შოუბიზნესი

ლიზი ქონიაძე: ჩემთან ურთიერთობა და კონტაქტი დიდი პრივილეგიაა

№31

ავტორი: ქეთი მოდებაძე 23:00 08.08, 2022 წელი

ლიზი ქონიაძე
დაკოპირებულია

ლიზი ქონიაძე „პრაიმ ჰაუსში“ საბედისწერო გოგოს როლში აღმოჩნდა. ჯერ თეო და ავთო დაშორდნენ მისი მიზეზით, შემდეგ გიორგისა და ანის ურთიერთობა აირია და ესეც ლიზის უკავშირდებოდა. როგორია მისი ცხოვრება რეალითი შოუს მიღმა და რა მისცა ამ პროექტმა, ამას თვითონ მოგვიყვება.

ლიზი ქონიაძე: „პრაიმ ჰაუსი“ ჩემთვის უმაგრესი გამოცდილება იყო. ძალიან რთული მომენტებიც მქონდა, მაგრამ მეგობრებიც შევიძინე, რაც ძალიან მიხარია. ვფიქრობ, მისი დასრულების შემდეგ თითოეულმა მონაწილემ ეს პროექტი კარგად უნდა გამოვიყენოთ ჩვენი საქმის წინსვლისთვის. ამ გზით მივდივარ მეც. პირველ რიგში, ამ პროექტიდან ძალიან მაგარი ადამიანები დამრჩა, რომლებთანაც ალბათ, მთელი ცხოვრება ვიმეგობრებ – როიალი, პატრიკი, გიორგიც და გოგოებიც, თუმცა უფრო მეტად ბიჭები, რადგან ყველაზე რთულ მომენტში ისინი მედგნენ გვერდით. სამომავლოდ საერთო გეგმებიც გვაქვს.

– აგრესიული მომენტებიც საკმაოდ ბევრი იყო. დიდი დოზით იყო ზიზღი და კრიტიკა სოციალურ ქსელში. ამაზე როგორ რეაგირებ?

– Hate-კომენტარებსა და კრიტიკას ყოველთვის ვაიგნორებ. იმდენად პოზიტიური ენერგია მოდიოდა ხალხისგან და იმდენი დადებითი კომენტარი ვნახე, უფლება არ მქონდა, მხოლოდ ნეგატიურისთვის მიმექცია ყურადღება – ეს ჩემი გულშემატკივრების წინაშე დიდი უსამართლობა იქნებოდა. პირიქით, ყოველთვის კარგს ვკითხულობდი და კრიტიკისთვის ყურადღება არასდროს მიმიქცევია. იყო მომენტები, რომელზედაც ვინერვიულე. ჩემმა გულშემატკივრებმა რაღაცები სხვანაირად გაიგეს. ზოგს ცუდი ადამიანი ვეგონე, ჩემზე არასწორი წარმოდგენები შეექმნათ, მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან ვხვდები, რომ ყველამ გაიაზრა, როგორი ადამიანი ვარ რეალურად და ყველა მწერს, ძალიან შეგვიყვარდიო და უფრო ამაზე ვკონცერტრირდები. უარყოფითი კომენტარები დღესაც არის, მაგრამ ამას საერთოდ არ ვაქცევ ყურადღებას, ამ ზიზღს იგნორირებით ვუმკლავდები. მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში ასეა, მხოლოდ პოზიტივზე ვკონცენტრირდები.

– ჩვენი საზოგადოებისთვის საკმაოდ თამამი სტილი გაქვს, თავიდანვე ამის გამო არ გაკრიტიკებდნენ?

– ბავშვობიდან ძალიან თავისუფალი სტილი მაქვს. მოცეკვავე ვარ, ლათინოამერიკულ ცეკვებს ვცეკვავ, რასაც ძალიან ლამაზი, ტანზე მომდგარი, სექსუალური და ღია კაბა სჭირდება, რომელიც ყოველთვის ძალიან მომწონდა. მით უმეტეს, როცა ტანი ხელს მიწყობს და მიხდება ქალური სტილი, რატომ უნდა ვუთხრა უარი ჩემს თავს? არ ჩავიცვა იმიტომ, რომ ღიაა? ძალიან მომწონს და ვფიქრობ, რომ მიხდება კიდეც. კი, ინტერნეტსივრცეში აგრესია არის ამასთან დაკავშირებით – რატომ აცვია სულ ასე თავისუფლად, სულ დეკოლტე და ტანზე მომდგარიო, წერენ, მაგრამ მაგალითად, მე, როდესაც ფილმს ან რეალითი შოუს ვუყურებ და იქ ვხედავ ადამიანს, რომელსაც ლამაზი ფორმები აქვს და ეს მის ტანსაცმელშიც კარგად ჩანს, ძალიან მსიამოვნებს. ვერ ვხვდები, რატომ უნდა გაგაღიზიანოს ამან ან თვალში ცუდად რატომ უნდა მოგხვდეს? ეს ხომ ესთეტიკურად ძალიან ლამაზია. არ ვთვლი, რომ ვულგარული ვარ, ყველაფერს ნორმის ფარგლებში ვიცვამ. საზღვრებს არ ვცდები. მომწონს ჩემი ტანი და ასე ღიად ამიტომ ვიცვამ. თავდაჯერებული ვარ, ძალიან მიყვარს ჩემი ფორმები და არ მინდა, შევფუთო ან დავმალო.

– პროექტში საბედისწერო გოგო აღმოჩნდი. გამოვიდა, რომ ავთო და თეო შენ გამო დაიშალნენ, შემდეგ გიორგის და ანისაც აერიათ ურთიერთობა და ესეც შენ გიკავშირდება. რეალურ ცხოვრებაშიც აღმოჩენილხარ მსგავს სიტუაციაში?

– ამ დროს საერთოდ არ უნდა მომხდარიყო ასეთი რამ. „პრაიმ ჰაუსის“ წყვილებს ძალიან ვგულშემატკივრობდი და ყველანაირად ხელს ვუწყობდი. გიორგიმ და ანიმ რომ იჩხუბეს, მათი შერიგებაც ვცადე. ჩემდა უნებურად აღმოვჩნდი ურთიერთობების თითქოს დამანგრეველი. არ მიცდია მსგავსი რამ, არც უნდა ვყოფილიყავი შუაში. რაღაც მომენტში ვიღაცას თუ მოვეწონე, ეს ჩემი ბრალი არ არის. მით უმეტეს, თუ ურთიერთობა ჯანსაღი იყო, ეს მაშინ საერთოდ არ უნდა ყოფილიყო პრობლემა და არც მაყურებელს და არც მონაწილეებს ჩემთვის ხელი არ უნდა დაედოთ. მე არაფერ შუაში არ ვიყავი, მათ თავიანთი პრობლემები ჰქონდათ და მე საბაბი გავხდი, რომელიც მარტივად გამოიყენეს და ყველაფერში დამნაშავედ მე შემრაცხეს. პროექტს მიღმა არავის ურთიერთობა არ დამინგრევია. საერთოდ, წყვილის დაშორება ჩემთვის ძალიან მიუღებელია, არ ჯდება ჩემს მორალში. სხვის უბედურებაზე შენი ბედნიერების აგება, ჩემი აზრით, ძალიან ცუდია და ასეთი რამ არასდროს გამიკეთებია. შეყვარებულიც არასდროს მყოლია, ამ ამბავში ძალიან გამოუცდელი ვარ. საერთოდ არ ვიცი, რა არის ურთიერთობა. არ მქონია ასეთი ახლო შეხება მამაკაცებთან და არც სერიოზული ურთიერთობები. არასდროს არავის წყვილი არ დამინგრევია და „პრაიმ ჰაუსში“ რომ ამ მდგომარეობაში აღმოვჩნდი, ეს ჩემთვის ძალიან უცხო იყო. ამიტომაც განვიცადე ძალიან.

– როგორ მოხდა, რომ აქამდე შეყვარებული არ გყოლია?

– ვინმე რომ მომეწონოს, ძალიან ძნელია. ძალიან მაღალი სტანდარტები მაქვს. საკუთარი თავი იმდენად მიყვარს, რომ ჩემთვის მხოლოდ საუკეთესო მინდა. თუმცა, ვიცი, რომ სიყვარული ასე შერჩევით არ მოდის, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში არ ყოფილა ისეთი ადამიანი, რომელიც შეიძლება, შემყვარებოდა. არც მქონია ახლო ურთიერთობა ბიჭებთან. არის ადამიანი, რომელიც მომწონს და მოვწონვარ, მაგრამ ახლო ურთიერთობა არ გვაქვს, ანუ „ქრაში“ მყავს (იცინის).

– მაღალი სტანდარტები რას გულისხმობს, როგორი უნდა იყოს შენი შესაფერისი ბიჭი, რომელიც შეიძლება, შეგიყვარდეს?

– გარეგნულად ან თვისებებით ვერ აღვწერ, მაგრამ ალბათ, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მისი ჩემდამი დამოკიდებულება იქნება. ძალიან მიყვარს ყურადღება, ძალიან, ძალიან უნდა ვუყვარდე და თვითონ ეს ადამიანი ჩემთვის ყველანაირად იდეალური უნდა იყოს. მე თუ ურთიერთობისკენ გადავდგი ნაბიჯი, ანუ ჩემს თავს და ჩემს კარიერას უნდა მოვაკლო დრო იმისთვის, რომ იმ ადამიანს დავუთმო და ასე რომ მოხდეს, ეს ადამიანი უნდა იმსახურებდეს ჩემს ყურადღებას. ჩემთვის ეს ცოტა რთული გადასაწყვეტია.

– დარწმუნებული ვარ, ბევრი თაყვანისმცემელი გყავს. როგორი ხარ მათთან ურთიერთობაში?

– ბუნებრივია, ძალიან ბევრი თაყვანისმცემელი მყავს, მაგრამ ჩემთვის ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მათთან დისტანციის დაცვაა. ახლოს არავის ვუშვებ. ეს ყოველთვის ასე იყო და არის. მხოლოდ ჩემს თავს ვუთმობ დროს. არც ყოფილა ვინმე, ვინც ჩემს პირად სივრცეში ზედმეტად შემოიჭრა. „ვუგვარებ“ ყველას, ვიცავ დისტანციას და იღებენ ჩემს უარს. ჯერ არ ყოფილა მომენტი, მეც მომწონებოდა და შანსი მიმეცა, თუ არ ჩავთვლით „ქრაშს“, რომელიც წეღანაც ვახსენე. დისტანცია მაქვს ყველა თაყვანისმცემელთან, ვგრძნობ, რომ პატივს მცემენ, თუმცა ახლოს არავის არ ვუშვებ. ჩემთან ურთიერთობა და კონტაქტი დიდი პრივილეგიაა, ჯერ ეს პრივილეგია არავის ჰქონია (იცინის).

– სად სწავლობ, რა ინტერესები გაქვს, როგორც ვიცი, ცეკვასთან ერთად, მღერი კიდეც.

– დავიბადე და გავიზარდე ბათუმში. კერძო სკოლაში ვსწავლობდი და სხვათა შორის, საკმაოდ კარგად. ძალიან მომწონდა იურიდიული ფაკულტეტი, სამართლის განხრა და ჩავაბარე კიდეც ამ ფაკულტეტზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში. გრანტიც ავიღე, რადგან კარგად ვსწავლობდი და ზოგადად, განათლება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სამართალი კი ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესოა. ჩემს ინტერესებს გასულ წელს შოუბიზნესი, წელს კი ტელევიზია დაემატა. ცოტა ხნის წინ თურქეთიდან მივიღე მუსიკალური შემოთავაზება – „სონი მუსიკიდან“ შემომთავაზეს სიმღერის ჩაწერა. ჯერ მოდელობა და მოცეკვავეობა შემომთავაზეს, მაგრამ შემდეგ მითხრეს, რომ მარკეტინგულად ძალიან კარგი პროდუქტი ვარ და თუ სიმღერას შევძლებდი, სინგლს ჩამიწერდნენ. მართლაც, ვოკალზე ვიარე, ბევრი ვიშრომე და შედეგი, რომელსაც მივაღწიე, ძალიან მოეწონათ. ჩამიწერეს სინგლი, რომელიც გამოვუშვი კიდეც და ძალიან პოპულარული გახდა სხვა ქვეყნებში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი