მარინა სალუქვაძე: ასაკში ხვდები, ნაძირალას უნდა უთხრა, რომ ნაძირალაა
ავტორი: ქეთი კაპანაძე 21:00 08.05

მარინა სალუქვაძის "უცნობი მხარე"👇
– ვინ არის მარინა სალუქვაძე?
მარინა სალუქვაძე: საკუთარი ქვეყნის რიგითი მოქალაქე.
– როგორია თქვენთვის საოცნებო ცხოვრება?
– მშვიდობა ჩვენს ქვეყანასა და ოჯახებში, სიყვარული და სიკეთე რომ გვქონდეს ყველას.
– ოდესმე გიკეთებიათ საქმე, რომელიც ძალიან არ გიყვარდათ?
– პროფესიაში გამიმართლა. ყოველთვის იმას ვაკეთებდი, რაც მაინტერესებდა. ყველანაირ საქმეს თუ განვიხილავთ, მაშინ უთოობა არ მიყვარს ძალიან, მაგრამ მიწევს (იცინის).
– რამდენად ემოციური და გულჩვილი ადამიანი ხართ?
– გურული ვარ და ყველა გურული ემოციურია, თუმცა მე მაინც განვსხვავდები ხასიათით, იმ თვალსაზრისით, რომ მოთმინების ძალიან დიდი უნარი მაქვს. ვითმენ, კარგა ხანს ვითმენ, მაგრამ მერე უკვე მძლევს გურული სიფიცხე.
რაც შეეხება გულჩვილობას, გული ბევრ რამეზე მიჩუყდება. ვცდილობ, ეს არ შევიმჩნიო. არ მინდა, ჩემი პრობლემა სხვას მოვახვიო თავს.
– რას გააკეთებდით, ლატარიაში რომ ბევრი მილიონი მოიგოთ?
– პირველ რიგში, ჩემს ვალდებულებებს გავისტუმრებდი. დარჩენილი თანხით, ძალიან ბევრ ჩემს ახლობელ და მეგობარს გავახარებდი, ვისაც ეს ძალიან სჭირდება. მარტო შენ არაფერი შეგერგება. ყველაზე დიდი სიამოვნებაა, როცა შენ გვერდით მყოფებიც ბედნიერები არიან.
– გიოცნებიათ, რომ მსოფლიო მასშტაბით ყოფილიყავით ძალიან ცნობილი და წარმატებული ადამიანი?
– ალბათ, ბავშვობაში მიოცნებია. მხოლოდ მე – არა, ამ ასაკში, ვფიქრობ, ყველა ოცნებობს. ცოდვა გამხელილი ჯობს და მე პატარაობისას ძალიან მინდოდა, ბალერინა ვყოფილიყავი და ყველას გავეცანი (იცინის). მერე იმდენი საფიქრალია, იმდენი საქმე და ყველა ისეთი პრობლემების წინაშე დავდექით, რომ ასეთი რამეები აღარც მახსენდება. დღეს ძალიან რთული მდგომარეობაა. ქვეყანაში ერთობა არ არის, ხალხი ერთმანეთს დაუპირისპირდა და ეს ყველაზე მოქმედებს. ეს დიდი უბედურებაა, რომლის მოგვარებასაც დიდი დრო დასჭირდება. აქედან გამომდინარე, ეს პერიოდი, ასეთი მსუბუქი ფიქრები არ მომსვლია და ახლა გამახალისეთ (იცინის).
– განვლილი ცხოვრებიდან რა მიგაჩნიათ თქვენს მცდარ ნაბიჯად, რაზეც ფიქრობთ, რომ ჯობდა, არ გაგეკეთებინათ?
– მოდით, ვიტყვი, რა უნდა, გამეკეთებინა და ვერ გავაკეთე, მაგალითად, სიამოვნებით მეყოლებოდა ბევრი შვილი. ახლა ერთი შვილი მყავს, რომელიც მთელ ქვეყანას მირჩევნია, ეს ყველაზე დიდი ბენდიერებაა და კარგი იქნებოდა ბევრი შვილის დედა ვყოფილიყავი.
– ყველაზე უხერხული შემთხვევა, რომელიც თავს გადაგხდენიათ...
– ბევრი იყო ასეთი. ერთ-ერთს გავიხსენებ: ჩემს გადაცემაში სტუმრად ბევრი ღვაწლმოსილი ადამიანი იყო მოწვეული უცხოეთიდან, ისინი ქართულ დიასპორებს წარმოადგენდნენ. გადაცემის მსვლელობის დროს ერთ-ერთი ძალიან ასაკოვანი მამაკაცი მაყურებლის ტრიბუნიდან ჩამოვარდა და ყველანი ძალიან უხერხულ მდგომარეობაში აღმოვჩნდით.
– ოდესმე რამე თუ მოგიპარავთ?
– მამაჩემის კარადიდან ვიპარავდი ხოლმე უცხოურ სიგარეტებს. მამა არ ეწეოდა, მეგობრებისთვის ჩამოჰქონდა და ზოგჯერ ავიწყდებოდა ხოლმე (იცინის).
– როგორი დამოკიდებულება გაქვთ ტყუილთან?
– მე ძალიან მიყვარს პირველი აპრილი და ამ დღეს ბევრ მაიმუნობას ვუწყობ ხოლმე ჩემს მეგობრებს. ეს კეთილი ხუმრობაა. მატყუარა ადამიანზე არ ვბრაზდები, მე ის, უბრალოდ, მეცოდება, რადგან საწყალია ადამიანი, ვისაც ტყუილის თქმა უწევს. შეიძლება, რაღაც არ თქვა, მაგრამ როდესაც გამიზნულად იტყუები, ეს უკვე სხვა არის. ეს კითხვა პოლიტიკოსებს უნდა დაუსვათ (იცინის). მე შეიძლება, არ შევიმჩნიო, თუმცა ყოველთვის ვხვდები, თუ ჩემს მოტყუებას ცდილობენ.
– როდის ყოფილხართ ცხოვრებაში ყველაზე სასტიკი?
– როდესაც ჩემიანებს ჩაგრავენ, მაშინ ვხდები ძალიან სასტიკი. ასეთ დროს სამუდამოდ ვემშვიდობები იმ ადამიანს, ვინც ძალიან ცუდად მოიქცა.
– რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე დიდ გამარჯვებად და მარცხად?
– გამარჯვებად მიმაჩნია ჩვენი თითოეული წარმატებული პროექტი. მე ძალიან ბევრჯერ დავიწყე თავიდან. ბევრჯერ ვცადე საკუთარი თავი ახალ ამპლუაში. სიახლეების არ მეშინია. რასაც ახლა ვაკეთებ, ჩემთვის ძალიან საინტერესოა და ნებისმიერი წარმატებული პროექტი ჩემი პირადი წარმატებაა.
რაც შეეხება მარცხს, მთლად ასე ვერ დავარქმევ, უბრალოდ, თუ გარკვეული დროის განმავლობაში სამსახურსა თუ სხვა გარემოში, შენდაუნებურად, გიწევს უზნეო ადამიანებთან ურთიერთობა, ეს არის მარცხი, რომ ამ ტიპის ადამიანებს რაღაცის გამო ანგარიშს უწევ. ასაკში ხვდები, რომ ნაძირალას უნდა უთხრა, რომ ნაძირალაა და კარგს ყოველთვის უნდა მოეფერო.
– რა გსმენიათ საკუთარ თავზე კარგი, რაც განსაკუთრებით სასიამოვნო აღმოჩნდა და ცუდი, რამაც ცოტა გული გატკინათ?
– წლების წინ, როდესაც უფრო მეტად ვჩანდი ტელეეკრანზე, ბევრი ჭორი დადიოდა ჩემ შესახებ – ზოგი მახალისებდა, ზოგი მაბრაზებდა. ახლა ღიმილით ვუყურებ. იმ პერიოდში, როდესაც მე მწყინდა ჩემზე აუგის მოსმენა, არსებობდა საიტი, სადაც ადამიანები საკუთარი სახელის და გვარის ნაცვლად „ნიკნეიმებით“ რეგისტრირდებოდნენ. თავს აძლევდნენ იმის უფლებას, რომ სხვები გაელანძღათ და აუგად მოეხსენიებინათ. დღეს ასე აღარ არის, ახლა უკვე ყველა ღიად, საკუთარი სახელითა და გვარით ლანძღავს ერთმანეთს, თან, უმოწყალოდ და ეს ძალიან გულსატკენია. ამ ბოლო დროს ჩემ შესახებ რამე განსაკუთრებით ცუდი ან სასტიკი არ გამიგია. ყოველ შემთხვევაში, ჩემამდე არაფერი მოსულა (იცინის). ადრე ძალიან მწყინდა. ახლა, როდესაც მე და ჩემი მეუღლე ვაკეთებთ შოუს, სპექტაკლს, ფესტივალს, სცენარებს ფილმებისთვის, თუ ეს წარმატებული აღმოჩნდება და დადებითად მაფასებენ, ეს ყოველთვის მიხარია.
– დღის საქმიანი ნაწილის დასრულების შემდეგ რისი კეთება განიჭებთ სიამოვნებას?
– მეგობრებთან ერთად ყოფნა, მეუღლესთან ერთად დროის გატარება, მასთან საუბარი. საყვარელი ადამიანებისგან სითბოს მიღება. მიყვარს სამზარეულოში ფუსფუსი. ყველა ჩემთან მოდის, თუმცა, მეც მიყვარს სტუმრად სიარული (იცინის). ძალიან მიყვარს, როცა ზაზა მუშაობს და მე ვუსმენ, როგორ წერს ის მუსიკას. ეს დიდი სიამოვნებაა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან