შოუბიზნესი

მარიამ ცუკილაშვილი: კაცს მოდუნებას ვერ ვაპატიებ

№1

ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 12.01, 2021 წელი

მარიამ ცუკილაშვილი
დაკოპირებულია

22 წლის ქართველი მოდელი – მარიამ ცუკილაშვილი დუბაის ეროვნული ავიაკომპანიის თანამშრომელი გახდა, რისთვისაც ბევრი იშრომა და ის, რაც ბევრს უამრავგზის მცდელობის შედეგად გამოსდის, მან პირველივე ჯერზე შეძლო. რა გზა გაიარა წარმატებამდე, ამის შესახებ მარიამი ,,თბილისელებს" უყვება. 

მარიამ ცუკილაშვილი: ეს ჩემი ოცნების პროფესია არ ყოფილა. სამი-ოთხი წლის წინ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ დღეს ბორტგამცილებელი ვიქნებოდი. საავიაციო სფერო ყოველთვის მიზიდავდა, მაგრამ ზუსტად რომელი განხრით წავსულიყავი, გადაწყვეტილი არ მქონდა. ოცი წლის ვიყავი, როდესაც ინდოეთში, ერთ-ერთ საავიაციო კომპანიაში სტაჟირების გავლის შანსი მომეცა. იქ აღმოვაჩინე, რომ ბორტგამცილებლობა ძალიან საინტერესო იყო და გადავწყვიტე, ბედი მეცადა. თუმცა ამისთვის 21 წლის უნდა ვყოფილიყავი. ამიტომ, დავბრუნდი საქართველოში და გამოცდილების დასაგროვებლად მომსახურების სფეროში დავიწყე მუშაობა. ყველაფერს ვაკეთებდი იმისთვის, რომ შესაბამის დროს, მზად ვყოფილიყავი. გადავწყვიტე, მომავალი ემირატებისთვის დამეკავშირებინა და 21 წლის რომ გავხდი, ისე მოხდა, რომ ისინი თავად ჩამოვიდნენ საქართველოში ღია კარის დღის გასამართად, რაც პირველად მოხდა. ძალიან ვნერვიულობდი, მაგრამ სულ რომ ხუთი მცდელობა დამჭირვებოდა, ამ საქმეს მაინც ბოლომდე მივიყვანდი. ერთი კოლეგა მყავს, რომელმაც ამ მიზნის მისაღწევად ჩვიდმეტჯერ სცადა ბედი და არასასურველი პასუხის მიღების შემთხვევაში, უკან დახევას არც მე ვაპირებდი.
– ღია კარის დღეზე დიდი კონკურენცია დაგხვდა, არა?
– როდესაც მსხვილ საავიაციო კომპანიას ეხება საქმე, კონკურენცია ძალიან მაღალია. ემირატების შემთხვევაში, მინიმუმ, ნახევარი მილიონი კანდიდატი გვყავს ყოველწლიურად. სამასი-ოთხასი ადამიანიდან შეიძლება, ორი-სამი კაცი აიყვანონ. საკმაოდ სტრესული და შრომატევადი დღე იყო. თავდაპირველი გადარჩევის შემდეგ გავიარეთ ინგლისურისა და პერსონალურობის ტესტები და ბოლო ეტაპზე ძალიან დეტალური ინტერვიუ. დადებითი პასუხის შემთხვევაში „გოლდენ ქოლით“ გიკავშირდებიან. პირადად მე ერთ კვირაში დამირეკეს და კიდევ ერთი კვირის შემდეგ უკვე დუბაიში ვიყავი და ტრენინგებისთვის ვემზადებოდი. ძალიან დატვირთული, მაგრამ სასიამოვნო რვა კვირა გავატარე სხვადასხვა ეროვნების ადამიანებთან ერთად. უდიდესი ცხოვრებისეული გამოცდილება მივიღე. საჭირო იყო ექვსი ლიცენზიის მოპოვება, რისთვისაც საკმაოდ მძიმე გამოცდები უნდა ჩაგვებარებინა. ტრენინგები დილის ექვსი საათიდან გვეწყებოდა და იმდენი სამეცადინო გვქონდა, გამოცდების დროს, ღამეში ორი-სამი საათიღა გვრჩებოდა ძილისთვის. უამრავი ინფორმაცია ავითვისეთ. ემირატებში მოხვედრა, აქ დარჩენას არ ნიშნავს, ყველაფერს ეს ორი თვე წყვეტს და თუ მასალას დროულად ვერ აითვისებ, შენ აღარავინ მოგიბრუნდება. როგორც მგზავრს, ვერასდროს წარმომედგინა, რომ ეს პროფესია ძალიან დიდ მზაობას მოითხოვს, როგორც ფიზიკურ, ისე მენტალურ დონეზე. შეიძლება, ერთ დღეს მუშაობდე კაბინაში, სადაც წყვილი თაფლობის თვეს აღნიშნავს და შენ მათი ბედნიერება უნდა გაიზიარო. შემდეგ გადახვიდე მეორე კაბინაში და შეუსწრო მგზავრს, რომელიც სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა. პანიკაში არ უნდა ჩავარდე, ძალიან სწრაფად და პროფესიონალურად უნდა იმოქმედო. ამიტომ შესაბამისი მომზადებაა საჭირო. ამდენმა შრომამ რომ შედეგი გამოიღო და ამიყვანეს, უზომოდ ბედნიერი ვიყავი. მართალია, პირველივე ცდაზე გამომივიდა, მაგრამ ეს დაუღალავი შრომის შედეგი იყო, რაც განსაკუთრებულად სასიამოვნოა.
– ახლა რა სირთულეებთან გიწევს გამკლავება?
– იმ სირთულეებზე აღარ ვამახვილებ ყურადღებას, რომ საყვარელი ადამიანებისგან, ძირითადად, შორს ვარ და უმნიშვნელოვანეს დღეებს ვაკლდები. პროფესიული კუთხით კი, სირთულე და გამოწვევაა ის, რომ განურჩევლად შემთხვევითობისა, რომელსაც მოცემულ მომენტში აწყდები, ვალდებული ხარ, რეაგირება მოახდინო პროფესიონალიზმით და ემოციების სრულად მართვით. ბევრ გამოწვევასთან მიწევს გამკლავება, რაც ძალიან მაძლიერებს. ერთხელ ჩემ თვალწინ ძალიან დიდი ზომის ჩემოდანი დაეცა ადამიანს თავში და შეიძლებოდა, მის სიცოცხლეს საფრთხე შექმნოდა. ემოციურად ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდით, მაგრამ საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა. ასეთ მომენტში აცნობიერებ, რომ იმ ადამიანის ერთადერთი იმედი შენ ხარ და ყველაფერს აკეთებ, რომ დაეხმარო. ეს დიდი ცხოვრებისეული გამოცდილებაა.
– მოდელის კარიერაზე უარი თქვი?
– საქართელოსთან ერთად სამოდელო სააგენტოებსაც დავემშვიდობე. 13 წლიდან ვიყავი ამ სფეროში და ეს საკმარისი მგონია. გადაღებასა და კამპანიაში ახლაც შემიძლია მონაწილეობის მიღება, მაგრამ მოთხოვნილება არ მაქვს. ძალიან პატარა ვიყავი, როცა მოდელობა დავიწყე. როგორც ყველა გოგონა, მეც ვოცნებობდი ამ სამყაროზე. რამდენიმე კონკურსში მივიღე მონაწილეობა, სამოდელო სააგენტოში დავიწყე სწავლა და საქართველოს ფარგლებში ძალიან ბევრ გამორჩეულ ადამიანთან მომიწია მუშაობა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ქართული ბაზარი ამოვწურე. ორჯერ გავემგზავრე საზღვარგარეთ, რამაც კიდევ უფრო დამხვეწა. ყველა დიდი გამოწვევა შანხაიში შემხვდა. დაახლოებით, სამას ქურთუკში გადამიღეს და ამის შემდეგ კიდევ ერთმა ბრენდმა გამოთქვა ჩემთან თანამშრომლობის სურვილი, შემდეგ კიდევ ერთი დამემატა და საერთო ჯამში, 18 საათი ვმუშაობდი გადაბმულად. კარგად გავიაზრე, რომ ეს სფერო ძალიან შრომატევადია და ისე არაა, როგორც ბევრს წარმოუდგენია. სამოდელო ბიზნესში ძალიან დიდი სტრესია, რასაც ბევრი ვერ უძლებს. თუმცა ეს გამოცდილება ჩემს ახლანდელ სამსახურში ძალიან დამეხმარა.
– 22 წლის ასაკში ფინანსურად სრულიად დამოუკიდებელი ხარ...
– როდესაც ამ ნაბიჯების გადადგმა დავიწყე, მაშინ დედისერთა ვიყავი. ყველას წარმოუდგენია, რომ დედისერთა ბავშვი ძალიან ახლო კავშირშია ოჯახთან და ასეცაა, მაგრამ ამასთან ერთად, დედამ ძალიან პატარა ასაკიდან მიბიძგა აქტიურობისკენ. შესაბამისად, ბავშვობიდანვე ძალიან დამოუკიდებელი ვიყავი. მშობლები მენდობოდნენ, იცოდნენ, სადაც უნდა წავსულიყავი, ჭკვიანად ვიქნებოდი და ყველაფერს გავუმკლავდებოდი. 15 წლის ვიყავი, როდესაც პირველად წავედი ჩინეთში მარტო და ეუბნებოდნენ, როგორ გაუშვით მარტოო. ეს ჩემთვის ძალიან კარგი გამოცდილება იყო. უკან დაბრუნებულმა გადავწყვიტე, რომ ჩემი შესაძლებლობები მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში უნდა გამომეყენებინა. ასე რომ, ფინანსურ დამოუკიდებლობის მოპოვებასთან ერთად, ძალიან ბევრიც ვისწავლე.
– პირად ცხოვრებაში რა ხდება?
– პირადი ცხოვრებისთვის ნაკლები დრო მრჩება და ინტერესიც ნაკლები მაქვს, მაგრამ როცა შესაბამისი ადამიანი გამოჩნდება, მერე, ალბათ, დროსაც გამოვნახავ.
– ეროვნებას აქვს შენთვის მნიშვნელობა?
– შეიძლება, სხვა ეროვნების წარმომადგენელმაც გაგიგოს უსიტყვოდ. ძალიან კარგი იქნება, თუ ჩემი მეორე ნახევარი ქართველი იქნება, მაგრამ როცა ადამიანს ვუყვარვარ, პატივს მცემს და ყველანაირად მეხმარება განვითარებაში, თუ მასთან ურთიერთობაში იდილია და ჰარმონია მაქვს, ეროვნებას მნიშვნელობა აღარ აქვს.
– გამორჩეული გარეგნობა და წარმატებული კარიერა გაქვს. საკუთარი თავის მიმართ საკმაოდ მომთხოვნი ჩანხარ და საპირისპირო სქესთანაც ასეთი ხარ?
– ძალიან მომთხოვნი და თვითკრიტიკული ვარ. ანალოგიურად, საპირისპირო სქესისგანაც საკმაოდ ბევრს ვითხოვ. მაგრამ ისეთს არაფერს, რაც ფინანსურ კეთილდღეობას უკავშირდება. თუმცა ვაღიარებ, ძალიან მკაცრად მოვითხოვ მუდმივ ყურადღებასა და ზრუნვას. მამაკაცი გამუდმებით ორიენტირებული უნდა იყოს იმაზე, რომ მე კომფორტი შემიქმნას. მაქსიმალურად უნდა დამიდგეს გვერდით და ჩემს ცხოვრებაში მიმდინარე ყველა პროცესის შესახებ უნდა იცოდეს. უნდა უნდოდეს, რომ ერთად განვვითარდეთ და უკეთეს ეტაპებზე გადავიდეთ. ამ მხრივ, ნამდვილად მკაცრი ვარ.
– როგორ ცდილობენ თაყვანისმცემლები შენს განებივრებას?
– ფინანსური ღირებულების მქონე საჩუქრებზე მეტად ის მახარებს, როდესაც ვხედავ, რომ ადამიანმა ჩემს გასახარებლად დრო და საკუთარი რესურსი გამოიყენა. რაც შეეხება ლამაზ ისტორიებს, ასეთები უფრო წლების წინ იყო. მაშინ ბიჭები უფრო შემოქმედებითები იყვნენ. ახლა თითქოს ნაკლებად იწუხებენ თავს საჩუქრის ისე შესაფუთად, რომ მეტი ემოცია გამოიწვიონ. იმედია, ეპოქა ისე არ შეიცვლება, რომ მამაკაცებმა შემოქმედებითობა საბოლოოდ დაკარგონ.
– რთულია შენთან პირადი ურთიერთობის აწყობა?
– რთულია, გამომდინარე იქიდან, რომ როგორც უკვე ვთქვი, საკმაოდ მომთხოვნი ვარ და ეს ბევრისთვის შეიძლება, ზედმეტი თავის ტკივილი იყოს (იცინის). მინდა, ჩემ გვერდით იყოს ძლიერი და შემდგარი ადამიანი. აუცილებელია, რომ საერთო ღირებულებები გვქონდეს. ვერ ვაპატიებ მოდუნებას, ვერ ვაპატიებ იმის გაუაზრებლობას, რომ მე ის ავირჩიე და ის ჩემი საყრდენი უნდა იყოს. ქალს გვერდით უღალატო მეორე ნახევარი სჭირდება, რომელიც ხელიდან არ გამოეცლება. ჩემთვის მნიშვნელოვანია ისეთი ადამიანის პოვნა, ვინც ცხოვრების ბოლომდე ტკბილად გამომყვება და ჩემს ყველა სირთულესა თუ წარმატებას გაიზიარებს.

P.S. გამოყენებულია ნათია ღაჭავას ფოტო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი