შოუბიზნესი

მარიამ შარმანაშვილი: როცა მეგონა, ყველაფერი დამთავრდა, სინამდვილეში, მაშინ იწყებოდა

№2

ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00

მარიამ შარმანაშვილი
დაკოპირებულია

მარიამ შარმანაშვილს საინტერესო პროფესიული სიახლეები აქვს, რის შესახებაც დეტალურად ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ. გაიგებთ იმასაც, თუ როგორ შეიცვალა მისი ცხოვრება ბოლო წლების განმავლობაში.

– მარიამ, მოდი, საუბარი თქვენი ახალი პროექტის – „გაბედე ზუმბას“ – შესახებ დავიწყოთ. რას გულისხმობს ის და რა გეგმები გაქვთ?

მარიამ შარმანაშვილი: ეს პროექტი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. „გაბედე ზუმბა“ არ ემსახურება მხოლოდ სავარჯიშო პროგრამის პოპულარიზებას, არამედ ეს არის მოწოდება ქართველი ქალებისთვის, რომ დაიბრუნონ საკუთარი თავის რწმენა და გაბედონ სიახლეები.

პროექტს აქვს ორი ძირითადი მიმართულება: პირველი – ეს არის სკოლებსა და დიდ კომპანიებში „ზუმბას“ შესახებ პრეზენტაციების გამართვა, რათა ავამაღლო ქალების ცნობიერება ფიზიკური აქტივობის მნიშვნელობის შესახებ. მეორე მიმართულება კი ფიზიკური ბარიერების შემცირება და ქართველი ქალებისთვის „ზუმბას“ ონლაინ პლატფორმის შეთავაზებაა, როგორც ფიზიკური ვარჯიშის ყველაზე ხელმისაწვდომი ალტერნატივა. შესაბამისად, ვისაც სურვილი აქვს, შემომიერთდეს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. შეუძლიათ, დამიკავშირდნენ სოციალურ ქსელში და ნებისმიერ ქალს მივცემ შესაძლებლობას, დაესწროს ჩემს ონლაინ ვარჯიშებს.

როგორც იცით, „ზუმბა“ ემსახურება ფიზიკურ გაჯანსაღებას და მენტალურ ტრანსფორმაციას. ამ სავარჯიშო პროგრამაში მოვარჯიშეების ასაკი შეზღუდული არ არის. ჩემი გეგმაა, რაც შეიძლება, მეტ ქალს ვაჩვენო, რომ არასდროს არის გვიან, დაიწყო ზრუნვა საკუთარ თავზე, შეიცვალო უკეთესობისკენ და იპოვო ბედნიერება მოძრაობაში.

– რა მნიშვნელობა აქვს თქვენთვის ამ პროექტს?

– ეს პროექტი ჩემთვის უმნიშვნელოვანესია, რადგან მიმაჩნია, რომ მისი წყალობით ბევრ ქალს დავეხმარები. ამ პროექტის განხორციელებაში მეხმარება „ზუმბა ფიტნეს ჯორჯიას“ გუნდი, რისთვისაც მათ უდიდეს მადლობას ვუხდი. ამ პროექტით მინდა, ქართველ ქალებს გავუზიარო ის ენერგია და ძალა, რაც მე ფეხზე დადგომაში დამეხმარა. ეს ჩემთვის სოციალური პასუხისმგებლობაცაა – გავაბედინო ქალებს, იყვნენ ბედნიერები.

– რა შეცვალა „ზუმბამ“ პირადად თქვენს ცხოვრებაში?

– ყველაფერი! „ზუმბამ“ მომცა თავდაჯერებულობა და, რაც მთავარია, გადამატანინა ყველაზე რთული ეტაპი. როცა ვცეკვავდი, ყველა პრობლემა მავიწყდებოდა. „ზუმბა“ გახდა ის გასაღები, რომელმაც ყველა ჩაკეტილი კარი გააღო და სრულიად ახალ სამყაროში გადამიყვანა.

– ზოგადად, ბოლო წლები თქვენს ცხოვრებაში წარმოუდგენელი ცვლილებების ეტაპია. როგორ შეიცვალა ყველაფერი 2018 წლის შემდეგ?

– უფრო ზუსტად, 2019 წლიდან დაიწყო ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი. 6-წლიანი ურთიერთობის დასრულება მომიწია, მაგრამ სწორედ მაშინ, როცა მეგონა, რომ ყველაფერი დამთავრდა, სინამდვილეში ყველაფერი იწყებოდა. მას შემდეგ ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა: სევდა სიხარულმა ჩაანაცვლა, მარტოობა – დიდმა სიყვარულმა, ხოლო უიმედობა – უსაზღვრო შესაძლებლობებმა.

– როგორ იქცა გამოუვალი მდგომარეობა დაუჯერებელ ზღაპრად?

– რწმენითა და შრომით. არასდროს შემიწყვეტია ოცნება და დარწმუნებული ვიყავი, რომ გამოიდარებდა. მთავარია, ამ დროს არ გაბოროტდე და გჯეროდეს, რომ იმსახურებ ბედნიერებას. როცა საკუთარ თავს პოულობ და იყვარებ, სამყაროც საპასუხო სიყვარულს გიბრუნებს. ჩემი ზღაპარი მაშინ დაიწყო, როცა გადავწყვიტე, რომ ბედნიერი უნდა ვყოფილიყავი, მიუხედავად გარემოებებისა.

– ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნეთ, სადაც ამერიკის პრეზიდენტი, ბილ კლინტონი გილოცავდათ ქორწინებას. შეიძლება ითქვას, ესეც ზღაპრული და დაუჯერებელი ამბავია. რას ნიშნავს თქვენთვის ეს ყველაფერი?

– ეს მართლაც განსაკუთრებული ფაქტია ჩვენი ოჯახისთვის, რადგან ბატონი ბილ კლინტონი პატივსაცემი და უმნიშვნელოვანესი ფიგურაა მთელ მსოფლიოში. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ მან გაიზიარა ჩვენი სიხარული და მოგვილოცა ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა.

– იტალიურ ტელევიზიებსა თუ მსოფლიოს წამყვან ჟურნალ-გაზეთებში ყვებიან თქვენი და დირიჟორ კარლო პონტის სიყვარულის ამბავს. ასეთ რამეზე ოდესმე ოცნებობდა, თუნდაც, სულ პატარა მარიამი?

– გულწრფელად რომ გითხრათ – არა. პატარა მარიამი ოცნებობდა პრინცსა და სიყვარულზე, მაგრამ ასეთ მასშტაბებს ვერც კი წარმოვიდგენდი. ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ჩემი სახელი მსოფლიო პრესაში დაიწერებოდა ან ჩემი პირადი ისტორია იტალიური ტელევიზიის განხილვის საგანი გახდებოდა. ეს მართლაც ლამაზ ზღაპარს ჰგავს.

– როგორია თქვენი ცხოვრება ქორწინების შემდეგ?

– ბევრი არაფერი შეცვლილა. ჩვენი ურთიერთობა ისეთივე მშვიდი და ჰარმონიულია, როგორიც მანამდე იყო, მაგრამ ქორწინებამ კიდევ უფრო განამტკიცა და ლამაზად დააგვირგვინა ჩვენი კავშირი.

– ხშირად ცალ-ცალკე გიწევთ ცხოვრება. ეს რთულია, თუ უფრო საინტერესოს ხდის ურთიერთობას?

– ვერ ვიტყვი, რომ ცალ-ცალკე გვიწევს ცხოვრება, რადგან ძალიან ხშირად ვახერხებთ ერთად ყოფნას, მაგრამ როდესაც განცალკევება გვიწევს, ეს მანძილი ურთიერთობას კიდევ უფრო ამძაფრებს და რომანტიკულს ხდის. შესაბამისად, თითოეული შეხვედრა კიდევ უფრო დიდი სიხარულის მიზეზია ხოლმე.

– ამ მხრივ როგორი გეგმები გაქვთ?

– განსაკუთრებული გეგმა არ გვაქვს, რადგან არც მე და არც კარლოს წინასწარ გაწერილი გეგმები არ გვიყვარს. ზედმეტად დაგეგმილი ცხოვრება მოსაწყენი გვგონია. სამყარო ეტაპობრივად გვიკარნახებს, რა და როგორ სჯობს.

– მგონი, მეუღლეს ქართულსაც ასწავლით...

– დიახ! კარლო ძალიან მონდომებულია. უკვე იცის რამდენიმე სიტყვა, მაგალითად: „მიყვარხარ“, „გამარჯობა“. ძალიან მოსწონს ჩვენი ენა და კულტურა, რაც მე ძალიან მახარებს და მეამაყება.

– მოდი, ისიც თქვით, როგორი დედამთილია სოფი ლორენი?

– ქალბატონი სოფი არის საოცარი პიროვნება, ის არის ქალურობის ეტალონი არა მხოლოდ ეკრანზე, არამედ ცხოვრებაშიც. როგორც დედამთილი, ძალიან თბილი, ყურადღებიანი და უბრალოა. პირველივე შეხვედრისას მისგან ისეთი სითბო ვიგრძენი, რომ ყოველგვარი დაძაბულობა მომეხსნა. ის არაჩვეულებრივი ადამიანია.

– ალბათ, ბევრს აინტერესებს, როგორ შეცვალა თქვენი ცხოვრება ამ საზოგადოების წევრობამ...

– შეიცვალა გარემო, ღონისძიებები, ადამიანები, ვისაც ვხვდები, მაგრამ შინაგანად მე ისევ ის მარიამი ვარ, ვინც უწინ ვიყავი. კიდევ ის შეიცვალა, რომ ადამიანები ქუჩაში მცნობენ და უდიდეს სიყვარულს გამოხატავენ, რაც ძალიან სასიამოვნო და ამაღელვებელია.

– როგორც აღნიშნეთ, ხშირად გეუბნებიან: „საკუთარ ბედნიერებაზე ამდენს ნუ საუბრობ, თვალი არ გეცეს“. რა აზრის ხართ ამასთან დაკავშირებით?

– მე მჯერა, რომ ბედნიერების გაზიარებით სხვა ადამიანების ცხოვრებაშიც ამრავლებ კეთილდღეობას და პოზიტივს, როცა გულწრფელი ხარ და სხვებს უზიარებ შენს სიხარულს, ეს დადებითი ენერგია უკან გიბრუნდება და გიცავს. „თვალი“ ვერ მოერევა იმ სიყვარულს და სინათლეს, რასაც გასცემ. კარგი იქნება, თუ ამას დავიჯერებთ და მუდამ შიშის ვიბრაციებში არ დავრჩებით.

– და ბოლოს, როგორ ფიქრობთ, ადამიანმა ასეთი ზღაპარი უნდა დაიმსახუროს, თუ ეს, უბრალოდ, ბედის საჩუქარია?

– ვფიქრობ, ეს ორივეს ნაზავია. ბედი გაძლევს შანსს, საჩუქარს, მაგრამ შენ უნდა იყო მზად მის მისაღებად. უნდა დაიმსახურო შენი შრომით, მოთმინებით, სუფთა გულითა და რწმენით. სასწაულები ხდება და ხდება მაშინ, როცა სამყაროს ნდობას უცხადებ, როცა პატიებას სწავლობ და როცა შენს თავს უპირობოდ იყვარებ. ყველა ჩემს გულშემატკივარს ვუსურვებ უდიდეს სიხარულსა და ბედნიერებას. უზომოდ მადლიერი ვარ, რომ ყოველდღიურად ამდენი ადამიანის სიყვარულს ვიღებ. მადლობა, მიყვარხართ!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №2

12-18 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი