მანანა თოდაძე: თუ ადამიანმა გაჭირვება და სირთულეები არ გადაიტანე, ვერასოდეს დააფასებ კარგ მდგომარეობას
ავტორი: ეთო ხურციძე 22:00 27.11, 2023 წელი
ყველანი დამეთანხმებით, რომ უსაყვარლესი მომღერალი მანანა თოდაძე, ყოველთვის საოცარ ფორმაშია. ის არა მხოლოდ სცენაზე, არამედ მის მიღმაც მუდამ ბრწყინავს. მხიარული, პოზიტიური და დადებითი ენერგიის მატარებელი ქალბატონი მისი სილამაზის საიდუმლოზე, საქართველოში დაბრუნებასა და ბებიის ამპლუაზე გვესაუბრა.
მანანა თოდაძე: ძალიან ხშირად მომისმენია, სხვაზე უთქვამთ: ასაკი აქვს და რა კარგად გამოიყურებაო. ეს თემა საერთოდ უნდა დაიხუროს. რა მნიშვნელობა აქვს, რამდენი წლის ხარ? თუ გიხარია, უნდა იხალისო, თუ გინდა ლამაზად ჩაცმა, ჩაიცვი. არ შეიძლება, ყოველ წუთს ადამიანს გაახსენო ის, რომ ასაკიანია, ეს არის ყველაზე დამთრგუნველი, მით უმეტეს ქალბატონებისთვის. პიროვნება უნდა მიიღო ისეთი, როგორიც არის და რა მნიშვნელობა აქვს მის წლოვანებას? პასპორტი ვის აინტერესებს? ასაკი კი არ არის მთავარი, მთავარია, როგორი განწყობა გაქვს, როგორი ცხოვრების წესი გაქვს. მე ძალიან მიხარია სიცოცხლე და ცხოვრება. ყოველ დილით მადლობას ვწირავ უფალს იმის გამო, რომ ჯანმრთელი და ცოცხალი ვარ. ამასთან ერთად, მიყვარს საკუთარი თავი. ქალმა საკუთარ თავს ნებისმიერ ასაკში უნდა მოუაროს. არ უნდა თქვა: იცი, რა დროს ჩემი ესაა... ყოველთვის არის ყველაფრის დრო. ვიდრე ცოცხალი ხარ, უფლება გაქვს, იყო ბედნიერი.
– ამბობენ, დიდი გაჭირვება მაინც თავის კვალს ტოვებსო. თქვენც გამოგივლიათ სირთულე...
– თუ ადამიანმა გაჭირვება და სირთულეები არ გამოიარე, ვერასოდეს დააფასებ კარგ მდგომარეობას. ჩვენ, ყველანი, გამოცდის წინაშე ვდგავართ. როდესაც რთული სიტუაციაა, უფალი სწორედ მაშინ გვცდის, რომელ გზას დავადგებით – გაბრაზების, თუ პატიების გზას. ყველაზე კარგი რამაა პატიება. ადრე ძალიან განვიცდიდი, როცა უდანაშაულოდ გულს მტკენდნენ, ტყუილსა და ჭორს მიგონებდნენ. ვიჯექი და ვტიროდი, ღამეებს ვათენებდი ნერვიულობაში. ერთ მშვენიერ დღეს ჩემს გონებაში თითქოს გამონათება მოხდა და მივხვდი ერთ რამეს, ვინც მაწყენინა, ვინც მითხრა ცუდი, იმან ინერვიულოს. მე რატომ უნდა ვინერვიულო? მე ხომ არ მიწყენინებია? ასე თუ მიუდგები ცხოვრებას, უფრო გაგვიადვილდება ტკივილის გადატანა.
– როგორც ვიცით, ვარჯიშობთ...
– სპორტდარბაზში არ დავდივარ, მაგრამ სახლის პირობებში მშვენივრად ვართმევ თავს... ყოველდღე 10-15-წუთიანი მოძრაობები, სავსებით საკმარისია. მიყვარს ფეხით სიარული, ეს ჩემთვის ყველაზე დიდი სიამოვნებაა. უცხოეთშიც, როცა მივდივარ, ბევრს დავდივარ, ერთხელ 20 კილომეტრიც კი გავიარე (იცინის). წელს, ზაფხულში, ჩემს დაქალებთან ერთად ვიყავი ესპანეთში და დღეში 12 კილომეტრს დავდიოდით.
– იდეალურად გამოიყურებით, სახის კანის მოვლის რუტინა გაქვთ?
– კვირაში, მინიმუმ, 1-2-ჯერ ვიყენებ ბებიებისგან ნასწავლ საშუალებას: მჭადის ფქვილი, სოდა და მარილი. აბაზანაში მიდევს ქილა, სადაც ეს ყველაფერი ერთად მაქვს მშრალად არეული და სველ სახეზე შევიზელ ხოლმე, ცივი წყლით ჩამობანის შემდეგ, კანი ხდება სუფთა და კრიალა. არაერთი ცნობილი ბრენდის სკრაბი გამოვიდა, ყველა ვცადე, მაგრამ ჩემთვის ყველაზე ეფექტური მაინც ეს ძველებური მეთოდია. რა თქმა უნდა, გენეტიკასაც დიდი მნიშვნელობა აქვს და მადლობელი ვარ, რომ გენეტიკაც ხელს მიწყობს.
– როგორც გადმოცემით ვიცი, ულამაზესი დედა გყავდათ.
– დიახ, დედა ძალიან ლამაზი და მოწესრიგებული ქალი გახლდათ. მე და ჩემი და რომ გავიღვიძებდით, დედა უკვე პომადით იყო. მეც ბავშვობიდან ვგიჟდები პომადებზე. როცა სახლში ვარ და არსად გავდივარ, მაშინაც კი აუცილებლად უნდა მესვას. მომწონს, როცა კარგ ფორმაში ვარ. სხვათა შორის, ეს დედამ ბავშვობიდან მასწავლა, მისგან ვიცი, რომ ქალი მუდამ კარგად უნდა გამოიყურებოდეს, სახლში იქნება თუ გარეთ. სახლში ხალათით სიარულიც არ მიყვარს. მინდა, სულ ლამაზად ვიყო ჩაცმული.
– ბოლო წლებია, რაც საქართველოში ხართ, საბოლოოდ დაბრუნდით?
– პანდემია რომ დაიწყო, მაშინ მომიწია საქართველოში დაბრუნება. ყოველთვის მენატრებოდა საქართველო, სულ მქონდა ნოსტალგია და ძალიან განვიცდიდი, რომ შორს მიწევდა ცხოვრება. იქ ყოფნის პერიოდში, ყოველ თვე თუ ვერა, ორ თვეში ერთხელ მაინც, მოვფრინავდი საქართველოში. არ შემიძლია ჩემი ქვეყნის გარეშე ცხოვრება. მიშა ცაგარელი სულ მეუბნება: შენი ქვეყანა არის საქართველოო და ამაში არა ერთხელ დავრწმუნდი. აქ რომ ჩამოვედი, კარგად აეწყო ყველაფერი. ჩემი ხალხის სიყვარულსა და კეთილგანწყობას ყოველთვის ვგრძნობდი, მაგრამ ახლა უფრო დიდი სიყვარული ვიგრძენი. ტელეგადაცემებში აქტიურად რომ გამოვჩნდი, ყველას გავახსენდი. ხომ იცით, თვალს რომ მოშორდები, ადამიანებს მალე ავიწყდები. ჩემს ლეილასა და შვილიშვილებს სულ ვენატრები და სულ მენატრებიან. რა თქმა უნდა, შეძლებისდაგვარად, მივემგზავრები ხოლმე, მაქსიმუმ, 1 თვით, დიდხანს ვეღარ ვჩერდები.
– ანუ, საცხოვრებლად მოსკოვში დაბრუნებას აღარ აპირებთ?
– არა, საცხოვრებლად დაბრუნებას, ალბათ, აღარ. ბავშვები რომ მენატრებიან, მაშინ ჩავდივარ. ყველაფერი, რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება უფლის ნებაა. ამის ძალიან მწამს და ალბათ, ჩემი დაბრუნების დრო მოვიდა. იმ პერიოდის მადლობელი ვარ, სხვა ქვეყანაში როცა ვიცხოვრე, მაშინ ეკონომიურადაც ფეხზე დავდექი, რადგან გაუსაძლისი მდგომარეობა მქონდა. კარგად ვიცი, რა არის გაჭირვება და დალხინებაც. ეს ყველაფერი გამოვცადე, უფალმა დამანხვა ყველაფერი, მაგრამ იმის უფლება მომცა, რომ წავსულიყავი, ფეხზე დავმდგარიყავი და გაძლიერებული დავბრუნებულიყავი.
– როგორი ბებია ხართ?
– როცა ბებიას ამბობენ ხოლმე, მეცინება. მე არ მაქვს ის დამოკიდებულება, ბებია შვილიშვილებს რომ დასდევს ფაფით ხელში (იცინის). დემოკრატი ბებია ვარ, ბავშვებთან ვმეგობრობ. 5 შვილიშვილი მყავს, ყველა ჩემი საუკეთესო მეგობარია. მათ ისე ვექცევი, როგორც დიდ ადამიანებს, არასოდეს ვეჩხუბები და არასოდეს ვაძლევ შენიშვნას. თუ რამეს აშავებენ, ვმსჯელობთ და ვარჩევთ, რატომ მოხდა ეს. ვესაუბრები დიპლომატიურ ენაზე, ისე მიმყავს საუბარი, რომ მიხვდნენ, თავის დანაშაულს.. (იცინის).
– შვილებთანაც გამოგდიოდათ ეს დიპლომატია?
– შვილებთან ყოველთვის ფანტასტიკური ურთიერთობა მქონდა და ახლაც ასეა. ჩემი ლეილა და თამუნა ისე გავზარდე, ხმამაღალი სიტყვა არ მითქვამს. ერთი-ორჯერ თუ მექნება ხმა აწეული. როცა ბავშვი აშავებს, კი არ უნდა ეჩხუბო, მშვიდად უნდა აუხსნა. კარგად მაქვს შესწავლილი ბავშვის ფსიქოლოგია და ყოველთვის ვცდილობ, ჩემი არასწორი ქმედებით მათ ზიანი არ მივაყენო. პატარა ბავშვი ყოველთვის იმახსოვრებს წყენას და შეიძლება, მთელი ცხოვრება გაჰყვეს.
– ბებიას გეძახიან?
– არა. მანჩო, მანჩუელას. ვეკითხები ხოლმე: რატომ არ მეძახით ბებოს, მე თქვენი ბებო ვარ-მეთქი (იცინის). მაგრამ არა, სახელით მომმართავენ. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ის არის, რომ ბავშვები მენდობიან, საიდუმლოებებს მიყვებიან, განსაკუთრებით გოგონები, უკვე დიდები არიან.
– სასიყვარულო ამბებში თუ გეკითხებიან რჩევებს?
– რა თქმა უნდა, სულ გარჩევა-გამორჩევაში ვართ (იცინის). ხან შეყვარებულმა ეს უთხრა, ხან ეს ეწყინა, ხან ამაზე გაიბუტა და მთელი ამბებია. მეც ვაწყნარებ, ვამშვიდებ.. მათი საუკეთესო მეგობარი ვარ. მირჩევნია, ყველაფერი ვიცოდე, რათა უნებლიეთ მეგობრებთან მიმართებაში რაიმე შეცდომა არ დაუშვან. ურთიერთობებში ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ნდობის ფაქტორია.
– როგორც ბებიებს სჩვევიათ, თქვენც აფარებთ ხოლმე ხელს შვილიშვილებს?
– ისეთს არაფერს აშავენებ, რომ ხელი დავაფარო. გოგონები ძალიან გულწრფელები არიან და დედებთანაც კარგი ურთიერთობა აქვთ. დედებს ყოველთვის ვაფრთხილებ: არ ეჩხუბოთ, მე მოვაგვარებ ყველაფერს-მეთქი. როცა ექსტრემალური რაღაც ხდება, ჩემი გოგონები მირეკავენ: დე, იქნებ შენ დაელაპარაკოო. აქ უკვე გასაგებია ყველაფერი, ანუ ნიშნავს, რომ საქმე კონფლიქტის გარეშე უნდა მოგვარდეს (იცინის). მათი საიდუმლოები ყოველთვის ჩემთან დარჩება, ისევე როგორც ჩემი მეგობრების.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან