭით დაჯილდოებული. აქედან გამომდინარე, ზოგ-ზოგიერთებმა დისტანცია უნდა დაიჭირონ. ვეფხვის წელი ჩემთვის მოიტანს ჯანმრთელობას, დიდ ფულს, რისი ნიშნებიც უკვე არის, ასევე, სიყვარულს, ბარაქას და სიახლეებს პირად ცხოვრებაში.

– ქუთაისში გაიზარდე და შემდეგ დედაქალაქში მოგიწია გადმოსვლა. როგორი იყო ქუთაისური ახალი წლები შენთვის?

– ახლა ვიტირებ.

– რატომ?

– წელს პირველი წელია, მამას გარეშე რომ ვხვდები და ძალიან მიჭირს. თუმცა, იმდენად ვგრძნობ მის სიახლოვეს და გვერდით ყოფნას, არ „ვიგრუზები“. ვერ ვხედავ, თორემ ვგრძნობ, სადაც არ უნდა ვიყო, სულ ჩემს გვერდითაა, იმქვეყნად კარგადაა და აუცილებლად მომილოცავს ახალ წელს. ისეთი სიზმრები მესიზმრება, ზუსტად ვიცი, მამა კარგადაა იქ, სადაც არის. არასოდეს დამავიწყდება ქუთაისში გატარებული, ჯადოსნური ახალი წლები.

– ალილოზე თუ დადიოდი?

– ალილოზე სულ დავდიოდი. ძალიან მიყვარს ეს ტრადიცია და ახლაც სიამოვნებით გავიდოდი. ვიკრიბებოდით 6-7 საათისთვის და დავდიოდით ბავშვები სიმღერ-სიმღერით, გვაძლევდნენ ტკბილეულს, ხილს, ფულს და უბედნიერესები ვიყავით. ეს ყველაზე ტკბილი მოგონებაა ჩემთვის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი