შოუბიზნესი

მარგო ლუჩკო: მეგრელები ისეთი მაგარი ბიჭები არიან, გაგიჟდებიო. ჰოდა, ჯერ არ გავგიჟებულვარ, მაგრამ ამ გზას ვადგავარ

№44

ავტორი: ქეთი მოდებაძე 21:00 11.11, 2021 წელი

მარგო ლუჩკო
დაკოპირებულია

მარგო ლუჩკოს ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლეა. მრავალწლიანი ურთიერთობის დასრულების შემდეგ ის ისევ შეყვარებული და ბედნიერია. მიუხედავად იმისა, რომ ეკრანზე ხანგრძლივი პაუზა გამოუვიდა, მისი ცხოვრება საკმაოდ საინტერესოდ ვითარდება და ბევრი სიახლეც აქვს.

მარგო ლუჩკო: ბოლო დროს ძალიან ხშირად მეკითხებიან, რატომ აღარ ვჩანვარ ეკრანზე. მგონია, რომ ეს ჩემი პოზიტიურობის დამსახურებაა. ალბათ, ამ რთულ დროში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეკრანიდან პოზიტივის მოსმენა. ძალიან ბევრ შეტყობინებას ვიღებ ყოველდღიურად მაყურებლისგან და ძალიან მიხარია, თუ ადამიანების ცხოვრება ოდნავ მაინც შემიძლია, გავალამაზო. ჯერჯერობით ტელევიზიაში დაბრუნებასთან დაკავშირებით კონკრეტული გეგმა არ მაქვს, თუმცა შესაძლებელი, ისეც მოხდეს, რომ მალე რომელიმე არხზე მიხილოთ. მეც მომენატრა მაყურებელთან ხშირი ურთიერთობა და ჩემს ჭიას ცალკეულ გადაცემებში სტუმრის ამპლუაში მონაწილეობით ვიკმაყოფილებ (იცინის).

– რა ხდება ამ პერიოდში?

– საკმაოდ ბევრი რამ. კიდევ ერთი სასწავლებელი დავამთავრე. ბიზნესში მივაღწიე წარმატებას – ჩემი კომპანია გავხსენი. გარდა ამისა, დიდ კომპანიაში მარკეტინგსა და პიარს ვხელმძღვანელობ.

– რისი სწავლა გადაწყვიტე?

– ძალიან დავინტერესდი პოზიტიური ფსიქოლოგიით. მე ყოველთვის ვცდილობდი, ჩემი რჩევებით დავხმარებოდი ჩემს მეგობრებს, ნაცნობებს თუ უცნობებს. ახლა განათლებაც შესაბამისი მაქვს და შემიძლია, ადამიანებს პროფესიონალური დახმარება გავუწიო, რომ უფრო მიზანმიმართულები, პოზიტიურები და თავდაჯერებულები იყვნენ. საბედნიეროდ, უამრავი გასაღები არსებობს ჩვენი ოცნებების ასახდენად, პრობლემების გადასაჭრელად, ენერგიულად და ბედნიერად ცხოვრებისთვის.

– შეიძლება, ეს საქმე პროფესიად აქციო?

– რაღაც მომენტში მივხვდი, რომ უფრო მეტი თავდაჯერებულობისა და წარმატებისთვის განათლება მაკლდა. ჩემ გარშემო მართლა ბევრი ჩემი მეგობარი ითვალისწინებს ჩემს აზრს და გამომდინარე იქიდან, რომ პოპულარული ადამიანი ვარ და ბევრი მიცნობს, შეიძლება, მეგობრების გარდა, კიდევ ბევრმა გაითვალისწინოს ჩემი რჩევა. ამიტომ მინდოდა ჩემი რჩევები კომპეტენტური ყოფილიყო. რაც შეეხება ამ საქმის პროფესიად ქცევას, ამაზე ჯერ არ ვფიქრობ, თუმცა ნათქვამია – „არასოდეს თქვა, არასოდესო“ და ვნახოთ.

– თვითონ სულ კარგ ხასიათზე ხარ, როგორ ახერხებ ამას ყოფითი პრობლემების ფონზე?

– ეს უკვე ჩემი ცხოვრების სტილი გახდა. ვცდილობ, ყველაფერში დადებითი დავინახო. აი, მაგალითად, ბათუმში ვიყავი, დედამ დამირეკა და მითხრა, რომ თბილისში, ჩემს სახლში, აბაზანის მილი გასკდა და კედლის დანგრევა და მისი შეცვლა იყო საჭირო. პირველი ათი წუთი ვტიროდი. ვფიქრობდი, რომ ამ პრობლემისთვის ახლა არ მქონდა დრო. მაგრამ ათი წუთის შემდეგ, მივხვდი, რომ ძალიან მაგარი შანსი მომეცა, ჩემი აბაზანის განსაახლებლად. შეიძლება, ვიღაცისთვის სისულელეა ასეთი მიდგომა, მაგრამ მე ვფიქრობ, როცა უკვე არაფრის შეცვლა აღარ შეგიძლია, ტყუილად ცრემლების ღვრას, სჯობს, საშენოდ გამოიყენო თუნდაც პრობლემა. კი, რთულ სიტუაციებში მეც ვტირი, მაგრამ მერე აუცილებლად ვცდილობ, ყველაფერს პოზიტიურად შევხედო. ჩემი ცხოვრება ისეთი ლაღი არ არის, როგორიც ეკრანზე ვჩანვარ. ბევრი სირთულეა, ჩემს ოჯახში ყველაფერი მე ვარ. მე მყავს მშობლები და შვილი, ყველას ყურადღება უნდა მივაქციო, ყველაზე ვიზრუნო და ეს მარტივი არ არის. ყველა ფიქრობს, რომ ლამაზ გოგონებს პრობლემები არ აქვთ, არ არის ასე. კვირაში ექვსი დღე ვმუშაობ, მხოლოდ ერთი დღე მაქვს თავისუფალი და ყველაფერი ამ ერთ დღეში უნდა მოვასწრო. ავტომობილის ზეთის შეცვლა, საბურავის გამოცვლა, „მატორი“... ყველაფერი ვისწავლე. სხვა გზა არ მაქვს, ყველაფერს დამოუკიდებლად უნდა გავუმკლავდე. დედა ხშირად მეუბნებოდა, შენ ძალიან საინტერესო და ფულიან მამაკაცს უნდა გაჰყვე ცოლად და შენი ცხოვრება შეიცვლებაო. მე ვეუბნები ხოლმე, ეს ფულიანი და მაგარი მამაკაცი მე ვარ-მეთქი (იცინის). ეს ხუმრობით, მაგრამ ძალიან დამოუკიდებელი გავხდი და ეს ძალიან მომწონს.

– დავიღალე, დასვენება მინდა – ეს მომენტები არ გაქვს?

– ძალიან ხშირად არის ეს მომენტი. მე არ ვარ მუშაობაზე ჩაციკლული, მაგრამ ჩემი ცხოვრების ამ ეტაპზე ბევრი მუშაობაა საჭირო და მე ამის გამო არ ვიწუწუნებ. კი, ჩემში პატარა გოგო ხშირად ტირის და დასვენებას ნატრობს, მაგრამ სხვანაირად დასვენება ვისწავლე იმისთვის, რომ ყოველდღე ენერგიული და პოზიტიური ვიყო. დაიმახსოვრეთ, თუ კარგად გამოიძინებთ, ძალებს სრულად აღიდგენთ. ჩემი ლოგინი ჩემთვის ყველაფერია, ვგიჟდები მასზე (იცინის). კარგად გამოძინებული უბედნიერესი ვარ. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია საკმარისი ოდენობით წყლის დალევა და მედიტაცია. მედიტაციამ ძალიან შეცვალა ჩემი ცხოვრება და ეს ჩემი ყოველდღიურობის ნაწილი გახდა. ძალიან მიყვარს მუსიკა და მისი მოსმენაც საოცარ განწყობას მიქმნის.

– ცოტა ხნის წინ, ძალიან აქტიურად განიხილავდნენ მარგოს რომანს კალათბურთელთან. ბევრი სიურპრიზი იყო, ძალიან ბედნიერი იყავი, რა ბედი ეწია ამ ურთიერთობას?

- დავშორდით. არ გამოვიდა, მაგრამ ამაზე ლაპარაკი არ გვინდა. კომენტარის გარეშე დავტოვებ. მგონი, მე ისევ შეყვარებული ვარ. ჩემი შეყვარებული მეგრელია. ჩემი ნათესავი სულ მეუბნებოდა, მეგრელები ისეთი მაგარი ბიჭები არიან, გაგიჟდებიო. ჰოდა, ჯერ არ გავგიჟებულვარ, მაგრამ ამ გზას ვადგავარ (იცინის). ნუ, ეს ხუმრობით, მაგრამ მართლა კარგი ბიჭია. ძალიან ბევრი საერთო გვაქვს. ბევრს ვლაპარაკობთ, ბევრს ვიცინით და თავს კარგად ვგრძნობთ.

– ფაქტია, რომ ბედნიერი ხარ.

– მე ძალიან დიდი ხანი ვიყავი დეპრესიაში. ეს ძალიან ცუდი დაავადებაა. რთულია მასთან გამკლავება. როგორც კი ამოვისუნთქე, თვალები რომ გავახილე, მაშინ გავიცანი ეს ადამიანი საერთო მეგობრების წრეში. რაღაც მომენტში სიყვარულის საერთოდ აღარ მჯეროდა, მაგრამ თურმე, ვცდებოდი.

– ყოველთვის კარგ ფორმაში ხარ და ასეთი ბედნიერი, ალბათ, კიდევ განსაკუთრებულად ცდილობ, სულ ლამაზი იყო.

– რა თქმა უნდა. მიყვარს თავის მოვლა და საკუთარი თავისთვის ყოველთვის ვიპოვი დროს. ჩემი რიტუალები მაქვს, ძილის წინ, გაღვიძებისას და მათი შესრულება არასდროს მეზარება. მე მიყვარს ჩემი თავი, მიყვარს ჩემი სხეული და ვიცი, იმისთვის, რომ ის ლამაზი იყოს, ყურადღება უნდა მივაქციო. თუ საკუთარი თავისთვის გეზარება მინიმალურის გაკეთება, მაშინ ვისთვის ან რისთვის არ დაგეზარება?! იმისთვის, რომ უფრო დიდი ხანი იყო ახალგაზრდა, იყო ფორმაში, ლამაზი და ბედნიერი, 24 საათიდან ათი წუთის საკუთარი თავისთვის გამოყოფა, ნამდვილად არ უნდა დაგეზაროს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №46

11–17 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა