შოუბიზნესი

მაია ბარათაშვილი: რომ მითხრან, ავტომობილების საოცარ კოლექციას გაჩუქებ, რომელთა ღირებულებაც მილიარდებიაო, არანაირი რეაქცია არ მექნება

№36

ავტორი: ქეთი კაპანაძე 20:00 14.09, 2022 წელი

მაია ბარათაშვილი
დაკოპირებულია

როგორ უნდა გავანაწილოთ ფული სწორად, რაში არ უნდა დაგვენანოს მისი დახარჯვა და რა არის ზედმეტობა – ამ საკითხებთან მიმართებაში საკუთარ გამოცდილებას, უნიჭიერესი მუსიკოსი მაია ბარათაშვილი გაგვიზიარებს.

მაია ბარათაშვილი: ფული არ უნდა გახდეს ჩვენი ცხოვრების მიზანი. შესაძლოა, ის არსებობისთვის აუცილებელი ატრიბუტია და მისი საშუალებით ძალიან ბევრი კარგი იდეის განხორციელებაა შესაძლებელი, მაგრამ სამწუხაროდ, ზოგჯერ ადამიანი ზომიერების შეგრძნებას კარგავს. ფულთან ურთიერთობაში ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო. თუ ადამიანს ძლიერი სულიერი ღერძი არ აქვს, დიდი რაოდენობით ფული ძალაუფლების ილუზიას უქმნის, მაგრამ დამიჯერეთ, ეს მხოლოდ ილუზიაა. ამიტომ ადამიანი ძალიან ადვილად გადადის რელსებიდან და უფსკრულისკენ მიექანება. კარგავს ადამიანის სახეს და ავიწყდება, რომ ამ ქვეყანაზე დროებით არის მოსული, რომ ერთ მშვენიერ დღეს ეს ყველაფერი დამთავრდება. გარდა ამისა, ძალიან დიდი ფული ადამიანს სასოებას აკარგვინებს. ადამიანს აღარ აქვს ვინმეს იმედის ქონის აუცილებლობა, მათ შორის, არც ღმერთის და კარგავს იმის შეგრძნებას, რომ ის ღმერთის შექმნილია, მის მიმართ სასოება ეკარგება. ფული ძალიან მისტიკური რამ არის და ბოლო პერიოდში საოცრად გაფეტიშდა. ეს მსოფლიო პოლიტიკური ნებაა, იმისთვის, რომ ფულმა გარკვეული ღირებულებები ჩაანაცვლოს.

– მრჩება შთაბეჭდილება, რომ თქვენ ფულისადმი ძალიან მოზომილი დამოკიდებულება გაქვთ, აკონტროლებთ თავს ამ საკითხში?

– დიახ, მე არასდროს მქონია განსაკუთრებული ლტოლვა ფულისკენ, მომხვეჭველობისკენ მიდრეკილი არ ვყოფილვარ. თუმცა, იმდენის გამომუშვება, რომ აუცილებელი საჭიროებები დავიკმაყოფილო, შემიძლია. რომ მითხრან, ავტომობილების საოცარ კოლექციას გაჩუქებ, რომელთა ღირებულებაც მილიარდებიაო, არანაირი რეაქცია არ მექნება. არასდროს მნდომებია, მქონოდა ათი სახლი, მიუხედავად იმისა, რომ უძრავი ქონება, გარკვეულწილად, ფინანსურ სტაბილურობას გიქმნის. ყოველთვის მქონდა უნარი, რეალურად შემეფასებინა ჩემი საჭიროებები და იმდენი შემოსავალი, რომ მქონოდა სახლი, საშუალება, რომ მეკეთებინა საყვარელი საქმე, მქონოდა საჭმელი და ასე შემდეგ.

– რა არის ზედმეტი?

– ვიღაცისთვის, საჭიროება ყოველწლიურად მალდივებზე დასვენებაა, ვიღაცისთვის – ოჯახის გამოკვება. ჩემი აზრით, შემოსავალი იმდენი უნდა გქონდეს, რამდენიც ადამიანური სახის შენარჩუნების საშუალებას მოგცემს. როდესაც ყველა ღირებულება იცვლება მონეტარული ღირებულებებით, ეს ძალიან ცუდია.

– რაში ხარჯავთ ფულს სიამოვნებით?

– არ მენანება ფული მოგზაურობაში, არ მენანება ფულის დახარჯვა ქველმოქმედებაში და სუნამოში (იცინის). არსებობის გარდა, ფული ამ ყველაფრისთვის მჭირდება. მე დღემდე ვცდილობ ახალი უნარ-ჩვევების შეძენას, განათლების მიღებას. ამაში ფული არანაირად არ მენანება.

– ყოველთვის გამორჩეულად გაცვიათ. არ არის სამოსი ის, რაშიც არც თუ ისე ცოტა გეხარჯებათ?

– მთავარი არის სტილი და არა ის, სამოსში რამდენს გადაიხდი. ამ ბოლო დროს ძალიან კარგად ვახერხებ, არც თუ ისე ძვირად ღირებული სამოსით საკმაოდ საინტერესო ლუქების აწყობას. სასცენო კოსტიუმები, რა თქმა უნდა, ძვირია, მაგრამ ყოველდღიური სამოსი – ამდენად არა. თუმცა, კარგ პიჯაკში თანხის გადახდა არ მგონია ცუდი, თუმცა ზომიერება ყველგან საჭიროა. სიმართლე გითხრათ, რაც დრო გადის, ვრწმუნდები, რომ ტანისამოსში ბევრი ფულის გადახდა არ არის საჭირო. ფეხსაცმელში შეიძლება, მან უნდა გატაროს, კომფორტულიც უნდა იყოს, ლამაზიც და გამძლეც, თუმცა დღეს იმხელა არჩევანია, შესაძლებელია, კატასტროფული ფასის გადახდის გარეშეც ჩაიცვა ძალიან გემოვნებიანად. არ ვეთანხმები ტანსაცმელში დიდი ფულის გადახდის აზრს, ეს ჩემთვის ფულის ფლანგვაა. მაგრამ იყო დრო, როცა ასე არ ვფიქრობდი, რასაც ძალიან ვნანობ.

საერთოდ, ეკონომიის გაკეთება, ადამიანის ძალიან კარგი უნარია. ძალიან მნიშვნელოვანია ზუსტად იცოდე, რა გჭირდება და რა გინდა. ხელოვან ადამიანებს, მათ, ვინც სცენაზე დგას, ეკრანზე ხშირად ჩანს, განსაკუთრებით გვიყვარს შოპინგი. ქრისტიანობაში ამას სახმართმოხმარება ჰქვია, როცა 100 გაქვს და 101-ს ეძებ. ბოლო დროს ძალიან ვაკვირდები, რას ვიძენ, რაში გამომადგება ის. საკუთარ თავს აღარ ვაძლევ ფულის გაფლანგვის უფლებას. არ არის მარტივი ფულის გამომუშავება. ამიტომ, მირჩევნია, სასარგებლო აქტივობებისთვის შევინახო, ვიდრე ტანსაცმელში დავხარჯო.

– იყო პერიოდი, როცა უფრო მფლანგველი იყავით?

– როცა ახალი დაწყებული მქონდა მუშაობა და შესაბამისად, თანხის გამომუშავება, ძალიან კარგი შემოსავალი მქონდა და ფულის ფლანგვის სურვილი ცოტა გამიმძაფრდა. ისევ და ისევ შოპინგზე, სახმართმოყვარეობაზეა საუბარი, მაგრამ ძალიან მალე მივხვდი, რომ ეს სისულელეა და რომ ადამიანმა, ფული ზომიერად უნდა ხარჯოს. უნდა ვიცოდეთ, რა გვჭირდება ზუსტად, რისთვის ვხარჯავთ ფულს და როცა რამეში ფულს ვდებთ, რა შედეგს მივიღებთ აქედან. როცა მოგზაურობ და ლონდონის საოცარ ნაციონალურ გალერეაში შეხვალ, იქ მიღებული საოცარი ემოციები ნამდვილად ღირს ფულის დახარჯვად, ეს მართლა მნიშვნელოვანი ინვესტიციაა, მაგრამ მეათასე ქვედაბოლოს შეძენა არაფრის მომცემია. ძალიან მომწონდა იუველირული ნაკეთობები და საკმაოდ ბევრი მქონდა. თუმცა, ბოლო დროს მივხვდი, რომ ამდენი აბსოლუტურად ზედმეტია და ზედმეტი კარგი არაფერია. მე იუველირული ნაკეთობების ძალიან კარგი კოლექცია მქონდა, დედამ დამიტოვა. ძალიან იშვიათი ნივთები იყო, მაგრამ სახლი გამიტეხეს და გამქურდეს. გაგიკვირდებათ, მაგრამ საერთოდ არ დამნანებია. მე არ მჭირდება სამკაული ჩემი მშობლის ხსოვნისთვის. ჩემს ცხოვრებაში, ქრისტიანობის შემოსვლასთან ერთად, რაღაცების გადაფასება მოხდა. უბრალო ჩითის კაბაშიც შეიძლება, ბედნიერი იყო, მაგრამ შეიძლება წაულის ქურქი გეცვას და შენზე უბედური ადამიანი არ არსებობდეს.

– ვალები...

– არა, ვერ ვიტან ვალის აღებას. არც მახსენდება, როდის მქონდა. შეიძლება, ორი დღით – კი და პირდაპირ გეტყვით, ხელს მიწვავს ვალი, საშინლად არ მიყვარს. ჩემს ცხოვრებაში შეიძლება, სულ ორჯერ მოხდა ასეთი რამ, მაგრამ არც ერთხელ დიდი თანხა არ ამიღია ვალად. შემეძლო, კრედიტი ამეღო და რაღაცები შემეცვალა, მაგრამ იმდენად ვერ ვიტან ამ სისტემას, ღმერთმა დამიფაროს, მისი საჭიროებისგან. ეს საშინელი მარწუხებია, რომელიც მთლიანად გაკონტროლებს და თავისუფლებას გაკარგვინებს. მირჩევნია, ის ვიკმარო, რაც მაქვს, ვიდრე ფინანსური ვალდებულება ავიღო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი