მაიკო კაჭკაჭიშვილი: ქმართან დაშორების ინიციატორი მე ვიყავი და ისე წავიყვანე საქმე, თავი მარტო დავიტოვე
ავტორი: ნონა დათეშიძე 20:00
მაიკო კაჭკაჭიშვილს წლების მატება არ აშინებს. ამბობს, რომ ამ ასაკში მეტად დადინჯებული, მშვიდი და გაწონასწორებულია და უფრო გააზრებულად მოქმედებს. მის ცხოვრებაში, ნათელ ფერებთან ერთად, მუქი ფერებიც იყო, თუმცა დღეს ჰარმონიული ეტაპი დაუდგა და ბედნიერია. მის გარშემო მყოფი ადამიანების გადაფასებაც მოახდინა და გვერდით მხოლოდ ის ადამიანები ჰყავს, ვინც მისთვის სანდო და ერთგულია. ახლახან დაბადების დღე ჰქონდა. ჟურნალი „თბილისელები“ უერთდება მილოცვებს, წარმატებებსა და უამრავ ბედნიერ წელს უსურვებს.
მაიკო კაჭკაჭიშვილი: დიდად არ მიყვარს ჩემი დაბადების დღე, მაგრამ 45 წლის გავხდი, ეს ციფრი რაღაცნაირად მომეწონა, გულით მომინდა, გადამეხადა და უახლოესი მეგობრების გარემოცვაში აღვნიშნე. წლოვანებას არასოდეს ვმალავ, მიზეზსაც ვერ ვხვდები, რატომ უნდა დავმალო. წლების მატება არ მაშინებს, რადგან ახლა უფრო გააზრებული, დადინჯებული, მშვიდი და გაწონასწორებული ვაკეთებ ჩემს საქმეს და ეს მეტად სასიამოვნოა ჩემთვის.
– იმ განვლილი წლების გამოცდილებამ რა მოგიტანა, რა დაგიტოვა და რა გადააფასე?
– განვლილმა წლებმა დიდი გამოცდილება დამიტოვა, როგორც ადამიანი კარგისკენ შემცვალა და ზოგადად, ამ ხნის განმავლობაში, ჩემი თავი ძალიან გავზარდე. ახლა კმაყოფილი ვარ ჩემი საქცელით, ჩემი მდგომარეობით და ყველაფრით. ჰარმონიულ ეტაპზე ვარ. ასე რომ, იმ განვლილი ეტაპებისა და წლების შემდეგ ჩემს ცხოვრებაში ჰარმონიული ეტაპი დადგა და ამისთვის 45 წელი დამჭირდა. ჩემი ცხოვრება ცისარტყელას ჰგავს, ბევრი ფერია მასში, მუსიკალურად კი – „რიტმ-ენდ-ბლუზს“, უფრო ღრმაა, მრავალფეროვანი, სულიერი და ჩემთვის ყველაზე ახლო ჟანრი.
– გიყვარს ცვლილებები და გამოწვევები თუ გაშინებს?
– მთავარია, ჩემი ოჯახის წევრების ჯანმრთელობას არ ეხებოდეს და დანარჩენი ცვლილება და გამოწვევა არ მაშნებს, პირიქით, უფრო და უფრო ინტერესში ვვარდები და ვცდილობ, ჩემი ძალებით გავუმკლავდე პრობლემას თუ ახალ გამოცდას. საკმარისად ძლიერი ვარ, რომ ეს გამოწვევები დავძლიო და მოვაგვარო. 14 წლის ასაკში მივხვდი, რომ მჭირდებოდა ჩემი შემოსავალი, ავიყვანე მოსწავლე და გავხდი მასწავლებელი. თვითონ მივაგენი მეთოდიკას, როგორ უნდა მესწავლებინა, წარმატებით გავზარდე ჩემი მოსწავლე და დღეს იდეალურად მღერის. ეს ყველაფერი თავად მოვიგონე, არსად გამივლია პედაგოგიკის კურსები და მაშინ მივხვდი, რომ ვიყავი ძლიერი და თავად, მარტო შემეძლო რაღაც-რაღაცების გაკეთება. ასე რომ, დამოუკიდებელი ცხოვრება საკმაოდ ადრეული ასაკიდან დავიწყე. უკან რომ ვიხედები, მიუხედავად 90-იანი წლებისა, ფერადი ბავშვობა მქონდა და მენატრება ის წლები. ბებია და ბაბუა იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე ნათელი წერტილი და მათთან გატარებული დრო იყო ჩემთვის ყველაზე ბედნიერი. შემდეგ იყო მუქი ფერებიც, მაგრამ ეს რომ არ ყოფილიყო, აქამდე ვერ მოვიდოდი. თუმცა, საბოლოოდ, რომ ვაკვირდები, ჩემი ცხოვრება, მაინც ნათელ ფერებშია. ყველაფერი ისე მოხდა, როგორც საჭირო იყო. მოვახდინე ადამიანების გადაფასება და ვინც ჩავთვალე, რომ მართლა მეგობარია, მხოლოდ მათთან განვაგრძე ურთიერთობა. ახლა უფრო კარგად ვგრძნობ თავს, რადგან ვიცი, არავინ არ მატყუებს, არავინ მეპირფერება. ჭორიკნები და პირფერი ხალხი გვერდიდან ჩამოვიცილე. ადამიანების ამოცნობა ყოველთვის ვიცოდი და ისიც, ვინ იყო ჩემთვის არასასურველი, მაგრამ თვალს ვხუჭავდი და მაინც ვაგრძელებდი ურთიერთობას. რატომღაც მეგონა, ბევრი მეგობარი კარგი იყო.
– და ამ თვალის დახუჭვამ სადამდე მიგიყვანა?
– თვალის დახუჭვამ იქამდე მიმიყვანა, სანამ თავიანთი მაქსიმუმი არ ამოანთხიეს და მერე კი უინტერესო გახდნენ ჩემთვის. ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს არ სცემს პატივს, ენები შენგან მიაქვს ან მოაქვს, ეს საკუთარი თავის უპატივცემულობაა და ასეთი ადამიანის დაკარგვაზე გული არ დამწყდება.
– ამბობენ, ადამიანი რომ ძლიერი და შემდგარი იყოს, აუცილებლად ზურგს საყვარელი ადამიანი, მეორე ნახევარი უნდა უმაგრებდესო. ამაზე რას მეტყვი?
– ზოგადად, მარტოსული ადამიანი ვარ, მარტო მირჩევნია ვაკეთო და ვიბრძოლო. როცა ქმარი მყავდა, მაშინაც ასე იყო, დაშორების ინიციატორიც მე ვიყავი და ისე წავიყვანე საქმე, მაინც მარტო დავიტოვე თავი. ასე ბევრად კარგად ვგრძნობ თავს.
– რამდენი წელი იყავით შენ და ლევან ლაზარიშვილი ცოლ-ქმარი, არასოდეს გინანია მასთან დაშორება და ოჯახის დანგრევა?
– მე და ლევანი ექვსი წელი ვიყავით ცოლ-ქმარი და მასთან დაშორებას ოჯახის დანგრევას ვერ დავარქმევ, რადგან ლევანი ყოველ კვირას ჩვენთანაა, კარგი ურთიერთობა გვაქვს. უბრალოდ, ერთ სახლში აღარ ვცხოვრობთ, თორემ, ლევანის ოჯახი და ჩემი ოჯახი სულ კონტაქტზე ვართ, ნებისმიერ ღირსშესანიშნავ დღეს, დაბადების დღეებზე და ასე შემდეგ, მთელი სანათესაოთი. ვერც კი აღვიქვამთ, რომ რამე დავანგრიეთ.
– მაიკო, ყველაზე მეტად რა მოგწონს შენს ხასიათში ან რას გამოასწორებდი?
– ჩემს ხასიათში ყველაზე მეტად სამათლიანობა მომწონს. ჩემს შვილსაც არ გავუშვებ წინ, თუ ვხედავ, მას სხვა სჯობს. სამართლიანობა მიყვარს ჩემს ხასიათში და კეთილშობილება, მიყვარს ადამიანების გვერდით დგომა გასაჭირისა თუ სიკეთის ჟამს. მიყვარს ადამიანები, მათი დახმარებაც და გვერდით დგომაც. ადრე ვიყავი ძალიან მკაცრი, ძალიან მრისხანე და წამში ვენთებოდი. ახლა ემოციების კონტროლი ვისწავლე, ესეც წლებმა და გამოცდილებამ მასწავლა. ახლა ბევრად დიპლომატი ვარ, ნამდვილად აღარ ვენთები წამში, ვარეგულირებ საკუთარ ემოციებსა და თავს. ერთი სიტყვით, რომ არ მოგატყუოთ, ახლა ჩემს თავში ყველაფერი მომწონს (იცინის).
– როგორც ქალს, ყველაზე მეტად რა გაბედნიერებს?
– მე ჩემი საყვარელი მსმენელი ისეთ ემოციებსა და სიტყვებს მიგზავნის, ისეთ კომენტარებს მიწერენ ჩემს შვილებზე, ოჯახზე, ეს მაბედნიერებს. ვფიქრობ, იღბლიანი კი არა, ზედმეტად იღბლიანი ვარ და ამისთვის სამყაროს და ღმერთს დიდი მადლობა. მაქვს ჩემი საკუთარი სტუდია, მყავს ბევრი ნიჭიერი მოსწავლე, თვალებში შემომციცინებენ, გვერდით მიდგანან მშობლები, ჩემზე იღბლიანი არის კიდევ ვინმე? სხვათა შორის, ჩემმა სტუდიამ გადააჭარბა იმ მოლოდინს, რა მოლოდინებიც მქონდა. ხუთი წელი დეპრესიაში ვიყავი, სახლიდან არ გავდიოდი და რომ გადავწყვიტე სტუდიის გაკეთება ჩემს პარტნიორ ბექა ბროლაძესთან ერთად, არ ვიყავი დარწმუნებული, რომ ადამიანს, რომელსაც ხუთი წელი გარეთ არ უნახავხარ, ბავშვს მოიყვანდა. თუმცა, როგორც კი მიღება გამოცხადდა, უამრავი ადამიანი მოვიდა. ვერ ვიჯერებდი, მეგონა, მესიზმრებოდა. ახლა ზუსტად ვიცი, რომ ეს სიზმარი არაა. ყველა ბავშვი შვილივით მიყვარს, სხვანაირ სითბოს ვგრძნობ მოსწავლეების მიმართ და ეს ყველაზე მეტად მაბედნიერებს. მიხარია ჩემს მეორე სახლში მისვლა, სადაც უნიჭიერესი, უთბილესი და უკეთილშობილესი ენერგიის ბავშვები მხვდებიან და ეს ყველაფერი ჩემი სულერი მკურნალია. ვერ გეტყვით, ის დრო დავიბრუნე, როცა ყველგან დავდიოდი-მეთქი, მაგრამ ჩემი სტუდიაა ის ადგილი, სადაც სიხარულით მივდივარ. სხვაგან მე არსად დავდივარ. ძალიან კარგი ბავშვები მყავს, ძალიან კარგი სმენით და ახლა ჩემზეა დამოკიდებული, როგორ გავზრდი მათ, ჩემს უძლიერეს პედაგოგებთან ერთად. მთელს ჩემს ენერგიას და რესურსს მათში ვდებ. პირველი კონცერტიც უკვე ჩანიშნულია – 28 ივნისს და იქ სიმღერით ვიტყვით ჩვენს სათქმელს. ივლისის ბოლოს კი მეორე კონცერტია დაგეგმილი ბათუმში და გაასმაგებული ძალებით ვმუშაობთ.
– ოთხი თვეა, რაც სტუდია გაიხსნა და უკვე ორ კონცერტს გეგმავთ ანუ რეკორდის მოხსნას აპირებთ?
– (იცინის) ისეთი შემართებით მივდივართ, აუცილებლად მოვხსნით რეკორდს.
– და, ბოლოს, გააზრებული გაქვს, რომ ერთ დღესაც ორი რძლის დედამთილი გახდები?
– ვფიქრობ, რომ ერთ დღესაც დედამთილი გავხდები და გააზრებულიც მაქვს. და, ჩემი სურვილი იქნება, ვიცხოვროთ ცალ-ცალკე, რადგან ახლა აღარ ვარ, მაგრამ ადრე მძიმე ადამიანი ვიყავი და ის ძველი რაღაცები დღემდე მომდევს, პრინციპული ვარ და ჩემი თვისებების გამო მეშინია, ვინმეს არ ვაწყენინო. და ამიტომ, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემმა შვილებმა და მათმა ცოლებმა ცალკე იცხოვრონ. თუ კარგი რძლები მეყოლება, იდეალური დედამთილი ვიქნები. როგორც დედა კი, მშიშარა და საკმაოდ ცივი ვარ, მაგრამ ბიჭები უკვე დიდები არიან და არ მიწევს ენის მოჩლექვით საუბარი. მათთან არ მაქვს მეგობრული ურთიერთობა, უფრო – დედური. ვარ საკმაოდ მკაცრი და სადამდეც შემიძლია, ორივეს ვაკონტროლებ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





