მარი ნაკანი: ერთი წლის წინ ვერავინ დამაჯერებდა, თუ პარიზის საუკეთესო, ნაღები საზოგადოება, ამდენი უზომოდ პრესტიჟული ხელოვანი გახდებოდა ჩემი უახლოესი მეგობარი
ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 19.11
იღბალი თუ შრომისმოყვარეობა – რა არის ფოტოგრაფ მარი ნაკანის წარმატების მიზეზი, როგორმა გამოცდილებებმა მისცა მას ძალა, რომ ისეთი გამხდარიყო, როგორიც დღეს არის და რა წარმოუდგენელ წარმატებებს მიაღწია მან.
მარი ნაკანი: მამა და დედა დაშორებულები იყვნენ და მამიკო ძალიან ხშირად მენატრებოდა. ჩვენ დიდი მეგობრობა გვაკავშირებდა. შაბათ-კვირას, როცა მას თავისთან მივყავდი, საათობით მიკითხავდა წიგნებს, მანამ, სანამ ბებია საჭმელს მიმზადებდა. ეს არის ჩემი ბავშვობის ძალიან ტკბილი მოგონება და რიტუალი, რომელმაც კითხვა საოცრად შემაყვარა. ყოველ ჯერზე წიგნის ფურცლების შეხებისას და ლიტერატურის სამყაროში მოგზაურობისას, ბავშვობის ჯადოსნურ სამყაროში გადავდივარ და „მამას ვგრძნობ“. ვგრძნობ, როგორ იფურჩქნება ჩემში ემოციები. ეს სენტიმენტებითა და სითბოთი სავსე გრძნობაა.
ერთხელ, როცა 8 წლის ვიყავი, 8 ნოემბერს, ანუ ჩემს დაბადების დღეზე მამამ საჩუქრად მამაკაცის ქამარი მომიტანა. სავარაუდოდ, თავისთვის შეიძინა და შემდეგ გადაწყვიტა, ჩემთვის ეჩუქებინა. გამიკვირდა, რადგან მე ძირითადად, თოჯინებს მჩუქნიდნენ. ქამარს ზედ უცხოური სიტყვა ეწერა, რომელიც ბევრჯერ მეორდებოდა და მამას მისი მნიშვნელობა ვკითხე. მიპასუხა: ეს ინგლისური სიტყვაა „ლაქი“, რაც „იღბლიანს“ ნიშნავს და იღბლიანი იქნება ადამიანი, ვინც ამ ქამარს ატარებსო. მაშინ მე დავიჯერე, რომ იღბლიანი ვარ. მამას სიტყვებმა განსაკუთრებული რწმენა მომცა და ეს ჩემს გონებაში სამუდამოდ დაილექა. ამის შემდეგ, ყოველთვის მწამს, რომ იღბლიანი გოგო ვარ.
სიმართლე გითხრათ, უამრავი სევდა მაქვს ცხოვრებაში ნანახი, გაჭირვება, ტკივილი, იმედგაცრუება, უსამართლობა, დარდი, ნერვიულობა, იმდენი, რომ თუ დამავალებენ, დავწერო მელანქოლიური სცენარი, ალბათ, ძალიან ბევრ ისტორიას გავიხსენებ საკუთარი ბიოგრაფიიდან. თუმცა, მეორე მხრივ, სხვა სათვალიდან თუ გავიხედავთ, დავინახავთ, რომ მე ძალიან იღბლიანი გოგო ვარ და შემიძლია, დავწერო მთელი ტომეული იმის შესახებ, თუ რამდენჯერ გამიმართლა და როგორი მშვენიერი და შესანიშნავია ამ პლანეტაზე ცხოვრება. ღმერთმა ძალიან ბევრი რამ მაჩუქა. ეს არ ყოფილა დამსახურებული. როცა იბადები, ღმერთს უპირობოდ უყვარხარ და ყველაზე ძვირფასს და შეუფასებელს გაძლევს – ეს ცხოვრებაა.
– გარდა ამისა, რა არის ის, რის გამოც თავს იღბლიანად მიიჩნევთ?
– ალბათ, პირველ რიგში იმიტომ, რომ ძალიან კარგი ოჯახი შემხვდა. მართლაც „სანთლით საძებნელი“ ადამიანები მზრდიდნენ. ბებია, დარბაისელი არისტოკრატი, არქიტექტორი ქალი – მარიამ ჟურული, ბაბუა – ოთარ კალანდარიშვილი, რესპუბლიკის დამსახურებული არქიტექტორი, ხუროთმოძღვარი, რომელმაც არაერთი ძეგლი შექმნა ჩვენი ქვეყნისთვის და თბილისისთვის. მათ შორის გოგორდის წყლების სიმბოლო???, რაც ქალაქის მთავარი ლენდმარკი იყო, რომელიც ტურისტების განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა, რესპუბლიკის მოედანი და სამსართულიანი სავაჭრო-საზოგადოებრივი ცენტრი თბილისში, სასტუმრო „ივერია“, საგამოფენო დარბაზები, რუსთაველის მეტრო, ქუთაისის დიდების მემეორიალი და კიდევ უამრავი რამ. სამწუხაროდ, დღეს ყველაფერი დანგრეულია, მე გამზარდა ამ ადამიანმა და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ბაბუა მყავდა. ძალიან მდიდარი იყო ჩემი ოჯახი ტრადიციებით, სტუმრებით, სიყვარულითა და ურთიერთობებით. ბაბუას მეგობრები იყვნენ ჯანსუღ კახიძე, ელდარ შენგელაია, გამოჩენილი მხატვრები, მაგალითად, ჩვენს ოჯახს ხშირად სტუმრობდა ირაკლი ფარჯიანი, შოთა ყავლაშვილი, შოთა ჯიჯაძე, ნანი ბრეგვაძე, კახი კავსაძე, მიშა თუმანიშვილი და კიდევ ბევრი ფანტასტიკური ადამიანი, რომლებმაც ის ეპოქა შექმნეს.
ბებია ხშირად მიკითხავდა წიგნებს, განსაკუთერბით მითოლოგიას, მასწავლიდა რუსულ ენას, რაც იცით, რომ 90-იან წლებში სავალდებულოც იყო და ძალიან პოპულარულიც.
დედა კინორეჟისორი და არაჩვეულებრივი მშობელი, რომელმაც ძალიან თავისუფალ ადამიანად აღმზარდა. მისი დამსახურებით ბავშვობიდანვე ისეთი რეჟისორების შემოქმედებას ვუყურებდი, როგორებიც არიან: ფედერიკო ფელინი, ბერტოლუჩი, პაზოლინი, ალმადოვარი თუ ქართველი ხელოვანები. ის იყო ბატონი მიხეილ თუმანიშვილის პირადი ასისტენტი და მე 12 წელი, ფაქტობრივად, სარეპეტიციოში გავატარე. ვუყურებდი, როგორ თამაშობდნენ ზურა ყიფშიძე, ნინელი ჭანკვეტაძე, ნინო ბურდული და ჩვენი სხვა არაჩვეულებრივი მსახიობები. ბაბუა ყოველთვის მატარებდა გამოფენებზე, კონკურსებზე, ფესტივალებზე, სიმფონიური ორკესტრის კონცერტებზე. ასე რომ, ჩემი ცხოვრება თავიდან ბოლომდე გაჟღენთილია ხელოვნებით. დედამ შემიყვანა გოგი ხოშტარიასთან და ზუსტად ხუთი წლის განმავლობაში ძალიან ძირფესვიანად ვსწავლობდი ხელოვნების ისტორიას. ქორეოგრაფიულ სასწავლებელშიც ვსწავლობდი და ამან კარდინალურად განსაზღვრა ჩემი ცხოვრება დისციპლინის, ესთეტიკის, სილამაზის აღქმისა და ჰარმონიის შეგრძნების მხრივ.
– როდის აძლევთ თავს სიზარმაცის უფლებას?
– როდესაც მივხვდები, რომ გადავიწვი და რესურსი აღარ მაქვს. როდესაც არ შემიძლია, გავცე სიკეთე და სიყვარული, მოტივაცია და შთაგონება. შემოქმედება და იუმორი, როცა ვხვდები, რომ არ ვარ რესურსული. მაშინ ინტროვერტი ვხვდები, ვცდილობ, საკუთარ თავში ჩავიკეტო. ამ დროს შეიძლება, ბუნებაში წავიდე და მარტომ ვისეირნო ყურსასმენებით. მიყვარს სიჩუმე და უბრალოდ, ფიქრი. ან ჩავეწერო მასაჟზე, ცურვაზე, ან წავიდე სამოგზაუროდ და იქ განვიტვირთო. რაც შეეხება, მოდუნებას, ამაში მედიტაცია მეხმარება. ძალიან მიყვარს კინოს ყურება, ჩემს მეუღლესთან ერთად სადმე გასვლა და ჭამა, ასევე, სახლში ყოფნა ჩემს ფისოებთან, ჩემს ატმოსფეროში, ჩემს აურაში, შვილებთან ერთად. ძალიან სასიამოვნო გარემო გვაქვს ოჯახში. ერთმანეთს პატივს ვცემთ, გვიყვარს, ვუფრთხილდებით.
– გქონიათ განცდა, რომ ძალიან ბევრი იშრომეთ, მაგრამ წყალში ჩაგეყარათ?
– განცდა, რომ ძალიან ბევრი ვიშრომე და წყალში ჩამეყარა, არასდროს მქონია. ავიღოთ ჩემი ცოდნა, ეს არის სითხე, რომელიც ათასობით სტუდენტში მაქვს გადაღვრილი, ეს გაიფურჩქნა, გაყვავილდა და უკვე სხვა ადამიანების სარგებელში გადაიზარდა.
– რა გეხმარებათ რთულ პერიოდებში და წარუმეტებლობის შემთხვევაში ფეხზე წამოდგომაში?
– განმარტოება, სულიერება. მაქვს ჩემი სულიერი ინსტრუმენტები, რომელსაც სავარჯიშოებივით ვიყენებ. ეს არის ლოცვა, ღმერთთან მარტო დარჩენა, ფიქრი, სუნთქვა, მედიტაცია, ეკლესიაში წასვლა, სიჩუმე, ტირილი, ბუნების მოსმენა, მუსიკა.
ჩემი ყველაზე დიდი მოტივატორი ჩემი შვილები არიან, ჩემი სოფიკო და ლიტუკა, რომლებსაც მფარველი ანგელოზების ენერგეტიკა აქვთ. ძალიან გულწრფელები, ტკბილები და მოსიყვარულეები არიან. მათ გვერდით თავს ძალიან ძლიერად, დაცულად და სიცოცხლით სავსედ ვგრძნობ.
– ხართ ადამიანი, ვინც საკუთარ ფიზიკურ თუ მენტალურ ჯანმრთელობას უფრთხილდება, ანუ აკონტროლებთ სამუშაო გრაფიკს, ცდილობთ, რომ არ „გადაიწვათ“, დასვენებას საკმარისი დრო დაუთმოთ და ასე შემდეგ?
– საკუთარ ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობას ვუფრთხილდები, თუმცა, გრაფიკის გაკონტროლება არ გამოდის, ჰიპერაქტიური ვარ, „ვორკაჰოლიკი“ და თუ საქმე მაქვს გასაკეთებელი, საკუთარ თავს არ ვინდობ და მთელ ჩემს ენერგეტიკას გადავღვრი ხოლმე.
გარეგნობაზე ძალიან ხშირად მიფიქრია ბავშვობაში. გარკვეული ბულინგის, წამოძახილების, გულისტკივილების გამო, რომელსაც აღარ მინდა, შევეხო, მე მომიწია, რომ წავსულიყავი ოპერაციებზე, დავწოლილიყავი ქირურგიული დანის ქვეშ და გარდამექმნა ჩემი გარეგნობა. იქნება ეს ცხვირის ოპერაცია, მკერდი, კბილები, ყველაფერი, რაც ეხებოდა კანის მოვლას, ბოტოქსი, ტუჩის გადიდება... ეს ყველაფერი ნამდვილად იყო ჩემს ცხოვრებაში და ექსპერიმენტების დროს, ძალიან ვჯიჯგნე ჩემი ნერვული სისტემა. ხან მომწონდა, ხან არ მომწონდა, ხან ისევ დამცინოდნენ – რატომ გადაკეთდა ეს გოგო, რა დაემართაო, ხან პირიქით, მოსწონდათ სიახლეები. თუმცა, ბავშვობაში ამბობდნენ „რას ჰგავსო“. ზოგადად, შეფასებათა სისტემა, შედარებები და საერთოდ ის სიმახინჯე, რაც ხდებოდა პოსტსაბჭოთა სკოლებში: ნიშნების წერა, დაფასთან გაყვანა და საჯაროდ „შერცხვენა“, როცა კლასი იცინის, შენ რომ გული გეკუმშება, გეტირება, გრცხვენია, ბიჭების შეფურთხებები, ლანძღვა-გინება, ძალიან უწმაწური სიტყვები, რომლებიც გატრავმირებს, ძალიან ბევრი რამ მახსენდება, ძალიან, ბევრი და ამის გამო, ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ მე ვიყავი ძლიერი და თავდაჯერებული ადამიანი. მე მქონდა ბევრი შიში, სირცხვილი, მაგრამ ეს სოციალური შფოთვა იმის შესახებ, თუ ვინ როგორ შემაფასებს, უდიდესი დეპრესიის მერე ნელ-ნელა გადავლახე. დეპრესიის, რომელიც გამოვიარე დედაჩემის ოპერაციების შემდეგ. მე დედაჩემის მარტოხელა პატრონი ვარ, დედისერთა ვარ – და-ძმა არ მყავს და მარტოს მომიწია დედიკოს მოვლა დიდი ხნის განმავლობაში. დედა 5 წელი ლოგინად იყო ჩაწოლილი და ძალიან დიდი მონდომების შედეგად, როგორც იქნა, ფეხზე დავაყენე. სანამ დედა ცუდად იყო, არც მე ვიყავი კარგად. ძალიან განვიცდიდი, როცა მას სტკიოდა, მასთან ერთად ვტიროდი. ჩვენ უდიდესი სახლი დავკარგეთ. დედამ ბანკში ჩადო დიდი ვალის გამო და მერე წაგვართვეს. მთელი ამბები დაემთხვა. დაახლოებით ოცი წელია, რაც დედისთვის სახლს ვქირაობ, ვპატრონობ, ფიზიკურად თუ მენტალურად, ასევე, ფინანსურად, სულ ვცდილობ, გავახალისო, გავაბედნიერო და მეცოდება, როცა ვუყურებ, ძალიან ნიჭიერ ხელოვანს, რომ ნელ-ნელა ფრთები ჩამოეჭრა. ჩვენი მშობლების თაობას, ბევრი განცდა, უსამართლობა და სისასტიკე აქვს გამოვლილი. ამ დიდი დეპრესიის შემდეგ ფსიქოლოგებთან სიარული მომიწია. დედაც დამყავდა და ნელ-ნელა ვიპოვე არაჩვეულებრივი ფსიქოლოგიური და სულიერი პროგრამა, რომელსაც ჰქვია „გამოსავალი“. აქ 12 ნაბიჯის პროგრამა გავიარე, რამაც ფეხზე დამაყენა. უკვე აღარ მაინტერესებს, ვინ რას ამბობს ჩემზე, მოვწონვარ – არ მოვწონვარ, ვუყვარვარ – არ ვუყვარვარ. დაე, იმან გადაწყვიტოს და იმან ამირჩიოს, ვისაც ყველაზე უფრო ვენდობი, ეს არის ჩემი თავი. ამ გადმოსახედიდან თუ შევხედავთ დღევანდელ დიდ სურათს, მოვაახლოვებთ და დავინახავთ მარი ნაკანს, როგორც უკვე შემდგარ, 42 წლის პიროვნებას, რომელმაც პარიზში აღნიშნა დაბადების დღე, უახლოეს პარიზელ მეგობრებთან ერთად, ესენი არიან ტოპ-ფოტოგრაფები, ტოპ-მოდელები, ტოპ-დიზაინერები და ასე შემდეგ, უკმაყოფილო და უმადური ნამდვილად ვერ ვიქნები. მამის სულს ვფიცავ, ისეთი სასწაული ადამიანები დამიკავშირა უფალმა, ისეთ სასწაულ საზოგადოებაში აღმოვჩნდი უცებ, დაუგეგმავად, რომ ერთი წლის წინ ვერავინ დამაჯერებდა, თუ პარიზის საუკეთესო, ნაღები საზოგადოება, ამდენი უზომოდ პრესტიჟული ხელოვანი გახდებოდა ჩემი უახლოესი მეგობარი. მათ ჩემი დაბადების დღე დიდი სიხარულით აღნიშნეს ჩემთან ერთად. როგორ არ უნდა ვიყო ბედნიერი, როგორ უნდა ვიყო უმადური და როგორ ვერ უნდა დავინახო ეს სიუხვე, რაც ღმერთმა დამაბერტყა: ჩემი ნიჭი, ჩემი ტალანტი, ჩემი მსოფლმხედველობა, გონებაგახსნილობა, უსასრულო სიყვარულის უნარი – ეს ყველაფერი ღმერთის დამსახურებაა.
- როგორი ინტუიცია გაქვთ?
- ზეფანტასტიური ინტუიცია მაქვს. ჩემი მეუღლე მეუბნება, ყველაფერში შენ უნდა დაგიჯეროო. ჩვენ უკვე 20 წელია, ერთად ვართ და რაზეც კი მითქვამს, ასე ჯობს, ასე მოხდება-მეთქი, ყველაფერი დაემთხვა. ყოველთვის ვიყავი ინოვატორი, პირველი, გამბედავი, მამაცი. ჯერ კიდევ რომ ვერ ბედავდნენ სხვები, იდეის დონეზეც რომ არ ჰქონდათ გარკვეული ნაბიჯების გადადგმა, მე უკვე განხორციელებას ვიწყებდი და გამოცდას საკუთარ თავზე. ნიჭიერ ადამიანს ყველაფერი გამოუვა, მთავარი გამბედაობის მოკრება და შიშის გადალახვაა. არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი და პრესტიჟული წარმატების მიღწევა თუ ჯილდოს მიღება სწორედ ამის დამსახურებით შევძელი.
-როგორ წარმოედგინათ ბავშვობაში საოცნებო მომავალი და რამდენად შეეფერება მას დღევანდელი რეალობა?
-ბავშვობაში მოგზაურობაზე ვოცნებობდი და ამერიკა ძალიან შორს მეგონა. პირველად, როცა „მაგთის“ მთავარი ფოტოგრაფი გავხდი, ამ დროს სამხატვრო აკადემიის პირველ კურსზე ვიყავი და გურამ წიბახაშვილმაც კი მკითხა, ეს როგორ მოხდაო, მართლა ღმერთმა გადმომხედა. ლაშქრობაში გავიცანი ადამიანი, ვინც „მაგთის“ დიზაინერი აღმოჩნდა, ჩემი ფოტოები მოეწონა და ასე მიმიღეს. პირველი მასშტაბური პროექტი, რაც გავაკეთე, იყო „ბალი სულ სხვაას“ გადაღებები. ამისრულდა ოცნება, რადგან ყოველთვის მინდოდა სიფერადე, სილაღე გადამეღო, როგორიც ამერიკულ კლიპებში იყო და ზუსტად ეს სტილი შემოვიტანე ქართულ ფოტოგრაფიაში. შემიძლია ვთქვა, რომ იმ დროიდან მოყოლებული დღემდე ვაფერადებ ჩემს ქვეყანას ჩემი ფოტოებით.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან