მარიტა მელიქიშვილი: ამ წელს ჩემი ცხოვრების საინტერესო ეტაპი დაიწყო
ავტორი: ნონა დათეშიძე 22:00 21.04

სტუდია „პრაიმშოუ“ არაერთ საინტერესო გადაცემასა და პროექტს ამზადებს ტელეკომპანია „იმედისთვის“. სულ ცოტა ნხის წინ კი რადიოეთერში ჩაეშვა ახალი რადიოსადგური, სახელწოდებით –„პრაიმშოუ ურბანიკი“, რომელსაც გიორგი გასვიანი უხელმძღვანელებს. რადიოში, „პრაიმშოუს“ ყველა სახეს მოუსმენთ, საინტრესო თემებითა და გადაცემებით. ასე რომ, თუ მომართავთ თქვენს რადიოს სიხშირე FM 95.9-ზე, მოუსმენთ გემოვნებიან მუსიკას, საინტერესო პოდკასტებს, თემებს, აზრებს, და მიმოხილვებს აქტუალურ თუ საჭირბოროტო თემებზე. რადიოს ერთ-ერთი წამყვანია მარიტა მელიქიშვილი – გიორგი გასვიანის მეუღლე. ეს მისი პირველი სამსახურია. მარიტა ყოველ ხუთშაბათს იქნება პირდაპირ ეთერში და როგორც თავად ამბობს, თავისი კარიერული წინსვლა საოცარ გარემოში, საყვარელი ადამიანების გვერდით, საკმაოდ ემოციური და წარმატებული ნაბიჯით დაიწყო.
მარიტა მელიქიშვილი: რადიო „პრაიმშოუ ურბანიკი“ ჩემი პირველი სამსახურია. 2024 წელს დავამთავრე უნივერსიტეტი, დიპლომი საკმაოდ მაღალ ქულაზე დავწერე. ჟურნალისტიკასა და მასობრივ კომუნიკაციას ვსწავლობდი და ძალიან მინდოდა, რომ მომავალში ჩემი კარიერა ამ კუთხით განვითარებულიყო. როცა შემომთავაზეს, „რადიო პრაიმშოუ ურბანიკის ერთ-ერთი წამყვანი ვყოფილიყავი, ძალიან გამიხარდა. მანამდე მაკა რაზმაძეს ჰქონდა გადაცემა „ჩაი“, სადაც ორჯერ ვიყავი მოწვეულ სტუმრად და ორი საათის განმავლობაში, ლაივში მიმყავდა გადაცემა. პირდაპირ ეთერში მუშაობა საკმაოდ რთულია, ძალიან დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს, თუმცა, ასე ვთქვათ, პრაქტიკა უკვე გავლილი მქონდა და ამ გამოცდილებიდან გამომდინარე, ეს სფერო ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის. რადიოში მუშაობასაც დიდი პასუხისმგებლობით მოვეკიდე, 3 საათის განმავლობაში ვარ პირდაპირ ეთერში, საათში ოთხჯერ შევდივარ და რა თქმა უნდა, ვღელავდი, შინაგანად მთლიანად ვკანკალებდი, თუმცა, ეს განცდა და ნერვიულობა ხმასა და მეტყველებაზე არ მეტყობოდა. მოკლედ, პირველი ეთერი საოცრად სასიამოვნო იყო. თან, პირდაპირი ეთერის მსვლელობის დროს მომდიოდა მესიჯები: გისმენთ მანქანაში... ძალიან სასიამოვნო ხმა გაქვთ და ასე შემდეგ. ეს უდიდეს მოტივაციას მაძლევდა. ასე ბედნიერად დავიწყე მუშაობა რადიოში, ჩემს საყვარელ ადამიანებთან: ეკო ფანგანთან, თათული ედიშერაშვილთან, ჩემს მეუღლესთან – გიორგი გასვიანთან, გვანცა კილასონიასთან ერთად. მიხარია, რომ ყოველ ხუთშაბათს ჩემს მსმენელებთან ერთად „ვიმოგზაურებ“ საინტერესო სამყაროში.
– ამ „მოგზაურობის“ დროს, რა თემებზე ისაუბრებ პირდაპირ ეთერში?
– მაქვს რუბრიკა „ჯენზის რჩევები“, სადაც ვისაუბრებ აბსოლუტურად ყველაფერზე, ეს იქნება თანამედროვე თაობის კომპლექსები, როგორ დავიმკვიდროთ თავი საზოგადოებაში, რატომ არ უნდა გვეშინოდეს, როცა რამე არ ვიცით და მოკლედ, ნებისმიერი თემა და რასაკვირველია, კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით ჩემს გამოცდილებასაც და რჩევებსაც გაგიზიარებთ. რუბრიკას კი ჰქვია „ჯენზის რჩევები“, თუმცა, ეს ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის იქნება საინტერესო, რადგან მექნება ახალი ამბებიც, სოციალური ისტორიები. ასე რომ, თუ საცობში გიწევთ დიდხანს ყოფნა, შეგიძლიათ „რადიო პრაიმშოუ ურბანიკს“ უსმინოთ, დრო სასიამოვნოდ გაატაროთ და მგზავრობაც გაიხალისოთ. ეთერში 5 საათიდან 8 საათამდე ვარ, ანუ როცა პიკის საათია და მინდა, საცობებში მყოფებს პოზიტიური განწყობა შევუქმნა. ეთერისთვის დიდი პასუხიმგებლობით ვემზადები, ვკითხულობ ბევრ წყაროს, მომზადებული მაქვს თემები და ბოლოსკენ, ჩემს გამოცდილებასაც ვამატებ. მაგალითად, დილით რომ გავიღვიძებთ, უფრო კარგად და ენერგიულად დავიწყებთ დღეს, თუ გავიხედავთ ფანჯარაში, ჩავისუნთქავთ ჰაერს და სამყაროს მადლიერები ვიქნებით. დღე ტელეფონის ხელში აღებით, სქროლვით და ნეგატიური ინფორმაციის მიღებით არ უნდა დავიწყოთ. ასე რომ, იქნება პრაქტიკული რჩევებიც, რომელიც ჩემს თავზეც მაქვს გამოცდილი და თუ არ მაქვს გამოცდილი, კველევების საფუძველი მომცემს კონკრეტულ ფაქტებზე საუბრის უფლებას. ასე რომ, ეს რუბრიკები ჩემთვისაც ბევრის მასწავლებელი იქნება და ჩემი ნებისმიერი ასაკის მსმენელისთვისაც.
– მარიტა, რამდენად გიყვარს გამოწვევები და ახალი ემოციები და სანამ ნაბიჯს გადადგამ, ბევრს ფიქრობ თუ რისკიანი ადამიანი ხარ?
– სხვათა შორის, რისკიანი ადამიანი არ ვარ, უფრო ფრთხილი ვარ. შეიძლება, გამოწვევაზე ჩემი პირველი პასუხი უარი იყოს. მერე, როცა დავფიქრდები, საკუთარ თავს ვეუბნები: არ არსებობს ისეთი რამ, რის გაკეთებასაც ვერ შეძლებ და პასუხს თანხმობით ვცვლი. პასუხისმგებლობის გრძნობა ძალიან მაქვს განვითარებული და მინდა, რასაც მაკისრებენ, ის საქმე ასი პროცენტით იდეალურად გავაკეთო. ერთადერთი ეს პასუხისმგებლობა მაშინებს, მეტი არაფერი (იცინის). რადიოში სამსახურის დაწყება გამოწვევა იყო, თუმცა, რისკი – არა, რადგან ეს ჩემი პროფესიაა და უარს ვერასდროს ვიტყვი. ტელევიზიიდან რომ იყოს შემოთავაზება, სიხარულით დავთანხმდები. ვცდილობ, ის პროფესია, რომელიც ავირჩიე, მაქსიმალურად განვავითარო ჩემში. სხვათა შორის, ბავშვობაში მსახიობობა მინდოდა, ხუთი-ექვსი წელი დავდიოდი კიდეც „ბერიკებში“ და დიდი გამოცდილებაც მივიღე. თუმცა, როცა პროფესიის არჩევანზე დადგა ჯერი, ჟურნალისტობა ავირჩიე, რადგან ძალიან მრავალფეროვანი სფეროა. თან, ჩემს ნიჭსაც რომ გადავავლე თვალი – წერა შემიძლია, ხალხთან კომუნიკაცია კარგად გამომდის, ახალი ადამიანების გაცნობა მიყვარს, ასე რომ, ჩემთან ეს პროფესია უფრო ახლოს იყო და სწორი გადაწყვეტილება მივიღე.
– როგორც თქვი, გადაწყვეტილებების მიღებაში ფრთხილი ხარ, თუმცა გამოწვევები და ახალი ემოციები არ გაშინებს.
– ზუსტად, ასეა. რომ ვთქვი, როცა რამეს მავალებენ, მეშინია ჩემი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე-მეთქი, ვიგულისხმე, რომ ჩემს თავთან იმედგაცრუება არ მინდა. თორემ, ახალი ემოცია და გამოწვევა არანაირად არ მაშინებს, პირიქით, გამოცდილებას ვიღებ.
– რადიოს ხელმძღვანელმა, შენმა მეუღლემ თუ გისმინა პირდაპირ ეთერში?
– გიორგი გამოცდილია ამ სფეროში. პირდაპირი ეთერის დროს ჩემ გვერდით იყო და ძალიან მამხნევებდა. ეთერის დასრულების შემდეგ კი ერთად აღვნიშნეთ
(იცინის). შინაგანად ვღელავდი და ეთერში ჩემი პირველი გასვლა ემოციური იყო. ზოგადად, ზოდიაქოთი „თევზები“ ვარ და როგორც ამ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებს ახასიათებთ, არც მე ვარ გამონაკლისი – ძალიან ემოციური ვარ. ჩემს შემთხვევაში წლევანდელი წელი პროფესიული კუთხით, წინსვლის წელი გამოდგა და ვნახოთ, კიდევ რა სიახლეებს მპირდება წლის ბოლომდე. ფაქტია, ამ წელს ჩემი ცხოვრების საინტერესო ეტაპი დაიწყო.
– თქვი, ზოდიაქოთი „თევზები“ ვარო. გარდა ემოციურობისა, ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები ცოტა სენტიმენტალურებიც არიან.
– ჩემს ხასიათში თევზების ყველა თვისება დევს. სასწაულად ემოციური და მგრძნობიარე ვარ, ყველაფერი გულთან ახლოს მიმაქვს და ყველაფერზე მეტირება. ვფიქრობ, ეს თვისება, გამოსასწორებელი მაქვს. სხვათა შორის, ფსიქოლოგობაც მინდოდა, მაგრამ რომ დავფიქრდი, იმდენად ემოციური ვარ, ჩემთან დასახმარებლად პრობლემით მოსულ ადამიანს შეიძლება, დავხმარებოდი, მაგრამ მისი პრობლემა ჩემს პრობლემად მექცია. ეს კი აუცილებლად ჩემს ცხოვრებას დაღუპავდა. ასევე, ვარ რომანტიკული და მზრუნველი, თბილი გულის მატარებელი. ჩემი სურვილია, ადამიანებს დავეხმარო, ვისაც ეს სჭირდება. უშრეტი ფანტაზია მაქვს, ისეთი, ხანდახან რეალობისა და ფანტაზიის გარიყვა მიჭირს. ჩემს ფანტაზიებში იმდენად კარგია, იქ ვრჩები ხოლმე დიდხანს (იცინის).
– ზოგადად, თევზები განსაკუთრებულად ემოციური და დაფეთებული დედები არიან. შენც ასეთი ხარ?
– შვილთან მიმართებაში და დედურ ინსტიქტებშიც ნამდვილი თევზები ვარ. როცა შვილს ეხება საქმე, პანიკიორი ვარ და კიდევ კარგი, გიორგია ჩემ გვერდით და ჩემს ემოციებს აბალანსებს. როცა გიორგისა და გალას ვუყურებ, უდიდესი ბედნიერება მეუფლება და გულში ვამბობ ხოლმე: ღმერთო, რა ბედნიერი ვარ! 23 წლის ვარ და მყავს მზრუნველი, თბილი, წარმატებული მეუღლე, ყველაზე დიდი საჩუქარი სამყაროსგან – გალა, ერთგული და მოსიყვარულე გარემოცვა, სამსახური ჩემი პროფესიით და ამაზე მეტი გამართლება ვფიქრობ, რა შეიძლება, იყოს. სხვათა შორის, ძალიან მიყვარს დიდი ოჯახები, ბავშვები და ჩემი უდიდესი სურვილია, მყავდეს ბევრი შვილი. გალა ჯერ სამი წლისაა და ჩემი ოცნებაა და მინდა, აუცილებლად ჰყავდეს ბევრი დედმამიშვილი. 18 წლის გავთხოვდი, დედა 19 წლის ასაკში გავხდი, არასოდეს ვინანებ, რომ პატარა ასაკში გავთხოვდი და ცხოვრების ხელახლა გავლა რომ მომიწიოს, იმავეს გავიმეორებ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან