შოუბიზნესი

მალავს თუ არა ბექა ბროლაძე შვილს და რატომ გადაწყვიტა მან საკუთარი ცხოვრების შეცვლა

№1

ავტორი: ქეთი მოდებაძე 22:00 11.01

ბექა ბროლაძე
დაკოპირებულია

ბოლო პერიოდში მომღერალ ბექა ბროლაძის როგორც შემოქმედებით, ისე პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა, რაზედაც ის თავად გვიამბობს.

ბექა ბროლაძე: პანდემიის მიუხედავად, აქტიურად ვმუშაობ რამდენიმე პროექტზე. პირველია ლილიკო ნემსაძის სიმღერა „დრო“, რომელიც ორი წლის წინ ჩავწერე და ძალიან მინდოდა, მასზე ვიდეორგოლი გადამეღო, რასაც ახალი წლის შემდეგ გავაკეთებ. ახლა უკრაინულ სიმღერაზე ვმუშაობ, რომელიც ერთ-ერთი პროექტისთვის მზადდება.

– პარალელურად, საბანკო სექტორშიც მუშაობ.

– სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ბანკში აღარ ვმუშაობ. როგორც ყველა ჩემმა კოლეგამ, ძალიან რთული პერიოდი გავიარე – არანაირი კონცერტი, არანაირი შემოსავლის წყარო. ბანკში ჩემი მეორე პროფესიით ბიზნესადმინისტრირებით ვმუშაობდი და საკმაოდ წარმატებულად – თითქმის ათი წელი მაღალ პოზიციებზე ვიყავი. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ არც თუ ისე დაბალი ხელფასი მქონდა, ეს სამსახური დიდ სტრესთან ასოცირდებოდა. დადგა მომენტი, როცა რაღაცები გადავაფასე და გადავწყვიტე, საზღვარგარეთ წავსულიყავი, კონკრეტულად გერმანიაში. ბანკიდანაც წამოვედი, არ ვიცი, კარგად მოვიქეცი თუ არა, მაგრამ ავიღე ბილეთი და სამუშაოდ გერმანიაში ჩავედი. ამჟამადაც გერმანიაში ვმუშაობ, ერთ-ერთ კომპანიაში. იქ სამ თვეზე მეტი ვადით დარჩენის უფლება არ მქონდა და უკან დაბრუნება მომიწია. ახლა საბუთების მოწესრიგებას ველოდები, მაგრამ არ ვიცი, კიდევ წავალ თუ არა. რომ დავბრუნდი, თვალზე ცრემლი მომადგა. როცა ქუჩაში ადამიანები ფოტოს გთხოვენ, შენ მიმართ სიყვარულს გამოხატავენ და თითქმის ათი წელია, აქტიური ხარ შოუბიზნესში, რთულია იქ წასვლა, სადაც არავინ ხარ, მხოლოდ ერთი ჩვეულებრივი წერტილი, რომელიც მუშაობს იმისთვის, რომ თვიდან თვემდე თავი გაიტანოს. დაბრუნების შემდეგ საქართველოში ავეჯის ძალიან წარმატებულ კომპანიაში მარკეტინგის ხელმძღვანელად დავიწყე მუშაობა. ეს ჩემი პროფესიაა და რატომაც არა. საკმაოდ კარგ პირობებში ვმუშაობ და შეიძლება, გერმანიაში საერთოდ აღარ დავბრუნდე.

– იქ სად მუშაობდი?

– გერმანიაში ერთ-ერთი კომპანიის მიწვევით წავედი. იქაც ჩემი პროფილით ვმუშაობდი საოფისე საქმეზე. ძალიან მარტივად ავუღე ალღო. მე ვფიქრობ, თუ საქმეს სჭირდება, დროებით მაინც ასეთი ნაბიჯი გადადგა, რატომაც არა. არ ვნანობ, რომ დროებით ქვეყნიდან წავედი. თუმცა, ახლა შეიძლება, აღარ წავიდე და ჩემს ქვეყანაში ვაკეთო საქმე, რომელიც ძალიან მიყვარს.

– პოპულარობა მოიცავს რთულ ამბებსაც, ჭორებსაც... ხშირად მსმენია შენზე, რომ შვილი გყავს და მალავ. საიდან მოდის მსგავსი ამბები?

– როდესაც ამ სფეროში ხარ, შეიძლება, ვიღაცისთვის განსაკუთრებული ხარ, ვიღაცისთვის კი – არაფერი და უნიჭო. ამ ამბავს რეალისტურად ვუყურებ, მაგრამ ჩემ გარშემო სულ არის მსგავსი ინფორმაციები. თავიდან ხისტი რეაქცია მქონდა, ახლა ნაკლებად. ვიცი, საუბრობენ, რომ თურმე ბავშვი მყავს, რომელსაც არ ვაჩენ. დიდი სიამოვნებით მეყოლებოდა შვილი და მგონია, ამაში დასამალი არაფერია. ალბათ, ჩემი პირადი ცხოვრებიდან გაჩნდა ეს ჭორი. თუ ნებისმიერ მდედრობით სქესთან ერთად ფოტო დავდე ან პრეზენტაციაზე გამოვჩნდი, საზოგადოება თვლის, რომ ის ჩემი პარტნიორია. ჩემი პირადი ცხოვრება ყოველთვის ზედმეტად აქტუალურია. არ ვიცი, ალბათ, სიანტერესოა. როცა შენზე აღარ საუბრობენ, მერე აღარ ხარ საინტერესო. ვერ ვიტყვი, რომ ძალიან დამთრგუნველი ჭორი გამიგია, ალოგიკური – კი ბატონო.

– ვისაუბროთ პირადზე, რაც ასე აინტერესებთ. იყო რამდენიმე განსაკუთრებული ურთიერთობა, თუმცა მერე დაიშალეთ.

– ცხოვრებაში დგება მომენტები, როცა ხარ ადამიანის გვერდით, გსიამოვნებს, გიყვარს, პატივს სცემ. ეს ძალიან სასიამოვნო და საინტერესოა. თუმცა, არსებობს გულის ტკენაც, წყენაც, რაღაც ისე ვერ წარიმართება და ორი ადამიანი გარკვეული პერიოდის შემდეგ ხვდება, რომ მათი გზები გაიყარა. მგონია, რომ ნებისმიერ ურთიერთობას ყოველდღიურად სჭირდება კვება. შესაძლოა, ჩემი მხრიდანაც იყო ყურადღების ნაკლებობა. ბევრი არა, ორი-სამი ურთიერთობა იყო, რომელიც შეიძლებოდა, სხვანაირად დაგვირგვინებულიყო. თუმცა, იმ მომენტში შეიძლება სულ არ მინდოდა, რომ განსაკუთრებულად დაგვირგვინებულიყო. ახლა ჩემს პირად ცხოვრებაში განსაკუთრებული არაფერი ხდება. სრულიად თავისუფალი ადამიანი ვარ. კარიერაზე ვარ გადართული, თუმცა პირადი ცხოვრებაც აუცილებელი მგონია. ხელოვანი ადამიანისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, გვერდით გყავდეს ადამიანი, რომელსაც მინიმუმ, თავს დაადებ, ჩაეხუტები. სიყვარულისა და მონატრების შეგრძნება ძალიან მაგრად აისახება ჩემს სიმღერებზე.

– შენგან უყურადღებობა ნაკლებწარმოსადგენი მგონია. ნათქვამი გაქვს, საყვარელ გოგოს საკუთარი ხელით ვაჭმევდიო.

– როცა გიყვარს და თვლი, რომ ის ადამიანი შენია, ეს შეგრძნება განსაკუთრებულია, აღგაფრთოვანებს და მგონია, რომ ყველა მამაკაცი თავისებურად გამოხატავს ამ გრძნობას. მე ძალიან ემოციური ადამიანი ვარ და ეს ყველაფერში გამოიხატება. ის ყველაფერი, რაც ურთიერთობის დროს გამიკეთებია, ძალიან ბუნებრივია. მივსულვარ შეყვარებულთან და მითქვამს, მოდი, ხელით გაჭამო-მეთქი. ეს არაერთხელ მომხდარა. ამაში დამაკნინებელი არაფერია. როცა ადამიანი შენ გვერდითაა, მგონია, რომ უნდა იზრუნო მასზე და მოეფერო. მერე შეიძლება, გზები გაიყაროს, მაგრამ ეს ურთიერთობა ბევრს გასწავლის, გამოცდილებას გიტოვებს. საერთოდ, რომანტიკული ადამიანი ვარ. ერთხელ, ჩემს ერთ-ერთ პარტნიორთან ერთად ვიჯექი, როგორ ხასიათზე ხარ-მეთქი, ვკითხე. აღმოჩნდა, რომ არ იყო კარგ ხასიათზე. ავდექი, იმწუთას ვიყიდე ევროპის ერთ-ერთი ქვეყნის ბილეთი და ვუთხარი, ხვალ დილით მივფრინავთ-მეთქი. მიყვარს ასეთი ფეიერვერკების მოწყობა. ამ დროს მე თვითონ განვიცდი ადრენალინის მოზღვავებას. მიყვარს საყვარელი ადამიანისთვის სიურპრიზების მოწყობა, მგონია, რომ ეს კვებავს ურთიერთობას. შეიძლება, ეს სიურპრიზი ძალიან პატარა დეტალში გამოიხატოს, მაგრამ როცა ჩემ გვერდით მანდილოსანია, ვცდილობ, ურთიერთობა საინტერესო გავხადო. სხვა შემთხვევაში ერთფეროვნებაა და ურთიერთობაც მალე ცვდება.

– საპირისპირო სქესისგანაც იმავეს მოითხოვ თუ ამ თვალსაზრისით დომინანტობა მოგწონს?

– მე ვარ ადამიანი, რომელიც აბსოლუტურად ყველაფერში უნდა ვიყო დომინანტი. დომინანტი არა მხოლოდ ურთიერთობაში, არამედ სექსშიც და სხვა ნებისმიერ სიტუაციაში. მე თუ არ ვარ მმართველი, თავს დაჩაგრულად ვგრძნობ. ამიტომ უნდა ვიყო ტიპი, რომელიც პროცესს მართავს, სხვანაირად ძალიან დიდ დისკომფორტს განვიცდი. ჩემთვის ასეა საინტერესო. მირჩევნია, ჩემზე იყოს სხვა დამოკიდებული, ვიდრე მე – სხვაზე. ეს არ ნიშნავს, რომ მე პარტნიორის აზრს არ ვითვალისწინებ. თუმცა, მგონია, რომ ურთიერთობაში მამაკაცის მხრიდან აქტიურობა და დომინანტობა უფრო საინტერესოა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №4

24-30 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

შეუცნობელი

რას გვიწინასწარმეტყველებს თანამედროვე მინიშნებებიდ...