მარიამ შენგელია: ყველაფრისთვის მზად ვარ, რადგან არავინ იცის, რა შეიძლება, მოხდეს
ავტორი: ნონა დათეშიძე 21:01 08.04

წელს „ევროვიზიის“ სიმღერის საერთაშორისო კონკურსი მაისის თვეში შვეიცარიაში, კერძოდ ბაზელში, ტარდება. საქართველოს წარმომადგენელი მეორე ნახევარფინალში 15 მაისს მიიღებს მონაწილეობას. ამ კონკურსში ჩვენი ქვეყნიდან მონაწილეობას მიიღებს 22 წლის მომღერალი მარიამ შენგელია, რომელიც აქტიურად ემზადება, უნდა მთელი თავისი ნიჭი, ენერგია და რესურსი გამოიყენოს, რომ თავისი ქვეყანა ულამაზესი სიმღერით ასახელოს. მარიამი 14 წლის იყო, როცა პირველად გამოვიდა დიდ სცენაზე. ის სწორედ „X ფაქტორის“ კონკურსიდან გაიცნო ფართო საზოგადოებამ. მარიამი კონსერვატორიის სტუდენტია, სწავლობს „მუსიკისა და დღევანდელობის“ ფაკულტეტზე. ჟურნალი „თბილისელები“ მარიამს წარმატებას უსურვებს კონკურსზე და იმედს იტოვებს, წელს მაინც გაგვიმართლებს და მსოფლიო ქართულ გენს, მონდომებასა და ნიჭიერებას დააფასებს.
მარიამ შენგელია: ეს წელი განსხვავებულად, საკმაოდ სასიამოვნო სიახლეებითა და წარმატებებით დაიწყო და იმედია, ასე გაგრძელდება. ჯერ იყო პროექტი „ცეკვავენ ვარსკვლავები“, სადაც ფინალში, მეორე ადგილზე გავედი. ახლა, „ევროვიზიისთვის“ ვემზდები. სხვათა შორის, „ცეკვავენ ვარსკვლავები“ ძალიან კარგი პროექტია და მიუხედავად იმისა, რომ კოლოსალურ შრომას მოითხოვდა, ის დღეები გულწრფელად მენატრება. თუმცა, იმდენად რთული იყო და ისეთ სტრესში ვიყავი, ნამდვილად არ მეგონა, თუ ისევ იქ ყოფნა მომენატრებოდა (იცინის). სამი თვე გრძელდებოდა და დიდი შრომა მიწევდა. დილით ვიძინებდი, სამ საათში ვდგებოდი, მაგრამ ძალიან მონდომებული ვიყავი და დამიფასდა კიდეც – ფინალში გასვლა არც ისე მარტივია. კიდევ უფრო დავრწმუნდი, რომ შრომა ყოველთვის ფასდება და ამ პროექტში მონაწილეობამ კიდევ უფრო თავდაჯერებული გამხადა. რადგან, რაც არ შემეძლო, ფაქტობრივად, ისიც შევძელი. ზოგადად, მიზანდასახული ადამიანი ვარ და მიყვარს, რასაც ხელს მოვკიდებ, მთელი ჩემი ენერგია და რესურსი ჩავდო და ბოლომდე მივიყვანო.
– ახლა, „ევროვიზიის“ საერთაშორისო კონკურსისთვის ემზადები, სადაც ჩვენი ქვეყნის სახელი უნდა წარადგინო. რა ემოცია იყო, როცა გაიგე, ამ კონკურსისთვის რომ შენ შეგარჩიეს?
– შოკში ვიყავი, რომ გავიგე „ევროვიზიაზე“ საქართველოს სახელით მე უნდა გამოვსულიყავი. სასწაული ემოცია მქონდა. რაღაცნაირად გაორებული ემოცია დამეუფლა – ძალიან გამიხარდა და თან, ვიგრძენი უდიდესი პასუხისმგებლობა, რომელიც დამეკისრა და ამისთვის თავი არ უნდა დამეზოგა. მოკლედ, გაორება მქონდა, თან მიხაროდა, თან მეშინოდა და ვნერვიულობდი (იცინის). სიმღერა, რომლითაც „ევროვიზიის“ საერთაშორისო კონკურსზე უნდა წარვდგე, ქეთი გაბისიანისა და ბუკა კარტოზიასია და „თავისუფლება“ ჰქვია. ამ სიმღერაში ქართული ელემენტებია ჩადებული, სცენოგრაფიაში ანსამბლი „ერისიონი“ იღებს მონაწილეობას და საკმაოდ კარგი მოსასმენი და სანახავია. აქტიურად ვემზადებით და მინდა, გითხრათ, რომ ჩემთვის ეს სიმღერა ძალიან მნიშვნელოვანი და ახლოა, კარგად მაქვს გათავისებული და მაქსიმუმს გავაკეთებ, რომ სცენაზე ჩვენი გამოჩენა შთამბეჭდავი იყოს. მაისამდე მზადების პროცესში ვართ და იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად ჩაივლის. ჯერ დრო გვაქვს და მაქსიმალურად ვეცდებით, ყველა დეტალი მაღალ დონეზე იყოს და ჩვენი ქართული გენი და ნიჭიერება მსოფლიოს კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ. მე მასში მთელს ჩემს ენერგიას, რესურსსა და ნიჭიერების მაქსიმუმს ვდებ.
– მარიამ, გასაგებია, რომ თავს არ დაზოგავ და შენი ნიჭის მაქსიმუმს აჩვენებ. თუმცა, ის თუ გაქვს გათვალისწინებული, რომ ამ კონკურსის შედეგები საკმაოდ არაპროგნოზირებადია? ამისთვის მზად ხარ?
– ყველაფრისთვის მზად ვარ, რადგან არავინ იცის, რა შეიძლება „ევროვიზიაზე“ მოხდეს. თუმცა, კიდევ ვამბობ, მთელს ჩემს ნიჭიერებასა და ენერგიას ჩავდებ და ის, რომ არაპროგნოზირებადი კონკურსია, არ ნიშნავს იმას, რომ მე რამეს ჩემი მხრიდან დავაკლებ, პირიქით. ჩემზე არ არის დამოკიდებული, იქ რა გადაწყდება, თუმცა ჩემი ქვეყნისა და ჩვენი ემიგრანტების გვერდით დგომის იმედი მაქვს. უამრავი ადამიანი მწერს და წარმატებას მისურვებს და ამისთვის დიდი მადლობა მათ, რომ კიდევ უფრო მეტ სტიმულსა და მოტივაციას მაძლევენ.
– იმიჯი შეიცვალე და ძალიან გიხდება. ზოგადად, რამდენად ცვალებადი ხასიათი გაქვს და რამდენად გიყვარს რადიკალური ცვლილებები იმიჯში?
– გრძელ თმას ვატარებდი და მოკლედ შევიჭერი. ზოგადად, ეს გავრისკე, რადგან მოკლე თმა ყველას არ უხდება, მაგრამ მე გამიმართლა, მომიხდა. მომწონს მოკლე ვარცხნილობა, თითქოს ამ სტილში ვიპოვე ჩემი თავი. ზოგადად, რადიკალური ცვლილებები არ მიყვარს. ეს, რაც შეეხება თმის სტილის შეცვლას. ჩაცმულობის მხრივ კი, კომფორტული სამოსი მიყვარს. ახლა რომ ჩემი კარადა გამოაღოთ, ყოველდღიური სპორტული სამოსი დაგხვდებათ. თუმცა, მაქვს კლასიკური კაბებიც. ყოველდღიურობაში კი ჩემთვის პრიორიტეტული და კომფორტული მაინც სპორტული სტილია.
– არა მარტო იმიჯსა და კარიერაში, ცვლილებებია შენს პირად ცხოვრებაშიც. ამაზე რას მეტყვი?
– არ მიყვარს პირად ცხოვრებაზე ხმამაღლა საუბარი. ამიტომ, თავს შევიკავებ. მთავარია, რომ პირად ცხოვრებაში კარგად ვარ.
– რამდენად იღბლიანი და ბედნიერი ხარ და ყველაზე მეტად რაში გიმართლებს?
– ძალიან იღბლიანი ადამიანი ვარ, გამიმართლა ჩემს ოჯახში, მეგობრებში, ასე ერთგულად რომ მიდგანან გვერდით. ისინი ჩემი ცხოვრების მთავარი სტიმულიები არიან და ჩემს წარმატებებშიც დიდი წვლილი მიუძღვით. იღბლიანი კი ვარ, მაგრამ ადვილად ჩემთან წარმატება არ მოდის, ამისთვის ბევრს ვშრომობ. ძალიან მაქსიმალისტი ვარ და ეს მომწონს ჩემს ხასიათში. ადრე ძალიან ემოციური ვიყავი, გულთან ახლოს მიმქონდა ყველაფერი, ბევრი ვიმუშვე საკუთარ თავზე და ეს ყველაფერი ეტაპობრივად შევცვალე ჩემს ხასიათში. კიდევ ვამბობ, იღბლიან ვარსკვლავზე დაბადებასთან ერთად, თუ ადამიანს შრომა არ გიყვარს, წარმატებას ვერასდროს მიაღწევ. მხოლოდ იღბლის წყალობით, შრომის გარეშე, არაფერი მოდის. იღბალს ადამიანმა შრომაც უნდა მიაშველო.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან