მაკა შალიკაშვილი: ყველა ლექსი, რომელიც ვთქვი, იმიტომ ვთქვი, რომ გული არ გამხეთქვოდა
ავტორი: ნონა დათეშიძე 19:40 12.05

ბევრისთვის საყვარელი მსახიობის, მაკა შალიკაშვილის მიერ წაკითხულმა ლექსებმა წარმოუდგენელია, ემოცია არ გამოიწვიოს და ადამიანი არ ჩააფიქროს. ის ყოველთვის იქცევს ყურადღებას თავისი ორიგინალური ჩაცმის სტილით და მიაჩნია, რომ ესეც მისი შინაგანი სამყაროს გამოხატულებაა, როგორც მისი წაკითხული ლექსები. ამბობს, რომ ცხოვრებამ ბევრჯერ მიიყვანა საჭირო დროს საჭირო ადგილას და ამისთვის მადლიერია.
მაკა შალიკაშვილი: რისთვისაც შეგვქმნა განგებამ, ზუსტად ის მასწავლა. მასწავლა, რომ ადამიანი უნდა იყო კეთილგანწყობილი და ჭკვიანი. ამ სიჭკვიანეში კი ვგულისხმობ იმას, რომ შეძლებისდაგვარად ეცადო, უსმინო გულს. როცა ხვდები, კონკრეტული ადამიანი არ არის შენი ადამიანი, არ იცის შენი ფასი, დიდად არ გიყურებს კარგი თვალით, მისგან არ უნდა ელოდო სიკეთეს და გატანას, დისტანცია უნდა დაიჭირო. არ უნდა მოუშვა ადამიანი იქამდე, რომ გაწყენინოს, გატკინოს, გიღალატოს და გული დაგწყვიტოს. განგებამ სწორედ ეს მასწავლა, რომ საკუთარი თავი შევიყვარო, პატივი ვცე ჩემს თავს და ვიცოდე, რომ იმ ადამიანებთან არ ვიურთიერთო და არ შევიდე ისეთ ახლო ურთიერთობაში, რომ მერე ტკივილი არ მომაყენონ. თუმცა, არის მომენტი, როცა ხვდები, ადამიანს არ უყვარხარ, მაგრამ მასთან ურთიერთობას განაგრძობ. ალბათ, ამით ცდილობ, დაანახვო შენი სიკეთე და გქონდეს იმედი, რომ ის ამას დაინახავს.
– ყოფილა შემთხვევა, როცა ხვდებოდი, არ იყო „შენი ადამიანი“, მაგრამ მასთან ურთიერთობას მაინც განაგრძობდი?
– როგორ არა. ეს იყო სწორედ ჩემი სისუსტე. რაღაცნაირად ვერ ვაღწევდი თავს, მეგონა, ის ადამიანი მობრუნდებოდა, უფრო კეთილგანწყობილი გახდებოდა, დაინახავდა ჩემს გულს და იმავეთი მიპასუხებდა. საბოლოო ჯამში, ასე არ მოხდა. თუ ადამიანს არ უნდა, დაგინახოს, არ დაგინახავს. წლებმა და გამოცდილებამ მომიტანა ის, რომ ამ სისუსტისგან გავთავისუფლდი. თავისუფლება სწორედ ისაა, როცა შეგიძლია, სიკეთე აკეთო ადამიანებთან, ვინც შენიანია, ვისაც უყვარხარ და ვინც შენი გულისა და სულის ადამიანია. არ ვარ ბოროტი. ბოროტებების კეთება არ არის ჩემი საქმე. ხშირად მავიწყდება, რაზე ვარ ნაწყენი ადამიანზე. არც გულში ჩადება ვიცი და არც სამაგიეროს გადახდა. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რამე არ მახსოვს.
– რომელი თვისება მოგწონს შენში და რომელი პირიქით, არ მოგწონს და ცდილობ, გამოასწორო?
– არ მომწონს, რომ ვჩხუბობ, ეს ჩემი ყველაზე დიდი მინუსია. როცა ვჩხუბობ, ძალიან ვტკენ ადამიანს და ეს მე მეორე წუთს არ მახსოვს. თუმცა, ჩხუბში შეურაცხყოფის მიყენებას არ ვგულისხმობ. ამ დროს ხმამაღლა ვლაპარაკობ და ჩემს სიმართლეს ვამტკიცებ. ემოციური ადამიანი ვარ და რომ ვერ ვახერხებ ჩემი სიმართლის დამტკიცებას და ვერ ვაგებინებ, მერე ვყვირი. შეიძლება, ისიც მართალია, მეც, მაგრამ ჭეშმარიტებაა, რომ ადამიანებმა არ უნდა იჩხუბონ. ჩვენ კი იმის გამო ვჩხუბობთ, რომ ის თავის სიმართლეს მიმტკიცებს, მე – ჩემსას, თან, ხმამაღალი ტონით. ბევრჯერ მინანია ეს საქციელი, რადგან მას სწყენია, მე კი მეორე წუთს არც კი გამხსენებია, რა მეწყინა. ასე რომ, რაც არ უნდა ნაწყენი ვიყო, ადამიანს უკადრებელს არასოდეს ვაკადრებ, არ გავლანძღავ საშინელი სიტყვებით, თუმცა, ხმამაღლა ლაპარაკი მჩვევია. ხოლო, თვისება, რომელიც ჩემში მომწონს, არის ის, რომ ვარ ძალიან ალალი ადამიანი. ვაღიარებ, ხანდახან არ მინდა, ასეთი ალალი რომ ვარ (იცინის). თუმცა, მე ჩემი ხასიათით ძალიან ვამაყობ, ეს ჩემი გენეტიკაა. ყველა ასეთი მყავს და შეუძლებელია, მე სხვანაირი ვიყო. და, რაც არ უნდა ნაწყენი ვიყო, არ ვიცი სხვა ადამიანებთან მასზე ცუდი საუბარი. არც ჩემს შვილს განვაწყობ მასზე ცუდად და არც მის შვილს ვაჩვენებ იმ განწყობას, რაც მისი მშობლის მიმართ მაქვს. ჩემი ოქროს წესია: ჩვენს შვილებს არ უნდა ეხებოდეს ჩვენი, დიდების ურთიერთობები. ადამიანს რაც არ უნდა არ ვეთანხმებოდე, არ მიყვარდეს და არ ვუყვარდე, როცა მას რაღაცის გამო ლანძღავენ და შეურაცხყოფას აყენებენ, არ არსებობს, მათ ამაში ავყვე.
– რისკიანი ადამიანი თუ ხარ და რამდენად ხშირად ხვდები საჭირო დროს საჭირო ადგილას?
– საჭირო დროს, საჭირო ადგილას ბევრჯერ მოვხვედრილვარ და მოვუხვედრებივარ ადამიანებს. რისკიანი კი არ ვიცი, რამდენად ვარ. რაც არ არის ჩემი საქმე, არასოდეს გავრისკავ და არასოდეს ვაკეთებ. თუმცა, შეიძლება, რისკად ჩაითვალოს ის, რომ, როცა ჩემმა მეგობარმა, გიორგი გასვიანმა დამირეკა და მითხრა: გადაცემას ვაკეთებთ, მოდი და სტუდიაში ლექსები წაიკითხეო. გავრისკე, წავედი და არასოდეს ვინანებ. გამიგია: აუ, ეს კიდევ ლექსებს კითხულობს? რას შეგვჭამა თავისი ლექსებით? კაი, რა ტვინი ნუ გაბურღე ამ შენი ლექსებით... შეიძლება, ერთს ან ორს ყელში ამოვუვედი და ტვინი გავუბურღე, მაგრამ არსებობს უამრავი ადამიანი, ვისაც ჩემი ლექსები სიამოვნებს. უფრო სწორად, სიამოვნებს იმის მოსმენა, რაც ჩემს წაკითხულ ლექსებშია. არცერთი მათგანი, რომელიც დღის სინათლეზე გამოვიტანე და წავიკითხე, არ იყო იმისთვის გამიზნული, რომ პოპულარული ვყოფილიყავი. მე იმიტომ არ ვკითხულობ, რომ პოპულარული გავხდე. მე რომ მატკინეს, მიღალატეს, პროტესტი რომ მაქვს, უკმარი რომ ვარ ბევრი რამის, თუნდაც პროფესიაში, რომ ბევრი პრობლემაა ჩემთან და ჩემ გარშემო, ყველა ჩემი ლექსი ამას ემსახურება და მანიფესტია. ყველა ჩემი ლექსის უკან ჩემი ცხოვრებაა. ამიტომ, გახდა ჩემი წაკითხულო ლექსები ბევრისთვის ყურადსაღები, მოსაწონი და მისაღები. ადამიანები ამ ლექსებს იწერენ და მერე უსმენენ მანქანაში, სახლში... ჩემი წაკითხული ლექსების უკან ცხოვრება დგას, თავისი დეპრესიით, წარმატებით, განცდით, წარუმატებლობით. ჩემი უიმედობიდან გამოსვლა ჩემი ლექსის თქმაა. იმ დროს და იმ მომენტში ვპოულობ ლექსს, რომელიც უნდა ვთქვა და რომ არ ვთქვა, შეიძლება, გული გამისკდეს. ამიტომ, ყველა ლექსი, რომელიც ვთქვი, იმიტომ ვთქვი, რომ გული არ გამხეთქვოდა. ეს ლექსები გულიდან სისხლის წვეთებია, როგორც ტერენტი გრანელი ამბობდა და ჩემი ცხოვრებაა, რომელიც არ არის ია-ვარდით მოფენილი, როგორც ბევრისთვის.
– სულ განსხვავებულად, ორიგინალურად ჩაცმული ხარ, შენეული სტილით. ყოველთვის ასეთი განსხვავებული იყავი?
– ყოველთვის ასეთი განსხვავებული ვიყავი, უცნაური ჩაცმის სტილით გამოვირჩეოდი. მე ჩემებური ვარ, ჩემი სტილი მაქვს. რანაირი ადამიანიც ვარ, იმის გამოხატულებაა ჩემი ჩაცმულობა. მიყვარს ქაოტური სტილი და ამის გამო შეიძლება, ვიღაცისთვის უცნაური ვიყო. სხვათა შორის, დღემდე მეუბნება დედა, როცა მასთან ჩასვლას ვაპირებ: გთხოვ, წესიერად ჩაცმული ჩამოდიო (იცინის). მართლა ვერ ვხვდები, რას ნიშნავს წესიერად ჩაცმა. მე რაშიც კომფორტულად ვგრძნობ თავს და რაც მომწონს, ისე ვიცვამ. და, რაც მთავარია, ჩემი ჩაცმულობა, ჩემს ხასიათს ასახავს. ვერავის მოსაწონად ვერ დავიწყებ სტილის შეცვლას. ჩემი ჩაცმა ჩემი შინაგანი სამყაროს გამოხატულებაა. მე მაკა ვარ და ვერ გავხდები ვერასოდეს მელანია ტრამპის სტილის ქალი, მიუხედავად იმისა, რომ საოცრად მომწონს. ასევე, მომწონს ანჯელინა ჯოლის ჩაცმის სტილი და კიდევ ბევრი ქალის, თუნდაც მაკა ასათიანის, რომელიც გემოვნებიანია, ძალიან ლამაზია, მაგრამ ის თავისნაირია. მე კი, ვერ გავხდები მათნაირი, მე უნდა ვიყო მაკა.
– სოციალურ ქსელში გეწერა: მინდოდა, ცხვირი მომეჭრა, გადამეგდო და მასთან ერთად კიდევ ბევრი რამეო. და, ამ ბევრ რამეში რას გულისხმობდი?
– ბევრ რამეში ბევრ რამეს ვგულისხმობდი, თუნდაც, იმას, რომ გადამეგდო ჩემი სიალალე, ჩემი დაბადების ადგილი, ის, ვინც ვიყავი და რაც ვიყავი.
– ცოტა უცნაურია, რადგან ვიცი, შენი დაბადების ადგილით ყოველთვის ამაყობ. ასე არ არის?
– არა, ყოველთვის არ ვამაყობდი ჩემი დაბადების ადგილით. ერთხელ, მოვხვდი სიტუაციაში, სადაც თქვეს: ფუ, გაივსო თბილისი ჩამოსულებით, წაეთრიონ, სადაც დაიბადნენო. უცებ, მეკითხებიან: შენ რომელ სკოლაში სწავლობდიო. ვუპასუხე: პირველ სკოლაში-მეთქი. კი არ მოვიტყუე ან დავმალე ჩემი წარმომავლობა, მართლა იგოეთის პირველ სკოლაში ვსწავლობდი. იქ სხვა სკოლა არ არის და შესაბამისად, იქ ვსწავლობდი. მოკლედ, იმდენი აგინეს ჩამოსულებს, „გამიტყდა“ იმის თქმა, რომ ჩამოსული ვიყავი. მე ეს იმიტომ არ ვთქვი და დავმალე, ისევ მათ გავუფრთხილდი, რომ არ შერცხვენოდათ, თორემ მე სასირცხვილო არაფერი მქონდა. თუმცა, არ მომიტყუებია, მართლა პირველ სკოლაში ვსწავლობდი. გაოცებულები მიყურებდნენ: ვა, რა უცნაურია, როგორ არ გვახსოვხარ, არადა ისეთი გოგო ხარ, აუცილებლად უნდა გვახსოვდეო. მეც ვუპასუხე: მაშინ სხვანაირი ვიყავი-მეთქი (იცინის).
– გასაგებია, რომ შენი დაბადების ადგილის „გადაგდება“ გინდოდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, არასოდეს – შენი წარმომავლობის.
– რასაკვირველია. ყოველთვის ვამაყობდი, ვინც მყავდა და ვინც ვიყავი. ახლა რომ ვიყო იმ სიტუაციაში და ახლა თქვან იგივე, ლამაზად მიიღებენ ჩემგან საკადრის პასუხს. მაშინ კი დავმალე და სწორედ ეს განსხვავებაა მაშინდელ მაკასა და დღევანდელ მაკას შორის.
– ბევრმა არ იცის, რომ ყველასათვის საყვარელი მსახიობის ნათლული ხარ. როგორი ნათლია იყო ბატონი გივი ბერიკაშვილი?
– მამა იცნობდა გივი ბერიკაშვილს და ძალიან უყვარდა. სთხოვა, შვილი მომინათლეო და 12 წლის ასაკში ჩემი ნათლია გახდა. გივი ერთადერთი და განუმეორებელი ნათლია იყო ჩემთვის. გივი ბიძია და მისი ოჯახი რომ არ ყოფილიყო, ნამდვილად არ ვიცი, როგორ წარიმართებოდა ჩემი ცხოვრება. წარმოიდგინეთ, ბოლოს, თეატრში ისეთ ხელფასზე დარჩა, რომ მე მასზე დიდი ხელფასი მქონდა. ძალიან მწყინდა და თავადაც გულნატკენი იყო ამის გამო. ბოლო ჩვენი ლაპარაკი სწორედ ამაზე იყო.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან