შოუბიზნესი

მამულიჩა: ჩემი საუკეთესო დაბანდება ლელა წურწუმიაა

№20

ავტორი: ქეთი კაპანაძე 23:00 23.05, 2022 წელი

მამულიჩა
დაკოპირებულია

ფული არსებობისთვის რომ აუცილებელი საშუალებაა, ყველამ ვიცით. მის გამომუშავებას კი შრომასთან ერთად იღბალიც სჭირდება, ხარჯვას კი – ცოდნა. ამ საკითხზე საკუთარ გამოცდილებას მამულიჩა გვიზიარებს.

კახა მამულაშვილი: გულწრფელად რომ ვთქვათ, ფულად ერთეულს პატივს არ ვცემ. უბრალოდ, ცხოვრებისთვის საჭიროა და ვიყენებ, თორემ მის მიმართ განსაკუთრებული სიყვარული ნამდვილად არ მაქვს. ჩვენი სამსახურიდან გამომდინარე, მაქსიმალურს ვდებთ და რამდენიც შესაძლებელია, გამოვიმუშავებთ, ანუ, რაც ჩვენზეა დამოკიდებული, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ნორმალურად ცხოვრება შევძლოთ.

– რა არის საჭირო იმისთვის, რომ ნორმალური შემოსავალი ჰქონდეს ადამიანს?

– პირველ რიგში, ქვეყანა უნდა იყოს ნორმალური – განვითარების თვალსაზრისით. მარტო ერთი კი არა, ყველა ქალაქი უნდა ვითარდებოდეს და ასეთი გაჭირვება არ უნდა იყოს. ქვეყანას ეკონომიკა უნდა ჰქონდეს. მაგრამ რადგან ასე არ არის, თუ ნორმალურად ცხოვრება გინდა, მგელივით უნდა იყო და ხელები არ უნდა ჩამოყარო (იცინის). მაქსიმალურად უნდა ეცადო, სწორ დროს სწორ ადგილას აღმოჩნდე. პირველ რიგში, იღბალი უნდა გქონდეს. მე მგონია, რომ ცხოვრება გამართლებაზეა. შრომისმოყვარეობა და განათლებაც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ შეიძლება, ადამიანი ძალიან განათლებულიც იყოს, ბევრიც იშრომოს, იწვალოს, მაგრამ ის ვერ მიიღოს, რაც ეკუთვნის. თუმცა, მე ოპტიმისტი კაცი ვარ. ვაიმე, არ გამიმართლა და აღარაფერი მეშველება-მეთქი, არასდროს მიფიქრია და ხელებიც არ ჩამომიყრია. ერთი არ გამოდის, მეორე საქმეს უნდა მოჰკიდო ხელი. ლელას სტატუსიდან გამომდინარე, ხშირად მსმენია საუბრები, რამხელა შემოსავალი შეიძლებოდა ჰქონოდა მას სხვა, დიდ და ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყანაში. ისეთი პოპულარული, როგორიც საქართველოშია, იქ რომ იყოს, სულ სხვა ანაზღაურება იქნებოდა და ბევრჯერ ყოფილა ლაპარაკი წასვლაზე, მაგრამ ამაზე რომ ფიქრობ, იმასაც უშვებ, რომ უკეთეს კი არა, შეიძლებოდა, ისეთ გაჭირვებულ ქვეყანაში დაბადებულიყავი, სადაც შოუბიზნესი, ფაქტობრივად, არც არსებობდეს და არის ასეთი ქვეყნები. სიმღერა კი არა, საჭმლის და წყლის დეფიციტია. ამიტომ ჩვენ კმაყოფილები ვართ ჩვენი ქვეყნით, ეს ქვეყანა გვიყვარს და აქ გადავწყვიტეთ დარჩენა. ამიტომ ვცდილობთ, აქ გავაკეთოთ მაქსიმალური.

– თუმცა, ალბათ, თქვენზე მაინც ბევრი ფიქრობს, „ამათ რა უჭირთო“...

– არავისზე მიფიქრია, იმას რა უჭირს-მეთქი. შეიძლება, ადამიანს ძალიან მაგარი შემოსავალი ჰქონდეს, მაგრამ ადამიანური თვალსაზრისით ძალიან მაგრად უჭირდეს. შორიდან ვერ განსაზღვრავ. პრობლემები ჩვენც გვაქვს, მაგრამ ამაზე ლაპარაკი არ გვიყვარს. არც არავის აინტერესებს და არ ვცდილობთ სხვები ვაცხოვროთ ჩვენი პრობლემებით. ეკრანზე ანათებ თუ არა, პოპულარული ხარ თუ არა, ეს არაფერს ნიშნავს, პრობლემები ყველას ცხოვრებაშია, ჩვენთანაც და სხვებთანაც. ნეტავ, ისეთი ქვეყანა გვქონდეს, სადაც ხალხი გაჭირვებაში არ იცხოვრებს. მარტო შენ იყო კარგად და შენ ირგვლივ, სხვები ცუდად იყვნენ, ესეც საშინელებაა. არ ვიცი, ასეთ გარემოში კარგად როგორ უნდა იცხოვრო?! შენს გვერდზე თუ ადამიანს ცხოვრება არ უხარია, შენი მაღალი შემოსავალი ვერ გაგახარებს. ჩვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად ვცდილობთ, დავეხმაროთ ადამიანებს, თუმცა, ყოველთვის ესეც არ გამოდის. ადამიანების განწყობები პირდაპირაა მიბმული ჩვენს საქმეზე. ლელა ადამიანებისთვის მუშაობს და მისი საქმიანობა პირდაპირაა დამოკიდებული ხალხის ცხოვრების დონეზე, მათ ფინანსურ მდგომარეობაზე. ამიტომ ძალიან გვინდა, ისეთ საქართველოში ვცხოვრობდეთ, სადაც ადამიანები სულ პრობლემებზე არ იფიქრებენ და ლელას მოსასმენად კარგი განწყობა ექნებათ (იცინის).

– გამოგდით ფულის პრაგმატულად ხარჯვა თუ მფლანგველი ხართ?

– არა, მე არ ვარ მფლანგველი, მაგრამ მიყვარს ფულის ხარჯვა ჩემს მეგობრებთან ერთად. მიყვარს მათთან კონტაქტი, სადმე წასვლა. მოკლედ, მეგობრების გარემოცვაში უფრო მიჩნდება ფულის დახარჯვის სურვილი. მე ეს მანიჭებს უფრო დიდ სიამოვნებას, ვიდრე ფულის შოვნა და სახლში დადება. შემგროვებელი არც მე ვარ და არც ლელა, მაგრამ ლელაზე უფრო მობილიზებული მე ვარ (იცინის). თუ ვიტყვი, რომ სახლში ან ბანკში ფული გვიდევს, მოვიტყუები, მაგრამ ღმერთის წყალობით, ნორმალურად ვცხოვრობთ და საწუწუნოც არაფერი გვაქვს. მთავარია, სიმშვიდე იყოს, ჯანმრთელობა და ჩვენი საქმის კეთების საშუალება გვქონდეს, ჩვენ ბევრს ვიმუშავებთ.

– თქვენი სამუშაო გამოცდილება როგორია?

– შოუბიზნესამდე სარესტორნო ბიზნესში ვიყავი. სარეკლამო კომპანიიდან წამოსვლის შემდეგ ავიაკომპანიაშიც ვმუშაობდი და ბოლოს შემთხვევით აღმოვჩნდი შოუბიზნესში... ლელას გამო (იცინის). ახლა აქ ვარ და შოუბიზნესის მომიჯნავე სფეროებში ვსაქმიანობ, ვაკეთებ იმას, რაც ყველაზე კარგად მესმის.

– შოუბიზნესს რომ ასე კარგად „დაუმუღამეთ“, ეს რისი დამსახურებაა?

– ადამიანებთან ურთიერთობის. თავიდანვე ძალიან ბევრ ადამიანთან ვურთიერთობდი – ასაკის, პროფესიის, რასის, სქესისა და ყველაფრის მიუხედავად და ყველასთან კარგად გამომდიოდა. ეს ბევრ რამეში დამეხმარა. ურთიერთობები ყველა საქმეში ყველაზე მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

– ამიტომაცაა, რომ ამდენი წელია, არ თმობთ პოზიციებს.

– ვერც დავთმობთ (იცინის). რომ იციან ხოლმე, მალე წავალო, გამორიცხულია. სანამდეც გავქაჩავთ, მანამდე ვიქნებით. ნელ-ნელა სამომავლო ინვესტიციებსაც ვაკეთებთ, სულ ასე ხომ არ იქნება, თან შოუბიზნესს პენსია არ აქვს (იცინის). როცა ვეღარ მღერი, მაშინ უნდა გახვიდე პენსიაზე, მაგრამ არიან ადამიანები, ვინც ეპოქას ქმნიან. მაგალითად, ბუბა კიკაბიძე და ნანი ბრეგვაძე ავიღოთ, მათი პენსიაზე გასვლა წარმოუდგენელია.

– რა არის თქვენი საუკეთესო დაბანდება?

– ჩემი საუკეთესო დაბანდება ლელა წურწუმიაა (იცინის). ეს არის სიმართლე, მაგრამ თვალი არ გვეცეს (იცინის). სხვათა შორის, მჯერა ეგეთი რაღაცების და ზედმეტ ლაპარაკს ვერიდები. ასე რომ, ჩვენც და აბსოლუტურად ყველას – წარმატებები თავის საქმეში.

– ახლახან დაბადების დღე გქონდათ, როგორი დღე გამოვიდა?

– ლელას კონცერტს დავამთხვიე და ძალიან მაგარი დღე გამოვიდა. მთელმა დარბაზმა მომილოცა და ძალიან ბედნიერი ვიყავი. საჩუქრები რომ მოეცათ, უკეთესი იქნებოდა, მაგრამ ამასაც არა უშავს (იცინის). ვხუმრობ, რა თქმა უნდა (იცინის). მართლა ძალიან დიდი ბედნიერებაა, ამდენი ადამიანი ერთხმად რომ გილოცავს და ზოგადად, დიდი ბედნიერებაა, ამდენი წელი რომ ადამიანების სიყვარული მოგვყვება. მათი სიყვარულით ვარსებობთ ჩვენ დღემდე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი