შოუბიზნესი

ლიზი დარასელია: ვაკვირდები, მამაკაცი როგორ ურთიერთობაშია დედასთან

№9

ავტორი: ქეთი კაპანაძე 17:00

ლიზი დარასელია
დაკოპირებულია

მომღერალმა ლიზი დარასელიამ ცოტა ხნის წინ ოჯახი შექმნა. მისი მეუღლე საბა ბალაძე გახლავთ. ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ, როგორი მეოჯახეა ლიზი, როგორ უმკლავდება პასუხისმგებლობებს და რა დიდი გეგმები აქვს შემოქმედებითი თვალსაზრისით.

ლიზი დარასელია: ვერ ვიტყვი, რომ ოჯახური ცხოვრება მარტივია. დიდი პასუხისმგებლობა დამეკისრა. აქამდე მიჩვეული ვიყავი, რომ ყველაფერს დედა მიკეთებდა, ახლა უკვე ყველაფრის კეთება მე მიწევს. მეუღლეს სამსახურის გამო თავის რეჟიმი აქვს და ყველანაირად ვცდილობთ, ერთმანეთს ხელი შევუწყოთ. სახლის საქმეებს მე ვაკეთებ. ასევე, გვყავს დამლაგებელი, რომელიც კვირაში ერთხელ ან ორჯერ გვეხმარება, გააჩნია სახლის მდგომარეობას (იცინის). მეც საკმაოდ დატვირთული რეჟიმი მაქვს და შესაბამისად, ყოველთვის თვითონ ვერ ვახერხებ დალაგებას.

– კერძების მომზადება კარგად გამოგდის?

– არ მეგონა, თუ კერძების მომზადება ასე კარგად გამომივიდოდა. ვიცოდი, მაგრამ ახლა თითქმის აბსოლუტურად ყველაფერს ვამზადებ და ჩემი მეუღლეც აღფრთოვანებულია. როგორც მეუბნება, ძალიან გემრიელი გამომდის. მეგრელი ვარ, მეგრულ ოჯახში გაზრდილი და სხვაგვარად როგორ იქნებოდა (იცინის). ღომი, ელარჯი, ბაჟე, საცივი, ხარჩო, წვნიანები, მართლა ყველაფერს გემრიელს ვაკეთებ. საერთო ჯამში, ოჯახში საქმეები განაწილებული გვაქვს, კაცის საქმეებს ჩემი მეუღლე აკეთებს, ქალისას – მე.

– რაც შეეხება ბედნიერების ამბავს?

– ძალიან ბედნიერი ვარ. ქალური ბედნიერება ყველა გოგოსთვის მნიშვნელოვანია და ძალიან გამიმართლა. იმედი მაქვს, რომ წლებთან ერთად, სულ ასეთი ბედნიერები და ლაღები ვიქნებით. ცხოვრება ისეთია, წინასწარ რამის თქმა რთულია, თუმცა დღეს მე და ჩემი მეუღლე ისე კარგად ვგრძნობთ თავს და იმდენად გვიყვარს ერთმანეთი, იმედია, მთელი ცხოვრება ასე იქნება.

– ძალიან ლამაზი ხელის თხოვნის ცერემონიალი გქონდა და მოუყევით ჩვენს მკითხველს ამის შესახებ...

– ეს სრულიად მოულოდნელად მოხდა. ჩემი დაბადების დღე იყო, ძალიან ბედნიერი ვიყავი. საერთოდ არ ველოდი ასეთ რამეს.

– მსგავსი ეჭვიც არ გქონდა?

– თითქოს კი, მაგრამ მართლა არ მეგონა, თუ ეს დაბადების დღეზე მოხდებოდა. ჩემი მეუღლეც ისე იქცეოდა, არ მიფიქრია ამაზე. სიურპრიზი მაქვსო, მითხრა. ერთი კი გავიფიქრე, ნეტავ რა ხდება-მეთქი, მაგრამ ხელის თხოვნა ნამდვილად არ წარმომედგინა, დაბადების დღის სიურპრიზს ველოდი. გამოვიდა, რომ დაბადების დღის საჩუქარიც მივიღე და ამას ხელის თხოვნაც მოჰყვა.

– როგორ გახსენდება ის ემოციები?

– ძალიან მაგარი იყო. უბრალოდ, აღფრთოვანებისგან ემოციის გამოხატვა ვერ შევძელი. მომენტალურად გავშეშდი. იმ წამებში ყველაფერი გამახსენდა, რაც კი ამ ადამიანთან მაკავშირებდა. ისეთი გაშეშებული ვიყავი, ჩემმა მეუღლემ მითხრა, პასუხი მაინც მითხარიო (იცინის). ემოციებისგან ხმას ვერ ვიღებდი, ვტიროდი. დედაჩემი უარეს დღეში იყო. მშობლისთვის ეს მომენტი ძალიან რთულია. თუმცა დედაც ძალიან ბედნიერი იყო, რადგან ძალიან უყვარს საბა – ჩემი მეუღლე.

– ოჯახი მანამდეც იცნობდა და ალბათ, ამიტომ მიიღეს ძალიან კარგად ერთმანეთი.

– კი, ჩემს ოჯახს არასდროს ვუმალავ მნიშვნელოვან მოვლენებს, როცა ჩემს ცხოვრებაში ასეთი ადამიანი გამოჩნდა, ეს ჩემთვის ისეთი მნიშვნელოვანი იყო, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, დედას გავუმხილე. დედამ მითხრა, დააკვირდი, შვილოო. ჩემმა მშობლებმა იციან, რომ მე გვერდით ცუდ ადამიანს არ დავიყენებ.

– დაქორწინება საკმაოდ მალე გადაწყვიტეთ?

– არც ისე მალე, ჩვენ ერთად ორწელიწად-ნახევარი ვიყავით. ჩემი აზრით, სრულიად საკმარისია ამ ნაბიჯის გადასადგმელად. თუ ურთიერთობას განვითარება არ აქვს, სამი და ოთხი წელი უკვე ბევრი მგონია. ჩემმა მეუღლემ ერთ დღესაც მითხრა, გვეყოფა ასე სიარული, უფრო სერიოზულ ეტაპზე გადავიდეთო და ასე გადავწყვიტეთ ოჯახის შექმნა.

– როგორ შეცვალა ოჯახმა თქვენი ურთიერთობა?

– რაც უფრო ხშირად ვართ ერთად, სიყვარული უფრო მეტად ძლიერდება. ახლა რომ შევადარო, როგორ მიყვარდა ერთი წლის წინ ჩემი მეუღლე, ვიტყვი, რომ მაშინაც ძალიან მიყვარდა, მაგრამ ახლანდელი გრძნობა კიდევ სხვაა. აღარ გაქვს ის რიდი, რაც მანამდე გქონდა, ახლა უფრო მეგობრულად ვართ. ჩემი მეუღლე ჩემთვის საყვარელი ადამიანიცაა, მეგობარიც, ძმაკაციც. თუ რამე არ გვსიამოვნებს, პირდაპირ ვეუბნებით ერთმანეთს. როგორც ჯანსაღ ურთიერთობას შეეფერება, ყველაფერი ისეა. ვცდილობთ, მაქსიმალურად გახსნილები ვიყოთ ერთმანეთის მიმართ.

– როგორი ადამიანია შენი მეუღლე, რამ მოახდინა შენზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება?

– პირველ რიგში, რასაც მე მამაკაცში ყურადღებას ვაქცევდი, ადამიანობა იყო. თუ ჩვენში ადამიანობა და სიკეთე არ იქნება, ისე ყველაფერს წერტილი ესმევა. მე ასე ვფიქრობ. რაც შეეხება ურთიერთობას, მე ვაკვირდები, მამაკაცი როგორ ურთიერთობაშია დედასთან. თუ ის საკუთარ დედას არ სცემს პატივს, არც სხვა ქალს დააფასებს.

– თვითონ რას ამბობს, რით მოიხიბლა შენში?

– ყოველთვის მეუბნებოდა, ისეთი ხასიათი გაქვს, როგორიც გოგოში მომწონსო. არ მიყვარს საკუთარ თავზე საუბარი, მაგრამ როგორც მეუბნებოდა, ძალიან თბილი და კეთილი ვარ. მაქვს სიყვარულის უნარი, რაც ვფიქრობ, ბევრს არ შეუძლია.

– ქორწილთან დაკავშირებით როგორი გეგმები გაქვთ?

– მამაჩემის ჩამოსვლას ველოდით, რომელიც სხვა ქვეყანაშია, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ჯერჯერობით ვერ ჩამოდის. ქორწილი, ალბათ, სექტემბერ-ოქტომბერში გვექნება. ჩემთვის მთავარია, ქორწილის დღეს მე და ჩემი მეუღლე კარგად გავერთოთ. მშვიდად ვიყოთ, არ ვინერვიულოთ. ჩვენი სტუმრებიც ბედნიერად და მხიარულად გრძნობდნენ თავს. არ მინდა, რომ დაძაბულობა იყოს. რა თქმა უნდა, მეყოლება მომღერლები, რომლებიც ჩემი მეგობრები არიან. უფრო ზღვისპირას ვაპირებთ გადახდას და ვფიქრობ, რომ ძალიან ლამაზი გარემო იქნება. კაბას, ალბათ, უცხოეთში შევარჩევ, თუმცა ჯერ კონკრეტული არჩევანი არ გამიკეთებია.

– ბევრი ამბობს, რომ ერთმანეთის სიურპრიზებით განებივრება შეყვარებულობის პერიოდში უფრო ხშირია, ვიდრე ოჯახის შექმნის შემდეგ. თქვენს შემთხვევაში?

– ჩემი აზრით, ოჯახის შექმნის შემდეგ უფრო მეტად ხდება ასეთი რამეები. ჩვენს შემთხვევაში ასეა. მაგალითად, ჩემი მეუღლე ძალიან ხშირად მჩუქნის ვარდებს, რადგან იცის, რომ მიყვარს და ყურადღებას არ მაკლებს. იცის, რომ ძალიან მიყვარს ტანსაცმელი, ასევე, ფეხსაცმელი. უკვე იმდენი ფეხსაცმელი მაქვს, რომ მეხუმრება, სად უნდა წაიღო ამდენიო, მაგრამ არც ის ავიწყდება, რომ ეს მე ძალიან მახარებს. ანალოგიურად, მეც ვიცი, რა ახარებს მას და ძალიან ბევრს ვაკეთებ მისთვის. მეუბნება ხოლმე, შენ რომ აკეთებ, ამდენს ბევრი ქალი არ აკეთებსო.

– წელს როგორი იყო თქვენი ვალენტინობა?

– ვალენტინობას ვმღეროდი, კორპორატიული საღამო გვქონდა. იქ მომაკითხა ჩემმა მეუღლემ ვარდებით და სუნამოებით ხელში და ძალიან გამახარა.

– როგორც ვიცი, შემოქმედებითი თვალსაზრისით, სერიოზული გეგმები გაქვს და ამაზეც მოუყევით გულშემატკივრებს.

– კი, ნამდვილად ასეა. თავიდან, როცა ოჯახი ძალიან ახალი შექმნილი გვქონდა, მცირე პაუზა ავიღე შემოქმედებითი თვალსაზირისით. ახლა უკვე ნელ-ნელა წინ უნდა წავიდე. ტელევიზიებში უკვე ვაქტიურდები, კორპორატიული საღამოების მხრივ, ეს პერიოდები აქტიური ვიყავი და ახლა უკვე საავტორო სიმღერის ჩაწერას ვაპირებ. ეს გეგმა უკვე კარგა ხანია მაქვს, მაგრამ ამ მცირე პაუზის გამო აქამდე ვერ განვახორციელე. ჩემი საავტორო სიმღერა ბაბუაჩემზე – ვიტალი დარასელიაზე იქნება და რა თქმა უნდა, ფეხბურთსა და ბაბუას მიეძღვნება.

– რამდენად მნიშვნელოვანია ამ ნაბიჯის გადადგმა შენთვის და შენი ოჯახისთვის?

– იმდენად მნიშვნელოვანია, რომ არ მინდა ვიჩქარო, მინდა, ყველაფერი ნელ-ნელა და ძალიან კარგად გავაკეთო, რომ რამე შეცდომა არ დავუშვა. საოცარი პროდიუსერი ცირა ბზიშვილი მეხმარება და მინდა, მას დიდი მადლობა გადავუხადო. ჩემს ბენდ „პოზიტივთან“ ერთად ვმუშაობ და ამ სიმღერას რომ დავასრულებ, მერე კიდევ ორი სიმღერის გამოშვება მინდა. ალბომის გაკეთებას ვგეგმავ და იმედი მაქვს, ღმერთის წყალობით, ყველაფერი გამომივა. მეუღლე და დედა მაქსიმალურად მიდგას გვერდით.

– რამდენად მნიშვნელოვანია შენთვის ვიტალი დარასელიას შვილიშვილობა?

– ეს ჩემთვის ძალიან საპასუხისმგებლოა. როცა ასეთი ადამიანის შვილიშვილი ხარ, ეს დიდი ბედნიერებაა. ძალიან მიხარია, რადგან ყველა მეუბნება, რომ ბაბუა ძალიან უბრალო ადამიანი იყო. ყველა პატივს სცემდა, მაგრამ წარმატება თავში არ ავარდნია. თავში რომ უვარდებათ, მე ეს ყველაზე მეტად მეზიზღება. ადამიანი რასაც არ უნდა წარმოადგენდეს, თავში არაფერი არ უნდა აუვარდედეს. ბედნიერი ვარ, რომ ბაბუამ ასეთი საამაყო სახელი და გვარი დამიტოვა. ხშირად ვამბობ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ჩემი ძმაც ბაბუის მოსახელეა – ვიტალი დარასელია, ისიც ფეხბურთელია და იმედი მაქვს, რომ ისიც ასახალებს ბაბუას თავის თამაშით. ღმერთმა ქნას, გამოვიდეს ის, რაც ჩაფიქრებული გვაქვს. რა უნდა იყოს იმაზე დიდი ბედნიერება, როცა მოედანზე კიდევ ერთხელ უგულშემატკივრებენ ვიტალი დარასელიას და კიდევ გავიგონებთ გულშემატკივრისგან გაჟღერებულ ამ სახელსა და გვარს.

გარდა ამ ყველაფრისა, კიდევ ერთი მიმართულებით ვფიქრობ, სიამოვნებით მოვირგებ ტელეწამყვანის ამპლუას. სხვათა შორის, დედა-შვილი წამყვანი არ გვყავს და ვფიქრობ, ჩემი და დედაჩემის ტანდემი ძალიან კარგი იქნებოდა დედაშვილობასთან დაკავშირებით. ეს ჯერ მხოლოდ ფიქრის დონეზეა, თუმცა, ვნახოთ, რას გვიმზადებს ცხოვრება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი