შოუბიზნესი

მაკა ძაგანია: ვაკონტროლებ, სად და რით გადაადგილდება. ეს უკვე მანიაკალურიაო, მეუბნება

№20

ავტორი: ქეთი კაპანაძე 19:00 01.06

მაკა ძაგანია
დაკოპირებულია

ვინ არის მაკა ძაგანია ზოდიაქოს მიხედვით და რა თვისებებია მასში დომინანტური – ამაზე მსახიობი თავად მოგვითხრობს.

მაკა ძაგანია: დაბადების დღე 20 მაისს მაქვს და როგორც ვიცი, ეს კუროების ბოლო დღეა. ასტროლოგიის მჯერა. ვერ ვიტყვი, რომ ძალიან დიდი მიმდევარი ვარ, დიდად ვერ ვერკვევი, მაგრამ რაც გამიგია ან წამიკითხავს, ძირითადად, ემთხვევა ჩემს თვისებებს.

– კუროები მიზნისკენ უკანმოუხედავად მიიწევენ. მათი შემართება და პრინციპულობა ყოველთვის აღტაცებას იმსახურებს.

– კი, მიზნისკენ სწრაფვა მახასიათებს. ვცდილობ, საქმე ბოლომდე მივიყვანო.

– გაწონასწორებული და მშვიდია, განსაკუთრებული მოთმინების უნარით.

– კი, ნამდვილად ეგრეა. ძალიან გაწონასწორებული და ფრთხილი ვარ. კონფლიქტურ სიტუაციაში არასდროს ვერთვები. მთავარია, ზედმეტად არ გამომიყვანო წყობიდან. ძალიან იშვიათად მემართება ეს, მაგრამ თუ წყობიდან გამოვედი, მერე მტრისას (იცინის). მერე არ ვაგებ პასუხის საკუთარ თავზე, მაგრამ ეს ძალიან, ძალიან იშვიათად ხდება. ზედმეტად უნდა შემეხოს რაღაც, რომ ჩემმა გონებამ ვეღარ შეძლოს მისი გადახარშვა, თორემ ისე სტაბილურობასა და სიმშვიდეს ვინარჩუნებ. ვცდილობ, კარგად დავფიქრდე, ავწონ-დავწონო და თუ რამე მაქვს სათქმელი, შეიძლება, ერთი და ორი კვირის შემდეგ ვუთხრა ადამიანს. იმ მომენტში, ანუ, გაბრაზებულ გულზე, ემოციებისგან დაცლა არ მახასიათებს. ძალიან კარგი მოთმინების უნარიც მაქვს.

– კუროებს უზომო ერთგულება ახასიათებთ, როგორც ადამიანების, ისე საქმის მიმართ...

– გამოდის, რომ ყველაფერს ვეთანხმები, მაგრამ ასეა. თუ რამეს ვირჩევ, რომ ადამიანის გვერდით უნდა ვიყო ან რამე საქმის კეთებას გადავწყვეტ, ვცდილობ, ბოლომდე გავყვე.

– ერთგულება იმდენად ახასიათებს, რომ ნებისმიერი შეცდომის პატიება შეუძლია ახლობელი ადამიანისთვის.

– არა, ვერ დავეთანხმები. ნებისმიერ შეცდომას ვერ ვაპატიებ. ალბათ, ღალატს ვერასდროს ვაპატიებ საყვარელ ადამიანს. არ მიყვარს ტყუილი და ვერც ამას ვაპატიებ. ელემენტარულ ტყუილს არ ვგულისხმობ, გლობალურ ტყუილზე მაქვს საუბარი და საბოლოო ჯამში, ღალატიც ტყუილია.

– კურო ძნელად უახლოვდება ადამიანებს, მაგრამ თუ დაგიმეგობრდათ, თავგანწირული იქნება და თქვენს ყველაზე რთულ პერიოდშიც არ მიგატოვებთ.

– კი, ვეთანხმები. ადამიანთან ძალიან ახლო ურთიერთობაში არ შევდივარ, რაღაც ზღვარი ყოველთვის მაქვს ურთიერთობაში. თუ ბოლომდე გავიხსენი, ესე იგი, ძალიან ჩემიანია. ეს იშვიათობაა. შეიძლება, ვიახლობლო, კარგი ურთიერთობა მქონდეს, მაგრამ ეს ის არ არის, რაც უნდა იყოს. რთულად ვპოულობ იმ ადამიანს, რომელიც მერე, საბოლოო ჯამში, სულ ჩემთან უნდა იყოს.

– დროებითი არაფერი უნდა. ურთიერთობები იქნება თუ ნივთი, ყველაფერს სამუდამოს არჩევს.

– მართლა? ეს არ ვიცოდი, მაგრამ ასეა. თუ გავიხსენი და ბოლომდე ჩემიანად მივიღე, მერე ძალიან მიჭირს განშორება. მარტო ადამიანებთან არა, ძველ ნივთებთანაც ძალიან მიჭირს განშორება. ნებისმიერ რამეს, რამდენად პრიმიტიულიც არ უნდა იყოს, რომ აღარ ვარგა და გადასაგდებია, გადაგდების ნაცვლად, ადგილებს ვუცვლი, ხან სად ვინახავ და ხან – სად (იცინის).

– სულით პოეტი და რომანტიკოსია. ამ ადამიანში იდეალისტი ცხოვრობს.

– იდეალისტი – ნაკლებად. ცოტა მეოცნებე ვარ. მიუხედავად იმისა, რომ მიწის ნიშანია და მყარად უნდა ვიდგე მიწაზე, ხანდახან ცოტას მაინც „დავფრინავ“. ეს ყველაფერი დღევანდელობაში მეხმარება. რეალობაში თუ მომყავს ჩემი ოცნებები, ძალიან მაგარია. რომანტიკულიც ვარ.

– სტაბილურობისკენ მიდრეკილი ნიშანია და უყვარს ფინანსური კომფორტი. ბევრს გააკეთებს ფინანსური სტაბილურობისთვის.

– ოცდამეერთე საუკუნეში ყველა ასეა. მგონია, რომ აქ ზოდიაქოს ნიშანი არაფერ შუაშია. ყოფამ მოიტანა სტაბილურობის სურვილი და მოთხოვნილება. განსაკუთრებით საქართველოში, ისეთი მდგომარეობაა ფინანსური კუთხით, რომ ყველას უნდა ჰქონდეს ამის სურვილი.

– კურო საკმაოდ კონსერვატორია.

– მეტ-ნაკლებად. ცვლილებები დიდად არ მიყვარს. ელემენტარული, სახლში ნივთების გადაადგილებაც რომ ავიღოთ, ესეც არ მომწონს. მირჩევნია, ისე იყოს, როგორც არის. შეიძლება, ეს უფრო შეჩვევაა, ვიდრე კონსერვატიზმი, მაგრამ რასთანაც ყოველდღიური შეხება მაქვს, მირჩევნია, უცვლელი დარჩეს.

– კურო ძალიან კეთილია, ბევრის გაღება შეუძლია მეგობრისთვის, მათთვის დროს ყოველთვის გამონახავს, მაგრამ ეს მანამ, სანამ მეორე ნახევარს იპოვის. ამის შემდეგ ყველაფერი მეორე პლანზე გადადის, პრიორიტეტები ეცვლება.

– ეს ახლა პირველად გავიგე, მეორე პლანზე გადადის? ალბათ, იმიტომ, რომ ოჯახია ძალიან მნიშვნელოვანი, გარემო, სადაც ქმნის საკუთარ კერას და ალბათ, ამიტომ ჩანს, რომ მეგობრები მეორე პლანზე გადადიან. კი, მეც მითქვამს, დღეს ჯერ შვილს ვჭირდები, მეუღლეს ვჭირდები-მეთქი.

– კუროს ძალიან უყვარს სახლი. შეიძლება, ორი საათი გაატაროს შინ, მაგრამ მაინც ყველაფერს ურჩევნია.

– კი, ზუსტად ასეა, ყველაფერს მირჩევნია, სახლში ყველაზე კარგად ვგრძნობ თავს. სადაც არ უნდა ვიყო და რა კარგადაც არ უნდა ვგრძნობდე თავს, სახლში დაბრუნება განსაკუთრებით მიხარია. სახლში სხვანაირად ვისვენებ. დასასვენებლად ხუთვარსკვლავიან სასტუმროშიც რომ ვიყო, მაინც მაშინ დავისვენებ, როცა იქიდან სახლში დავბრუნდები (იცინის). მაქსიმალურად ვცდილობ, სახლში ყველაფერი ისე გავაკეთო, რომ თავი კიდევ უფრო კომფორტულად ვიგრძნო. რომ ვამბობ სახლში მინდა-მეთქი, ესე იგი, კარგად ყოფნა მინდა. სახლში ყველაფერი სხვანაირად მაგრძნობინებს თავს.

– კურო, ერთი შეხედვით, ჯმუხი და მძიმე ხასიათის ჩანს, თუმცა, საოცარი იუმორის გრძნობა აქვთ, ძალიან არტისტულები და მომხიბვლელები არიან, ყველას ხასიათზე მოყვანა შეუძლიათ.

– მგონია, რომ ჯმუხი და უხეში ხასიათი არ მაქვს. საზოგადოებაში კი ყოველთვის ვცდილობ, მაქსიმალურად მსუბუქად ვიყო. თუ ისე არ არის საქმე, როგორც უნდა იყოს და მოგეხსენებათ, დღეს უამრავი პრობლემაა, შესაბამისად, სულ კარგ ხასიათზე ვერ ვართ, ვცდილობ, გარეთ არ გავიტანო ჩემი განწყობა და სხვათა შორის, ძალიან კარგად ვნიღბავ. შეიძლება, გარშემო ვერასდროს მიხვდნენ, რომ მე კონკრეტულ მომენტში ხასიათზე არ ვარ ან რამე მიჭირს.

– ძალიან ძლიერი და უშიშარი ადამიანების შთაბეჭდილებას ტოვებენ, მაგრამ შინაგანად საკმაოდ მშიშრები არიან. შესწევთ უნარი, ეს შენიღბონ და გარშემო მყოფები ძალიან გამბედავ ადამიანებად მიიჩნევდნენ.

– არ ვიცი, გარშემო უშიშრად მთვლიან თუ არა, მაგრამ ძალიან მშიშარა ვარ. ობობიდან დაწყებული, კალიით გაგრძელებული, ყველაფრის მეშინია (იცინის). სანამ ნაბიჯს გადავდგამ, ძალიან ბევრს ვფიქრობ. ვცდილობ, განვსაზღვრო, ფეხქვეშ მიწა დამხვდება თუ არა. ჰოპ და გადავხტე – ასე არ შემიძლია. მშიშარა ადამიანი ვარ და ამიტომაც, გარანტიები მჭირდება.

– კუროები ძალიან ეჭვიანები არიან. იმდენად, რომ დაგრჩებათ შთაბეჭდილება, თითქოს, უნდათ, საყვარელი ადამიანების ფიქრებიც კი აკონტროლონ.

– კი, კი (იცინის). ეს ეჭვიანობაა თუ გადაჭარბებული მზრუნველობა, არ ვიცი, რომელს მივაწერო. ჩემი უფროსი შვილი 25 წლის არის და დამცინის ხოლმე, დედა ასე აღარ შეიძლება, უკვე დიდი ვარო. აპლიკაცია მაქვს, რომლითაც ვაკონტროლებ, სად და რით გადაადგილდება (იცინის). ეს უკვე მანიაკალურიაო, მეუბნება, მაგრამ მე რომ ჩავხედავ და ვხედავ სახლშია, მშვიდად ვარ. თუ არ არის, მაშინ ვურეკავ (იცინის). არის ეს მომენტიც, თითქოს, გინდა, საყვარელი ადამიანების ფიქრებიც კი იცოდე. იმიტომ კი არა, რომ ვეჭვიანობ, იმიტომ რომ დავიცვა. არ ვიცი, ზუსტად, როგორ ვთქვა (იცინის).

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

2-8 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა