შოუბიზნესი

მარიამ გველესიანი: რომ ვიკამათებთ, მეუბნებიან, შენი ბრალი იქნება, გიორგი არაფერს დააშავებდაო

№1

ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 10.01

მარიამ გველესიანი
დაკოპირებულია

„ინფლუენსერ“ მარიამ გველესიანს შეყვარებულმა ხელი განსაკუთრებულად რომანტიკულ გარემოში, მეგობრებთან ერთად დუბაიში საოცარი მოგზაურობის დროს სთხოვა. ამის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს და წყვილის ბედნიერება უამრავმა ადამიანმა გაიზიარა.

მარიამ გველესიანი: ჩემთვის ეს ყველაფერი ძალიან მოულოდნელი იყო და იმდენად ემოციური, რომ მერე გავაცნობიერე, ხელის თხოვნის რაღაც მომენტები არ მახსოვდა. ვიდეოდან აღვიდგინე ფრაგმენტები და დღემდე მხოლოდ ვიდეოდან ვიცი, რა მოხდა. ზოგადად, ვფიქრობდი, რომ ეს მალე მოხდებოდა, მაგრამ უფრო ზაფხულისკენ ველოდი. გიორგის ზაფხულში დასვენება აქვს და ვფიქრობდით, რომ სადმე წავიდოდით დასასვენებლად და მე მეგონა, იქ მთხოვდა ხელს (იცინის). დუბაიში მოგზაურობა თუ ასე დასრულდებოდა, ნამდვილად არ მეგონა და ეს რომ მოხდა, მერეც ვერ ვიჯერებდი. დღემდე ვცდილობ, მოლოცვის შეტყობინებებს ვუპასუხო და ბოლომდე ვერ ჩავედი (იცინის). ძალიან ბევრი მოლოცვაა. ველოდი, რომ ამას დადებითი რეაქცია მოჰყვებოდა, მაგრამ ამდენ ადამიანს თუ გაახარებდა ეს ამბავი და ამდენი მომილოცავდა, მართლა ვერ წარმომედგინა. ეს ვიდეო რომ დავდე, მას შემდეგ „ინსტაგრამი“ აღარ გაჩერებულა და მეგობრები ტელეფონს რომ ვუყურებდით, შოკში ვიყავით (იცინის). ძალიან დიდი ბედნიერებაა, როცა ხედავ, შენს ბედნიერებას ამდენი ადამიანი იზიარებს. ამის გამო ორმაგად ბედნიერი ვარ.

– გიორგიმ დუბაი სპეციალურად შეარჩია?

– შემდეგ მითხრა, რომ უნდოდა, ხელი განსაკუთრებულ ადგილას ეთხოვა. ეს ყველაფერი ძალიან მომეწონა, მაგრამ სიმართლე რომ გითხრათ, სადაც არ უნდა მომხდარიყო, ისეთივე ბედნიერი ვიქნებოდი, როგორიც ახლა ვარ. ისედაც ხომ არასდროს დამავიწყდებოდა ეს განცდები, მაგრამ იმდენად დასამახსოვრებელ ადგილას მოხდა ეს ამბავი, ისეთ გარემოში, საოცარი ხედების ფონზე, რომ ახლა – მით უმეტეს.

– როგორი მოგზაურობა გამოგივიდათ?

– მართლა საოცარი იყო. სამეგობრო ვიყავით წასული და დღემდე შთაბეჭდილებების ქვეშ ვართ. ევროპაში ყველაფერი სხვანაირადაა, დუბაიში პირველად ვიყავით და დღემდე ვფიქრობთ, რომ აუცილებლად უნდა დავბრუნდეთ იქ იგივე შემადგენლობით.

– მზიანი უდაბნოდან ჩამოსულებს აქ თოვლი დაგვხვდათ...

– თან ისეთი თოვლი იყო, რიკოთი გადაიკეტა. იქიდან სამსახურში უნდა მივსულიყავით, პირდაპირი ეთერი გვქონდა, მაგრამ ვერ ჩამოვაღწიეთ. გზაში ზუსტად 19 საათი გავატარეთ. იქ პლაჟზე „ზაგარს“ ვიღებდით და აქ იმხელა თოვლი დაგვხვდა, გზაში გავიჭდეთ.

– აბა, როგორია დანიშნულის სტატუსი?

– (იცინის) ჯერჯერობით არაფერი შეცვლილა, ისევ ის ვართ, როგორც აქამდე ვიყავით. თუმცა, ახლა უკვე საერთო გეგმების დაწყობის ფაზაში გადავედით. რადგან ასე სერიოზული გადაწყვეტილება არ გვქონდა მიღებული და ჩემთვის მართლა წარმოუდგენელი იყო ჯერ ოჯახის შექმნა, ამაზე არ მიფიქრია. მიუხედავად იმისა, რომ რვა წელია, ერთად ვართ, სულ ვიძახდი, ჯერ ადრეა-მეთქი. რვა წელი არ ჟღერს ცოტად, მაგრამ იმდენად პატარები შევხვდით ერთმანეთს და ისე მცირე ასაკიდან ვართ ერთად, რომ ბევრი გამოდის, თორემ საერთო ჯამში, ვფიქრობდი, რომ ამ ნაბიჯის გადადგმა ჯერ ადრე იყო. ახლა, რადგან ასე მოხდა, უკვე ვიწყებთ გეგმების ერთად დაწყობას. ამ პროცესში ვართ – ვგეგმავთ ქორწილს, ერთად გადასვლას და ასე შემდეგ.

– როდის იქნება ქორწილი?

– ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. თუ პანდემიის გამო ქორწილთან დაკავშირებით ისევ ბევრი შეზღუდვა გვექნება, მაშინ არ ვიცი, მაგრამ ისე გვინდა, რომ ზაფხულში გადავიხადოთ.

– აქამდე ამბობდი, ჯერ ადრეაო, ახლა უკვე ფაქტის წინაშე ხარ და როგორ წარმოგიდგენია ოჯახური ცხოვრება?

– ახლა უკვე დავიწყე ამაზე ფიქრი. ვინც მიცნობს, იცის, რომ ადრე მსგავს თემებზე საერთოდ არ მიფიქრია. ვიღაც იტყვის, ამდენი წელია, შეყვარებული გყავს და როგორ არ გიფიქრიაო, მაგრამ არ მიფიქრია, რა ვქნა. შეიძლება, ბავშვური ვარ და აქამდე სულ ვფიქრობდი, რომ ჯერ პატარა ვარ ამისთვის (იცინის). ახლა დავიწყე ფიქრი და რა ვთქვა, იმედია, ყველაფერი კარგად იქნება და ბედნიერები ვიქნებით. წარმოდგენაც არ ყოფილა მარტივი (იცინის).

– საქმრო ძალიან გეხმარება, როგორც ინფლუენსერს. ხშირად ჩნდება შენთან ერთად სოციალურ ქსელში, რაც ბიჭებს მაინცდამაინც არ უყვართ.

– გიორგისაც არ უყვარს ფოტოების გადაღება და პოზიორობა. მას თავის საქმე აქვს და მასშია ჩართული, მაგრამ როცა ხედავს, მე როგორ მიყვარს ეს საქმე, ისე მეხმარება, ვერ აღგიწერთ. ზოგჯერ შენიშვნებიც აქვს, მარიამ, გთხოვ, ეს არ დადო... მაგრამ საერთო ჯამში, ყველანაირად ცდილობს, ხელი შემიწყოს. ვიდეოს გადაღება იქნება, სარეკლამო ფოტო თუ ასე შემდეგ. ხშირად დამყვება და ფოტოებს მიღებს. ყოველთვის სხვას არ სცალია ამისთვის და გიორგი არის ადამიანი, რომელიც მუდმივად ჩემ გვერდითაა და იცის, როგორ უნდა გადამიღოს, მეც კარგად მიცნობს და მართლა ძალიან მეხმარება ჩემი საქმის კეთებაში.

– სპორტსმენებს არ აქვთ მარტივი რეჟიმი და მარიამი როგორი გულშემატკივარია?

– ნამდვილად ვარ მისი გულშემატკივარი. მგონი, ჩემს საქმეებზე წინ გიორგისას ვაყენებ. მის მარცხს ძალიან განვიცდი. თამაშისას რამე ისე თუ არ გამოუვიდა, როგორც საჭიროა, ძალიან ვნერვიულობ, ჩემს საკუთარზე მეტად. შევეჩვიე, რომ სპორტსმენის ცხოვრება რთულია და სხვანაირად ვერც კი წარმომიდგენია. გაცნობის დღიდან ეს რეჟიმი გვაქვს და მგონია, რომ ასეც უნდა იყოს.

– ამის გამო არ წუწუნებდი?

– არასდროს მითქვამს რა დროს ვარჯიშია ან რამე მსგავსი. თავიდან მქონდა ცოტა ეგოისტური მომენტები, იმის გამო, რომ დიდ დროს ვერ ვატარებდით ერთად. ვარჯიშები ჰქონდა, „ზბორები“ და ქორწილები იყო, დაბადების დღეები თუ მეგობრული შეკრებები, თითქმის ყველგან მარტო ვიყავი, სხვები შეყვარებულებთან და ქმრებთან ერთად იყვნენ და ცოტა მიჭირდა ამასთან შეგუება, მაგრამ ძალიან შორეულ წარსულს ვიხსენებ. მაშინ, ალბათ, 18 წლის ვიყავი. როცა იზრდები, ბევრ რამეს აცნობიერებ, მაშინ ფეხბურთელების ცხოვრებას ასე ახლოსაც არ ვიცნობდი, მერე გავაანალიზე, რომ სპორტსმენების მეუღლეები თუ შეყვარებულები – ყველა ასეა, ამ მხრივ გამონაკლისი არ ვიყავი. როცა ადამიანთან ურთიერთობას აგრძელებ, ეს ნიშნავს იმას, რომ ამ მომენტებს უნდა შეეგუო. თუმცა, შეგუებაზეც არ არის, ის რასაც გიორგი აკეთებს ჩემი ცხოვრებაცაა, აუცილებლად ასე უნდა იყოს, ეს ყველაფერი ჩემთვისაც კეთდება და მისი ოჯახის წევრებისთვისაც.

– ხელის თხოვნით ძალიან რომანტიკული ბიჭის შთაბეჭდილება დატოვა, ასეთია?

– საჩუქრების გაკეთება ძალიან უყვარს, მაგრამ შეიძლება, ისე მოხდეს, რომ გარემო იყოს თავასთავად რომანტიკული, მაგრამ გიორგიმ რაღაც ისე გააკეთოს, რომ რომანტიკულობა გაქრეს (იცინის). ვერ ვიტყვი, რომ ძალიან რომანტიკულია. თუმცა, ყველაფერი შედარებითია. მე ვარ ძალიან რომანტიკული და აქედან გამომდინარე, მგონია, რომ გიორგი – ნაკლებად, თუმცა რაღაც დოზით, ისიც შეიძლება, ჩაითვალოს რომანტიკულად.

– ერთმანეთის ოჯახებს უკვე იცნობთ?

– კი, უკვე დიდი ხანია. მე და გიორგის და წლებია, დაქალები ვართ, ის ჩემი უახლოესი დაქალია. მედეაც ჩვენთან ერთად იყო დუბაიში. თუკი სადმე მივდივართ, ყველა ერთად. ჩემი ოჯახის წევრებიც თავიდანვე იცნობდნენ გიორგის და ხანდახან მგონია, რომ ჩემზე მეტად უყვართ. რომ ვიკამათებთ, მეუბნებიან, შენი ბრალი იქნება, გიორგი არაფერს დააშავებდაო (იცინის).

P.S. ყდაზე გამოყენებული ფოტო ეკუთვნის ნათია ღაჭავას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №4

24-30 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

შეუცნობელი

რას გვიწინასწარმეტყველებს თანამედროვე მინიშნებებიდ...